„ობამამ პუტინს ასიამოვნა“, - ასე შეაფასა საზღვარგარეთულმა გამოცემამ ABC News-მა ბარაკ ობამას სიტყვით გამოსვლა ბრიუსელში, როცა ობამამ განაცხადა, რომ ნატოს დაუყოვნებლივ გაფართოება დღის წესრიგში არ დგას, არც საქართველო და არც უკრაინა ახლა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე არ არიან.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის ნათქვამს შედარებით უფრო ოპტიმისტურად აფასებენ საქართველოში. ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ობამამ ეს განცხადება ჩვენივე უსაფრთხოების დასაცავად გააკეთა, თუმცა აღნიშნული განცხადება არანაირად არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ საქართველომ უელსის 2014 წლის ნატოს სამიტზე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, იგივე MAP-ი მიიღოს.
ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც ანალოგიურად ფიქრობს, რომ შესაძლოა, ამ განცხადებით ამერიკამ რუსეთის მორიგ აგრესიას გადაგვარჩინა. ექსპერტი ელენე ხოშტარია კი მიიჩნევს, რომ თბილისმა უნდა გამართოს კონსულტაციები აშშ-ის მთავრობასა და კონგრესთან გასაპროტესტებლად, ასევე, ნატო-ს გააკეთებინოს განცხადება სწორი მესიჯებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ ობამას განცხადება რეალობაა და ამ ეტაპზე არ იგეგმება ნატოს გაფართოება. ამიტომ არ უნდა ვიყოთ ილუზიებში და ყოველთვის რეალურად შევაფასოთ არსებული მოცემულობა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, როცა ხელოვნურად ხდებოდა მოლოდინის აწევა და შემდეგ იმედგაცრუება. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები და ევროკავშირისკენ გზა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილი განმარტავს, რომ თუ ევროკავშირი არ მისცემს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს.
ის, რომ ამ ეტაპზე ალიანსის გაფართოება არ იგეგმება, რომ ჩრდილო ატლანტიკურ ორგანიზაციაში ინტეგრაცია სამომავლო პერსპექტივაა და ამისთვის საქართველომ გარკვეული ვალდებულებები უნდა შეასრულოს, მაია ფანჯიკიძემ და ალექსი პეტრიაშვილმაც დაადასტურეს. მინისტრები ამბობენ, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მადლიერნი არიან ჩვენი ქვეყნის კონტრიბუციით საერთაშორისო მისიებში, ამიტომ საქართველოს პროგრესი საბოლოოდ დაფასებულ იქნება.
For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ დასავლეთმა ისედაც საკმაოდ გააღიაზიანა რუსეთი თავისი სანქციებით და ახლა აღარ უნდათ, მთლიანად კუთხეში მიიმწყვდიონ თეთრი დათვი.
„ჯერ კიდევ ყირიმის მიერთებამდე ვაცხადებდი, რომ არავითარი მაპი, ნატო და ევროკავშირი განჭვრეტ მომავალში არ გვიღიმის, ეს ფუნდამენტური წინააღმდეგობა იქნებოდა რუსეთსა და დასავლეთს შორის. ბრმა უნდა იყოს ადამიანი, ან ანგაჟირებული, როგორც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალების“ პარლამენტარები, დაიბრმავონ თვალები და პრინციპულად არ შეიმჩნიონ, რაც ხდება მსოფლიოში. საქართველოს გულისთვის კი არა, უკრაინის გამოც არ სურს დასავლეთს, საბოლოოდ გადაიკიდოს რუსეთი და ახალი ცივი ომი დაიწყოს. მეტი რა თქვას ობამამ, პირდაპირ თქვა, ჩვენ უკრაინის გამო სამხედრო ძალას არათუ არ გამოვიყენებთ, ძალის დემონსტრირებასაც არ მოვახდენთო. როგორც ჩანს, რუსეთი გაცილებით მეტად სჭირდება დღეს დასავლეთს, ვიდრე ჩვენს პოლიტიკოსებს ჰგონიათ. პუტინმა იცოდა, რაზეც მიდიოდა, ზუსტად გათვალა ყველაფერი. ისიც იცოდა, რომ ძალიან ღრმა ეკონომიკურ სანქციებში დასავლეთი ვერ შევა, რადგან თვითონვე დაზარალდება, იზარალებს დასავლეთის ბიზნესელიტაც, რომელიც მართავს ქვეყანას“, - აცხადებს სოსო ცინცაძე და გაოცებას ვერ ფარავს, დღეს, როცა ასეთი ცივი წყალი გადაასხა ობამამ ჩვენს ნეტარმორწმუნეებს, საქართველოში იმაზე მსჯელობენ, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი დასაკითხად.
