ოპოზიციური სპექტრი ნინო ბურჯანაძის გარშემო ერთიანდება. ოპოზიციის გაერთიანების იდეა თავდაპირველად კახა კუკავამ დააანონსა. კუკავა ნინო ბურჯანაძესთან ბლოკის შესაქმნელადაც მზად იყო, მაგრამ ქდმ-სთან გაერთიანებას კატეგორიულად გამორიცხავდა. საბოლოოდ ქდმ მაინც ბურჯანაძის გვერდით აღმოჩნდა და არჩევნებზე კოალიცია ერთად მიიღებს მონაწილეობას.
ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ჯონდი ბაღათურიას „ქართული დასი“ და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულო მოძრაობა“ ერთ კოალიციად წარდგებიან.
მედიაში აქტიურად მსჯელობენ, რომ ბურჯანაძე ივანიშვილის სქემას იმეორებს. კერძოდ, მის გარშემო კოალიციაში შემავალი ძალები ეკლექტურად გამოიყურებიან. თუნდაც ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც დეკლარირებულად პროევროპულ ძალად მოიაზრებოდნენ, საზოგადოების დამოკიდებულება ქდმ-ს მიმართ მაინც ნეგატიური იყო.
სულ სხვაგვარად ფიქრობს ბურჯანაძე. ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით, „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, რომ „ქრისტიან-დემოკრატები“ სააკაშვილის ყველა ნაბიჯს არ „უპრავებდნენ“. მართალია, ამ პარტიამ შეცდომები დაუშვა, მაგრამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ისეთი რეალობა შექმნა, რომ სხვა პარტიებს ხელ-ფეხი შეუკრა. ამდენად, ბუნებრივია, დღის წესრიგში ოპოზიციური სპექტრის გამსხვილება დადგა.
საინტერესოა, რამდენად მომგებიანია ბურჯანაძისთვის ქდმ-სთან და სხვა ძალებთან გაერთიანება, რა მოჰყვება ოპოზიციური სპექტრის გამსხვილებას, გახდება თუ არა ეს ძალა „ქართული ოცნების“ საპირწონე მესამე ძალა, თუ მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებით შემოიფარგლება?
For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ, თუკი ოპოზიციას ბურჯანაძის გარშემო გაერთიანების ჭკუა ექნება, ეს გახდება ისტორიული ნაბიჯი ქართულ ოპოზიციაში. პოლიტოლიგის თქმით, თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა იმ მასშტაბის ფინანსური მიმზიდველი რესურსი, რაც ბურჯანაძეს არ აქვს, ამიტომ ივანიშვილის გარშემო დიდი სიამოვნებით გაერთიანდა ყველა, ვინც კი ივანიშვილმა დაპატიჟა. ახლა კი საკუთარ ამბიციებზე მნიშვნელოვანია, ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება. ამ ძალას პერსპექტივა ექნება არა სიტუაციური, ანუ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, არამედ შემდგომ არჩევნებში გამარჯვებისთვის.
„ადრე თუ გვიან, ეს ერთპარტიული მმართველობა მაინც ტოტალურ ძალად გარდაიქმნება. ამიტომ ერთადერთი რეალური გამოსავალი ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებაა. ამას ყველანაირი ობიექტური პირობა უწყობს ხელს, მათ შორის, თვითონ ნინო ბურჯანაძის პიროვნებაც. თუ ივანიშვილს გამოვრიცხავთ, ბურჯანაძის წონითი კატეგორიის პოლიტიკოსი დღეს საქართველოში არ არსებობს. სხვათა შორის, ამ საშიშროებას გრძნობს მმართველი კოალიცია და ამიტომაა, რომ „რესპუბლიკელებისთვის“ ოპოზიციაში ყველაზე მიუღებელია ბურჯანაძე, რადგან ის პიროვნულად ყველაზე ძლიერია. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე კოალიცია მაინც შეძლებს ნარმანიას, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, „გათრევას“.
