აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გია შერვაშიძის კანდიდატურა დასახელდება

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე გია შერვაშიძის კანდიდატურა დასახელდება

კვირას, ჭადრაკის სასახლეში, საზოგადოებრივი მოძრაობა „აფხაზეთი“-ს ორგანიზებით, დევნილთა სახალხო ყრილობა იმართება. ყრილობას დევნილები რეგიონებიდან შეუერთდებიან. როგორც მოძრაობის წევრები ამბობენ, ამ ყრილობაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა ოფიციალურად დასახელდება. ამის შემდეგ კი დევნილები მიმართავენ პრემიერ-მინისტრს, რომ მათ მიერ წარდგენილი კადიდატურა დასამტკიცებლად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს წარუდგინოს.

მთავრობის თავმჯდომარედ გენერალ, გიორგი შერვაშიძის კანდიდატურა დასახელდება. მმართველ კოალიციაში ადასტურებენ, რომ შერვაშიძის კანდიდატურაზე მსჯელობა კოალიციის შიგნითაც მიმდინარეობდა. შერვაშიძის კანდიდატურა უმაღლეს საბჭოს საინიციატივო ჯგუფმა ერთხელ უკვე წარუდგინა. თუმცა მაშინ „ქართული ოცნების“ წევრს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ არ მოუსმინა და არჩევანი ვახტანგ ყოლბაიაზე შეაჩერა.

For.ge. გიორგი შერვაშიძეს ესაუბრა.

ბატონო გიორგი, რა არის ღონისძიების მთავარი მიზანი, რომელიც ჭადრაკის სასახლეში გაიმართება და რამდენად წარმომადგენლობითი იქნება?

გიორგი შერვაშიძე: ღონისძიება წარმომადგენლობითი იქნება. თბილისის გარდა ეს ღონისძიება მოიცავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს. რაც შეეხება მიზეზს - იმდენი მიზეზია უკვე იმისა, რომ დევნილი მოსახლეობა შეიკრიბოს და თქვას თავისი გულისტკივილი, იმასთან დაკავშირებით, რაც აწუხებს დევნილ მოსახლეობას და განსაკუთრებით, რასაც ჰქვია დაბრუნება აფხაზეთში. 20-22 წლის განმავლობაში, შეგნებულად თუ შეუგნებლად, აფხაზებთან ურთიერთაობა კი არ გამოკეთდა, არამედეგ გაუარესდა.

მხოლოდ ამ საკითხებზე იქნება მხოლოდ მსჯელობა?

- მათ შორის სახალხო დიპლომატიაზე, საერთო პრობლემებზე. საკმაოდ ბევრ საკითხებზე იქნება საუბარი, პიროვნებებს შორის დიალოგზე და არა მხოლოდ. როგორც აქ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, ისე იქაც არის დე-იურე ხელისუფლება.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დიალოგი, კონტაქტების დამყარება, ალბათ, მნიშვნელოვანია. თქვენ თუ გაქვთ მათთან ურთიერთობა? აფხაზები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩამოდიოდნენ თბილისში იმისათვის, რომ ხარისხიანი მკურნალობა მიეღოთ, დღეს უკვე იმ რაოდენობით ვერ გადმოდიან, რაც თავისთავად არის პრობლემა მათთვის...

- გადმოდიან, მაგრამ ნაკლებად. დღესაც არის შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დახმარების მისაღებად ჩამოდიან. მაგრამ, ეს თუ ადრე ადვილად წყდებოდა, დღეს რთულია ამის გადაწყვეტა. პროგრამები აღარ არის. ადრე, როგორც კი გადმოვიდოდა ვინმე, მაშინათვე ხდებოდა ამ ყველაფრის მომზადება, ახლა, წინასწარ უნდა მოამზადო. პრობლემაა ასევე გადმოსვლაც. ჩვენ ადრე გვქონდა პროგრამაში გათვლილი ურთიერთობები იმ დონეზეც კი, რომ იქიდან გვინდოდა ჩამოგვეყანა დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები. განსაკუთრებით საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილი იყო. ურთიერთობა თუ არ გექნება, ვერაფერს ვერ გააკეთებ.