მისი თქმით, თუ დასავლეთს მართლაც სურს უკრაინის დაცვა, უნდა დაუშვას ის პრეცედენტი, რომლითაც 1952 წელს მიიღეს თურქეთი ნატოში. მაშინ ბრიუსელში აზრად არავის მოსვლია, შეემოწმებინა, რამდენად მზად იყო თურქეთი დემოკრატიის განვითარებისთვის. დაჩქარებული ტემპით, 40-დღიანი პროცედურა გაიარა თურქეთმა და თავი ამოყო ნატოში. ამაზე სტალინმაც ხელები აწია და გაჩერდა. არადა, თურქეთში გადასასროლად გამზადებული იყო სამთო დივიზია. ზუსტად იმ პერიოდში იწერებოდა გრიგოლ აბაშიძის ლექსები, რომ თურმე უკვე დაბრუნებული ყოფილა ჩვენი ტაო-კლარჯეთი, ისმოდა მთელი ზღაპრები, მაგრამ ნატოში მიიღეს თურქეთი და დაიხურა ეს თემა.
„უკრაინის დახმარება ის იქნებოდა, ნატოში მიეღოთ და მაშინ რუსეთი ტერიტორიებს აღარ წაართმევდა, მაგრამ ხომ ხედავთ, უკრაინას არ იღებენ ნატოში მაშინ, როცა მას ჟანგაბადივით სჭირდება ნატო და ჩვენ მიგვიღებენ? უკანასკნელ 20 წელიწადში საქართველოს ოთხჯერ დასჭირდა გადარჩენა და გადამრჩენი, მესია. მესია იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მესიაა ივანიშვილი და ახლა ელოდებიან კიდევ მეხუთე მესიას. უბედურია ქვეყანა, რომელსაც ყოველ 5-6 წელიწადში გადარჩენა სჭირდება. ასეთ ქვეყანას რომელი დემოკრატიის, სტაბილურობის პრეტენზია აქვს? ამიტომ, თუ კიდევ რაღაც საშინელება არ მოახდინა პუტინმა, ისე ჩვენ მაპს არავინ მოგვცემს. პუტინი სულ რომ გაგიჟდეს და ნახევარი უკრაინა - ლუგანსკი, დონეცკი, დნეპროპეტროვსკი მიიტაცოს, შეიძლება, მაშინ მოგვცენ მაპი, თორემ ისე არავინ მოგვცემს მაპს, რაღაც ფორმულას მოძებნიან და გვეტყვიან, მაპზე უკეთესს მოგცემთო, როგორც ეს ბუქარესტის სამიტის შემდეგ მოხდა. თანაც, ამას გვპირდებიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც სულ რაღაც ორ წელიწადში საერთოდ აღარ იქნებიან. რასმუსენი მიდის, ობამა მიდის, ყველანი წავლენ, ახლებს რა ვალდებულებები ექნებათ? მხოლოდ სიტყვიერი ვალდებულება?“ - კითხულობს სოსო ცინცაძე.
რაც შეეხება ევროკავშირთან მიმართებით ღარიბაშვილის მოთხოვნას, პოლიტოლოგი აცხადებს, რომ, სამწუხაროდ, ჩვენ სიტყვიერი დაპირებების იმედად ვართ. ეს მაშინ, როცა არავინ იცის, 30 და 40 წლის მერე რა იქნება და ან ვირი მოკვდება, ან ვირის პატრონი.
ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ყველა ანალიტიკოსმა და პოლიტიკოსმა ისედაც კარგად იცის, რომ ნატოში ჩვენი გაწევრიანების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, რაც უკავშირდება დიდ გეოპოლიტიკურ ბრძოლებს და გარკვეულ რისკებს. ამიტომ ჩვენმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა სასურველი რეალობად არ უნდა გაასაღონ, არ უნდა შექმნან ყალბი მოლოდინი, რომ დღეს თუ ხვალ იმ კარებში შევაბიჯებთ, რომელიც უკვე ათი წელია ღიაა.
