„მაედანი, ნაციონალებისთვის მხოლოდ სახიფათო იქნება. იმიტომ, რომ საქართველოში სტიქიური პროცესები თუ დაიწყო, ეს სტიქიური პროცესები მათზე გადაივლის ყველაზე მწარედ. მათგან გამწარებული ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე ამ ხელისუფლებისგან“, - აცხადებს, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, სასურველია „ნაციონალები“ დააკვირდნენ იმასაც, რომ მოსახლეობას ადვილად უჩნდება ვერსია, რომ ეს თავდასხმა თვითონ მათი გაკეთებულია.
For.ge. რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
ძალადობა, ქუჩიდან ადამიანების გატაცება, ცემა, წამება, ეს და კიდევ ბევრი რამ იყო მიზეზი, რატომაც უარი უთხრა ხელისუფლებას მოსახლეობამ. ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მდგომარეობა გაუმჯობესდა. თუმცა კვლავ რჩება პრობლემები. რამდენად ეფექტურია დღეს ხელისუფლება?
რამაზ საყვარელიძე: ხელისუფლების ეფექტურობაზე ყველა ჩივის და ძნელია არ დაეთანხმო. წინა ხელისუფლების ინერციით შემორჩენილი პრობლემები, რაც ხალხს უნდა რომ მოიხსნას, რატომღაც მათი ლიკვიდაციის გეგმაში არაა. გნებავთ სამართლიანობის აღდგენა... რაც შეეხება კონკრეტულად წიკლაურის ისტორიას, რა თქმა უნდა, შემაძრწუნებელი ისტორიაა, მაგრამ ისმის კითხვა, არის წიკლაური იმ ტიპის პოლიტიკური ფიგურა რომელთანაც ასე დაუნდობლად გასწორება საჭიროა ხელისუფლებისთვის? თუ-კი აღმოჩნდა, რომ ეს შემთხვევა ხელისუფლების ჩადენილია, ხელისუფლებისთვის ეს გაცილებით წამგებიანია, ვიდრე ის რასაც წიკლაური აკეთებდა, როგორც ოპოზიციონერი.
წიკლაურზე განხორციელებული თავდასხმა, შეიძლება შეფასდეს როგორც შურისძიება? მოგეხსენებათ, რომ ადამიანები ითხოვენ რეჟიმის გასამართლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ამბობენ, რომ თავად გაუსწორდებიან დამნაშავეებს...
- მხოლოდ სიტყვიერმა მუქარამ უკვე ძალა დაკარგა საქართველოში. ათჯერ რომ ითქვა და არც ერთხელ არ შესრულდა, უკვე ამას დიდი ყურადღება აღარ ექცევა. ამიტომ, არ მგონია, რომ ამ მუქარების ფონზე რაიმე ცვლილებები მოხდეს. თუ ერთი-ორი პრეცედენტი იქნება, მერე უკვე, ალბათ, სერიოზულად მოეპყრობიან ასეთ მუქარას, რომ სამართალი სახელმწიფოსგან უნდა დამყარდეს და არა ხალხისგან.
ხალხისგან სამართლიანობის აღდგენამ რამდენად უმართავი პროცესები შეიძლება გამოიწვის? ფაქტია, რომ ხელოვნურად ხდება ვიათარების დაძაბვა. სწორედ ამის ნიშანია, გასულ კვირას თბილისში „ევრაზიული კავშირის“ მიერ ორგანიზებული აქციების გამართვა, რომელსაც დაპირისპირება მოყვა.
- ხელოვნურად გაკეთებული ბევრ რამეს ეტყობა, მაგრამ სასწრაფოდ უნდა მოხდეს გამოძიება ვისი მხრიდან ხდება ამის ხელოვნურობა. გამორიცხული არაა, რომ ბევრი ეს პრობლემა პოლიტიკურ ოპონეტებსაც აწყობდეთ. ერთი მხრივ, ცხადია, რომ ლინჩის წესი ძალიან სახიფათო რამ არის. ისმის განცხადება, რომ ჩვენ სამართალდამცავ სისტემას არ ვენდობით, არც სასამართლოს არ ვენდობით, იმიტომ, რომ მიკერძოებულიაო. სტიქიურ პროცესში ემოციური მუხტი არის ხოლმე წამყვანი და თუ კი ამ ემოციაზე წამოაგებ ხალხს, მათ შეუძლიათ ნებისმიერს ესროლონ ქვა. ადრე ლინჩის წესი იყო, მაგრამ დაფიქრება არ იყო. ასეთი დაუფიქრებელი პროცესები ძალიან სახიფათოა. როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე ქვეყნის სტაბილურობისთვის. ეს უზარმაზარ დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე არ გამორიცხავს, რომ ეს ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყოს ორგანიზებული, ვინაიდან მათ აწყობთ დესტრუქციული ძალების მოქმედება, რადგან ამ გზით ცდილობენ უკრაინული სცენარის გათამაშებას...
- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლის განმავლობაში ისეთები აკეთეს, მეც შეიძლება გითხრათ, რომ კი - შესაძლებელია. მაგრამ, მეორე მხრივ, შესასწავლია წიკლაურის ეკონომიკური კავშირები.
რას გულისხმობთ?
- რა ფინანსურ ურთიერთობაში არის ეს ადამიანი ჩართული ამა თუ იმ ჯგუფებთან. იმიტომ, რომ ამ ტიპის შურისძიება მარტო პოლიტიკური მოტივით არ ხდება. ფინანსურ-ეკონომიკური მოტივებითაც ხდება ხოლმე, ძალიან ხშირად, და საკამაოდ მაღალ დონეზე. ასე რომ, სანამ ეს ყველა ასპექტი მისი ცხოვრებისა არ გაიშიფრება, იქამდე მაგ ცოდვის კისერზე დადება ძნელია, რომ ეს პოლიტიკური მოტივებით არის გაკეთებული.
ყოველ შემთხვევაში, ყოფილი მმართველი გუნდის ლექსიკონში სულ უფრო მეტად ისმის „უკრაინული სცენარი“, „განმეორდება მაედანი“ და ა.შ...
- თავისთავად, სასურველია „ნაციონალები“ დააკვირდნენ იმასაც, რომ მოსახლეობას ადვილად უჩნდება ვერსია, რომ ეს თავდასხმა თვითონ მათი გაკეთებულია და იცით რატომ უჩნდებათ ეს მოსაზრება? სწორედ იმ მუქარების გამო. ან მათ უნდა შეცვალონ რიტორიკა, თუ არ უნდათ, რომ მათზე იფიქროს ადამიანმა, ან გააგრძელონ იგივე რიტორიკა, რომ მაედანი მოხდება. მაედანი, მათთვის მხოლოდ სახიფათო იქნება. იმიტომ, რომ საქართველოში სტიქიური პროცესები თუ დაიწყო, ეს სტიქიური პროცესები მათზე გადაივლის ყველაზე მწარედ. მათგან გამწარებული ხალხი გაცილებით მეტია, ვიდრე ამ ხელისუფლებისგან გამწარებული.
სამართალდამცავებმა თავისი ფუნქცია, თუნდაც, მცირედი დოზით მაინც უნდა შეასრულონ. ჩვენ ხომ გამოძიებული საქმე ვერ ვნახეთ. ვნახეთ დასჯილი მერაბიშვილი და ახალაია ისეთ საკითხზე, რომელიც საზოგადოებისთვის არ იყო წამყვანი. დანარჩენი, უამრავი სხვადასხვა დონის ადამიანია, რომელსაც დანაშაული მიუძღვის. ამ მიმართულებით სახელმწიფოს პასიურობა საზოგადოებაში აჩენს უიმედობას. თუ ვინმემ თავის თავზე ხელი აიღო, მერე უკვე გაჩნდება ლინჩის წესის მაგვარი მოვლენები. სახელმწიფო განებივრდა იმით, რომ დიდი ხანია ეს მუქარები ისმის, მაგრამ რადგან არც ერთხელ არაფერი არ მოხდა, ჩათვალეს, რომ ეს მხოლოდ მუქარაა. რეალური საფრთხე ქვეყანას, კონკრეტულად ამ პირებს და პროცესებს არ ემუქრება.
ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა, რომ გაარკვიოს ვინ დგას ამ დესტრუქციული ძალების უკან...
- გეთანხმებით, თუ კი ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, საქართველოს ხელისუფლება შეიძლება დიდი რისკის ქვეშ აღმოჩნდეს. გაცილებით ადრე დაიწყო იმედგაცრუება ამ ხელისუფლებისგან, ვიდრე ეს იყო სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ. დაახლოებით ორი წელიწადი საზოგადოება სააკაშვილის ხელისუფლებაში ცუდს არაფერს ხედავდა და მხარს უჭერდა. ჯერ მხლოდ წელიწად ნახევარია გასული და ყველა კრიტიკულია ამ ხელისუფლების მიმართ.
