ავტორიტარული მმართველობის სურვილს სერიოზული საფრთხეები ახლავს თან. მმართველი შესაძლოა ავტორიტარად გვაჩვენებდეს თავს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, ამ როლის შესასრულებლად მზად არ იყოს.
უკრაინული ფსევდოავტორიტარიზმი და რუსული პოლიტტექნოლოგიები
მეტ-ნაკლებად წარმატებული ავტორიტარული მმართველობა მხოლოდ შეუბრალებლობისა და სისასტიკის ზუსტ და დროულ დემონსტრირებას კი არ გულისხმობს, არამედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ძალების სწორ შეფასებას, მათი პოლიტიკური აქტიურობის მიმართულებათა მართებულ განსაზღვრას და ა.შ. ავტორიტარული სტრუქტურის (სახელისუფლებო ვერტიკალის) აგების პროცესში აუცილებელია ამ ძალების ინტერესების უხეში გათვალისწინება მაინც. ეს კი უამრავ მოსამზადებელ სამუშაოსა და პრევენტიულ ზომას გულისხმობს. თუ ეს სამუშაოები ჩატარებული არ არის, მხოლოდ შიშველ ძალაზე დაყრდნობა სერიოზული შეცდომა აღმოჩნდება.
მოკლედ, ავტორიტარული ტიპის მმართველობისათვის აუცილებელია პოლიტიკური კლასისა და საზოგადოების კონსოლიდაცია კონკრეტული ხელისუფალის ან სახელისუფლო ვერტიკალის გარშემო. სხვა შემთხვევაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ბუმერანგივით უკან დაუბრუნდება მმართველ ჯგუფს. სწორედ ასე მოხდა უკრაინაში.
აქ არის ერთი გარემოება, რომელზედაც გვინდა დამატებით შევჩერდეთ. ავტორიტარული მმართველობა, როგორც ვთქვით, მხოლოდ ძალისმიერ მეთოდებს კი არ გულისხმობს, არამედ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებათა მიღების სპეციფიურ წესსაც. უკრაინაში ვითარების გამწვავება სწორედ ასეთმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია.
უკრაინის ლიდერებმა ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანი ევრაზიული კავშირის სასარგებლოდ სცადეს თავს მოეხვიათ ქვეყნისათვის, რომელიც მზად არ იყო ამგვარი გადაწყვეტილების მისაღებად. გამოიყენეს რა შეცდომები, რაც ევროკავშირმა დაუშვა უკრაინასთან მიმართებაში და ამ გაერთიანების პოლიტიკურ-ეკონომიკური და ორგანიზაციული სისუსტე, უკრაინის მმართველთა ჯგუფმა ფსონი მთლიანად რუსულ ორიენტაციაზე დადო. ამით უგულებელყოფილ იქნა უკრაინელი ხალხის არჩევანი ევროკავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამ არჩევანის (ევროკავშირს -კი, NATO-ს - არა) დაცვას ჰპირდებოდა ვ.იანუკოვიჩი საკუთარ მოქალაქეებს ხელისუფლებაში მოსვლის დროს. ამომრჩეველთა მოტყუება და მათ ზურგს უკან მოქმედება ხელისუფლების მიუტევებელი შეცდომა აღმოჩნდა. შედეგად მან მაიდანი მიიღო.
თუმცა მაიდანი მხოლოდ ევროპულ არჩევანზე უარის თქმის შედეგი არ ყოფილა. მაიდანი იყო შედეგი ევროარჩევანზე უარის თქმის პროცესისაც. უფრო ზუსტად, ამ პროცესის და მისი საჯაროობის არარსებობისა. დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება მოვალეა ნებისმიერი მნიშვნელოვანი არჩევანი საჯაროდ, ინფორმაციული სისრულის პირობებში გააკეთოს. უკრაინის ხელისუფლებასაც მართებდა საკუთარი მოქალაქეების წინაშე გულწრფელად ეღიარებინა, რომ სხვადასხვა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზის გამო, ევროკავშირთან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. და რომ უკრაინის სახელმწიფოებრივმა ინტერესებმა, შესაძლოა, სრულიად სხვა გადაწყვეტილებები მოითხოვოს. მას საქვეყნოდ უნდა დაეფიქსირებინა ამ პროცესის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი. მითუმეტეს, რომ ობიექტური სიძნელეებიც ჭარბად იჩენდნენ თავს. ხელისუფლების პარტიზანული მოქმედებების შემდეგ კი მოქალაქეები დარწმუნდნენ, რომ საქმე გვაქვს უკრაინის სასიცოცხლ;ო ინტერესების საწინააღმდეგო გასაიდუმლებულ ქმედებებთან.
სწორედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საიდუმლოდ მომზადება და ცხოვრებაში გატარება არის ავტორიტარული მმართველობის უპირველესი თვისება, ხოლო ამგვარი გადაწყვეტილების ხორცშეხმის დროს ძალის გამოყენება მისი მეორე მახასიათებელია. ვ.იანუკოვიჩის ხელისუფლება ფსევდოავტორიტარული იყო იმიტომ, რომ უკრაინის სახელმწიფოს პოლიტიკური სტრუქტურა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ძალთა ბალანსი ავტორიტარულ მეთოდებზე დაყრდნობას უბრალოდ გამორიცხავდა. შედეგად მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.
უკრაინის მოვლენები იმითაც არის საინტერესო, რომ ჩვენ აქ შეგვიძლია თვალი გავადევნოთ ერთი ქვეყნის (უკრაინის) მიმართ მეორე ქვეყნის (რუსეთის) ზემოქმედებას და ორივე ამ ქვეყნის პოლიტიკური ჯგუფების კოლექტიურ შეცდომას. ვ.იანუკოვიჩის ხელისუფლების შეცდომა ის იყო, რომ ავტორიტარული მმართველობის მეთოდების გამოყენებისას, მას ძირითადად სხვა ქვეყნის (რუსეთის) იმედი ჰქონდა. ეს კი ნებისმიერი ქვეყნის მმართველისათვის მიუტევებელი შეცდომაა. აშკარად ჩანდა, რომ უკრაინის ხელისუფლების ევრაზიული არჩევანი და ამ გადაწყვეტილების მიღების საიდუმლო ხასიათი სწორედ რუსეთის მიერ ნაკარნახევი შინაარსი და ფორმა იყო (შინაარსი - ევრაზიული, ფორმა - საიდუმლო). უკრაინის კრიზისის დროს რუსეთის მოქმედებებისთვის თვალყურის დევნება კი ნათელყოფს ნამდვილი ავტორიტარული მმართველობისათვის დამახასიათებელ სისუსტეებსა და შეცდომებს, რომელსაც ამ ტიპის ხელისუფლება ვერ აიცილებს თავიდან, რადგან ეს ნაკლი მას ორგანულად ახასიათებს.
ავტორიტარული მმართველობისთვის ტიპიური (თანაც მოუცილებელი) შეცდომა დაუშვა ვ.პუტინმა, როდესაც მიიჩნია, რომ: ა. დემოკრატია უკრაინაში მხოლოდ ფასადურია და მას იქ შეუქცევადი პროცესები ჯერ არ გამოუწვევია; ბ. უკრაინული დემოკრატიის „ნორჩი ყლორტების“ ჩაკვლა შესაძლებელია ერთი მიზანმიმართული მძლავრი დარტყმით და ამ დარტყმის პოლიტიკური უზრუნველყოფისათვის სავსებით საკმარისია ქვეყნის პირველი პირისა და მისი უახლოესი გარემოცვის გადმობირება.
