ქვეყნიდან გაქცეული გახარია ბოიკოტს წყვეტს

ქვეყნიდან გაქცეული გახარია ბოიკოტს წყვეტს

საქართველოდან გაქცეული, გერმანიის ბინადარი ექს-პრემიერის პარტიის მანდატშეჩერებული დეპუტატების რვა ადგილმონაცვლე, პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართავს, იმოქმედოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით. ეს ნიშნავს, რომ გიორგი გახარიას პარტია ბოიკოტს წყვეტს. ისინი პარლამენტს უგზავნიან კონკრეტულ დოკუმენტებსაც, სადაც დანართის სახით წერია, რომ მათ შეწყვიტეს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა. თუმცა, ინფორმაციას, რომელიც „იმედმა“ გაავრცელა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში რჩებიან. მათივე ინფორმაციით, საპარლამენტო მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით, პოზიცია არ შეუცვლიათ. როგორც პარტიაში აცხადებენ, პარლამენტის თავმჯდომარისთვის მიმართვა პროცედურული საკითხია, რომელიც ექვსი თვის წინაც გაიარეს. გიორგი შარაშიძის განცხადებით, პარტიის იმ 12 წევრიდან, რომელთა უფლებამოსილებაც პარლამენტმა სცნო, რვა წევრი სხვადასხვა საკრებულოს მოქმედი დეპუტატია და თითოეული მათგანი ვალდებულია, საკრებულოს მანდატი დატოვოს - ეს არის და ეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი არ ფიქრობს, რომ გახარია პარლამენტში იქნება თუ მის გარეთ, „კოლექტიური ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებული იდეები და აზრები ექნება: „ეს გაცხარებული შიდა კამათი - შევიდნენ, არ შევიდნენ - მოგონილია, პროცედურულია თუ პოლიტიკური, ამასთან დაკავშირებით, თვითონ გააკეთონ კომენტარი. მე არ ვფიქრობ, რომ თუ პარლამენტში შემოსვლა აქვთ გადაწყვეტილი, იმას ნიშნავს, რომ რამე კონსტრუქციული ოპოზიციის როლს შეასრულებენ. პარლამენტში იქნებიან, პარლამენტს გარეთ, მონაწილეობას მიიღებენ თუ არ მიიღებენ, მათი მიზანი - ეს ქვეყანა აირიოს იმდენად, რომ სათავეში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს - არ შეცვლილა. ზოგს ასეთი გზით აქვს ეს გადაწყვეტილი და სხვები არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ შედეგს ფიზიკური დაპირისპირებით უნდა მიაღწიონ. ეს განსხვავებაა მათ შორის“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ გახარიამ შეცდომა უწოდა ბოიკოტში ყოფნას, ამიტომ ლოგიკურია, ეს დოკუმენტბრუნვა იმისთვისაა, რომ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტარის ადგილი: „საგაზაფხულო სესია იმით დასრულდა, რომ ე.წ. გახარიების პარტიის 12 წევრს უფლებამოსილება შეუწყდა იმის გათვალისწინებით, რომ აცდენდნენ სხდომებს და უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ. ამ პარტიის მომდევნო 12 წევრის უფლებამოსილების საკითხი ლოგიკურად დგება დღის წესრიგში, რადგან სია არ ჩაუხსნიათ ცესკო-ში. ცესკო-მ მოგვმართა შემდგომი 12 წევრისთვის უფლებამოსილების ცნობის თაობაზე, რაც დაკმაყოფილდა ჯერ კომიტეტზე და შემდეგ სესიამ სცნო უფლებამოსილება. ამ ეტაპზე, ჩვენ ამ 12-დან, რვა პირის წერილი მივიღეთ, სადაც საუბარია იმაზე, რომ პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელ საქმიანობას წყვეტენ, ანუ სავსებით ლოგიკური დასკვნაა, რომ ისინი პარლამენტში ფიზიკურად შემოსვლისთვის ემზადებიან.

ასევე, ცოტა ხნის წინ, მათმა ლიდერმა გახარიამ შეცდომა უწოდა პოლიტიკურ ბოიკოტში ყოფნას და პარლამენტში შემოსვლას, ამიტომ სავსებით ლოგიკური დასკვნაა, ეს დოკუმენტბრუნვა იმისთვის არის, რომ მათ ფიზიკურად დაიკავონ პარლამენტის წევრის ადგილი და გამოიყენონ საპარლამენტო რესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ წერილობით მომართვას არანაირი აზრი არ აქვს. თუ პარლამენტში შემოსვლას არ აპირებდნენ, რა აზრი ჰქონდა ასეთი დოკუმენტის წარმოდგენას, ლოგიკურად ასეა. თუმცა, გადაჭრით და 100%-ით ამას ვერ ვიტყვით, დაველოდოთ სესიის განახლებას 15 ოქტომბერს, სადაც გაცხადდება, რას აპირებენ ეს პირები. ამ პარტიისგან არც ტყუილი გვიკვირს, არც ნათქვამის გადათქმა, არც ღალატი და გაქცევა“, - განმარტა დავით მათიკაშვილმა.