შვიდი წლის შემდეგ ჩინეთის დელეგაცია ევროპარლამენტს ეწვევა

შვიდი წლის შემდეგ ჩინეთის დელეგაცია ევროპარლამენტს ეწვევა

ჩინელი პოლიტიკოსების დელეგაცია, შვიდი წლის შემდეგ, ევროპარლამენტს პირველად ეწვევა. ამ ეტაპისთვის, შეხვედრის თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ევროპარლამენტარები გაემგზავრებიან ჩინეთში. ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ენგინ ეროღლუმ, რომელიც ევროკავშირი-ჩინეთის საპარლამენტთაშორისო დელეგაციის თავმჯდომარეა, გამოცემა Politico-თან საუბარში განაცხადა.

ევროკავშირი ცდილობს, იპოვოს თავისი ადგილი ახალ საერთაშორისო ასპარეზზე. ორივე შეხვედრის დროს, ევროპარლამენტარები და ჩინეთის სახალხო ეროვნული კონგრესის წევრები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: რუსეთის ომი უკრაინაში, ვაჭრობა, გაეროს როლის შენარჩუნება გლობალურ წესრიგში და ადამიანის უფლებები“, - თქვა ეროღლუმ.

 სანქციების მოხსნა

„ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი სავაჭრო ურთიერთობის სტატუს-კვო. ამჟამად, ჩვენ გვაქვს უზარმაზარი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან და ეს უნდა შევამციროთ“, - აღნიშნა ეროღლუმ.

მისი თქმით, ევროკავშირი-ჩინეთის ურთიერთობების გაუმჯობესება დამოკიდებულია ჩინეთის პოზიციაზე რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში. როგორც ეროღლუ ამბობს, არ ელიან, რომ ჩინეთი შეცვლის თავის დამოკიდებულებას უკრაინის ომის მიმართ და ის კვლავაც რუსეთის მხარეს დარჩება.

ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 2025 წლის აპრილში, პეკინმა და ევროპარლამენტმა ერთმანეთს შორის დაწესებული სანქციები მოხსნეს. ამან კი ორ სუპერძალას პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების საშუალება მისცა.

ცნობისთვის, ჩინეთმა 2021 წელს, სანქციები დაუწესა ხუთ ევროპარლამენტარსა და ადამიანის უფლებათა კომიტეტს, რის საპასუხოდაც ევროპარლამენტის ხელმძღვანელობამ აკრძალა ნებისმიერი დიპლომატიური ურთიერთობა.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოსტა ივლისში ჩავიდნენ პეკინში, სადაც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინსა და პრემიერ ლი ძიანგს შეხვდნენ. ვიზიტი 50-წლიან დიპლომატიურ ურთიერთობების იუბილეს მიეძღვნა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ასეთი ორმხრივი შეხვედრა საპარლამენტთაშორისო სამიტის ფორმატში, პეკინში, 2018 წლის მაისში ჩატარდა. შემდეგ, COVID-19 პანდემიისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის გამო, მოლაპარაკებები შეჩერდა.

წყარო: https://www.politico.eu/article/first-chinese-delegation-7-years-visit-european-parliament/