ეს არის სამწუხაროდ, ჩვენი სახედაკარგული ოპოზიცია, რომელიც მიმართავს დესტრუქციას. ეს იმ ოპოზიციის დიდი ნაწილია, რომელსაც ეშინია არჩევნებში მონაწილეობის, ეშინია ქართველი ხალხის. ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ქართველი ხალხი არაერთხელ გასცემს საკადრის პასუხს, რაც მოხდა გასული წლის არჩევნებზე. აქედან გამომდინარე გადაწყვიტეს, რომ მაქსიმალურად მიმართონ დესტრუქციას, მიმართონ არეულობას და მაქსიმალურად ეცადონ, რომ წამოაგონ ჩვენი პარტიის წევრები, მომხრეები პროვოკაციას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, მელიქიშვილის გამზირზე გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას.
მისი თქმით, ეს არის გარედან დაწერილი სცენარი, რისთვისაც ოპოზიციის აქტივისტები წინასწარ დაატრენინგეს. ირაკლი ჭეიშვილი ვარაუდობს, რომ მსგავსი პროცესები გაგრძელდება.
„კონკრეტულად, ბრიტანეთის სახელმწიფოს ორგანიზებით, ლატვიაში უტარდებათ ზუსტად ამ აქტივისტებს ტრენინგები, თუ როგორ უნდა იყვნენ აგრესიულები, როგორ უნდა მართონ პროცესები აქციებზე და როგორ უნდა მოაწყონ პროვოკაციები. რთულია, როცა ადამიანი მოდის შენს სამუშაო ოთახში, შენს სამუშაო ოფისთან, შენს სამუშაო შტაბთან, ქუჩაში და გაყენებს შეურაცხყოფას, დედას გაგინებს, მოგიხსენიებს როგორც მოღალატეს, „რუსად“. რუსები თვითონ არიან. მაგათზე დიდი რუსული საქმე საქართველოში არავის უკეთებია დღემდე და ისინი გვეძახიან მოღალატეებს და რუსებს.
აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება თავი შეიკავო ქართველმა ადამიანმა და საკადრისად არ უპასუხო. ამათ სხვა არაფერი შერჩენიათ, არაფერი შეუძლიათ. ამის შემდეგ მათი პროპაგანდისტული არხები აშუქებენ მხოლოდ ცალ მხარეს. აშუქებენ იმას, თუ როგორ დაზიანდნენ თავისი აქტივისტები. არ აშუქებენ, თუ როგორ დაიწყო ეს პროცესები მელიქიშვილის გამზირზე, არ აშუქებენ, თუ როგორ აგინებდნენ ჩვენს აქტივისტებს, რომლებიც იყვნენ მუშა პროცესში, შტაბში.
ეს თავიდან ბოლომდე არის მართული პროცესი.
ეს არის საზღვრებს გარეთ დაწერილი სცენარი და მოქმედებენ ევროპელების მითითებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ყოველდღე გაგრძელდება, რომ მაქსიმალურად ტემპი წამოწიონ, შეინარჩუნონ მუხტი დაძაბულობის“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, რომ არა პოლიცია სიტუაცია შესაძლოა უფრო გამწვავებულიყო. „ნებისმიერი კანონდამრღვევი აგებს პასუხს კანონის წინაშე მთელი სიმკაცრით“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.