უკრაინის განსაცდელი და ახალი პოლიტიკური რეალიები (წერილი მესამე)

უკრაინის განსაცდელი და ახალი პოლიტიკური რეალიები (წერილი მესამე)

ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაგებია დასავლეთის ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა აშშ-ს და ევროკავშირის) მცდელობა, პოსტსაბჭოთა პერიმეტრის მთელ სივრცეზე არსად მიიყვანონ საქმე სამხედრო დაპირისპირებამდე. უფრო მეტიც, ისინი უკანასკნელ მომენტამდე ცდილობენ (ეს უპირატესად აშშ-ზე ითქმის), არ აეღოთ პირდაპირი სამხედრო-პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ სივრცის შიგნით. სწორედ ამიტომ ბოლო დრომდე საქართველოს დაუძლეველი წინააღმდეგობა ხვდებოდა NATO-ში გაწევრიანების გზაზე (უკრაინის ინციდენტმა, შესაძლოა, ეს ვითარება შეცვალოს).

დასავლეთის რეაქცია რუსეთის ძალისმიერ ქნედებებზე

ამ თვალსაზრისით რომ შევხედოთ საქართველო-რუსეთის 2008 წლის კონფლიქტს და სხვა უმნიშვნელოვანეს მომენტებს განვეყენოთ, ეს დაპირისპირება გამოდგა ერთგვარი სასინჯი ქვა იმისა, თუ რაზეა წამსვლელი რუსეთი. აღმოჩნდა, რომ იგი არ მოერიდება ძალის გამოყენებას, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. 2008 წელს დასავლეთმა უზარმაზარი ძალისხმევის ფასად მოახერხა კონფლიქტის ლოკალიზაცია და მისი პერმანენტული დაპირისპირების რეჟიმში გადაყვანა.

უკრაინის კრიზისის დროს დასავლეთმა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის გამოცდილება გაითვალისწინა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა დაპირისპირებას უკრაინაში არ მიეღო შეიარაღებული კონფლიქტის სახე. თანაც, რუსეთს ცალსახად, ყველას დასანახად უნდა გაემჟღავნებინა საკუთარი ზრახვები. ამით დასავლეთმა, ერთის მხრივ, მკაფიოდ დააფიქსირა აგრესორი, თანაც, არა უბრალოდ აგრესორი, არამედ კონკრეტული ძალისმიერი სამხედრო ოპერაციის წამომწყები. 2008 წლის აგვისტოში კონკრეტული სამხედრო ოპერაციის დამწყების (და არა პოლიტიკური აგრესორის) დაფიქსირება ასე მკვეთრად არ გამოვიდა, რისი დადასტურებაც არის ტალიავინის კომისიის დასკვნა (ამ დასკვნის საწინააღმდეგო პოზიცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას არ დაუფიქსირებია).

ამჯერად, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტიც გათვალისწინებულ იქნა. აგრესიის დაწყებიდან რამოდენიმე დღის შემდეგაც კი, არცერთი შეიარაღებული შეჯახება უკრაინისა და რუსეთის ჯარებს შორის არ მომხდარა. ეს იმ პირობებში, როცა რუსეთი მსოფლიოს თვალში სამხედრო აგრესორია. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ამოცანა იყო სისხლისმღვრელი კონფლიქტის გაჩაღება, ოღონდ იმ პირობით, რომ პირველი ბათქი უკრაინის მხარეს მოეხდინა. საოცარია, რომ უკრაინელმა ხალხმა და ახალმა მთავრობამ მოახერხეს მშვიდობის შენარჩუნება იმ პირობებში, როცა მთავრობის ფორმირება კონფლიქტის გაჩაღების პარალელურად მიმდინარეობდა. ვიმეორებთ, გასაოცარი მიღწევაა. ვფიქრობთ, რომ უკრაინელი ხალხისა და პოლიტიკური კლასის სწორედ ეს გმირობა ადასტურებს მათ მიერ უმნიშვნელოვანეს ეგზისტენციალურ-პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და  საკუთარი ფუნდამენტური არჩევანის გაკეთებას დასავლური ორიენტაციის სასარგებლოდ. ეს უმნიშვნელოვანესი გარემოება დიდი ალბათობით მოსალოდნელს ხდის უკრაინელი ხალხის (უფრო სწორედ - ერის) მიერ ყველა იმ წინააღმდეგობის დაძლევას, რომელიც მას თავის გზაზე ჭარბად მოელის. 

