ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული თემის განვითარების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის საკრებულოსა და აშშ-ს ქართული თემის სათვისტომოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტი ქალაქებს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის, ასევე გამოცდილების ორმხრივ ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმს საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა და ასოციაცია ,,თვისტომის“ თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეიძემ მოაწერეს ხელი.
ქართული თემის განვითარებისა და უფრო მძლავრი სათემო სტრუქტურების დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის საკრებულოს მხრიდან მემორანდუმში ასევე გათვალისწინებულია ბრუკლინის რაიონში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა.
ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ქართველებს, რომლებიც ცხოვრებენ ოკეანის გადაღმა, ისევე აწუხებთ საკუთარი სამშობლოს ბედი, როგორც საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას და მემორანდუმი სწორედ მათთან სიახლოვეს და ინფორმაციების გაზიარებას ისახავს მიზნად.
როგორც დოკუმენტშია დაფიქსირებული, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ ქალაქებს შორის კეთილდღეობისა და ურთიერთობის განვითარების კუთხით, გააძლიერებენ კონტაქტებს, როგორც სამოქალაქო, ასევე ბიზნეს-ჯგუფებთან და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც მეცნიერებას, ეკოლოგიას, კომერციას, ტექნოლოგიურ განვითარებას, კულტურას, განათლებას, საემიგრაციო საკითხებს და ჯანდაცვის სფეროებს მოიცავს.