უკრაინა უდიდესი ევროპული ქვეყანაა, როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ფაქტია, რომ არცერთ პრეტენდენტს - არც ევროკავშირსა და არც რუსეთს - მისი, უხეშად რომ ვთქვათ, „უმად მონელება“ არ შეუძლია. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის სახელმწიფოს გაერთიანება ევროკავშირში ან ევრაზიაში მხოლოდ გარედან ვერ გადაწყდება. ამისათვის აუცილებელია შიგნით პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის არსებობა ქვეყნის უმთავრეს სახელმწიფოებრივ არჩევანთან (ან მათ წყებასთან) დაკავშირებით. ითვლება, რომ უკრაინაში ამგვარი ფუნდამენტური კონსენსუსი სულ უკანასკნელ დრომდე მიღწეული არ ყოფილა. სწორედ ამ წანამძღვარს ეყრდნობოდა მოსკოვი, როცა გადაწყვიტა, რომ ამ საკითხის მის სასარგებლოდ მოსაგვარებლად საკმარისია ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერსა და მის უშუალო გარემოცვაზე ზემოქმედების მოხდენა.
გამოთქმაში, „დემოკრატიულად არჩეული ლიდერი“ ირონია არ უნდა გავურიოთ, რადგან ეს იყო სერიოზული პოლიტიკური არგუმენტი რუსეთის ხელში დასავლეთისათვის განკუთვნილი მითითება იმაზე, რომ თამაში ევროკავშირისათვის მისაღები წესებით მიმდინარეობს.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთმა სცადა უკრაინაში პოლიტიკური არჩევანის გაურკვევლობის პირობებში, ქვეყნის ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფალი და მისი გარემოცვა ექცია იმ გადამწყვეტ პინად, რომელიც განსაზღვრავდა უკრაინის, როგორც ქვეყნის, ევრაზიულ მომავალს. სხვადასხვა მიზეზების გამო, მას ეს არ გამოუვიდა და მომენტალურად გადაერთო ძალისმიერ სცენარზე (თუმცა, როგორც ვნახეთ, ავტორიტარული მმართველობის ელემენტები ევრაზიული არჩევანის მიღების დროსაც გამოჩნდა).
რუსეთი თავის ამ გათვლებში მწარედ მოტყუვდა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დასავლეთიც (კონკრეტულად ეს ევროკავშირზე ითქმის) არანაკლები ეჭვით ეკიდებოდა უკრაინელ მოქალაქეთა არჩევანს (ამგვარ არჩევანს სწორედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები ანუ მოქალაქეები აკეთებენ). სხვაგვარად სრულიად გაუგებრად და ალოგიკურად გამოიყურება ამ ორგანიზაციის მოქცევა მინიმუმ ბოლო ნახევარი წლის მანძილზე მაინც. ამ ორი მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური აქტორის მიერ უკრაინაში შექმნილი ვითარების არასწორ შეფასებას და შესაბამის ქმედებას მოჰყვა ტრაგიკული მოვლენები. კიდევ მრავალი დრამატული პროცესი გველის მომავალშიც, ისე, როგორც თავის დროზე საქართველოში. ამ ტრაგიკული ვითარებისათვის პასუხისმგებლობას სხვა ქვეყნები და საერთაშორისო გაერთიანებებიც იზიარებენ. ცხადია ეს თეზისი სრულიადაც არ ხსნის პასუხისმგებლობას უკრაინის ლიდერებს. პირიქით, იგი უფრო ამძაფრებს მას. პოლიტიკურ გადაწყვეტილებათა წონა და სირთულე გადამწყვეტ მომენტებში მრავალგზის იმატებს ხოლმე. ლიდერთა აბსოლუტური უმრავლესობა კი, როგორც წესი, მზად არ არის ასეთი ტვირთის საზიდად. ასეთია სამწუხარო რეალობა.