უნდა ითქვას, რომ ერებს უფრო ხშირად დიდი განსაცდელი და თავდაუზოგავი ბრძოლა აყალიბებს, ვიდრე მიმზიდველი დაპირებები კარგ და უზრუნველ ცხოვრებაზე, მით უმეტეს სხვის იმედად ყოფნა. სწორედ ამ გზას გადის ეხლა უკრაინელი ხალხი. როგორც რუსთაველი ბრძანებს: „ბედი ცდაა გამარჯვება ღმერთსა უნდეს მოცაგხვდების“ (ცდა აქ ომს, ბრძოლას ნიშნავს). პლატონის ადრეულ დიალოგში (ლაჰესი) ცნობილი მხედართმთავარი ნიკოსი ამბობს: „გამბედაობა არის ის, როცა ზუსტად იცი, როდის შეიკავო თავი და როდის შეჰბედო“. სწორედ უკრაინის სახელმწიფოს სტრატეგიული თავშეკავება არის ამ კონფლიქტის უმთავრესი არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მახასიათებელიც.

მივაგებთ რა ჯეროვან პატივს უკრაინელთა თავგანწირვას, უნდა აღინიშნოს დასავლეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის სწორი და პროფესიული მოქმედება მოვლენათა განვითარების ამ ეტაპზე. ისინი იყენებენ ყველა ბერკეტს უკრაინაში სისხლისმღვრელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

რა გააკეთეს მათ უფრო კონკრეტულად?

ჯერ ერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ დაარწმუნეს უკრაინის ხელისუფლება აშკარა აგრესიის პირობებშიც კი არ გამოეყენებინათ იარაღი.

მეორე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ საგანგებო რეჟიმში შეკრებილმა NATO-ს წევრმა ქვეყნებმა რუსეთს მიუთითეს, რომ ისინი არ დაუშვებენ ამ ქვეყნის მიერ ევროპული უსაფრთხოების არსებული სტრუქტურის დანგრევის სერიოზულ მცდელობას. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი წინ აღუდგებიან სამხედრო დაპირისპირებას აღმოსავლეთ ევროპის მთელ სიგრძეზე (ტრამალზე), როგორც  სამოქალაქო კონფლიქტის (ომის) ფორმით, ისე რუსეთ-უკრაინის სამხედრო შეჯახების სახით (სწორედ ამ უკანასკნელ შემთხვევაში შეიძენს უდიდეს მნიშვნელობას სამხედრო აგრესორის ზუსტი დაფიქსირება). დასავლეთმა ცალსახად განუცხადა რუსეთს, რომ ამგვარი მოვლენები სასიცოცხლო საფრთხეს უქადის NATO-ს წევრ აღმოსავლეთევროპულ ქვეყნებს და, საბოლოო ანგარიშით, ევროპულ უსაფრთხოების სისტემის სრულ განადგურებას გამოიწვევს. 

რა თქმა უნდა, დასავლეთი ითვალისწინებს იმას, რომ აღმოსავლეთ ევროპაში და, განსაკუთრებით, მის სამხრეთ ნაწილში, დინამიური წონასწორობის დარღვევა და საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის ანგარიშმიუცემელი ბრძოლა ხშირად გამხდარა დიდი სამხედრო დაპირისპირებისა და გრანდიოზული პოლიტიკური კატაკლიზმების მიზეზი. სწორედ ამ რეგიონის უმთავრესი პრობლემების მოუგვარებლობამ დაუდო სათავე პირველ მსოფლიო ომს. სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა გახდა განხეთქილების ვაშლი ჰიტლერსა და სტალინს შორის (სტალინის პრეტენზიები ბულგარეთსა და რუმინეთზე), რასაც მოჰყვა პაქტის დარღვევა გერმანული მხარის მიერ.

დასავლეთს კარგად ახსოვს ის გარემოებაც, რომ თავის დროზე მიუნხენის ხელშეკრულება სუდეტების გერმანული სამყაროდან მოწყვეტის 20 წლის შემდეგ (1918-1938) დაიდო. ყირიმის შეერთება კი რუსეთს სურს მისი დაკარგვიდან 50 წლის შემდეგ. ასე, რომ  არგუმენტი, რომ ყირიმი რუსეთს ეკუთვნოდა ქმედითი არგუმენტი არ არის. ხოლო ამგვარი მოქმედებების დამანგრეველი ძალა კი ყველას ახსოვს. ამიტომ დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს ვ.პუტინის ძალისმიერი სცენარის საწინააღმდეგოდ. რუსეთის მიერ ყირიმის მიერთების მცდელობა დასავლეთს კონსოლიდაციასა და მიდგომის გამკაცრებას აიძულებს. ასეთ შემთხვევაში იგი აუცილებლად შემოიღებს ქმედით სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და საკუთარ პოლიტიკურ სტრატეგიასაც გადახედავს