თქვენ გვაქვთ მათთან ურთიერთობა?

-რა თქმა უნდა, და არა მარტო მე. ძალიან ბევრი ადამიანი უშუალო კავშირშია ნებისმიერ აფხაზთან. არ არსებობს დღეს აფხაზეთში კაცი, რომელსაც ნათესავი ან მეგობარი არ ჰყავდეს ქართველი და პირიქით. აფხაზეთში დაახლოებით 60 ათასი ქართველი ცხოვრობს. ჩვენ რატომღაც აქ ვეძებთ მათთან დამლაპარაკებელს, არადა იქ გვყავს. იქ გვაქვს ეს რესურსი, რომელსაც ვერ ვიყენებთ. ეს ყველაფერი გასათავლისწინებელია. ამაზე ყველაფერზე გვექნება მსჯელობა ამ ყრილობაზე.

კვირას, დევნილი მოსახლეობა თქვენ დაგასახელებთ მთავრობის თავმჯომარის კანდიდატურად. ბატონო გია, თუ გაქვთ გაცნობიერებული, რა რთული მისია გეკისრებათ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ დღეს აფხაზეთის ლეგიტიმური სტრუქტურების ნდობის ხარიხი არის დაბალი არა მარტო დევნილ მოსახლეობაში, არამედ აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც. რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ნდობა დაიბრუნოს ამ სტრუქტურება?

- ამ კითხვაზე ვრცლად პასუხის გაცემა 30 მარტის მერე მომიწევს, როცა ჩატარდება ეს შეკრება. მინდა, რომ მოგვისმინოს ხალხმა. ჩვენც მოვუსმინოთ მათ მოსაზრებებს და შემდგომ უკვე გაგვიადვილდება გადაწყვეტილების მიღება, როგორც ჩვენ, ისე დამსწრე საზოგადოებას, რაც ჩვენთვის მთავარია. რაც თქვენ თქვით ნდობასთნ დაკავშირებით, ეს ნამდვილად ასეა. ჩვენ ძალიან განვიცდით იმას, რომ ჩვენი ქმედებებით ცენტრალურ ხელისუფლებას არ გავუჩინოთ აზრი, რომ აფხაზეთის მთავრობა საერთოდ საჭირო არ ყოფილა თურმე. ეს საკითხიც სამსჯელოა ხალხთან ერთად. გარკვეული მიმართულელები გავქს.

ჩვენ გვინდოდა, რომ ეს შეკრება ცოტა ადრე მოგვეწყო, მაგრამ იმის მოლოდინში, რომ რაღაცა ნორმალური ნაბიჯები გადაიდგმეოდა, არ ვაკეთებდით. მაგრამ, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეხვედრის დროს, ახლაგაზრდებმა საკმაოდ სერიოზულად შემოგვიტიეს. პირდაპირ მოგვთხოვეს, რომ თქვენ, ვისაც გიცხოვრიათ აფხაზეთში, ურთიერთეობა გქონდათ ათწლეულების მანძილზე აფხაზებთან, თუ აპირებთ ამ მიმართულებით რამის გაკეთებას, დროზე გააკეთეთო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთო, მაგრამ რადგან გამოცდილება არ გაგვაჩნია, შეიძლება რაღაცა შეცდომები დავუშვათ და ამიტომ, გთხოვთ, რომ ახლაგაზრდებს გაგვიძღვეთ წინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთო. ეს იყო ძალიან კატეგორიული მოთხოვნა.

არ მიგაჩნიათ, რომ ამ მიმართულებით რაღაცა მართლა შესაცვლელია?