„ობამას განსაკუთრებული არაფერი უთქვამს, მან ხაზი გაუსვა იმ რეალობას, რაც დღეს არის, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესია და მოკლე ვადაში ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რა თქმა უნდა, აქ არის ელემენტიც, რომ გაღვიძებული დათვის მიძინება, დამშვიდება სერიოზული ამოცანაა. ასე რომ, ეს დიდი პოლიტიკაა“, - აცხადებს გია ხუხაშვილი For.ge-სთან საუბარში.
თუ რა მოხდება 2014 წლის ნატოს სამიტზე და მოსალოდნელია თუ არა მაპის მიღება, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკა ძალზე დინამიურად ვითარდება და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მათ შორის, ამაზეა დამოკიდებული მაპის მიღებაც. ეს მარტო ჩვენ კი არა, თვითონ დასავლეთმა, ამერიკამ და ნატომაც არ იცის. ექსპერტის თქმით, ასევე მოულოდნელად დაჩქარდა ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირ-ევროსტრუქტურების მიმართულებით. ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი, არამედ გარემოებები ისე განვითარდა, რომ დასავლურ სამყაროს თვითონ გაუჩნდა ამის ინტერესი. იგივეა ნატოსთან მიმართებითაც, შეიძლება ეს პროცესები დაჩქარდეს ან შეყოვნდეს. ამდენად, ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული, ეს გლობალური გამოწვევებია.
„თუ ევროკავშირი არ მისცემს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წარმატებულ ქვეყნებს გაწევრიანების მკაფიო დაპირებას, უკრაინის მსგავსი კრიზისები კვლავ იჩენს თავს“, - ირაკლი ღარიბაშვილის ამ განცხადებას გია ხუხაშვილი გამართლებულად აფასებს. მისი თქმით, ევროკავშირს უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ დაპირებებს დიდხანს ვერ „აჭმევს“ ვერავის. ამიტომ სასურველი იქნებოდა, ასოცირების ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ იყოს ევროკავშირში ჩვენი გონივრულ ვადაში ინტეგრაციის საკითხი.
„ასოცირების ხელშეკრულება კარგია, მაგრამ ეს არ არის ჩვენი საბოლოო მიზანი. ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში მიღება. ამ ხელშეკრულებაში თუ ეს პროცედურები იქნება ჩადებული, რა თქმა უნდა, ეს რისკებს შეამცირებს“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ობამას განცხადება საქართველოსა და უკრაინის დაცვის მცდელობაა რუსეთის აგრესიისგან. ამიტომ საქართველოსა და ნატოს კონტექსტში ამ განცხადების განხილვა არ არის უპრიანი, უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტის ფონზე უნდა შეფასდეს ეს განცხადება. კერძოდ, ობამა ცდილობს, ხელისშემშლელ რუსულ ფაქტორს არ დაუპირისპირდეს არც თვითონ, არც - ნატო. ამიტომაც ობამამ ქართულ-უკრაინული თემა ნატოსთან მიმართებით ჩააქრო.
„დამაჯერებლად არ მეჩვენება, რომ ობამამ პუტინს ამ განცხადებით ასიამოვნა. თვითონ პუტინიც არ არის ისე მარტივი პერსონა, ისიამოვნოს მარტო ამ განცხადებით, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, ობამამ პუტინს გაუწია ანგარიში. სწორედ ის, რომ ღარიბაშვილი მართალია, ეს ფაქტორი ამოძრავებს ამერიკასაც და ევროპასაც ასე ინტენსიურად საქართველოსკენ, რომ არ განმეორდეს უკრაინული თემა. ამიტომ მკაფიოდ გამოხატავენ მხარდაჭერას. მართალია, ობამა ლაპარაკობდა ნატოში გაწევრიანებაზე და არა მაპზე, მაგრამ გამორიცხული არ არის, მაპის თემამ კიდევ წამოიწიოს. თუმცა არის შემთხვევები, როცა მაპის შემდეგ კიდევ წლობით ელოდებიან ნატოში გაწევრიანებას“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.