ნაციონალები ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვენ

ნაციონალები ჟვანიას საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვენ

„ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჟვანიას სკანდალურ საქმეზე ნდობის ჯგუფის შექმნას ითხოვს. მმართველი გუნდი კი, ოპოზიციის წინადადებას ფანტაზიის სფეროდ განიხილავს და მსგავსი ჯგუფის შექმნას კატეგორიულად გამორიცხავს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, გივი თარაგამაძის განმარტებით, ნდობის ჯგუფი პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს.

მისი თქმით, ჯგუფს სრულად უნდა გაეცნოს როგორც თავდაპირველი, ასევე ხელახალი გამოძიების ყველა მასალა, მათ შორის ამერიკის საგამოძიებო ფედერალური სააგენტოს ყველა დასკვნა.

„ამავე ჯგუფს უნდა გაეცნოს გამოძიებაში არსებული თავდაპირველი ექსპერტიზის სრული ვიდეომასალა. ასევე ჯგუფის წარმომადგენლებს საშუალება უნდა მიეცეთ, საქმეზე დაკავებულ პირებს შეხვდნენ, რათა მათზე ზეწოლა გამოირიცხოს. ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ექსჰუმაცია ამ ჯგუფის სრული ინფორმირებით უნდა განხორციელდეს. ამასთანავე, ყველა ხელახალი ექსპერტიზა საერთაშორისოდ აღიარებული სააგენტოების მიერ უნდა ჩატარდეს, რათა ხელახალ ექსპერტიზაზე მთავრობის ზეწოლა გამოირიცხოს“, - აცხადებს თარგამაძე.

საკითხზე საუბრისას თარგამაძე ყურადღებას საქმის პოლიტიკურ მხარეზე ამახვილებს და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების ფაქტი სრულიად უზნეოდ კიდევ ერთხელ გამოიყენა.

„ღარიბაშვილის მიერ ღიად გამოცხადებული ვერსია, პირდაპირი დავალებაა საგამოძიებო ორგანოებისადმი, პროკურატურამ თუ რა დასკვნა უნდა დადოს. პრემიერმა ღიად განაცხადა, რომ ზურაბ ჟვანია მოკლულია და ამაში სავარაუდოდ დამნაშავე მიხეილ სააკაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამაზრზენი აჟიოტაჟის პოლიტიკური სარჩული და ივანიშვილ-ღარიბაშვილის ჩანაფიქრი ზედაპირზე დევს, სპეკულაციები უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა თარგამაძემ, რომლის განცხადებასაც გამოხმაურება პოლიტიკურ წრეებში მოჰყვა.

როგორც for.ge-ს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა, მსგავსი ჯგუფის არსებობის პრეცედენტი არ არსებობს.

დეპუტატის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ადგილი აქვს არასერიოზულ მიდგომას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რაღაც უნდა ეთქვა. როგორც ჩანს, მათ ფანტაზია არ ეყოთ და მეტი უკეთესი ვერ მოიფიქრეს. რაღაც გამჭირვალეობას და ჩართულობას ითხოვენ, მაგრამ რომელი მოწმეა ვალდებული, რომ რაღაც ჯგუფის წინაშე წარდგეს და ჩვენება მისცეს? მართალი გითხრათ, მათი ქცევა კუდის ქიცინს ჰგავს. როგორ შეიძლება, ეს იდეა სერიოზულად აღვიქვათ?!“, - აღნიშნავს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის პოზიციას იზიარებს მისი თანაგუნდელი გიორგი ცაგარეიშვილი.

გარემოს დაცვის კომიტეტის თავჯდომარის მოსაზრებით, ზურაბ ჟვანიას საქმეს პროკურატურა საკმაოდ ინტენსიურად იძიებს და პროცესს ნდობის ჯგუფი წინ ვერ წაწევს.

ცაგარეიშვილის თქმით, ნდობის ჯგუფის შექმნაზე მსჯელობაც კი არ გაიმართება.

„ქართული ოცნება“ იმ ადამიანთან ვერავითარ ნდობის ჯგუფს ვერ შექმნის, რომელიც ნახევარ საქართველოს სულით ამოხდით ემუქრებოდა. ისეთი ავაზაკებისგან როგორიც თარგამაძე და მისი მეგობრები არიან, წინადადებებს ვერ მივიღებთ. ხომ არ გავიწყდებათ, რომ 7 ნოემბრისა და 26 მაისის ერთ-ერთი შემოქმედი თარგამაძე იყო? ის მკვლელებს, ყაჩაღებს და ხალხის მტანჯველებს ხელს აფარებს, მასთან კი რაღაც ჯგუფის შექმნაზე საუბარი ამორალურია“, - განუცხადა for.ge-ს ცაგარეიშვილმა, რომლის პათოსს იზიარებენ ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე.

კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს აჟიოტაჟს და ისტერიას თავი დაანებოს, ხოლო დოლიძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ინოვაციებს საზღვარი არ აქვს და ახალი მთავრობა მათ ჭკუაზე ვერ ივლის.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის ლიდერებისგან განსხვავებით, ნდობის ჯგუფის შექმნაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი.

მისი მოსაზრებით, მსგავსი ჯგუფის შექმნა ცუდი არ იქნებოდა.

„მსგავს ჯგუფში გამჭირვალედ მოხდებოდა ყველა იმ საკითხის განხილვა, რაც იქნება. საბოლოო ჯამში, ამ პროცესის გამჭირველეობა და მისი ობიექტურობა საზოგადოებისთვის იქნებოდა დამაჯერებელი“, - აცხადებს გოგოლაშვილი, რომლისგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს სახალხო დამცველი.

უჩა ნანუაშვილი თვლის, რომ ნდობის ჯგუფის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავს.

„არ ვფიქრობ, რომ ამ საქმის არსის განხილვაზე ამ ჯგუფის შექმნა რაიმე ცვლილებას მოახდენს. გამოძიების დასრულებას უნდა დაველოდოთ და თუ კითხვები დარჩება, რაიმე მექანიზმი შემდეგ უნდა იქნეს მოფიქრებული“, - აღნიშნავს ნანუაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წინადადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციები პოზიციას ამ დრომდე არ აფიქსირებენ. უმცირესობაში კი პასუხს ელოდებიან როგორც უმრავლესობიდან, ასევე ექსპერტებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას სკანდალურ საქმეზე დაკავებულები არიან სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა და ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია. მათ დაკავებას კი წინ სოციალურ ქსელში ვიდეომასალის - „სააკაშვილი მკვლელი“ გავრცელება უსწრებდა, სადაც ნაჩვენებია საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და მასთან ერთად გარდაცვლილი რაულ იუსუპოვის ცხედრების ფოტოები. ვიდეოს მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო თავდაპირველად Youtube-ზე გავრცელდა, სადაც ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.