ამერიკიდან ნავთობის გატანა ჯობს (წერილი მეხუთე)

ამერიკიდან ნავთობის გატანა ჯობს (წერილი მეხუთე)

ამჟამად არსებული ეკონომიკური სიტუაცია, საბაზრო კონიუნქტურა, არ იძლევა ამერიკული თხევადი გაზის მნიშვნელოვანი მოცულობების ევროპაში ექსპორტის საშუალებას. მართალია გაზის ფასი ევროპაში ამერიკასთან შედარებით მაღალია, მაგრამ ის ბევრად დაბალია აზიასთან შედარებით. ამიტომ, ბიზნესის ობიექტური – მოგებისკენ მიმართული ბუნების გამო, გაზის გათხევადების ტერმინალების მასიურად ამუშავების შემდეგ, ამერიკული თხევადი გაზი სავარაუდოდ, უფრო წყნარი ოკეანისკენ წავა, ვიდრე ატლატიკისკენ.

უფრო მეტიც, არსებობს გარკვეული შეზღუდვები, რომლებიც აწესებენ ამერიკული თხევადი გაზის რეალიზაცია–ტრანსპორტირების საზღვრებს. ეს შეზღუდვებიც ობიექტური ღირებულების კანონის მოქმედებითაა განპირობებული. კერძოდ, მართალია მონაცემები და პროგნოზები განსხვავებულია, ენერგოანალიტიკოსების უმეტესობა თანხმდება ერთზე – მომავალ რამდენიმე წელიწადში გლობალური თხევადი გაზის მოპოვების ზრდის პირობებში, ბაზარი შეისყიდის ამერიკული კომერციული სტრუქტურებისათვის ხელსაყრელი ფასის მქონე თხევადი გაზის მხოლოდ ობიექტურად განსაზღვრულ რაოდენობას. ვაშინგტონმა შეიძლება გასცეს თხევადი გაზის საექსპორტო ლიცენზიის განუსაზღვრელი რაოდენობა, როგორც ამას მოითხოვენ ამერიკელი კონგრესმენები (2013 წლის ბოლოსთვის ასეთი ლიცენზია მხოლოდ ორ კომპანიას ჰქონდა). მაგრამ ღირებულების კანონის ობიექტური ბუნებიდან გამომდინარე, საბაზრო კონიუნქტურის და არა აშშ–ს მთავრობის პოლიტიკის გამო, ამ ნებართვების მხოლოდ ერთი ნაწილი იქნება გამოყენებული.

ყოველივე ზემოაღნიშნული არ ნიშნავს, რომ ამერიკულ “ფილქების რევოლუციას“ არ მოჰყოლია არანაირი გეოპოლიტიკური სარგებელი. უფრო პირიქით. ბოლო წლებში ამერიკის მიერ თხევადი გაზის იმპორტის მკვეთრმა შემცირებით, მან გამოათავისუფლა ამ გაზის დიდი მოცულობა არა–ამერიკულ ბაზრებში შესატანად. 2010–2011 წლებში თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყებამ, გაზარდა ევროპული ენერგობაზრის ლიკვიდურობა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების კომპანიებს საშუალება მისცა ფასების შემცირების მიზნით გადაეხედათ „გაზპრომთან“ გაფორმებული გრძელვადიანი კონტრაქტები.

აზიაში ამერიკული გაზის მომავალი ექსპორტი, სავარაუდოდ, ჩაანაცვლებს სხვა მწარმოებლებს ამ ბაზარზე, და შედეგად, ევროპულ ენერგობაზარზე მეტ არარუსულ გაზს გადაამისამართებს. ეს ევროპელ მყიდველებს გაზის მომწოდებლებს შორის მეტი არჩევანის გაკეთების საშუალებას აძლევს. მაგრამ ასეთი მოვლენები მხოლოდ პერიოდულად ხდება და ძნელია ამ პროცესით მანიპულირება კრიზისის დროს.

სინამდვილეში რუსეთისთვის უფრო მოწყვლადი არა გაზის, არამედ ნავთობის სექტორია. გაზის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები რფ–ს ბიუჯეტის 8–9%–ია, მაშინ როცა ნავთობის ექსპორტიდან მიიღება საბიუჯეტო შემოსავლების 37–38%. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია ის, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი სწორედ ნავთობის ფასების დაცემამ გამოიწვია. რფ–ს ყოფილი ვიცე–პრემიერის ი. გაიდარის მონაცემებით, აშშ–ს მიერ ბოლო სამ წელიწადში, მსოფლიო ნავთობის ბაზარზე დამატებით 2.5 მლნ ბარელი ნავთობის მიწოდებით, თავიდან იქნა აცილებული ლიბიაში, ირანსა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ნავთობმწარმოებელ ქვეყნებში მოპოვების შემცირებით გამოწვეული ნავთობის მსოფლიო ფასების ნახტომისებური ზრდა. ამ ფაქტმა დაადასტურა აშშ–ს მიერ, გლობალური საწვავის ფასების შედარებით დაბალ დონეზე შესანარჩუნებლად, ნავთობმოპოვების ზრდის აუცილებლობა.