ევროპული ქვეყნების უმთავრესი შეცდომა იმ ფაქიზი ვითარების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატა, რომ დემოკრატიული გზით საყოველთაო კონსენსუსის მიღწევა ქვეყნისთვის უმნიშველოვანეს საკითხზე საკმაოდ რთული, ხანგრძლივი და წინააღმდეგობით აღსავსე პროცესია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ გადაწყვეტილების მიღება მრავალ ისტორიულ, ეთნიკურ, ეკონომიკურ, ფსიქოლოგიურ და ა.შ. პრობლემებთან არის დაკავშირებული. თანაც მეზობლად რუსეთი გყავს, რომელსაც ძალზე თავისებურად ესმის ეროვნული ინტერესები და ასე იოლად იყენებს ზემოქმედების ძალისმიერ მეთოდებს. ასეთ ქვეყანას დემოკრატიული სამყაროდან მის წინაშე მდგარი სირთულეების სწორად გაგება, ტაქტი, მოთმინება და დახმარება სჭირდება. ეს სამყარო გარკვეულ დათმობებსა და მსხვერპლზე უნდა წავიდეს. უკრაინის მიმართ კი მიდგომა ასეთი არ იყო. ითვლებოდა, რომ ამ ქვეყანას თავად უნდა მიეღო გადაწყვეტილებები და მიეღწია კონსოლიდაციისათვის. ევროკავშირის მხრიდან ასეთი უგულისყურო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელსაც დასავლეთის სხვა აქტორებიც უსიტყვოდ ეთანხმებოდნენ, ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ რუსეთი უფროა დაინტესებული უკრაინის ბედით და რუსეთს უფრო ძვირად უღირს უკრაინა, ვიდრე ევროპას და ზოგადად დასავლეთს. მოკლედ, დემოკრატიულმა სამყარომ საკუთარი სერიოზული შეცდომები დაუშვა.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, თავისი პრობლემები და ტიპიური შეცდომები აქვს როგორც დემოკრატიულ, ისე ავტორიტარულ (ან ფსევდოავტორიტარულ) სისტემებს. არაფერია საკვირველი იმაშიც, რომ ეს შეცდომები განსაკუთრებით რელიეფურად იჩენს თავს შეჯახებებისა და რყევების დროს. განსაკუთრებით ჭკუისსასწავლებელია ის მდგომარეობა, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინის ყოფილი ხელისუფლება და მისი გაქცეული მეთაური, რადგან ძნელი წარმოსადგენია უფრო საშიში კარიკატურა, ვიდრე ფსევდოავტორიტარიზმი. ავტორიტარიზმს თავისი ულმობელი ლოგიკა აქვს და ვერ ჰგუობს პრიმიტიულ ავტორიტარისტულ თამაშს. ამას შედეგად ის მოჰყვება, რომ მწარედ მოტყუვდები შენ თვითონ და საკუთარ სუზერენსაც შეცდომაში შეიყვან.
სრულიად გასაგები და ბუნებრივია, რომ ასეთი, ბედის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღება პოლიტიკური ისტებლშმენტის უპირობო უმრავლესობისა და მოქალაქეების მიერ მყისიერად არ ხდება. ამ პროცესს აქვს თავისი, ხშირად წინააღმდეგობრივი და ძნელად გამოსაცნობი დინამიკა, საკუთარი პიკი და ვარდნა. მნიშვნელოვანია გარე ზეგავლენები, პრესტიჟისა და ეროვნული თვითცნობიერების საკითხები და ა.შ.
მოკლედ, არაფერი საკვირველი არ არის იმაში, რომ ამ ოკეანის ღელვის საბოლოო შედეგი ვერ გამოვიცნოთ. არ არის შემთხვევითი, რომ ვერცერთი ანალიტიკოსი და სერიოზული მოაზროვნეც კი, როგორც წესი, ამ დუღილის საბოლოო პროდუქტს ვერ გრძნობს და სცნობს, ხშირად თავად პროცესის აღწერაც ჭირს (არაფერს ვამბობთ ე.წ. პოლიტიკურ ექსპერტებზე, რომელთა როლიც მხოლოდ რომელიმე წინასწარ ფორმულირებული აზრის გახმოვანებაში გამოიხატება, თანაც ეს აზრი ხშირად მათ არ ეკუთვნით).
