„გუნდი, რომელშიც ყველა ერთნაირად მღერის, მხოლოდ „თავო ჩემოს“ შესასრულებლად გამოდგება“.

„გუნდი, რომელშიც ყველა ერთნაირად მღერის, მხოლოდ „თავო ჩემოს“ შესასრულებლად გამოდგება“.

მომავლი კვირიდან საპარლამენტო კომიტეტებში „მოქალაქეობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა დაიწყება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა მოქალაქეობის საკითხში პრეზიდენტის უფლებამოსილების შემცირებას ითვალისწინებს და მის შესახებ პრეზიდენტის უარყოფითი პოზიცია ოფიციალური დოკუმენტის სახით უკვე არსებობს. იგი პარლამენტს ჯერ კიდევ თებერვალში გადაეგზავნა. კანონპროექტი, რომელიც, შესაძლოა, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის დაპირისპირების საგანი გახდეს, საქართველოს მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტაში პრემიერ-მინისტრის თანამონაწილეობას გულისხმობს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ „მოქალაქეობის შესახებ“ ცვლილებების კანონპროექტზე პრეზიდენტს შენიშვნები 6 პუნქტად აქვს ჩამოყალიბებული. გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ მოქალაქეობის მინიჭება-აღდგენა სახელმწიფო მეთაურის დისკრეციული უფლება უნდა იყოს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე აცხადებს, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებულმა კონსტიტუციის ნორმებმა სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია გამოიწვია და ამის გამო დადგა საკითხი, საჭიროებს თუ არა მოქალაქეობის მინიჭება-აღდგენა და მასთან დაკავშირებული მოქმედებები პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას - ხელმოწერით დამოწმებას.

„ჩემი აზრით, კონსტიტუციაში არის ტექნიკური ხარვეზი, რომელიც 2010 წელს შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია და ტერმინოლოგიურად შესაძლებელი გახდა იმგვარი ინტერპრეტაცია, რომელიც არ შეესაბამება თავად არსს - მოქალაქეობის საკითხში პრეზიდენტის უფლებამოსილებას. საზოგადოდ, მოქალაქეობის საკითხების გადაწყვეტა არის სახელმწიფოს მეთაურის პრეროგატივა. ასეა, პრაქტიკულად, ყველგან მსოფლიოში. ჩვენთანაც მსგავსი ჩანაწერია კონსტიტუციის 73-ე მუხლში, მაგრამ მომდევნო მუხლში არის, მე ვიტყოდი, ცუდად შესრულებული ჩანაწერი,“- განუცხადა For.ge-ს ვახტანგ ხმალაძემ. მისივე განმარტებით, მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები, პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას არ უნდა საჭიროებდეს.

„კიდევ უფრო რომ განვმარტო, ვიზიარებ პრეზიდენტის შენიშვნებს“, - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

მოქალაქეობის საკითხზე შექმნილ პრობლემას 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული კანონით გამოწვეულ ხარვეზს უკავშირებს სამართლებრივ საკითხთა ექსპერტი კახა კახიშვილიც.

„2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული საკონსტიტუციო ცვლილებებით პრეზიდენტს შეეკვეცა უფლებამოსილება. ბუნებრივია, ამან კანონში შესწორებების შეტანა მოითხოვა. რაც შეეხება კონკრეტულად მარგველაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე უფლებამოსილების ჩამორთმევას, ამ მიმართულებით კანონმდებლობაში კონკრეტული ცვლილებების შეტანა, ვფიქრობ, ნაჩქარევია, და, ჩემი აზრით, თუ დღეს მთავრობას ან პარლამენტის უმრავლესობას სურდა, გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, მეტად დაეკონკრეტებინა პრეზიდენტის უფლებამოსილება, მათ შეეძლოთ, ეს გაეკეთებინათ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში, რომლის მიზანიც ახალი კონსტიტუციური მოდელის განხილვა და საზოგადოებისთვის შეთავაზებაა“, - განუცხადა For.ge-ს კახა კახიშვილმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მთავრობის მიერ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა და საპასუხოდ პრეზიდენტის შენიშვნების შემუშავება აჩენს ვარაუდს, რომ ხელისუფლების შტოებს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს.

