რადიკალებს ახალი მარშრუტი აქვთ. რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან, მიდიან მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ, „რუსო, რუსო“- ს შემოსძახებენ, შემდეგ ისევ პარლამენტის წინ გადაინაცვლებენ, სავალ ნაწილს გადაკეტავენ და დაიშლებიან. ასე, ეტაპობრივად, ემზადებიან 4 ოქტომბრისთვის, თუმცა ემზადება სახელმწიფოც და რეაგირებაც შესაბამისი იქნება.
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, გარდაუვალია ამ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობა. ადასტურებს, რომ რეჟიმის მშვიდობიანი დამხობისთვის შესაბამისი სამზადისი მიდის.
„ამ დღის ორგანიზატორი არის ქართველი ხალხი - კულტურის მოღვაწეები, მსახიობები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთიანდებიან 4 ოქტომბრის გამარჯვების დღის გარშემო, სადაც მთავარი სიმბოლო, საქართველოს დროშა გვაქვს დასაცავი. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, ადამიანებმა დღეს აჩვენეს ერთსულოვნება. როდესაც პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ ის გააერთიანებდა საზოგადოებას, თქვენ ეს გაერთიანებული საზოგადოება ნახეთ უკვე, ამიტომ მე რა პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და ვიზიარებ, იგივე პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერი, პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე, რუსთაველზე გაიმართება „სახალხო კრება“, სადაც გადაწყდება, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ბურჭულაძემ რუსთაველის გამზირიდან მოუწოდა მოსახლეობას, რომ შეიკრიბონ 4 ოქტომბერს და ბოლო მოუღონ ისტორიულ სირცხვილს, რაც ქვეყანას დაემართა.
„ვიკრიბებით და ვწყვეტთ ჩვენს მომავალს. არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელსაც არ ჰქონდეს პროტესტის გრძნობა, რომელიც არ გრძნობდეს, რომ ცვლილებები გარდაუვალია. მე თქვენ დაგპირდით, რომ ხალხს გავაერთიანებდით. აი, ბატონო! ერთიანობა, თურმე, საჭიროც ყოფილა და შესაძლებელიც. ჩვენ, ყველანი - პროფესორ-მასწავლებლები, ექიმები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სტუდენტები, სპორტსმენები - ერთად ვდგავართ და გეუბნებით თქვენ, ვინც დღეს მიხვდით, რა მავნებელია „ქართული ოცნება“, ნუ მოგერიდებათ, ნუ შეგეშინდებათ, გელოდებით ყველას. აქ, რუსთაველზე, ვიკრიბებით და ვწყვეტთ ჩვენს მომავალს! აქ ჩავატარებთ ეროვნულ კრებას და ამ კრებაზე გადავწყვეტთ, რომ ჩვენი ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ, ქართველ ხალხს, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ღირსება და ჩვენი დროშა“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
აქციის ორგანიზატორია „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლებიც უკვე მუშაობენ რეგიონებში, აქტივისტებთან და გეგმავენ ორგანიზებულად, ეტაპობრივად შემოიყვანონ დედაქალაქში მხარდამჭერები, რომელთა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე პარტია იზრუნებს. „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს, ძალიან ბევრ ხალხს ელოდებიან რუსთაველის გამზირზე.
„თვითონ ხალხი გადაწყვეტს ამ ხელისუფლების ბედს მას შემდეგ, რაც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა კონსოლიდირებული იქნება მთავარი იდეის გარშემო, რომ „ოცნების“ რეჟიმი უნდა დასრულდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდობიანად“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
რადიკალები ხელისუფლების დამხობისთვის ემზადებიან, ხელისუფლება - რადიკალების გასანეიტრალებლად. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებამდე, ხმაურიანი დაკავებები დაიწყება და ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებიც გეგმავენ სახელმწიფო გადატრიალებას, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ გათავისუფებული საკანი ელოდებათ.
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია და დამხობა ლექსიკონში არ არსებობს. თუმცა, მისი თქმით, რადიკალები ყველაფერში ფენომენები არიან, მშვიდობიანი დამხობა უნდათ, იარაღით.
„დამხობა და იარაღი რომ არის, იქ მშვიდობას რა უნდა და მშვიდობიანი პროცესი თუ არის, დამხობა და იარაღი როგორ შეიძლება იყოს? ამ ყველაფერს ქართველი ხალხი პასუხს გასცემს. ეს არის ძალადობრივი აქციები, რევოლუციური პროცესები, რასაც სხვათა შორის, ბევრი პოლიტიკოსი არ უარყოფს. ზუსტად იციან, რომ არჩევნებს ვერ იგებენ და ხელისუფლების უკანონო შეცვლა უნდათ, რაზეც, სამწუხაროდ, უცხოეთიდან მხარდაჭერა აქვთ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე 4 ოქტომბრის შემდეგ ელოდება ხელისუფლებისგან, რომ საზოგადოების ჩართულობით, აილაგმოს ის, რაც დღეს, რუსთაველზე ხდება. „ძალიან მაინტერესებს, 4 ოქტომბერს რამდენი ქართველი დაისხამს თავზე ლაფს, დააბიჯებს ფეხს პატივს, ღირსებას, ჩვენებურად რომ ვთქვათ, „გაბანძდება“ და აი, ამ არარაობის დაძახილზე მივა, ერთი აგური რომ არ დაუდია ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ. როდესაც ასეთებს აქვთ პრეტენზია ხალხის ლიდერობაზე, ეტყობა, მართლა თვლიან, რომ საზოგადოებამ მისცა მათ ამის მანდატი. მე, პირადად, კითხვები უფრო საზოგადოების იმ ნაწილთან მაქვს, ვინც ასეთებს ლიდერობის ილუზიას უქმნის“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.