შსს-ს აკადემიას ხაშურის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს აკადემიას ხაშურის სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს აკადემიას, საერთაშორისო ორგანიზაცია „PH international“-ის პროექტის „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (Ge Calls) ფარგლებში, ხაშურის მე-8 საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები ესტუმრნენ.

მოსწავლეები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე: „სწავლება აკადემიაში“. მათ ასევე მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები. მსგავსი ვიზიტები მოზარდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლებას და ამ გზით არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას ემსახურება.

საერთაშორისო ორგანიზაცია „PH International“-ი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ბიუროს დაფინანსებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“.

პროექტში ჩართული 20 სკოლა საქართველოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსის წესით შეირჩა. ამჟამად პროექტი ფოთში, თელავში, ახალციხესა და ხაშურში ხორციელდება. შერჩეულ სკოლებში უბნის ინსპექტორები და მანდატურები პედაგოგებთან ერთად სამართლებრივი კულტურის გაკვეთილებს ატარებენ.