- რაღაცა კი არა, ბევრი რამეა შესაცვლელი. ახალგაზრდების რესურსი მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული. აქ მარტო ჩემზე არაა ლაპარაკი. აქ ლაპარაკია გუნდზე. ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენთაგანი იქნება გულწრფელი თავის ქმედებაში. საკამოდ დიდი ადამიანური რესურსი გაგვაჩნია იმისათვის, რომ გვქონდეს რაღაცა პრეტენზიები. ის ჩვენი მიმართულება რა მიმართულებითაც ჩვენ ვაპირებთ სიარულს, ახლაგაზრდების გარეშე ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ჩვენ ახალგაზრდებს წინ უნდა გავუძღვეთ.

ენგურს გაღმა მყოფი აფხაზები თუ გიჭერენ მხარს?

- აფხაზისთვის ურთიერთობაში მთავარია გულწრფელი მიდგომა. გულწრფელი მიდგომა თუ გვექნება ერთმანეთში, მაშინ, რა თქმა უნდა, ნდობაც აღსდგება ჩვენს შორის. დღეს ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის არ არის. არის კატეგორია, რომელიც მიჭერს მხარს, არის კატეგორია რომელსაც თავისი მიმართულება აქვს და სხვა მხარეს იყურება. მაგრამ, აფხაზების უმრავლესობას ესმის, რომ ასე გაგარძელება შეუძლებელია. მათ ლაპარაკის ძალიან დიდი სურვილი აქვთ. ამ ლაპარაკიდან რა გამოვა ამას მომავალი გვიჩვენებს. დიალოგი, რომელიც 2008 წლის შემდეგ შეწყდა, უნდა აღდგეს. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა აფხაზებთან. ამასწინათ ჩამოსული იყვნენ აფხაზები, მათ შორის ომის ვეტერანები. გარკვეული მხარდაჭერა არსებობს. ისინი ამბობენ, რომ თუ ქართველი და აფხაზი ერთად არ დაჯდა და არ მოილაპარაკა, სხვა არანაირ ნაბიჯებს აზრი არ აქვსო. განსაკუთრებით მათზე მოქმედებს ის, რომ ჩვენ გვინდა ისე გადავწყვიტოთ ეს საკითხი, რომ აფხაზები არ იყვნენ ამაში ჩარეულები. ჩვენი ძირითადი მიზანია, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის აღდგენით, განვითარებით და წინსვლით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შევუქმნათ გარკვეული საფუძველი იმისა, რომ თავისუფლად შეძლონ დალაპარაკება დაინტერესებულ მხარეებთან.

როდესაც ეცოდინებათ, რომ ქართველსა და აფხაზს შორის კონტაქტში პრობლემა არაა, მაშინ, რა თქმა უნდა, გიადვილდება ურთიერთობა და ლაპარაკი, თუნდაც პოლიტიკური მიმართულებით. მხარდაჭერაც უფრო გაძლიერდება. ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ქართულ-აფხაზური ურთიერთობის და ნდობის აღდგენა და საერთო საქმეების კეთება.

თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორია ამ მიმართულებით დღევანდელი ხელისუფლების დამოკიდებულება?

- დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთთან მიმართებაში ძალიან დიდი ინტერესია. ყველა ნაბიჯს უნდა გათვლა. ის ძირითადი, რაც გასაკეთებელია, ვფიქრობ, რომ ხელისუფლება გვერდში დაგვიდგება.

ხელისფლების მხრიდან მხარდაჭერა გაქვთ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ როდესაც თქვენ დაგასახელეს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დაიწო განხილვის პროცესი, მაგრამ მერე შეაჩერა...

- სამწუხაროა, მაგრამ თავს ვიკავებ ამ საკითხზე ლაპარაკისგან. რაღაცა გაუგებრობები ხდება და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ალბათ, ამასაც შევახსენებთ ამ შეხევდრაზე. ყველაფერი ხალხის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება ცენტრალური ხელისუფლების მხადაჭერას, თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ის საკითხები, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნება დასმული და სწორად იქნება დასმული, დარწმუნებული ვარ, რომ მხარდაჭერა იქნება. ჩვენ კი შევეცდებით, რომ საკითხები სწორად დავსვათ.