რა არის მიზეზი?
- სააკაშვილის ხელისუფლება იყო აქტიური, მერე ზედმეტად აქტიური აღმოჩნდა და ისიც აღმოჩნდა, რომ ეს აქტიურობა უკანონო იყო. თუმცა იყო აქტიური და ეს გარკვეული თვალსაზრისით, ხალხისთვის დამაკმაყოფილებელი იყო, იმ მხრივ, რომ ე.ი. ხელისუფლება რაღაცას აკეთებს. ეს ხელისუფლება იმდენად პასიურია ამ საკითხების გადაწყვეტაში, რომ უკვე უკმაყოფილება გამოიწვია. ის, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ცხრა წლიანი მმართველობის შემდეგ დაემართა, ამ ხელისუფლებას შეიძლება უფრო ადრე დაემართოს.
ამის მიზეზი არის ე.წ. კოაბიტაცია ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის?
- კოაბიტაცია პოლიტიკური შინაარსის მატარებელი სიტყვა იყო და ამავე შინაარსითაც უნდა მიგვეღო. მაგრამ, მე მგონია, რომ მოხდა ცოტა სხვა რამ. სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს დამაჯერებლად და ეფექტურად მუშაობა. დღეს ბევრი რამ უკვე კოაბიტაციას დაბრალდა და ისეთიც კი, რაც კოაბიტაციის საკითხი არ იყო. კოაბიტაცია მოითხოვდა იმას, რომ ფრთხილი ვყოფილვიყავით წამყვანი პირების მიმართ. რა უშლიდა სამართალდამცავებს ხელს ძიება ეწარმოებინათ იმ საქმეებზე, რომელიც უცხოელი პარტნიორების თავლში სულაც არ მოხვდებოდა? დამნაშავეები აკლია ამ ქვეყანას? როგორც ჩანს, საქმე სხვაშია. მეჩვენება, რომ კოაბიტაცია ის ლეღვის ფოთოლია რომელსაც იფარებენ, ვიდრე რეალური მიზეზი.
და რა შეიძლება ეს რალური მიზეზი იყოს, რამაც მმართველობის წელიწადნახევარში მოსახლეობას იმედგაცრუების საფუძველი გაუჩინა?
- მოსახლეობა ორ მიზეზზე ლაპარაკობს. ერთი უუნარობა, მეორე ურთიერთშეთანხმება მხარეებს შორის. ერთმანეთში გარიგება და ამით თავის გადარჩენა „ნაციონალების“ მხრიდან. მაგრამ რაში აწყობს ეს პროცესი „ქართული ოცნებას“ გაუგებარია, ვინაიდან მათზე აღმართული საფრთხე მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდია. დღეს, ძალიან ხშრად, არათუ „ქართული ოცნების“ ამა თუ იმ ფიგურების, არამედ წამყვანი ფიგურების მიმართულებითაც გაიგებთ კრიტიკას, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს. ეს კრიტიკა იმით არაა გამოწვეული, რომ ივანიშვილმა რამე მიუღებელი გააკეთა. უბრალოდ, ეს ხელისუფლება ბრალდება ივანიშვილს და დღემდე ითვლება, რომ ივანიშვილისგან არის მართული. ამიტომ, მისი პასიურობაც და არაეფექტურობაც ივანიშვილს ბრალდება. მითუმეტეს, ივანიშვილი, როგორც წესი, თავისი მთავრობის მიმართ უკრიტიკო არის ხოლმე. ალბათ, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მათ ინტერესში ეს ხელისუფლება ხალხისთვის იყოს ეფექტური. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის მიუხედავდ, რომ 9 წელი ითმინა ხალხმა, ახლა, შეიძლება, უკმაყოფილების ტალღა უფრო მალე აგორდეს.
საკმარისია გამოჩნდეს რაიმე ალტერნატივა, არაა აუცილებელი იმ მასშტაბის, როგორიც ბატონი ბიძინა იყო, შეიძლება, ხალხმა არჩევანი შეცვალოს. თუმცა, გამოვრიცხავ, რომ ალტერნატივა „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს, რადგან ჯერჯერობით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგში პოზიტიური არაფერი ჩანს და ის კვლავაც, საზოგადეობისთვის მხოლოდ დანაშაულის ავტორია.