სადღეისოდ, რასაკვირველია, ძნელია იმის გამოცნობა, თუ როგორ განვითარდებიან მოვლენები უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში. მაგრამ უკვე საკმარისი დრო გავიდა იმისათვის, რათა გარკვეული დასკვნები გამოვიტანოთ და პროცესების სამომავლო განვითარების რეალობასთან მიახლოებული სცენარები განვიხილოთ.
ვფიქრობთ, რომ საჭიროა მოკლედ შევაფასოთ დომინანტური საერთაშორისო და რეგიონული ტენდენციები, რომელთა მოქმედებამაც შესაძლებელი გახადა დრამატული ვითარების წარმოქმნა. შევეცდებით აგრეთვე ზოგადად მიმოვიხილოთ ძალთა ბალანსი და პოლიტიკური მიდგომები, რომელთა წარმოქმნასა და ამოქმედებას გამოიწვევს უკრაინული ეპოპეა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ უკრაინის პრობლემა ახალ ბიძგს მისცემს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს და ორიერნტირება მოგვიწევს თვისობრივად ახალ გარემოში.
ახალი გეოპოლიტიკური კონფიგურაცია და მისი პარამეტრები
პირველი და, შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი დასკვნა ის გახლავთ, რომ ევრაზიული კავშირი, ყოველ შემთხვევაში იმ სახით, როგორც იგი არცთუ დიდი ხნის წინ წარმოედგინა რუსეთის ხელმძღვანელობას, მათთვის სასურველ სივრცესა და მისაღებ დროში აღარ შედგება (ამასთან დაკავშირებით ასახელებდნენ სხვადასხვა თარიღს, მათ შორის 2015 წელსაც. ყოველ შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით პრეზიდენტობის ხანას ეს თარიღი არ უნდა გასცდენოდა). როდესაც რუსეთმა სამხედრო ძალას მიმართა ყირიმში, კიევიდან კი მისი ფავორიტი პრეზიდენტი გაქრა, ცხადი შეიქნა, რომ უკრაინის ერთიანად შეყვანა საკუთარი გავლენის სფეროში ისტორიის ამ ეტაპზე რუსეთმა ვერ მოახერხა. შესაბამისად, რუსული გავლენის სფეროს კონფიგურაცია სულ სხვაგვარი აღმოჩნდება, ვიდრე ეს აქამდე წარმოედგინათ (რუსეთი-ბელორუსია-უკრაინა-სომხეთი-ყაზახეთი).
სხვათა შორის, რუსეთს რომ მოესწრო და ე.წ. ОДКБ სიცოცხლისუნარიან და საერთაშორისოდ მეტ-ნაკლებად აღიარებულ სამხედრო სტრუქტურად გადაექცია, იგი სევასტოპოლსა და სიმფეროპოლში, (ან იქნებ უკრაინის მთელ სივრცეზეც), საერთაშორისო აგრესიას მოაწყობდა (1968 წლის პრაღის მსგავსს). საერთოდ, უნდა ითქვას, რომ რუსეთის გავლენის სფეროს სამხედრო კომპონენტი ადრე თუ გვიან სწრაფი რეაგირების საერთაშორისო ძალად მოგვევლინება.
სწორედ ამიტომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწყებული ძალისმიერი მოქმედებები მისი სისუსტის მანიშნებელია. თუმცა ეს არამც და არამც არ ნიშნავს, რომ რუსული წამოწყება ნაკლებ საშიშია. პირიქით, შექმნილი ვითარება ამ ქვეყანას აიძულებს იმოქმედოს რისკიანად და უმთავრესად სამხედრო ძალაზე დაყრდნობით. ეს კი მრავალჯერ ზრდის მოსალოდნელი საფრთხის სიდიდეს.
სწორედ ევრაზიული სივრცის კლასიკური გეომეტრიისა და დროითი პარამეტრების რღვევა არის 2014 წლის ზამთრის მიწურულს კიევში განვითარებული მოვლენების უმთავრესი გეოპოლიტიკური შედეგი. არსებობს სერიოზული საფუძველი ვიფიქროთ, რომ ევრაზიული კავშირის შეკვრის ტემპორალურ (დროით) მახასიათებლებს არანაკლები მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ჯერ კიდევ წარმოსახვითი ევრაზიული სივრცის ფიზიკურ სიდიდეს ან გეოპოლიტიკურ კონფიგურაციას. არ არის შემთხვევითი, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა ასე ჩქარობდა ამ, მათთვის მნიშვნელოვანი პროცესის დასრულებას. უკრაინაში ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, უპირველეს ყოვლისა, ზემოხსენებულ გეგმაზე ხელის აღებას, ან, მინიმუმ, მისი გაურკვეველი ვადით გადადებას მაინც ნიშნავს („გადადება“ აქ ერთგვარი კომპენსაციაა, უფრო ევფემიზმია იმის პირდაპირი აღიარების სანაცვლოდ, რომ ეს მიზანი მიუღწეველი დარჩა).
