რა დგას ყაველაშვილის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალების აქტს მიღმა

რა დგას ყაველაშვილის მიერ ხაზარაძისა და ჯაფარიძის შეწყალების აქტს მიღმა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა. მმართველი გუნდის შეფასებით, ეს უდავოდ, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებაა, რომელიც ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების დარეგულირებასა და არჩევნების მშვიდ, კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი მმართველი გუნდის ოპონენტებში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, ხელისუფლების განცხადებით, მისი არსი და მოტივაცია აშკარაა: პრეზიდენტმა უპირატესობა სახელმწიფო ინტერესებს მიანიჭა,

ხოლო მისი ოფიციალური განცხადება ნათლად ხსნის შეწყალების მიზანს: „რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება“, - წერს პრეზიდენტი.

ეს კი არის პასუხი ოპოზიციის იმ ნაწილის კრიტიკაზე, რომელიც ცდილობს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოში პოლიტპატიმრები არსებობენ. პრეზიდენტის გონივრული გადაწყვეტილება ამგვარ სპეკულაციებს უსაფუძვლოს ხდის და დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ უდასტურებს, რომ საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია.

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეფასება ამ გადაწყვეტილების თაობაზე ხაზს უსვამს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელიც პატივს სცემს პრეზიდენტის ინსტიტუტს და იზიარებს პოლიტიკური პროცესების დეესკალაციის სურვილს. პრემიერის განცხადებაში მოყვანილი პარალელი, რომ „თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან“, ნათლად აჩვენებს ხელისუფლებისა და ოპოზიციაში გადანაცვლებული ბიზნესმენების დამოკიდებულებებს შორის კონტრასტს - ეს არის სახელმწიფო, რომელიც არა მარტო კანონის უზენაესობას იცავს, არამედ სიკეთესა და სამართლიანობას უწევს ანგარიშს.

„ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას. პრეზიდენტიც, ფართო გაგებით, ხელისუფლების ნაწილია  მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან. ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის.

თვითონ მიიყვანეს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკუთარი თავი ამ მდგომარეობაში. როდესაც 27 მუნიციპალიტეტში, საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე“, - განაცხადა პრემიერმა.

საყურადღებოა ისიც, რომ მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, რამდენიმე კვირის წინ, თავად უარყვეს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული შეწყალება, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა ყაველაშვილმა, ამჟამინდელი პოლიტიკური კონტექსტისა და არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კვლავ მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება.

რაც შეეხება კითხვას, რატომ არ შეიწყალა პრეზიდენტმა სხვა პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ანალოგიური ბრალდებებით არიან დაკავებულნი, მმართველი გუნდი ამაზე პასუხს მარტივად სცემს, რომ პრეზიდენტის შეწყალების აქტი არ უნდა იქცეს ინდულგენციად ყველა პოლიტიკოსისთვის, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი. ეს არის პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლება, რომელსაც ის სახელმწიფოებრივი ინტერესების გათვალისწინებით იყენებს.

თავად მამუკა ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ ეს არის  მცდელობა, რათა ოპოზიციის შიგნით დაპირისპირება შეიტანონ.

„თუ უახლოეს დღეებში, ე.წ. პრეზიდენტი არ გამოუშვებს იმ დარჩენილ პოლიტპატიმრებს, რომლებიც აბსოლუტურად იმავე მუხლით არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება იმის კიდევ ერთი, ყველაზე დიდი ლუსტრაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“, მისი პრეზიდენტი იყენებს საქართველოს კანონმდებლობას, იყენებს მისი პირადი ინტერესებისთვის და ეს იქნება კიდევ ერთი ნათელი მაგალითი მსოფლიოსთვის, დემოკრატიული სამყაროსთვის, რომ ეს ადამიანები, რაც შეიძლება სწრაფად მოვიშოროთ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ, საპატიმროს დატოვების შემდეგ.