 რას ნიშნავს ეს უფრო კონკრეტულად? უპირველეს ყოვლისა იმას,  რომ დასავლეთი პრინციპულად არ არის თანახმა უკრაინის გაყოფისა ველური წესით ანუ უკრაინაში სამოქალაქო დაპირისპირების ან ქვეყნებს შორის ომის ფასად. თუ რუსეთის მიერ ამგვარი რამის პროვოცირება ძალით მოხდება, იგი, როგორც ევროპაში უსაფრთხოების სისტემის ხელმყოფი, მაშინვე იქცევა ნატოს ნომერ პირველ მტრად, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. 

ამ მოქმედებებით დასავლეთი ცდილობს მოახდინოს რუსეთის მხარის მიერ ძალისმიერ სცენარზე წასვლის ალბათობის მინიმიზაცია. ამ დასკვნას ამაგრებს NATO-ს ბოლოდროინდელი ქმედებები. სტრატეგიული თვითმფრინავების გადასროლა ბალტიის ქვეყნებში და სამხედრო მანევრების დათქმულ დროზე ადრე  დაწყება პოლონეთის მონაწილეობით, ამ ქვეყნის საზღვრების სიახლოვეს.

რუსული ავანტურის პერსპექტივები

ნიშნავს კი ეს იმას, რომ რუსეთის საქმე უიმედოდ წაგებულია? არა, არ ნიშნავს და აი რატომ. რუსეთის უპირველესი ამოცანაა საქვეყნოდ დაამტკიცოს, აჩვენოს, რომ უკრაინა იმ ფორმით, იმ საზღვრებითა და შემადგენლობით, როგორც ის დღეს არსებობს, მკვდრადშობილი სახელმწიფოა. ანუ არსებობს დასავლეთი და ცენტრალური უკრაინა ერთის მხრივ და, აღმოსავლეთი და სამხრეთი უკრაინა მეორეს მხრივ, რომელთაც მხოლოდ საერთო სახელი აერთიანებთ და მეტი არაფერი. რუსეთს ცხადია ერჩივნა, რომ ასე საკითხი არ დამდგარიყო. მისი ინტერესებისათვის სჯობდა ერთიანი, რუსეთის სატელიტი და ევრაზიული კავშირის წევრი უკრაინის არსებობა. თუმცა, მოსკოვისათვის სამწუხაროდ, ეს გეგმა ჩაიშალა.

რუსეთს ცხადია აქვს მეორე გეგმაც. ეს გეგმა უკრაინის დანაწილებას გულისხმობს და სწორედ ახლა მოჰყავს იგი მოქმედებაში (ასეთი გეგმები არის ხოლმე ქვეყნების შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში, უშიშროების საბჭოში, სხვადასხვა სახელმწიფო და ნახევრადსახელმწიფო ანალიტიკურ ცენტრებში და ა.შ. აუცილებლად არსებობს მსგავსი გეგმა საქართველოს მიმართაც). საქმე ის არის როდის და რომელ მათგანს აამოქმედებს მოსკოვი და რამდენად მოემზადება შერჩეული სცენარის განსახორციელებლად. მას აქვს საკმარისი რესურსები, რათა რეალური პრობლემები შეუქმნას უკრაინის ერთიანობას სამხედრო-ძალისმიერი კომპონენტის უპირატესი ამოქმედების გარეშეც.

