მერაბ რაფავას განცხადებას საკრებულოს უმცირესობა გამოეხმაურა

მერაბ რაფავას განცხადებას საკრებულოს უმცირესობა გამოეხმაურა

საკრებულოს უმცირესობა საკანონმდებლო ორგანოს ფრაქცია "თავისუფლების“ თავმჯდომარის მერაბ რაფავას განცხადებას უზნეოს უწოდებს და "ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს "ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების ზეწოლაში ადანაშაულებს.

საკრებულოს ფრაქცია "რეფორმატორების’’ თავმჯდომარემ თემურ გრიგალაშვილმა მისი ოპონენტი კოლეგა პროკურატურის შტატგარეშე თანამშრომლად მოიხსენია და დასძინა, რომ მერაბ რაფავასთვის, რომელმაც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში დაახლოებით 5-6 პოლიტიკური მფარველი გამოიცვალა, ცნობილი უნდა იყოს, რომ ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია და იმის გაპროტესტება, რომ ადამიანი უფასო სასადილოში იკვებება, უზნეობაა.

თემურ გრიგალაშვილმა ცენტრალური მთავრობა "ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლების ზეწოლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მიზანი, რომელიც ღარიბაშვილის დავალებით მიმდინარეობს, დედაქალაქის მერად ურეიტინგო ნარმანიას მოვლინებაა და ამგვარ ზეწოლას პრემიერი "ნაჯიბგირალი’’ ფარცხალაძის მეშვეობით ახორციელებს.

თემურ გრიგალაშვილი მიიჩნევს, რომ მერაბ რაფავა ამ პროცესში საკუთარი უსუსური წვლილის შეტანას ცდილობს და დეპუტატს ზნეობრივი ჩარჩოების დაცვისკენ მოუწოდებს.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა  მერაბ რაფავამ დღეს ბრიფინგი გამართა და სარევიზიო კომისიის მიერ კრწანისის რაიონში აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა.

რაფავას ინფორმაციით, კრწანისის გამგებელი ხათუნა ბერძენიშვილი ბენეფიციართა სიებს არაობიექტურად აყალიბებს,  რის გამოც არაერთი უმწეო ადამიანი რჩება დახმარების გარეშე.