ძალაუნებურად გვახსენდება ამერიკელი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის ზბიგნევ ბჟეზინსკის ფუნდამენტური თეზისი იმის თაობაზე, რომ რუსეთი უკრაინის გარეშე ვერასდროს გახდება ევროპული იმპერია. შექმნილი ვითარება რუსეთს აიძულებს სივრცით-დროითი პარამეტრები შეუცვალოს ე.წ. ევრაზიულ პროექტს. ამასთან, ახალი ჩანაფიქრი რეალურად განხორციელებადი უნდა იყოს და მინიმალურად მაინც დაიცვას რუსეთის ეროვნული ინტერესები ისე, როგორც ეს ამ ქვეყნის დღევანდელ პოლიტიკურ ელიტას ესმის (რამდენად სწორედ ესმის მას საკუთარი ქვეყნის ინტერესები ეს სულ სხვა საქმეა).
რუსი ხალხისა და ხელისუფლების იმპერიული ერთიანობა
ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტი და მოქალაქეთა დიდი ნაწილი ძირითადად შეთანხმებულია იმაზე, თუ როგორია რუსეთის ეროვნული ინტერესები თანამედროვე ეტაპზე. უფრო მეტიც, მათ დაახლოებით ერთნაირად ესმით ის ხერხები და მეთოდები, რომელთა გამოყენებითაც აპირებენ საკუთარი პოლიტიკური მიზნების რეალიზაციას. შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნეთის ომებიდან მოყოლებული, ისინი აშკარა და საჯარო უპირატესობას ანიჭებენ ძალისმიერ ქმედებებს. ეს კი მსოფლიო თანამეგობრობის შეშფოთებას იწვევს და ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ამ ქვეყნის მეზობლებს (მათ შორის და, იქნებ, პირველ ყოვლისა, საქართველოს).
სწორედ ასეთია სამწუხარო რეალობა. ასე რომ პრინციპულად არასწორი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პოლიტიკა ერთი ადამიანის და მისი უახლოესი გარემოცვის თვითნებობის ნაყოფია. ეს ასე არ გახლავთ. ვიმეორებთ, რუსული პოლიტიკური ელიტა ძირითადად შეთანხმებულია თავის მიზნებსა და ქცევის წესზე. ეს გამორჩევით ეხება იმგვარ ქმედებებს, რომელთაც შორსმიმავალი გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვთ. თუმცა, გარკვეული დოზით მნიშვნელოვანია ისიც, რომ სწორედ ვ.პუტინის მეთაურობის დროს შიდარუსული კონსოლიდაცია და მისი „შვილობილი“ პოლიტიკური სისტემა უფრო გამართული და ეფექტიანია (ამ მტკიცების საბუთად ლიბიისა და სირიის სცენარების განსხვავებათა დაფიქსირებაც კმარა). მათი მოქმედების კანონზომიერებანი რუსეთის იმპერიულ ლოგიკის თანამედროვე მოდიფიკაციაა და იგი მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია დღევანდელ პირობებთან (მაგ. ენერგომატარებლების პოლიტიკა, ანდა ფინანსურ-ეკონომიკური ზემოქმედება უკრაინის ხელისუფლებაზე, ევროკავშირთან ხელშეკრულების გაფორმებამდე რამოდენიმე კვირით ადრე). ასე თუ ისე რუსეთის მოქმედებების ძირითადი ვექტორი უპირატესად მაინც ძალისმიერ აქტებს გულისხმობს.
მეორე ფუნდამენტური ვითარება, რომელსაც რუსეთი ითვალისწინებს და თავისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისათვის საკმაოდ წარმატებით იყენებს, არის ის საფუძველმდებელი ფაქტი, რომ აშშ და NATO არ არიან მზად პოსტსაბჭოთა სივრცეში მას სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ. ეს რუსეთს აძლევს მანევრის თავისუფლებას ამ სივრცეში ძალისმიერი პოლიტიკისათვის (ასე იყო საქართველოში და უფრო ნაკლები თავისუფლებით - უკრაინაშიც).
