ღირებულების კანონი ფიქლებზეც ვრცელდება (წერილი მეოთხე)

ღირებულების კანონი ფიქლებზეც ვრცელდება (წერილი მეოთხე)

გარდა წინა წერილში განხილული „ფიქლების რეცოლუვიისა“, ძალზე სწრაფად იზრდება სხვა სახის არატრადიციული გაზების მოპოვებაც. კერძოდ,IEA-ს მოხსენებაში “World Energy Outlook” (WEO) აღნიშნულია, რომ “...სახელი არატრადიციული უკვე არასწორად გამოიყენება, უკიდურეს შემთხვევაში გაზის ისეთი სახეობების მიმართ, როგორებიცაა “მყარი” ქვიშის გაზი, ნახშირის ფენის მეთანი (CBM), ან ფიქლების გაზი (Shale gas). ადრე იგნორირებული გაზის ეს სახეობები ახლა უფრო ზუსტი ტერმინით უნდა მოვიხსენიოთ”. WEO-ში ხაზგასმულია, რომ ჩრდილოეთ ამერიკა ამჟამად არატრადიციული გაზის ყველა სახეობის მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი რეგიონია, და რომ ეს გაზები შეადგენენ აშშ-ს ბუნებრივი აირის წარმოების ნახევარზე მეტს, ხოლო კანადაში ასეთი გაზი მთელი ბუნებრივი აირის წარმოების მესამედია.

ამასთან, ეს გაზებია ბუნებრივი აირისა და მისი რეზერვების ზრდის უმთავრესი წყაროები. თანაც აღსანიშნავია მონაცემები, რომელთა თანახმადაც არატრადიციული გაზის საშუალო ღირებულება აშშ-ში 2007 წელს ნაკლები იყო ჩვეულებრივი ბუნებრივი გაზის, იმ დროს ისედაც კლებად, ღირებულებასთან შედარებით. ამასთან, EIA-ს შეფასებით, ბუნებრივი გაზის მოხმარება 2007-დან 2030 წლამდე გაიზრდება 42%-ით. ეს გაზის საერთო წილის ზრდას ნიშნავს მსოფლიო ენერგობალანში, რაც თავის მხრივ, ნავთობის მოხმარებას და ნახშირორჟანგის გამოფრქვევას შეამცირებს. ამან ფიქლების გაზი, გაზის ბიზნესში მოქმედ მოთამაშეებს შორის, პრიორიტეტად აქცია.

ამჟამად მსოფლიო გაზის მოპოვებაში ასეთი გაზის ხვედრითი წილია 15% ანუ 450 მლრდ კუბმეტრი, ე.ი. ესაა რუსეთის გაზის მთელი ექსპორტის ექვივალენტი. თუ 2009 წელს აშშ-ს გაზის მოპოვებაში ფიქლების გაზის ხვედრითი წილი 15% იყო, – 2025 წელს მოსალოდნელია მისი 50%-მდე მატება. ქ. ვარშავაში, პოლონეთის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ჩატარებულ კონფერენციაზე გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ ფიქლების გაზის წყალობით უკვე ორი ათწლეულია აშშ-მ თანდათან თავი დააღწია გაზის იმპორტზე დამოკიდებულებას და ექსპორტიორი გახდა. ასეთივე ნაბიჯი შეუძლია გადადგას პოლონეთმაც, რომელსაც იმდენი გაზი აქვს, რომ მთელს ევროპაში გაიტანს. კონფერენციაზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რ. სიკორსკიმ აღნიშნა, რომ “...ევროპაში ფიქლების გაზის წარმოებას შეუძლია შეცვალოს მისი ენერგო-პარადიგმა”.

