რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე თვეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო რამდენიმე დღეა, პროცესების რადიკალიზებას და ამის ფონზე, მომიტინგეთა დაკავებებსაც ვხედავთ. 5 სექტემბერს, აქცია მიმდინარეობდა მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ორი დღის წინ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გაიხსნა. აქციის მონაწილეები ადგილზე შეძახილებითა და ტრანსპარანტებით მივიდნენ. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებსა და მომიტინგეებს შორის იყო დაპირისპირებაც. ანალიტიკოსთა და პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე, ადგილი ექნება პროცესების ხელოვნურად დაძაბვასა და არეულობის შექმნის მცდელობას.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო თავის ადგილზე დგას და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. მისივე თქმით, „მშვიდობიან დამხობაზე“ საუბარი რადიკალური ოპოზიციის სახეს აჩვენებს.
„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს. როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის - ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის საუბარი ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი, მთელი ამ წლების განმავლობაში, გამუდმებით საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით?! ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი, არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ვპირდებოდით საზოგადოებას მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე, ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, - განაცხადა კობახიძემ.
ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე For.ge-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რადიკალურ ფრთას სურს ქვეყანაში სისხლი დაიღვაროს. მისი თქმით, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ყველაფერი შეიცვლება:
„ვფიქრობ, 4 ოქტომბრის შემდეგ, ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება, რადგან ამ ადამიანებთან დაკავშირებით კანონი იმოქმედებს. ვინც მათ აქეზებს და ამ საქმეს უძღვება, არ მიკვირს მათი ქმედება, რადგან ახლა ისინი არიან კუთხეში მიმწყვდეული - კუთხეში მიიმწყვდიეს მათმა პატრონებმა, ვინც დიდი თანხები დახარჯეს მათზე და ახლა სთხოვენ ქმედით საქმიანობას. ასე რომ, 4 ოქტომბრის შემდეგ, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად და ზნეობრივად, ისინი სრულიად დამარცხებულნი აღმოჩნდებიან და ახლა რასაც აკეთებენ, ეს არის ბოლო გაბრძოლება.
მგონია, რომ მათ - აქციის მონაწილეებს, სურთ სისხლი დაიღვაროს, რომ შემდეგ ამაზე ააგონ თავიანთი მყვირალა და უსაზიზღრესი არაზნეობრივი პოლიტიკა, მაგრამ ჩვენ სახელმწიფო ვართ და ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელიც ეროვნულ ინტერესებზე მუშაობს და ეს არ მოხდება.
ხაბეიშვილი და ბურჭულაძე რასაც საუბრობენ, ძალიან არასერიოზულია, მაგრამ სერიოზულად მიაჩნიათ, იბანაონ იმ მდინარეში, რაშიც მათ სურთ ბანაობა. თუმცა, თუ კანონს დაარღვევენ, ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს, როგორც სახელმწიფოს, ისე ღვთისა და ერის წინაშე“, - განგვიცხადა ედიშერ გვენეტაძემ.
თბილისის მერი, კახა კალაძე 4 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არავის მისცემენ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში არეულობა მოაწყოს.
„ბურჭულაძე და ხაბეიშვილი საოცარი „პარაა“ - ზიტა და გიტა. არავის არ მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში რამე არეულობა მოაწყოს. ვინც გაბედავს კანონის წინააღმდეგ წასვლას, ძალიან მკაცრად დაისჯება, კანონის ფარგლებში.
ზოგადად, რაც შეეხება ოპოზიციას, შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგად იციან, რეალურად რა ხდება ქვეყანაში. არანაირი შანსი არ აქვთ იმის, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ გარკვეული მხარდაჭერა. „ქართული ოცნება“ ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, როგორც მერების თვალსაზრისით, ასევე საკრებულოებში“, - აღნიშნა კალაძემ.