„ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, დანაშაულია“

„ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, დანაშაულია“

სისხლის სამართლის კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენების მიცემაზე უარის შემთხვევაში პირს - იძულებითი შრომა, ჯარიმა ან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. იმ შემთხვევაში თუ ექს-პრეზიდენტი პროკურატურის მიერ შეთავაზებულ დაკითხვის ყველა ფორმაზე უარს იტყვის, ერთი კვირის განმავლობაში პროკურატურა კანონით განსაზღვრული მუხლით იმოქმედებს, ვინაიდან სააკაშვილს ერთკვირიანი ვადა მისცა პროკურატურამ, რომ გამოძიების კითხვებს უპასუხოს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი for.ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ პროკურატურას უნდა გაეთვალა ეს ყველაფერი და როგორც მინიმუმ, მათ უნდა სცოდნოდათ სამართლებლივი ჩარჩო. მისი თქმით, პროკურატურამ როდესაც ათპუნქტიანი საქმე გამოაქვეყნა, ამით პრაქტიკულად გაწირა ეს საქმეები.

„ჩვენი კანონმდებლობით მოწმის იძულებით მიყვანა გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იგი იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე. საზღვარგარეთის შემთხვევა კი არის ის შემთხვევა, როდესაც ვერც ექსტრადიციის და ვერც იძულებით გადმოცემების პროცედურები ვერ წარიმართება პირის მიმართ.

„ერთად-ერთი რაც შეუძლია გააკეთოს პროკურატურას, არის ის, რომ აწარმოოს სხვა საგამოძიებო მოქმედებები და დაასრულოს გამოძიება. გამოკვეთოს ბრალდებულები და დევნა დაიწყოს მათ მიმართ. საქმე დაასრულოს და წარმართოს სასამართლოში, ხოლო იქ უკვე, სასამართლომ უნდა გაატაროს ის ღონისძიებები რაც ჩვენი და საერთაშორისო ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

მისი განცხადებით, ჩვენი კანონმდებლობით, პირი მოწმის სტატუსს იძენს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გაფრთხილდება პასუხისმგებლობის შესახებ. კერძოდ, ცრუ ჩვენება და ჩვენების მიცემაზე უარის თქმა - სანამ ეს ჩანაწერი იარსებებს, ბუნებრივია, რაიმე სახით ეფექტური მექანიზმი სააკაშვილისთვის მოწმის სტატუსის მინიჭებისა არ არსებობს. როგორც ადვოკატი ამბობს, ამ პირობებში მოუწევს გამოძიებას საქმეების დასრულება და სასამართლოში წარმართვა. სასამართლოში წარმართვის შემდეგ კი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია მოწმის სახით დაბარება.

საიას თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ უარი თქვა მოწმედ დაბარებულმა პირმა გამოძიებასთნ თანამშრომლობაზე, პროკურატურას ერთი მხრივ ექნება საშუალება დაფიქრდეს, რა იძულებითი მექანიზმის გამოყენება შეიძლება იმისთვის, რომ ჩვენება მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ, პირის მიერ იქნება უარი ნათქვამი, მაშინ პროკურატურას ექნება იმის შესაძლებლობა დაიწყოს ძიება.

„ერთადერთი შემთხვევაა კანონით განსაზღვრული, თუ მოწმე უარს ამბობს დაკითხვაზე იმიტომ, რომ საკუთარი თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ არ უნდა ჩვენების მიცემა, მაშინ ეს შეიძლება იყოს საპატიო მიზეზი და მოწმეს არ მოეთხოვოს ჩვენების მიცემა. სხვა შემთხვევაში ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, არის დანაშაული“, - აცხადებს კახა კოჟორიძე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურ დაკითხვაზეც უარს აცხადებს. მიხეილ სააკაშვილმა მთავარი პროკურატურის შეთავაზებას არ თანხმდება და აცხადებს, რომ ხელისუფლებას შეეშინდა საერთაშორისო ზეწოლის და ამიტომაც მოიფიქრეს ეს ფორმა.

„როგორც ჩანს, შეეშინდათ და ახლა, შეცვალეს ფორმები, რადგან კარგად აუხსნეს ევროპელებმა და ამერიკელებმა თავგასულ რუს ოლიგარქებს... უკრაინიდან მაინც აიღონ მაგალითი, ამ ქალბატონის, ტიმოშენკოს მაგალითზე რითი მთავრდება ასეთი სახის კამპანიები და პროკურატურის ასე გამოყენება... - ცუდად მთავრდება.

მით უმეტეს, პროკურატურის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი ფარცხალაძე, რომელიც ჩვეულებრივი ყაჩაღია და მთავრობის მხრიდან, რომელსაც მართავს კაცის კაცი. კაცის კაცი რა უნდა იყოს?! რეალურად, მართავს სხვა და სხვას ჰქვია მთავრობის თავმჯდომარე. ასე რომ, ამ პროცესს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, მე კიდევ მაქვს ძალიან ბევრი საქმე იმისათვის, რომ სისულეებზე არ ვხარჯო დრო“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

წესით, ყოფილი პრეზიდენტი თავად უნდა იყოს დაინტერესებული უპასუხოს გამოძიების კითხვებს, რომელიც მის მიმართ არსებობს. თუმცა, როგორც ჩანს, სააკაშვილს მიზეზიც აქვს, რატომაც ამბობს უარს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. იურისტებისთვის გაუგებარია, თუ პროკურატურის მიერ ჩამოთვლილ საქმეებში ექსპრეზიდენტი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მითუმეტს, უნდა დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, პროკურატურასთან თანამშრომლობაზე უარის თქმით მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა. ღარიბაშვილის განცხადებით, ის, რომ სააკაშვილი შეკითხვებს გაურბის, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ არსებულ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს. 

„არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ ეს ადამიანი კვლავაც უარს ამბობს პროკურატურის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული დაკითხვის წესზეც, ვგულისხმობ ვიდეო დაკითხვის ფორმას. მან კიდევ ერთხელ მოახდინა საკუთარი თავის ლუსტრაცია. ის, უბრალოდ გაურბის საგამოძიებო ორგანოს მიერ დასმულ ამ მძიმე კითხვებს, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენს ეჭვებს - არა მხოლოდ ჩვენს, არამედ მთლიანად ჩვენი საზოგადოების და მსოფლიოს ეჭვებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ადრე თუ გვიან, მიხეილ სააკაშვილს ყველა შეკითხვაზე მაინც მოუწევს პასუხის გაცემა.

„თქვენ, ალბათ, ნახეთ, როგორი კორექტული იყო საქართველოს პროკურატურა. მან აბსოლუტურად კანონის ფარგლებში იმოქმედა. როცა გამოძიება მივიდა იმ კონდიციამდე, რომ საჭირო გახდა ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვა, კანონის ფარგლებში მოიწვია იგი, თუმცა სააკაშვილმა თავიდანვე იგნორი გაუკეთა მას და შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტს.

ამის შემდეგ პროკურატურამ დაკითხვის ალტერნატიული მეთოდი შესთავაზა მას, თუმცა სააკაშვილმა უკვე მეორედ გაუკეთა მას იგნორი. გვესმის, რომ მას ძალიან ეშინია და გაურბის ამ მძიმე კითხვებს, მაგრამ მინდა, დავამშვიდო შეშინებული ყოფილი პრეზიდენტი და ვუთხრა, რომ დღეს თუ ხვალ, მაინც მოუწევს პასუხის გაცემა ამ კითხვებზე და არა მარტო ამ კითხვებზე.

მას მოუწევს პასუხის გაცემა სხვა კითხვებზეც, ვინაიდან, რაც ხდებოდა ბოლო 9 წლის განმავლობაში, სწორედ პრეზიდენტის პასუხისმგებლობაა. სხვა თუ არაფერი, 300 ათასი ადამიანის გასამართლება მოხდა, ათასობით ადამიანს წაართვეს ბიზნესი, უამრავი ადამიანი გახდა წამების მსხვერპლი და უამრავ გახმაურებულ მკვლელობას ჰქონდა ადგილი, რაზეც გამოძიება საჭიროებს პასუხების მიღებას“, - განმარტა პრემიერ-მინისტრმა და აქვე დასძინა, რომ მან პროკურატურისგან მიიღო დასტური, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.

„წლების წინ საზოგადოებას ჰქონდა აზრი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი თავს კანონზე მაღლა აყენებდა და დაკითხვაზე გამოუცხადებლობამ ეს დაადასტურა“, - ასე გამოეხმაურა შს მინისტრი სააკაშვილის უარს დისტანციური წესით დაკითხვაზე.

„ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი - გარკვეული წლების წინ საზოგადოებას ჰქონდა აზრი, რომ პრეზიდენტს თავი კანონზე წინ ეყენა და ამ შემთხვევაში ეს დაადასტურა, რომ თავს თვლის კანონზე უზენაესად. რაც შეეხება დისტანციური დაკითხვის მეთოდს, ამ საკითხში კარგად გაცნობიერებული არ ვარ, მაგრამ მიმაჩნია, რომ თუ არის საზოგადოების მაღალი ინტერესი, პროკურატურამ ნებისმიერი საშუალებით უნდა მიიღოს ჩვენება“, - განაცხადა ალექსი ჭიკაიძემ.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრი ვერ აკონკრეტებს, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები და დაიწყება თუ არა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა. 
„საერთაშორისო თანამეგობრობამაც უნდა დაინახოს, რომ მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო სტანდარტებით არსებულ მექანიზმებზეც უარს ამბობს და სასამართლოს უგულებელყოფას ახდენს“, - ამბობს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, რომლის აზრით, ღრმავდება რეალურად ეჭვი იმის თაობაზე, რომ კითხვებზე, რომლებიც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში არსებობს, ყოფილ პრეზიდეტს პასუხი არ აქვს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეალურად სააკაშვილის არგუმენტები ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია.

„საერთაშორისო თანამეგობრობამაც უნდა დაინახოს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით არსებულ მექანიზმებზეც უარს ამბობს მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს და საერთოდ ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტების უგულებელყოფას ახდენს. იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელშიც იყო გამყარებული აზრი - მხოლოდ რეფორმატორი, მხოლოდ თავისუფლებისთვის მებრძოლია მიხეილ სააკაშვილი, ჩვენი ქვეყნისთვის სამწუხაროდ, გაჩნდება და გაღვივდება ეჭვი, რომ ამ პერიოდთან დაკავშირებით კითხვები არის ლეგიტიმური და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.