ძალზე მიახლოებითი შეფასებებით, პოტენციურად ხელმისაწვდომი მსოფლიო არატრადიციული გაზის რესურსია 785 ტრლ კუბმეტრი. ეს ნიშნავს, რომ მათი მოპოვების ღირებულება ყველა წერტილში დაახლოებით თანაბარია და აშშ-ს დანახარჯებს შეესაბამება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ჩრდილოეთ ამერიკაში 2020 წლამდე ბუნებრივი გაზის მოხმარება 1.2%-ით გაიზრდება, თანაც არატრადიციული გაზის წილი იქნება 52% მთელ მოხმარებულ გაზში. ამასთან, ამ გაზში 45% იქნება ფიქლების გაზის ექვსი ძირითადი საბადოს პროდუქცია: ბარნეტის, ანტრიმის, ჰეინესვილის, ფაიეტევილის, ვოოდფორდისა და მარცელუსის. მათი მთელი პროდუქცია სავარაუდოდ გაიზრდება დღიურად 19.3 მლრდ კუბური ფუტამდე, ანუ 9.7%-ით. ამ მოცულობამ საშუალოვადიანიდან გრძელვადიანი პერსპექტივის ფარგლებში შესაძლოა შეამციროს ფიქლების გაზის საბადოებზე ფასი $3.50-4 /mBtu-მდე[1] იმ დროს როცა ბუნებრივი აირის ფასი ამჟამად მერყეობს $4.00/ mBtu.

“დოიჩე ბანკის” ანგარიშში ხაზგასმულია, რომ გაზის რესურსების გამოყენების ზრდამ შეიძლება ქიმიურ მრეწველობაშიც შეამციროს ნავთობის ნედლეულის ხვედრითი წილი და ელექტროენერგეტიკაშიც. უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით ნავთობის მწარმოებლებისაგან, ბუნებრივი გაზის მრეწველები მაღალ ფასებზე სწრაფ რეაგირებას ახდენენ და აქვთ, განსაკუთრებით აშშ-ში, ინვესტირებისაკენ აგრესიული სწრაფვა.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი. რუს ექსპერტებს შორის ფიქლების გაზის ირგვლივ შექმნილია საკმაოდ ნეგატიური ატმოსფერო, რაც სავარაუდოდ, ბოლო წლებში არატრადიციული გაზის რუსული მილსადენების გაზის მიმართ უძლიერესი კონკურენციის შექმნის ფაქტიდან გამომდინარეობს.

კერძოდ, რფ–ს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ “...ფიქლების გაზი რუსეთში, მაღალი თვითღირებულებისა და კაპიტალური დანახარჯების გამო, ალბათ ვერ შეუქმნის კონკურენციას ჩვეულებრივ ბუნებრივ გაზს”. თუმცა, ამის საპასუხოდ ბევრი ექსპერტი სამართლიანად მიუთითებს, რომ არსებობს სერიოზული ალბათობა იმისა, რომ ფიქლების გაზი გამოიწვევს ცვლილებებს გლობალური გაზის ბაზრის სტრუქტურაში. ამას ხვდება რუსული ენერგო-გიგანტის, “გაზპრომის” მენეჯმენტიც.

“გაზპრომის” გამგეობის თავმჯდომარემ ა. მილერმა საკმაოდ მკვეთრად უპასუხა კითხვებს ევროპასა და ამერიკაში ფიქლების გაზის პერსპექტივების შესახებ. მისი აზრით, ფიქლების გაზი, ესაა კარგად დაგეგმილი პიარ-კომპანია. მის მოსაპოვებლად, ა. მილერის თქმით, საჭიროა უამრავი ჭაბურღილის გამუდმებით ბურღვა, რაც საბოლოოდ “მთვარის პეიზაჟს” წააგავს. თუმცა, ა. მილერი მაინც არ გამორიცხავს, რომ არატრადიციული გაზები შესაძლოა რენტაბელურიც აღმოჩნდეს, “...ოღონდ მხოლოდ მისთვის ვინც პირდაპირ მასზე ზის”. მაშინ “ინტერფაქსისადმი” მიცემულ ინტერვიუში ა. მილერმა პირველად დაიწყო პოზიტიური საუბარი ფიქლების გაზის შესახებ. არ გამორიცხავენ, რომ რუსებმა მოინდომონ აშშ-ს ფიქლების გაზის მწარმოებელი რომელიმე კომპანიის შეძენა, იმ მიზნით, რომ შეისწავლოს ტექნოლოგიები. კუზბასში ნახშირის მეთანის მოპოვების შესახებ ა. მილერმა მიუთითა, რომ ამით “გაზპრომმა” თავისი ტექნოლოგიები და გამოცდილება შექმნა, რაც ფიქლების გაზის მოპოვებაში გამოადგება. ამიტომ, ახლა უკვე “გაზპრომს” შეუძლია მივიდეს იქ, სადაც ფიქლების გაზია. ა. მილერს მიაჩნია, რომ 2020 წლამდე მეთანის მოპოვება კუზბასში წლიურად 4 მლრდ კუბმეტრამდე უნდა გაიზარდოს, - ამით ქვანახშირის პლასტები თავისუფლდება გაზისაგან, რაც მათ უფრო უსაფრთხოს ხდის. თუმცა, აქვე ა. მილერმა მიუთითა, რომ მეთანის მოპოვება ძალზე ძვირი ჯდება.