მე მგონია, ნარმანიასთან მიმართებით განმეორდება ის, რაც მოხდა მარგველაშვილთან მიმართებით. მარგველაშვილი არავის გულზე არ ეხატებოდა, მისი ღირსებები არ იყო დამაკმაყოფილებელი იმისთვის, რომ ის გამხდარიყო პრეზიდენტი, მაგრამ პრეზიდენტი გახდა. შეიძლება, ეს უკანასკნელი გამარჯვება იყოს ივანიშვილისთვის, რომ მისი პირადი ავტორიტეტის გამო ნარმანია მერი გახდეს. თუმცა რევოლუციამდელი ეპოქიდან მოყოლებული, როდესაც თბილისს სომეხი მერები ჰყავდა, პიროვნულად ასეთი სუსტი მერი თბილისს არასდროს ჰყოლია. ივანიშვილს თავიდან მინისტრის პოსტიც არ ემეტებოდა ნარმანიასთვის და ნარმანიას სამინისტრო უნდა გაერთიანებულიყო ეკონომიკის სამინისტროსთან“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
თუ რას მოიგებს ბურჯანაძე ქდმ-ს და სხვათა მიერთებით, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამით ბურჯანაძე კი არა, ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი მოიგებს. კერძოდ, თუკი წვრილ-წვრილი უპერსპექტივო პარტიები გაერთიანდებიან, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ბურჯანაძის ირგვლივ გაერთიანებული ოპოზიცია გაცილებით ძლიერია ცალ-ცალკე აღებული, დღევანდელი „ქართული ოცნების“ კოალიციის თითოეულ წევრთან შედარებით. პოლიტოლოგის თქმით, სამწუხაროდ, სწორედ ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მომავალში საქართველოში გვქონდეს ორი-სამი ძლიერი პარტია და აღარ იყოს ასეთი მიდგომა, თუ „ოცნება“ არა, მაშინ სხვა ვინღა?!
„ნაციონალური მოძრაობის განადგურება თუ შეძლო, მაშინ „ოცნების“ საპირწონე უნდა იყოს არა ცალკე კუკავას პარტია, არა ცალკე ბაღათურიას პარტია, არამედ - ერთი გაერთიანებული ძალა. ახლა კიდევ არის ღიად პრორუსული, ანტიევროპული ძალები, რომლებიც ჯერ არ გამოჩენილან, მაგრამ მათ მალე ვიხილავთ.
ორი დღეს წინ ქალბატონი ხიდაშელი გამოდიოდა და ამბობდა, ბურჯანაძეს ანტიევროპული გამოსვლა ჰქონდაო. ის მაშინ ობიექტური არ ყოფილა. მას პირადი ანგარიშები ალაპარაკებდა, რადგან ანტიევროპული და სუფთად პრორუსული ვინც არის, ქალბატონმა ხიდაშელმა და მთელმა „რესპულიკურმა პარტიამ“ ჩემზე უკეთ იცის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
„დემოკრატიული მოძრაობის“ გენმდივანი ზაზა ვეკუა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ახალ ძალებთან გაერთიანებას „დემოკრატიული მოძრაობა“ გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებს. კერძოდ, მათ არ სურთ, შექმნან რაღაც ამორფული გაერთიანება, ამიტომ იმ პარტიებთან, ვისთანაც კონსულტაციებს ადგილობრივი და საპარლამენტო არჩევნებისთვის მართავენ, ძლიერ მეორე ცენტრს შექმნიან.
„ვერ გეტყვით, რომ პრორუსული ძალა ვართ. იმ პარტიებს, რომლებისთვისაც რუსეთი მართლაც სასიცოცხლოა, შეიძლება, მოვეჩვენოთ პროდასავლურად. ქალბატონი ბურჯანაძე პროქართული ძალაა და მოგვიწოდებს, დიალოგი გვქონდეს ყველასთან, ნუ გავხდებით ნურავის მონები და ქვეყანამ დიპლომატიური თუ მოლაპარაკების გზით მეტ სარგებელს მიაღწიოს. შეხების წერტილები, რა თქმა უნდა, ყველა პარტიასთან გვაქვს. როცა მოლაპარაკებებზე მიდიხარ, ეძებ არა დაპირისპირებას, არამედ შეხების საერთო წერტილებს. აქედან გამომდინარე, ვიღაცასთან ვახერხებთ საერთო კოალიციის შექმნას, ვიღაცასთან ვერ ვახერხებთ. ხალხის დამოკიდებულება ქდმ-ს მიმართ, ჩემი აზრით, არ ითამაშებს გადამწყვეტ როლს. ხშირად გამიგონია, სააკაშვილმა ან მერაბიშვილმა შექმნეს ქდმ-ო. ვისაც ასე მიაჩნია, მაშინ, გამოდის, რომ ბურჯანაძემ გააუქმა ქდმ. ანუ, ის წარმოდგენა, რომ ჩვენ ერთად ვართ ბლოკში, ნიშნავს იმას, რომ ეს იქნება ერთი პარტია. პარტიის ლიდერი იქნება ნინო ბურჯანაძე“, - გვითხრა ზაზა ვეკუამ.
