მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. მთავარი პროკურატურა კი ექსპრეზიდენტს ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, დისტანციურად დაკითხვას სთავაზობს. სახელმწიფო ბრალდება სააკაშვილს დისტანციურ დაკითხვაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. მიმდინარე გამოძიებაზე, მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარებულმა სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ არ აპირებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას დაკითხვაზე. მეტიც, სააკაშვილი აცხადებს, რომ გამოძიების არც ერთ კითხვას არ გასცემს პასუხს.
რაც შეეხება იმ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლის ფარგლებშიც გამოძიება დადგა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვის აუცილებლობის წინაშე, მათზე პროკურატურა 2013 წლიდან მოყოლებული აწარმოებს გამოძიებას. ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, დაკითხული არიან მოწმეები, მიმდინარეობს ექსპერტიზები, ამოღებულია მტკიცებულებები და ამ დროისთვის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება.
სააკაშვილის სტატუსიდან გამომდინარე, ამ სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება მთავარი პროკურატურის ხელძღვანელობის კოორდინაციის ქვეშ მიმდინარეობს და შესაბამისად, ვინაიდან ის არის ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მისი მოწმის სახით დაბარება-დაკითხვას რომ არ მიეღო სისტემატური და დროში გაწელილი ხასიათი, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებზე ერთდროულად მომხდარიყო მისი დაკითხვა.
ყოფილმა პრეზიდენტმა საჯარო გამოსვლებში ისაუბრა მისი შესაძლო დაკავების საფრთხეებზეც, რის გამოც იგი თავს იკავებს საქართველოში ჩამოსვლისაგან. პროკურატურაში სააკაშვილის საპასუხოდ განმარტავენ, რომ სააკაშვილის მოწმის სახით დაკითხვა გამოძიების ამ ეტაპზე ემსახურება მისი განმარტებების მიღებას სრულყოფილი გამოძიების უზრუნველსაყოფად და არა მის მიმართ სისხლის სამართლის დევნის განხორციელებას და დაკავებას.
რაც შეეხება თვით საქმეებს, მათზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება და ნებისმიერი პირის მხრიდან დანაშაულის ჩადენის დადგენის შემთხვევაში, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, შესაბამისი რეაგირება მოხდება.
„ვითვალისწინებთ რა ძიებაში მყოფი საქმეების დიდ საზოგადოებრივ მნიშვნელობას, ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესებით საერთაშორისო თანამეგობრობის დაინტერესებას, მიხეილ სააკაშვილის, როგორც ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ სტატუსს და გამოძიების წარმატებით დასრულებისთვის მისი, როგორც კარგად ინფორმირებული მოწმის, ჩვენებების განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მთავარი პროკურატურა მიხეილ სააკაშვილს სთავაზობს ტექნიკური საშუალებების (მაგალითად, skype) გამოყენებით დისტანციურად დაკითხვას.
ამ შემთხვევაში აღარ იქნება აუცილებელი მისი საქართველოში ჩამოსვლა და, შესაბამისად, ბოლომდე გამოირიცხება მისი შესაძლო დაკავებით გამოწვეული შეშფოთების საფუძველიც. აღნიშნული წინადადება მას გაეგზავნება კანონით დადგენილი ფორმით და მიეცემა ერთკვირიანი ვადა დისტანციურ დაკითხვასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად“, - აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის მოსაზრებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია გამოყენებული იყოს ალტერნატიული მეთოდი. სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ისინი პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, მეტი განმარტების გაკეთებას მოუწოდებენ.
ნანუაშვილის შეფასებით, განმარტებები საჭიროა, რატომ მაინცდამაინც დღეს და ამ ფორმით მოხდა აღნიშნული პროცედურების დაწყება და რატომ არ მოხდა ყოველივე ეს თუნდაც რამდენიმე თვის წინ. თუმცა, სახალხო დამცველი ამაში განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემას ვერ ხედავს.
„ზოგადად, ვფიქრობ, რომ აჟიოტაჟი ხელოვნური არის. ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, მოწმის დაკითხვა ხდება ყოველთვის, ნებისმიერ საქმეზე. მე ამ პროცედურებში სერიოზულ პრობლემას ვერ ვხედავ. ვფიქრობ, შესაძლებელია იყოს გამოყენებული დაკითხვის სხვა ფორმა, თუნდაც ელექტრონული, თუნდაც სკაიპით ან სხვა ალეტრანტიული მეთოდით.
მე ვფიქრობ, არ უნდა იყოს არანაირი პრობლემა, როდესაც გამოძიებას აქვს კონკრეტული კითხვები მოწმის მიმართ, შესაძლებელია იყოს სხვა ფორმა გამოყენებული, გარდა უშუალოდ ფიზიკური დასწრების. ვფიქრობ, ალბათ, ეს ფორმაც უნდა იყოს გამოძებნილი. არ მგონია, ამაზე შეთანხმება არ მოხდეს, რადგან ეს, მე ვფიქრობ, გაცილებით მარტივია და გამოძიებას უფრო მეტ ინფორმაციას მისცემს.
შესაბამისად, პრეზიდენტი აღარ იქნება კანონზე მაღლა. იმ შემთხვევაში, თუ ყოფილი პრეზიდენტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს კითხვებზე პასუხებს, რა თქმა უნდა, დარჩება საზოგადოებას განცდა, რომ პრეზიდენტი დგება კანონზე მაღლა. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება მისასალმებელი“, - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.