ე.წ. არატრადიციული გაზის მოპოვების დაწყების მიზეზად ა. მილერს მიაჩნია აშშ-ში ტრადიციული გაზის მოპოვების მკვეთრი შემცირება. ამიტომ გადაწყვიტეს მისი აზრით, ამერიკაში, ალიასკაზე გაზის მოპოვების დაწყება. ა. მილერს მიაჩნია, რომ ალიასკას გაზი აშშ-ს სულ 11 წელი ეყოფა, ამიტომ ის იძულებულია გადავიდეს მაღალი თვითღირებულების მქონე გაზის მოპოვებაზე. მათ შორისაა ფიქლების გაზი, რომლის კომერციული მოპოვება უამრავ ჭაბურღილსა და ხარჯებს მოითხოვს, თანაც გაზის დეპოზიტები სულ ერთი-ორი წლის მანძილზეა ვარგისი. საყურადღებოა ასევე ისიც, რომ ზოგიერთი ექსპერტი ხედავს არსებით განსხვავებას ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ფიქლების გეოლოგიურ სტრუქტურებს შორის. თუმცა, თუ ბუნებრივი გაზის საბაზრო ფასები მომავალში მკვეთრად გაიზრდება (რისი ალბათობაც ექსპერტების აზრით საკმაოდ მაღალია), ასევე ქვების დაშლის ტექნოლოგიები დაიხვეწება ისე, რომ მოპოვების თვითღირებულება შემცირდება, - შესაძლოა დადგეს დრო, როცა ეს სიტუაცია შეიცვლება.

ზემოაღნიშნულის გამო, IEA-ს 2020 წლამდე ეფექტიანად არ მიაჩნია ევროპაში ფიქლების გაზის კომერციული გამოყენება. ამიტომ, რუსული ენერგო-პროექტებისადმი დასავლეთის მხრივ კონკურენცია, სავარაუდოდ საშუალოვადიან პერსპექტივაში, ისევ “სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის” პროექტების ბრიუსელიდან აქტიური მხარდაჭერის გზით გაგრძელდება.

დროთა განმავლობაში ეს პრობლემები რა თქმა უნდა დაძლევადია, და მომავალში რუსეთის მიერ ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის შემთხვევაში, აშშ–ს თხევადი გაზი შემოვა ევროპაში ამერიკის მოკავშირეებთან, მაგრამ მისი კერძო კომპანიების მხრიდან მოწოდება საბაზრო მოთხოვნით იქნება განპირობებული და ის აშშ–ს მთავრობის სურვილზე არ იქნება დამოკიდებული. ანუ ეს მოწოდება იქნება პასუხი საბაზრო მოთხოვნის გადიდებით გაზის ფასის ზრდაზე. მეტიც, ევროკომისიის 2020 წლამდე განსაზღვრული ეკოლოგიური ამოცანების საწინააღმდეგოდ, ევროპაში მოთხოვნის ზრდით გამოწვეული გაზის სიძვირე შესაძლოა გადაფარული იქნეს უფრო იაფი ქვანახშირის მოხმარების ზრდითაც კი. ამრიგად, ბაზრის წონასწორობის პირობებში, არის იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს ამერიკული გაზის „გეოპოლიტიკურ იარაღად“ გამოყენება.

რეალური სიტუაცია იმაში მდგომარეობს, რომ არც ამერიკის და არც ევროპის მთავრობები არ მონაწილეობენ გაზის ტანკერებით ყიდვა–გაყიდვაში. ამ პროცესებს კომერციული სტრუქტურები ახორციელებენ. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ გათხევადების ტერმინალები დღეს უკვე მზად არიან სავაჭროდ, – დაიწყება ევროპასთან გაზით გაცხოველებული ვაჭრობა? სავარაუდოდ არა.