ინტერესის ობიექტი-ქვეყნის სუსტი ადგილები და რუსეთის მხრიდან მათზე ზემოქმედების ხერხები
თავად ძალისმიერი ხერხების გამოყენების ტექნოლოგია საკმაოდ მრავალფეროვანია და ბევრ კომპონენტზე არის დამოკიდებული. მათ შორის არის საერთაშორისო ძალთა კონკრეტული ბალანსი, მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებისა და სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებათა (აშშ, ჩინეთი, NATO, ევროკავშირი და ა.შ.) მიმდინარე ინტერესები და სხვა. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე თავად რუსული ინტერესის ობიექტი-ქვეყნის პოლიტიკურ სტრუქტურას და მმართველობის ფორმას.
რუსეთის ინტერესის ობიექტი-ქვეყნის პოლიტიკურ სტრუქტურა ძალზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია ამ ქვეყნის მოქმედების ტექნოლოგიის გასაგებად. ამასთან, იგი ერთგვარად დამოუკიდებელი, თავისთავადი კომპონენტია. თავისებური პოლიტიკური კონსტანტაა.მის დასახასიათებლად სჯობს მეტყველი მაგალითების მოტანა. რაც განსახილველი საკითხების უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება.
საქართველოში პოლიტიკური კლასის სტრუქტურა იმგვარია, რომ მასში თითქმის არ არიან პრორუსული ძალები. რუსეთის აგრესიული ანტიქართული პოლიტიკის წყალობით საქართველოში მოხდა ამ ძალების არა უბრალოდ დასუსტება, არამედ ფაქტიური მარგინალიზაციაც. ეს მდგომარეობა არ გახლავთ დამოკიდებული იმაზე, პროცედურული დემოკრატიის ნორმები მტკიცედ არის დაცული თუ არც ისე კარგად.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ბოლო 25 წლის მანძილზე სრულიად განსხვავებული პოლიტიკური ძალები ცვლიდნენ ერთმანეთს, რუსეთთან და დასავლეთთან მიმართებაში ამ ქვეყნის მეტ-ნაკლებად გავლენიანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ერთეულები პრინციპში თანმიმდევრულნი არიან. მათი პოლიტიკა პროდასავლური და ანტისაბჭოურ-ანტირუსულია. ეს ვითარება მდგრადია თვით ხელმძღვანელის პიროვნების მიმართაც კი (ზ. გამსახურდია, ედ. შევარდნაძე, მ. სააკაშვილი, ბ. ივანიშვილი, ირ. ღარიბაშვილი). ჩვენი ქვეყნისაგან ძალზე განსხვავებული მდგომარეობაა მეზობელ სომხეთში, სადაც პოლიტიკური სტრუქტურა ისეთია, რომ ფაქტიურად არ არსებობს რუსეთის ინტერესებისადმი დაპირისპირებული ასე თუ ისე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალა. უკრაინაში პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ ნიშნით მკვეთრად გაყოფილია არა მხოლოდ საზოგადოებრივ-ეკონომიკური ინტერესების მიხედვით, არამედ სივრცობრივადაც. ამიტომ არის, რომ რუსეთი თითოეულ ამ ქვეყანაში ტაქტიკურად განსხვავებულად იქცევა.
ინტერესის ობიექტ-ქვეყანაში რუსეთის მოქმედების ლოგიკის გასაგებად დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ამ ქვეყნებში არსებული მმართველობის ხასიათს. სხვა თანაბარი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პირობების შემთხვევაში, რუსეთის ინტერესებისათვის ავტორიტარული მმართველობა სჯობს დემოკრატიულს. თუკი ავტორიტარი მმართველი შენს მხარეს არის, მაშინ მასთან საქმის მოგვარება ტექნიკისა და ფინანსების საქმეა, ხოლო თუკი ავტორიტარი მმართველი შენს მხარეს არ არის (მით უფრო, თუ რადიკალურად გიპირისპირდება), მაშინ ამოცანა განსხვავებულ, თუმცა სტრუქტურულად მსგავს სახეს იძენს. მაშინ ამ ლიდერის პოლიტიკური ტემპერამენტის, ინტერესების, ფსიქოლოგიური პორტრეტის, გავლენის ჯგუფის და ა.შ. გათვალისწინებით, სავსებით რეალურია, რომ მას და მის გარემოცვას სერიოზული შეცდომები დააშვებინო (დაახლოებით იმ ტიპისა, რომელზედაც ტალეირანი ამბობდა: ეს უფრო უარესია, ვიდრე დანაშაული, ეს - შეცდომააო). ამიტომაც, შედარებით იოლია ასეთი ხელისუფლება შენთვის სასურველ პოლიტიკურ და სამხედრო თამაშში ჩაითრიო და, როგორც ძველად ქართველები იტყოდნენ, - მოაღორო.