ეს, ასე ვთქვათ, ობიექტური სირთულეა, რომელსაც ყველა თავისი ნიჭისა და კომპეტენციის ფარგლებში (ანდა საკუთარ დამკვეთის ნების შესაბამისად), წყვეტს. მაგრამ სრულიად განსხვავებულ და განსაკუთრებულ მდგომარეობაში არიან პოლიტიკოსები, რომელთა გადაწყვეტილებები და მოქმედებები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მათი ხალხის მომავალს და მრავალი მოქალაქის ბედს.
ჩვენ ამჯერად იმის ჩვენება გვინდოდა, რომ სერიოზული შეცდომებიდან არავინ არის დაზღვეული და ხშირად ამ შეცდომებს მმართველობის ფორმა და სტილი განაპირობებს.
რუსული პოლიტიკური ცხოვრების წესის თანმხლები ატრიბუტი
სწორედ იმიტომ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების პოლიტიკური ელიტას გადაწყვეტილების მიღება უწევს იმ არეალში, რომელსაც რუსეთი საკუთარ სასიცოცხლო ინტერესების სფეროდ მიიჩნევს, აუცილებელია მივუთითოთ რუსული პოლიტიკური ცხოვრების ერთ კონსტანტაზე, რაც ამ ქვეყანას და მის მოსახლეობას მკვეთრად განასხვავებს დასავლური პოლიტიკური ღირებულებების მქონე სხვა ხალხებისაგან. ისინი საკუთარ რიგებში მსხვერპლს არ ერიდებიან და იშვიათად ითვლიან მას. მითუფრო არ აწუხებთ ზარალი, რომელსაც სხვა ქვეყნები განიცდიან.
რუსეთის მოქალაქეების საგრძნობი უმრავლესობა მზად არის წავიდეს ასეთი გზით და მეტ-ნაკლებად წარმატებულ ლიდერს ნაკლებად ან სულაც არ სთხოვს პასუხს გაღებულ მსხვერპლზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, არ სთხოვს ანგარიშს იმ ფასზე, რაც გადახდილ იქნა ამა თუ იმ მიზნის (არცთუ იშვიათად საბოლოო ანგარიშში ილუზორულის), მისაღწევად. ეს არის ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) მიზეზი იმისა, რომ რუსეთი ხშირად მიმართავს ხოლმე ძალისმიერ მეთოდებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.
ამიტომაც არის, რომ რუსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების კონცეფციაში სწორედ სამხედრო მახასიათებელს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასე იყო მეფის რუსეთშიც, საბჭოთა კავშირშიც, ასეა სადღეისოდაც. აქედან მომდინარეობს მრავალი პოლიტიკური შიში და ფობია, რაც ამ ქვეყნის მესვეურებს ჩვეულებრივ ახასიათებთ. თუმცა აქვეა საფუძველი მათი ძლიერებისაც (ადამიანის ხასიათშიც ხომ სისუსტე ხშირად ძლიერი მხარის გაგრძელებაა და პირიქით). ამჯერადაც რუსეთი მოიქცა ისე, როგორც ჩვეულებრივ იქცევა ხოლმე - მოულოდნელი საფრთხის დანახვაზე მაშინვე პისტოლეტისკენ წაიღო ხელი. თანაც, ეს პისტოლეტი საბრძოლო მზადყოფნაში იყო წინასწარ მოყვანილი და მასობრივი განადგურების იარაღით გამაგრებული. ამ ქვეყნის სამხედრო დოქტრინაში შავით თეთრზე წერია, რომ იგი ბირთვულ იარაღს პრევენტულად გამოიყენებს, თუკი მიიჩნევს, რომ მის სასიცოცხლო ინტერესებს კრიტიკული საფრთხე დაემუქრა (ასეთი რამ საბჭოთა სამხედრო დოქტრინაში არ ეწერა. პირიქით, ბოროტების იმპერია ნებაყოფლობით იღებდა პასუხისმგებლობას პრევენტულად ამ იარაღის არგამოყენებაზე). პოსტსაბჭოურ ქვეყნებს კი (შესაძლოა ბალტიის ქვეყნების გამოკლებით), მოსკოვი სწორედაც თავის სასიცოცხლო სივრცედ მიიჩნევს.