რას და როგორ შევიტანთ ევროპის ბაზარზე, ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც ქართველ ბიზნესმენებს ადარდებთ. ევროკავშირში იმპორტირებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს სურსათის უვნებლობისა და პროდუქტის უსაფრთხოების დადგენილ მოთხოვნებს. დღესდღეობით მზადდება კი ამ მოთხოვნებისა და ღირებულებით კონკურენტული პროდუქტი?
შესაბამის სფეროებში (სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში) ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების შედეგად, საქართველოში ევროპული დონის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სისტემა შეიქმნება. ამით სურსათის კონტროლის მექანიზმი ადგილობრივ ბაზარზეც გაუმჯობესდება.
„შეთანხმების თანახმად, 28 სატარიფო ხაზზე (ეს კი სრული სატარიფო ნუსხის 0,3%-ია) იმოქმედებს ევროკავშირში „შესვლის ფასი“ - ENTRY PRICE, ანუ იმპორტის ფიქსირებული ფასი. ეს ნიშნავს, რომ თუ საქართველოში შექმნილი პროდუქციის გასაყიდი ფასი (საინვოისო ფასი) ევროკავშირის დადგენილ ფიქსირებულ ფასზე დაბალი იქნება, იმპორტიორს ამ ფასთა სხვაობის დაფარვა მოუწევს, ხოლო თუ გასაყიდი ფასი ევროკავშირის „ფასის“ ტოლი ან მასზე მეტი იქნება, პროდუქცია საბაჟო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება“, - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.
სხვათა შორის, საქართველოს ევროპის ბაზარზე ჰქონდა შეღავათები, რომელსაც თითქმის ვერ იყენებდა იმიტომ, რომ არსებობდა ფორმალური ბარიერები. ამის გამოისობით, დაახლოებით, 7200 საქონლიდან მხოლოდ 30 გადიოდა და ისიც არასრული სახით.
ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი აღნიშნავს, რომ დღეს არსებული სახით ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზე ვერ შევა. არა იმიტომ, რომ არ გვიშვებენ, არამედ იმიტომ, რომ თავს ვერ დაიმკვიდრებს. „პატარა ფულით ვერ ხერხდება იმ პროდუქციის გაკეთება, რაც საჭიროა. საფასო კონკურენციასაც კი ვერ სწევენ დღეს ჩვენი ბიზნესმენები. ამისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმის გატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უპირატეს მდგომარეობაში ვერ ვიქნებით“, - აცხადებს გერლიანი.
საფასო, პოლიტიკაზე ამახვილებს ყურადღებას ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც. მისი თქმით, ვაჭრობაში მთავარია გქონდეს პროდუქტი, რომლითაც დაინტერესებულია მეორე ქვეყანა. მნიშვნელობა არ აქვს ევროპა იქნება თუ აფრიკა. მთავარია გქონდეს სერიოზული პროდუქტი.
„რადგან მთავრობამ რეგულაციები დაალაგა ევროპასთან, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესმენებმა შექმნან პროდუქტი საქართველოში, რომელსაც ევროპაში გაიტანენ. 20 წელიწადია საქართველოში არ შექმნილა ისეთი სერიოზული პროდუქტი, რომელიც შეიძლება ევროპის ბაზარზე შევიდეს და დამკვიდრდეს.
მიზეზი არის ბიზნესის სიღრმისეული ცოდნის დეფიციტი და იმ პროექტების უცოდინარობა, რომელსაც ჩვენი ბიზნესმენები ახორციელებენ. ეს არის სწრაფი პროექტები, მორგებული მხოლოდ თავის თავზე, ოჯახის ბედნიერებაზე. ეს არის ძირითადი მიზეზი.
როდესაც სახელმწიფო რეგულაციებს აწესებს, ევროპის ქვეყნებთან უნდა გაითვალისწინონ არა მხოლოდ ჩვენი ურთიერთობა, არამედ შიდა ბაზარზე არსებული რეგულაციები, რათა ჩვენი პროდუქტი იყოს იაფი. არსებობს არაჩვეულებრივი ფორმულა: ხარისხი + ფასი. ეს ფორმულა უნდა დაიცვან. მარტო რეგულაციები და ხარისხი საკმარისი არ არის.
მინერალური წყალი და ღვინო ევროპის ბაზარზე ძალიან იაფია და ხშირად გაკვირვებულიც კი ვარ, როგორ ახერხებენ ისინი ასეთი ფასების მიღებას. მაგალითად, თურქეთი რომ წყალს ყიდის ევროპის ბაზარზე, იმ ფასით აქ რომ შემოვიდეს, შეიძლება საქართველოში წყლის წარმოება გაჩერდეს. როგორ ხდება ეს არ ვიცი, ეს სახელმწიფომ უნდა შეისწავლოს“, - აცხადებს თემურ ჭყონია „კომერსანტთან“ საუბრისას.