თუკი რუსეთის ინტერესის ობიექტ-ქვეყანაში ოპოზიციას ხმა არა აქვს ისეთი ფუნდამენტური საკითხების გადაჭრის დროს, როგორიც არის ომი და ზავი, ანდა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები - მით უკეთესი რუსეთისათვის. ასეთ ვითარებას ნორმალურ პოლიტიკურ ენაზე წარმომადგენლობითი დემოკრატიის რეალური არარსებობა ჰქვია და იგი ძალზედ საფრთხილოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეზობლად ისეთი ქვეყანა გყავს, როგორიც რუსეთია.
სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ დასავლეთის პრეტენზიებს ქართული პოლიტიკური კლასის მიმართ. როცა იგი ქვეყანაში რეალური პასუხისმგებელი ოპოზიციის არსებობას ითხოვს, ამით ფაქტიურად მიგვითითებს, რომ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები არ უნდა იქნას მიღებული ვიწრო ჯგუფის მიერ (თუნდაც ამ ჯგუფს დემოკრატიული არჩევნების წესით ჰქონდეს ძალაუფლება). ამგვარი გადაწყვეტილებები უნდა მიიღებოდეს სხვადასხვა ელფერის მქონე ძალებს შორის მძაფრი დისკუსიების შედეგად. ეს გარემოება არ იქნებოდა ასე მნიშვნელოვანი, ჩვენ რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა არ გვიწევდეს მულტიპოლარულ, მღელვარე მსოფლიოში და კონკრეტულად, ისეთ დრამატული წინააღმდეგობით აღსავსე რეგიონში, როგორიც არის კავკასია. ასეთ გარემოსა და მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ხელისუფლებას ხშირად უხდება ქვეყნის ბედის განმსაზღვრელი გადაწყვეტილებების მიღება ძალზე მოკლე დროში. ამიტომაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი გადაწყვეტილებები მაქსიმალურად ობიექტური და ინსტიტუციურად გამართული იყოს.
ვითარების უკეთ ცხადყოფისათვის ყურადღებას მივაქცევთ შემდეგ გარემოებას. ამ შემთხვევაში ოპოზიციის ქვეშ როდი მოვიაზრებთ იმგვარ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ქვეყნის ისტორიული არჩევანის თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული პოზიცია უკავია. არა! ჩვენ ვგულისხმობთ პროცედურული დემოკრატიის მინიმუმს, როცა საკუთარი თავისა და რამოდენიმე შენს მიერ ნებისმიერად შერჩეული alter ego-ს გარდა კიდევ ვინმეს უნდა დაეკითხო სერიოზული ნაბიჯების მართლზომიერებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის თაობაზე და მასთან ერთად გაიყო პასუხისმგებლობა. ამასთან, აუცილებელია ამგვარი გადაწყვეტილებების დემოკრატიულ-ინსტიტუციური თვალსაზრისით სკრუპულეზური გაფორმება. წინააღმდეგ შემთხვევაში მივიღებთ იმას, რაც მივიღეთ საქართველოში 2008 წელს. მხოლოდ უშუალო დემოკრატიას იოლად აუღებენ ალღოს შენი მოწინააღმდეგენი და სერიოზულ შარში გაგხვევენ.
სწორედ აქ იჩენს თავს განსხვავება ქვეყნის პოლიტიკურ სტრუქტურასა და მმართველობის ხასიათს შორის, რაზედაც ზემოთ გვქონდა საუბარი. თუ რა სერიოზულ პრობლემებს იწვევს ამ ორ კომპონენტს შორის წინააღმდეგობა, ეს საკუთარ თავზე გამოვცადეთ.