საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას ქუთაისის აეროპორტის გამო ედავება. ეკონომიკის მინისტირის მოადგილე კი, პირიქით, ძველ ხელისუფლებას არასწორი ინფორმაციების გავრცელებაში სდებს ბრალს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა გიორგი კანდელაკმა და გია თევდორაძემ აეროპორტში ბრიფინგი გამართეს. ისინი დეპუტატები ვილნიუსის მიმართულებით ახალი რეისის დამატებას გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ ეს წინა ხელისუფლების დამსახურებაა.
„ინერციით მზარდი ფრენები მხოლოდ მიზერული ნაწილია იმ გეგმისა, რომლის ხორცშესასხმელად პოლიტიკურ ტერორზე გადმოსული მთავრობა არაფერს აკეთებს. მგზავრთა რაოდენობითა და ბილეთის სიიაფით მსოფლიოში პირველ ავიაკომპანია „რაინეართან“ ქუთაისიდან ფრენის დაწყების შესახებ მოლაპარაკებები, პრაქტიკულად, დასრულებული იყო. 2013 წლის მაისიდან ამ ავიაკომპანიას უნდა გაეხსნა 4 ევროპული მიმართულება საშუალო ფასით 50 ევრო.
ამ პროექტის ამოქმედებას მთავრობა კვლავაც ქილიკით უყურებს. არ აწარმოებს „რაინეართან“ თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს. ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა პირდაპირ აისახებოდა ძალიან ბევრი მოქალაქის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მთავრობა ქუთაისის აეროპორტის განვითარებას აფერხებს. „ევროკავშირთან ღია ცის ხელშეკრულება - რომელიც საქართველოს აქვს - საშუალებას გვაძლევდა ქუთაისის აეროპორტი ქცეულიყო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად, რაც ევროპაში მოგზაურობას სრულიად ხელმისაწვდომს აქცევდა უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის, ვისთვისაც დღეს ეს წარმოუდგენელია, განსაკუთრებით კი ახალგაზრედბისთვის. გარდა ამისა, აეროპორტის დაგეგმილი მასშტაბით განვითარება გააჩენდა ევროკავშირიდან ტურისტების ძალიან სერიოზულ ნაკადს, რაც პირდაპირ აისახებოდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა კანდელაკმა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ გიორგი კანდელაკის განცხადებას სწრაფად უპასუხა. ისინი ადასტურებენ, რომ ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ავიაკომპანია „რაინეართან“ თუმცა მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აეროპორტის გახსნამდე შეწყდა, რისი მიზეზიც ყოფილ ხელისუფლებასა და ავიაკომპანიას შორის შეუთანხმებლობა გახდა.
„ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის პერიოდში მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ავიაკომპანია „რაინეართან“, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოლაპარაკებები შეწყდა ჯერ კიდევ აეროპორტის გახსნამდე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში - ვერ მოხდა მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმება. საუბარი შეეხებოდა ორ მიმართულებას და არა ოთხს, როგორც ამას აცხადებს გიორგი კანდელაკი.
ავიაკომპანია „ვიზ ეართან“ ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, საგულისხმოა, რომ აეროპორტის გახსნამდე შეთანხმება მოხდა მხოლოდ კიევის მიმართულებაზე. რაც შეეხება ავიაკომპანია „ვიზ ეარის“ ყველა დანარჩენ ახალ მიმართულებებს, კერძოდ: ვარშავა, კატოვიცე, დონეცკი, ხარკოვი, ლვოვი, ვილნიუსი, ბუდაპეშტი - ამ მიმართულებებზე მოლაპარაკებები და შეთანხმება მოხდა 2013-14 წლებში. ასევე ხანგრძლივი მოლაპარაკებების და მუშაობის შედეგად 2014 წელს „ვიზ ეარის“ პრეზიდენტ ჯოზეფ ვარადის საქართველოს ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრის დროს ოფიციალურად გაჟღერდა 2015 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მათი ბაზირების საკითხი, რაზეც ახლა აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები“, - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
მხოლოდ ეს კი არა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახალი რეისებიც შესრულდება. ამის დასტურია ისიც, რომ 31 მარტს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „ვიზ ეარმა“ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა.
ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2013 წლის განმავლობაში ყოველდღიურად მიმდინარეობდა მუშაობა, რომ ქუთაისის აეროპორტს ახალი რეისები დამატებოდა.
„2012 წლის 27 სექტემბერს აეროპორტი გაიხსნა ძალიან ნაჩქარევად. შესაბამისად, მთელი 2013 წლის განმავლობაში ხელისუფლებას ყოველდღიურად მუხლჩაუხრელი შრომა დასჭირდა იმისათვის, რომ აეროპორტს ნორმალური მუშაობა გაეწია: გამოიყო დამატებით 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია, დასრულდა სამშენებლო სამუშოები, გასტუმრებულ იქნა კრედიტორული დავალიანება.
ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ იმას, რომ ქუთაისის აეროპორტი იყოს წარმატებული, სერვისები კი - მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ჩვენი მეშვეობით და მეოხებით დღეს ქუთაისის აეროპორტში ყველა პირობაა შექმნილი, რათა სრულფასოვნად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახუროს მგზავრებსა და ავიაკომპანიებს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
2013-14 წლებში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დასაქმებულთა რაოდენობა 100%-ზე მეტით გაიზარდა. 2012 წლის 27 სექტემბრიდან დღემდე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 228 150 მგზავრს და 2198 რეისს. მათ შორის, 2014 წლის 1-ლი იანვრიდან 30 მარტის ჩათვლით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 50 997 მგზავრს და 246 რეისს.