მართალია ამერიკის მიერ ნავთობმოპოვების ზრდამ ჯერ ვერ შექმნა ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი, მაგრამ რუსეთის ეკონომიკაში რომ უკვე პრობლემები შეინიშნება, ეს სახელმწიფო ხარჯების საყოველთაო ოპტიმიზაციიდანაც ჩანს. თავისი ბიუჯეტის დაბალანსებისათვის რუსეთს ნავთობის ფასის, ბარელზე სულ ცოტა 110 დოლარზე შენარჩუნება სჭირდება. თუმცა, უკვე ახლა ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 108 დოლარს არ აღემატება. ამიტომ, ნავთობის ფასის შემდგომი კლება პუტინის რეჟიმის უმთავრესი გამოწვევაა.

ამდენად, თუ უკრაინის მოვლენებისათვის, დასავლეთს უნდა პუტინის ეკონომიკური სიძლიერის დასუსტება, ეს მან არა თხევადი გაზის ექსპორტით, არამედ უპირველესად ამერიკული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე გატანის აკრძალვის გაუქმებით უნდა გააკეთოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამანაც შეიძლება ისეთი „დამანგრეველი“ გავლენა არ იქონიოს რუსეთზე, როგორც ეს ზოგიერთ ექსპერტს ჰგონია. მხოლოდ ამით ვერ მოხდება ამერიკული ნავთობით რუსულის სრულად ჩანაცვლება ანუ „საბსტიტუცია“ ევროპაში – ამ ბაზრებზე ნავთობგადამამუშავებელი საწარმოები განსაზღვრავენ იმას, თუ რომელი ნავთობი შეისყიდონ, და არა ამერიკის მთავრობის „სტრატეგიული“ ინტერესები.

თუმცა, ამერიკული ნავთობის ექსპორტის აკრძალვის გაუქმებას, სხვა ფაქტორებთან თანხვედრაში, შეუძლია ნავთობის ფასის შემცირება, რისაც ასე ეშინია პუტინსა და სხვა ნავთობმომპოვებელი ქვეყნების ლიდერებს. ამერიკის ადგილობრივი ნავთობმოპოვების ზრდით ქვეყნის შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება, გამოწვევს გლობალურ ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ხოლო ნავთობის გლობალურ ბაზრებზე მიწოდების ზრდა, გამოიწვევს საწვავის ფასების შემცირებას. მართალია ასეთ სტრატეგიას ამერიკისთვის სხვა, თანმდევი არასასურველი გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვება, მაგრამ ეს, სულ ცოტა, ემთხვევა დასავლეთის ანტიპუტინური სანქციების კურსს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან შესაძლებელია რამდენიმე დასკვნითი თეზისის ჩამოყალიბება:

–საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, ამერიკაში ფიქლების ათვისების ბუმი 2020 წლისათვის ამ ქვეყანას ნავთობის მოპოვებაში მსოფლიო ლიდერად აქცევს;

–აშშ–ს ენერგორესურსების იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება შეასუსტებს უმსხვილესი ნათობმომპოვებელი ქვეყნების, საუდის არაბეთის, ირანის, ერაყისა და რუსეთის პოზიციებს;

–„ფიქლების რევოლუცია“ მთლიანად გადააჯგუფებს გლობალურ ენერგობაზარზე ძალთა განლაგებას, აშშ–ს საშუალებას მისცემს 2030 წლისათვის მთლიანად უარი თქვას ენერგორესურსების იმპორტზე და შეცვალოს საწვავით გლობალური ვაჭრობის ვექტორი;

–ამერიკა 2020 წლისთვის გაუსწრებს რუსეთს და საუდის არაბეთს და გახდება ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელი;

–ნავთობმოპოვების მკვეთრი ზრდის ხარჯზე აშშ, რომელიც ახლა საჭირო ენერგორესურსების 20%–ს იმპორტით ინაზღაურებს, უკვე ათი წლის შემდეგ შეამცირებს ნავთობის იმპორტზე მოთხოვნას დღეში 10–დან 4 მლნ ბარელამდე, ხოლო 2035 წლისათვის ნავთობის ნეტოექსპორტიორი გახდება;

– ენერგორესურსების მსოფლიო ბაზარზე აშშ–ს, როგორც მთავარ მომხმარებელს. უახლოეს წლებში ჩაანაცვლებს ჩინეთი. 2035 წლისათვის ენერგორესურსებზე მისი მოთხოვნა 60%–ით გაზრდება, მაშინ როცა განვითარებულ ქვეყნებში მოხმარება გაიზრდება სულ 3%–ით;

– ამიტომ, რუსეთის დიქტატისგან ევროპის და უკრაინის ეკონომიკური ბერკეტებით და სანქციებით დასაცავად, დასავლეთმა უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს არა თხევადი გაზის ოკეანის გაღმიდან ექსპორტს, არამედ ამერიკიდან ნავთობის გატანის აკრძალვის გაუქმებას.