ამ შედარებით მშვიდობიანი სცენარის ეფექტურობის არცთუ უმნიშვნელო მიზეზი შემდეგი გარემოება გახლავთ. სრულფასოვანი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება დღევანდელი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სრულიად შეუძლებელია. ხოლო თუ უკრაინის ახალი ხელისუფლება არჩევნებს ჩაატარებს უკრაინის არა მთელ ტერიტორიაზე (ვთქვათ ყირიმის გამოკლებით), ეს უკრაინის გაყოფის პირდაპირი იურიდიული საბუთი იქნება. კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას ის გარემოება, რომ რუსეთს ძალუძს სერიოზული პრობლემები შეუქმნას 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებს არა მხოლოდ ყირიმში, არამედ ხარკოვის, დონბასის, თავრიის (სამხრეთ უკრაინა დნეპრიდან მარიუპოლამდე) და ნოვოროსიის (სამხრეთ უკრაინა დუნაიდან დნეპრამდე) მთელ პერიმეტრზე და ახლადარჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია დააყენოს ეჭვქვეშ. როსტოვში მყოფი ვ.იანუკოვიჩი არის სრულიად უკრაინის ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი. და ვინ იცის 25 მაისს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმური ძალმოსილება უკრანის რომელ ტერიტორიაზე გავრცელდება. დასავლეთი ამტკიცებს, რომ ვ.იანუკოვიჩმა, საკუთარ ხალხთან სისხლიანი დაპირისპირების შემდეგ  ლეგიტიმაციის დიდი ნაწილი დაკარგა. კეთილი და პატიოსანი, საკითხავია რამდენად ლეგიტიმურ პრეზიდენტს აირჩევს უკრაინა მაისის თვეში და რითი ემჯობინება იგი ვ.იანუკოვიჩს ლეგიტიმაციის თვალსაზრისით. თუ სიმართლეს თვალს გავუსწორებთ - არაფრით.

ასე, რომ ყირიმში განვითარებულ მოვლენებს აქვთ ძალზე მნიშვნელოვანი უშუალო მიზანიც - დატოვოს უკრაინა ლეგიტიმური ხელისუფლების გარეშე. და თუ ემოციებს არ ავყვებით, უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთს აქვს შანსი ამ კონკრეტულ მიზანს მნიშვნელოვანწილად კიდეც მიაღწიოს. ვ.იანუკოვიჩის რუსეთში გაშვება უკრაინის ოპოზიციის სერიოზული შეცდომა იყო. მათ (და ალბათ ვერც ვერავინ) სწორად ვერ შეაფასეს მისი ეს ნაბიჯი. ბანალურ ლაჩრობად ჩათვალეს იგი (გაიხსენეთ, მისი გაქცევისთანავე რა დიდი სიამოვნებით აჩვენებდნენ მიტოვებულ აპარტამენტებს და ავლა-დიდებას). მოსალოდნელია, რომ ზუსტად ასევე ფიქრობდნენ დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური ელიტები. სინამდვილეში ეს ნაბიჯი გადადგმულ იქნა იმისათვის, რომ კიდევ უფრო დასუსტებულიყო უკრაინის სახელმწიფოებრიობა და ამ დიდ თამაშში რუსეთის საწყისი პოზიციები გაძლიერებულიყო.

ამ შედარებით მშვიდობიანი სცენარის ამოქმედებას ხელს უშლის ის ძალისმიერი სცენარი, რომლითაც დღეს რუსეთი უკვე მოქმედებს. თუმცა არ არის გამორიცხული, რომ სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით (მაგალითად, დასავლეთის აქტიური ჩარევის გამო), რუსეთი იძულებული გახდეს სწორედ ეს სცენარი გამოიყენოს (შესაძლებელია აგრეთვე ძალისმიერი და „მშვიდობიანი“ სცენარების ერთგვარი სიმბიოზიც).

ყოველივე ზემოთქმულის  შემდეგ გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ, ჩვენი აზრით უმნიშვნელოვანეს, გარემოებაზე. რუსეთმა წარმატებითაც რომ ჩაატაროს ეს ოპერაცია და ძალისმიერი თუ ნაკლებად ძალისმიერი სცენარით მოახერხოს უკრაინის გაყოფა რუსეთისათვის მისაღები რედაქციითა და პირობებით, იგი მაინც ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდება. ამ ოპერაციის შემდეგ წარმოქმნილი თუნდაც ტერიტორიულად მკვეთრად შემცირებული უკრაინა უაღრესად ანტირუსული სახელმწიფო იქნება. იგი  დანამდვილებით გაწევრიანდება სხვადასხვა ანტირუსულ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში, საკუთარ ტერიტორიაზე განალაგებს შესაბამის შეიარაღებას და ა.შ. შეიცვლება (პრინციპულად შეიცვლება) ვაშინგტონის მიდგომებიც. თუკი ამ ეტაპზე აშშ ძირითად  კონცენტრაციას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აპირებს და იმავდროულად გადის ერაყიდან (რასაც რუსეთისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს) და ავღანეთიდან (არანაკლებ საყურადღებო და საბედისწერო კვანძი რუსეთისათვის), უკრაინაში რუსეთის პოლიტიკური აგრესიის წარმატების შემთხვევაში ეს სურათი რადიკალურად და თითქმის მყისიერად შეიცვლება.