მოსალოდნელია თუ არა ოპოზიციური სპექტრის კიდევ უფრო გამსხვილება, „დემოკრატიული მოძრაობის“ გენმდივანის თქმით იმდენად შევიდნენ მოლაპარაკების ფაზაში, რომ ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, რომელიც თავად იღებს გადაწყვეტილებებს, ბურჯანაძის პარტიას საინტერესო და ღირსეული წინადადებები აქვს. ამდენად, გაერთიანება, რა თქმა უნდა, სხვებთანაც შეიძლება.
„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ალტერნატიული ახალი პოლიტიკური ცენტრის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მისი პრეზენტაციაც მალე შედგება.
მისი თქმით, მათი ერთ-ერთ პოლიტიკური ამოცანაა, დააბალანსონ „ქართული ოცნება“ და საერთოდ გააქრონ პოლიტიკური ასპარეზიდან „ნაციონალური მოძრაობა“. ამისთვის საპირწონე, თანაზომადი კონკურენტი ძალა უნდა ჩამოყალიბდეს, რაც აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტაგნაცია გველის.
„ჩვენი განვითარების შეფერხება ყველა ეტაპზე ხდებოდა - შევარდნაძის, სააკაშვილის თუ დღევანდელი მმართველობის დროს. ვერ განვითარდა ქვეყანა. ეს განაპირობა იმან, რომ არც „მოქალაქეთა კავშირს“, არც „ნაცმოძრაობას“ და „ოცნებას“ დამაბალანსებელი, საპირწონე ძალა არ გამოუჩნდა, რომელიც მძლავრი კონკურენციის გაწევას შეძლებდა. ვერცერთხელ ეს ძალა ვერ შეიკრიბა, ჩვენ ახლა მივიღწიეთ ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. დღევანდელ არჩევნებზეა დამოკიდებული, გასამართლდება თუ არა ნაცბანდა. თუ ისინი აჩვენებენ მაღალ მაჩვენებელს, მაშინ შეინარჩუნებენ მთავარი ოპოზიციური ძალის იმიჯს, რითაც მიიღებენ იმუნიტეტს ჩადენილი დანაშაულებისთვის. ჩვენი ამოცანაა, ნაცმოძრაობის, ამ ბანდის, გაქრობა პოლიტიკური ასპარეზიდან, მათი სრული გაკოტრება. ამ ამოცანას შევასრულებთ.
რაც შეეხება მერობის კანდიდატს, მიმდინარეობს მსჯელობა, კარგი კანდიდატურები განიხილება, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ მომწონს ერთ-ერთი კანდიდატურა“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.
ამასთან, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ნინო ბურჯანაძე პრორუსული ძალაა. ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ ბურჯანაძეც და პირადად მისი პარტიაც პროქართული ძალაა. შესაბამისად, თავსებადი იდეოლოგია აშკარაა.
„დასავლურ სახელმწიფოებს ისე ვუყურებთ, როგორც ქვეყნის განვითარების მოდელს, მძლავრ ეკონომიკურ, სამართლიან სოციალურ სისტემას და თავისუფალ სასამართლოსა და მედიას. ამ მიმართულებით გვინდა ქვეყნის მოდერნიზაცია. ჩვენ გვინდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ არ მოგვწონს და არც ვაპირებთ ყველაფრის კალკირებას. ჩვენთვის გადამწყვეტია „ღმერთი, სამშობლო და ადამიანი“. უარს ვერ ვიტყვით ეროვნულ-ტრადიციულ ღირებულებებზე, „რესპუბლიკელებისა“ და „ნაციონალებივით“. სხვათა შორის, „დემოკრატიულ მოძრაობასა“ და „ქართულ დასს“ ჰყავს თავსებადი ელექტორატი, ანუ ჩვენი ელექტორატი ერთმანეთთან ურთიერთობაზე თანახმაა და მხარს უჭერს ჩვენი კოალიციის შექმნას. ისე, სრული თანხმობა ოჯახშიც არ არსებობს. შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ არა მხოლოდ მექანიკურ ჯამს, არამედ ამ კოალიციას ექნება სინერგიის ძალა და ნეიტრალურ ინდეფერენტულ ამომრჩეველსაც მიიყვანს საარჩევნო ყუთებთან, ისევე, როგორც რადიკალურ ამომრჩევლებს, რომლებიც სააკაშვილის ბანდის გასამართლებას მოითხოვენ“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.