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ხაზარაძისა და ჯაფარიძის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ და მისი მოკავშირე პოლიტიკური ძალები მზად არიან, კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგან ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. For.ge-თან საუბრისას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ ამას ოპონენტების მტრული რიტორიკისა და პროვოკაციების მიუხედავად ახერხებენ:

„პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს ამ გადაწყვეტილების მიღების რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. პირველი ის, რომ ნებისმიერი სპეკულაცია შიგნით და გარეთ გამოირიცხოს იმაზე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკურ აქტორებს დევნის და მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს. ეს გადაწყვეტილება სწორედ ამ სპეკულაციების დასასრულებლად იქნა მიღებული, მიუხედავად ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჭირვეულობისა, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალება არ უთხოვიათ, ყაველაშვილმა ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. რაც შეეხება სხვა, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ეს არის წმინდა წყლის ბინძური სპეკულაცია. ამის ხაზგასმა იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია კვლავ წინასწარ მომზადებულია იმისთვის, რომ პირწმინდად წააგებს. ისინი ნებისმიერი ხერხით ცდილობენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს დისკრედიტაციას. ვიცით, რომ დანარჩენი პოლიტიკოსები არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ, ეს უკვე ყველა დოკუმენტით დადასტურდა. ამიტომ, სრულიად ზედმეტია სულელური განცხადებები იმის შესახებ, რომ ისინიც პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს“, - ამბობს აბაშიძე.

ანალიტიკოსის თქმით, „ლელომ“ და გახარიას პარტიამ მორიგი არათანმიმდევრულობა დააფიქსირეს. 

„თუ, მაგალითად, შარშან, მათი მტკიცებით, ცესკო ე.წ. რუსული იყო, წელს რა, ქართული და დემოკრატიული გახდა? ცესკო იყო და არის დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი ადმინისტრაცია. მეორეც, თუ ბოლომდე მებრძოლნი არიან ხაზარაძე და ჯაფარიძე, მაშინ, მათი უფლება იყო, დარჩენილიყვნენ საპატიმროში. კი ბატონო, მართალია, ეს ტექნიკურად შეუძლებელი იყო, მაგრამ ამომრჩევლებისთვის თავად გამოაცხადებდნენ თავს შინა პატიმრობაში, ამით რაღაც ქულებს დაიწერდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ივლიან „ლელოვიზიასა“ და სხვა ტელევიზიებში და დაიწყებენ ბაქიბუქს, ვითომ ხელისუფლება უნდა დაიბრუნონ და თითქოს, ყაველაშვილმა შეწყალება მათ გასაშავებლად და ოპოზიციაში დაპირისპირებისთვის გადაწყვიტა. რა დაპირისპირება უნდათ, ისედაც სულ დაპირისპირებულები არ არიან?“, - ამბობს აბაშიძე.

მისივე თქმით, ბოლო წლებია, არაერთხელ გახდა თვალსაჩინო, რომ „ოცნების“ ხელისუფლების არგუმენტებს, ფაქტებსა და უტყუარ მტკიცებულებებს ევროკრატები და „დიფ სთეითის“ აქტორები ყურადღებას არ აქცევენ. 

„რაც არ უნდა სიმართლე უმტკიცო, ისინი მაინც სულელური ნარატივების გავრცელებით არიან დაკავებულები. თუმცა, „დიფ სთეითის“ აქტორების გარდა, დასავლეთში არიან საღად და ობიექტურად მოაზროვნე პოლიტიკოსები და ანალიტიკოსები. ფაქტია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება ვერავინ დაამტკიცა და ამას უკვე, დიდი ხანია, დასავლეთშიც მიხვდნენ“, - ამბობს ანალიტიკოსი.

 

 

Gami ორი ჩასვრილი აფერისტი არარობა. თუ მუხანათური გადაწყვეტილება იყო, რას გამოდიოდნენ; ესე იგი, შეგნებულად ჩაერთვნენ ხელისუფლების თამაშში. დეგენარატები.
3 საათის უკან
მარბიელი არ მომითხოვია, შემიწყალეს და რა მექნაო; რა და, არ გამოსულიყავი იმ ციხიდან და ძალით რომ გამოგაგდებდნენ ქვეყანა ნახავდა
მაგრამ აარა, რა ხანია ნაოხრალი ფულისთვის ხელი არ შეუვლიათ და ამდენ ხანს კიდევ როგორ გაძლეს
2 საათის უკან