პრორუსული და ანტირუსული ჭიდილი პუშკინის სკვერში

პრორუსული და ანტირუსული ჭიდილი პუშკინის სკვერში

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს ავტოსაგზაო მოძრაობა რამდენიმე წუთით შეფერხდა, მიზეზი პრორუსული აქციის მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება გახდა. სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 3 პირი დააკავეს, რომლებიც მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა რუსთაველის გამზირამდე პუშკინის სკვერში დაიწყო. სწორედ, აქ შეიკრიბნენ თავდაპირველად პრორუსული აქციის ორგანიზატორები. მათ საპირწონედ იმავე დროს და იმავე ადგილას „თავისუფალი ზონის“ და ანტირუსულად განწყობილი მოქალაქეებიც იყვნენ მობილიზებულები.

საპირისპირო პოზიციაზე მყოფი ადამიანების იზოლირებას საპატრულო პოლიცია ცდილობდა. მათ ჯერ პუშკინის სკვერში და შემდეგ მის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ რუს მოქალაქეებს, რომლებსაც სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. 11 ადამიანი მოვითხოვთ, ანალოგიური სანქციები დაგვიწესოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა“, - განუცხადა for.ge-ს პრორუსული აქციის ერთ-ერთმა მოთავემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელმა ელგუჯა ხოდელმა, რომელიც პუშკინის სკვერში მხრებზე მოხვეული რუსული დროშით მოვიდა.

სწორედ მას გაუსწორდნენ ფიზიკურად საპირისპირო აქციის მონაწილეები, რომელთა ნაწილს მხრებზე უკრაინის და საქართველოს დროშები ჰქონდათ მოხვეული.

„დედამიწა ჩვენი სახლიას“ კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მაკა ნიკოლაშვილმა კი for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ პუშკინის სკვერში რუსეთის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოსახატად მოვიდა და მშვიდობიანი აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცა.

„ჩვენი შეკრება იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, გვინდოდა გამოგვეხატა ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, მაგრამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავი, თუ რას წარმოადგენენ. სიტყვიერის გარდა ფიზიკური შეურაცხყოფაც მოგვაყენეს, რაც კანონით დასჯადია.

რუსეთს არცერთი უკანონო ქმედება არ ჩაუდენია უკრაინის მიმართ, ამის დასადატურებლად წამოვიღეთ ფოტოები, რომელზეც ასახულია, თუ რა ხდება უკრაინაში - როგორ უმკლავდებიან ამერიკის ინტერესების მსახური ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას“, - გვითხრა მაკა ნიკოლაშვილმა. მისივე თქმით, ევროპისა და ამერიკისგან განსხვავებით ყირიმიც რუსეთმა დაიცვა.

ანტირუსული აქციის ერთ-ერთი მონაწილე, სტუდენტი მიშო ბოჭორიშვილი კი, რომელსაც მხრებზე უკრაინის დროშა ჰქონდა შემოხვეული, აცხადებს, რომ პრორუსული აქციის გამართვის საშუალებას არც ახლა და არც მომავალში არავის მისცემს.

„ვაპროტესტებ აქციას, რომელსაც მართავენ რუსეთის აგენტები. მათი სურვილია, დავბრუნდეთ რუსეთის ორბიტაზე და უარი ვთქვათ ჩვენს ეროვნულ ინტერესზე, როგორიც არის ევროპა, ნატო და დასავლური ღირებულებები. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქ ვაპროტესტებთ და ბოლომდე დავდგებით ჩვენი იდეის დასაცავად. ამ რამდენიმე ადამიანს არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ მათ დასაცავად რუსეთმა კვლავ შემოიყვანოს წითელი არმია საქართველოში“, - გვითხრა მიშო ბოჭორიშვილმა და აღნიშნა, რომ რუსეთის მხარდამჭერმა ადამიანებმა ბოლო პერიოდში ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მქონე ორგანიზაციები შექმნეს და უკონონო აქციებს მართავენ.

„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ მათ არ მიეცეს გამოხატვის თავისუფლება, რადგან მათი გამოხატვის თავისუფლება ლახავს კონსტიტუციას“, - ამბობს მიშო ბოჭორიშვილი.

მისი თანამოაზრე თამარ ქუთათელაძე კი for.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პრორუსულია აქციის წინააღმდეგ საქართველოში ყველა უნდა გამოვიდეს, პარტიული კუთვნილების მიუხედავად.

„აქ იმიტომ მოვედი, რომ თბილისში, „თავისუფლების მოედანზე“ არ უნდა აღემართათ რუსეთის დროშა. აქ ყველა უნდა მოვიდეს, ვისაც პატრიოტიზმი აქვს სულში“, - გვითხრა თამარ ქუთათელაძემ.

პრორუსულ აქციას და მათ ორგანიზატორებთან დაპირისპირებას გარკვეული მანძილიდან ადევნებდა თვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ლევან გახელაძე, რომელიც ანტირუსულ აქციას გულშემატკივრობდა, თუმცა მან კომენტარის გაკეთება არ ისურვა. კითხვაზე, თუ რატომ არ სურს აზრის გამოთქმა, ასე უპასუხა: „იმიტომ არ ვიძლევი კომენტარს, რომ ეს დღევანდელი ხელისუფლების პირობებში სახიფათოა“.

რაც შეეხება პრორუსული აქციის ინიციატორ ორგანიზაციას - „დედამიწა ჩემი სახლია“ საჯარო რეესტრში 2003 წლის 21 აპრილს არის დარეგისტრირებული, როგორც არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი. ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და მიზნების შესახებ საჯარო რეესტრის გვერდზე მეტი ინფორმაცია არ იძებნება.