ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ქართველ გმირთა მემორიალთან (ვიდეო)

ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი ქართველ გმირთა მემორიალთან (ვიდეო)

საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრი იმყოფება.

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ჰოლანდიელ კოლეგასთან ჯენინ ჰენის-პლასჩერტთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. მემორიალთან იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ასევე, სამინისტროსა და გენერალური შტაბის სხვა ხელმძღვანელი პირები.

ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გმირთა მემორიალთან თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასულე ორკესტრმა საქართველოსა და  ჰოლანდიის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ყურადღება ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა: „ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი იყო. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები ბიუჯეტის დაგეგმარების საკითხებში. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადებაში.“

დღესვე, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯენინ ჰენის-პლასჩერტის შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან.

ნიდერლანდების სამეფოს თავდაცვის მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.