„რეგულაციების ნაჩქარევი ცვლილება, ბუნებრივია, საზოგადოებაში აღრმავებს ეჭვს, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს, მთავრობის აპარატსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის გარკვეული უთანახმოება და დაპირისპირება არსებობს. ვფიქრობ, არ არის საჭირო ესკალაცია, რადგან სამივენი წარმოადგენენ ერთ გუნდს და კარგად მახსოვს სიტუაცია, როდესაც მარგველაშვილის საარჩევნო კამპანიაში უშუალოდ იყო ჩართული ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც აცხადებდა, რომ მარგველაშვილი არის მისი მეგობარი და თუ საქართველოს მოსახლეობა მას არ აირჩევდა, ეწყინებოდა“, - აცხადებს კახა კახიშვილი.

მისივე განმარტებით, რომ გამოირიცხოს ეჭვი, რომ კანონში ცვლილებების შეტანა ცოტა ხნის წინ ივანიშვილის მიერ მარგველაშვილის გაკრიტიკებას უკავშირდება, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში უნდა გადაისინჯოს. უფლებამოსილებების შემცირების საკითხი კი, კახიშვილის აზრით, პრეზიდენტის ინსტიტუტის საჭიროებასთან დაკავშირებითაც ბადებს კითხვებს.

„თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტს არანაირი უფლებამოსილება არ უნდა ჰქონდეს, ჩემი აზრით, ესეც გარკვეული პრობლემაა, რადგან, თუ საქართველოს პრეზიდენტს ჩამოართმევენ ისედაც შეკვეცილ უფლებებს, მაშინ უნდა ვიფიქროთ, საერთოდ, რა საჭიროა უუფლებო პრეზიდენტი, ისეთი, რომელიც მოქალაქეობის მინიჭება-აღდგენასაც ვერ წყვეტს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმების გარეშე. რატომ უნდა ინახავდეს მას და მის ადმინისტრაციას ქვეყნის ბიუჯეტი“.

მოქალაქეობის საკითხზე შექმნილ ერთგვარ უხერხულობას პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები არ უნდა დაამტკიცოს.

„მე მგონი, ამ საკითხის აქტუალიზაცია არის სირცხვილი იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანად ბევრი გამოწვევა აქვს და განსაკუთრებული წინაპირობა რამე ნირვანაში ყოფნის არ გაგვაჩნია. თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი პარლამენტის უპრინციპობის დასტური. საკონსტიტუციო ველში ცვლილებები აუცილებლობით უნდა იყოს განპირობებული და პარლამენტში მსგავსი კანონპროექტის შეტანამდე მისი აუცილებლობა საზოგადოებას უნდა დაუსაბუთონ. სხვა შემთხვევაში, რასაკვირველია, კვლავ ქვეყნის კულუარული მართვის მოწმე ვიქნებით - როცა საზოგადოებას მიაჩნია, რომ პროკურატურას ისევ ფარცხალაძე მართავს, მერიას - უგულავა და მთავრობას - ივანიშვილი“, - განუცხადა For.ge-ს სოსო ციკარიშვილმა.

პოლიტოლოგი განმარტავს, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ქვეყანას წარსულში აბრუნებს.

„მოქალაქეობის გადაწყვეტის საკითხში პრემიერ-მინისტრის ფუნქცია დღევანდელი კონსტიტუციის „მშობელმა მამამ“ მიხეილ სააკაშვილმაც ვერ დაინახა, რომელმაც თავის დროზე, კონსტიტუცია სათავისოდ შეცვალა, რადგან ფიქრობდა, რომ პრემიერ-მინისტრი გახდებოდა. ამიტომ, ამ საკონონმდებლო ცვლილებას ჭორაობის გარდა რამე გასამართლებული საბუთი არ გააჩნია. მოხარული ვიქნები თუ ამ შემთხვევაში პარლამენტი სერიოზულად მიუდგება საკითხს და საკუთარ ავტორიტეტს არ დაკარგავს“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტზე უარი მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის დაპირისპირების საგანი არ გახდება, რადგან გუნდურობა გუნდის ყველა წევრის ერთ ხმაზე მღერას არ ნიშნავს.

„გუნდი, უპირველეს ყოვლისა, მრავალხმიანია და შეხმატკბილებულობის ხარისხზეა დამოკიდებული მისი წარმატება. გუნდი, რომელშიც ყველა ერთნაირად და ერთდროულად მღერის, მხოლოდ ერთი არიის „თავო ჩემოს“ შესასრულებლად თუ გამოდგება“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.