33 წელი აფხაზეთის გარეშე

33 წელი აფხაზეთის გარეშე

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, 12.00 საათზე, აფხაზეთში რკინიგზის დაცვის მოტივით, პოლიციის ძალები გამოჩნდნენ, ამას მოჰყვა სამხედრო შენაერთების შესვლა და სოხუმის თავზე გამოჩნდნენ ვერტმფრენები. სეპარატისტები სასწრაფოდ იწყებენ მაუწყებლობას და აცხადებენ, რომ ქართული შეიარაღებული ფორმირებები თავს დაესხნენ აფხაზებს. პარალელურად, აფხაზეთში რუსული ჯარიც შევიდა და ომი დაიწყო... 

დღის განმავლობაში, ურთიერთგამომრიცხავი ცნობები მოდიოდა ტყვარჩელიდან - ერთი, რომ იქ სიმშვიდეა, მეორე - დაიწყო ქართველი მოსახლეობის დარბევა. პარალელურად, გუდაუთასა და გაგრას ტოვებენ ქართველები. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ, ქართულ შენაერთს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა. დაიღუპა 4 ქართველი პოლიციელი.

აფხაზეთში გამოჩნდნენ ჩრდილოკავკასიელები. გუდაუთაში შეყვანილ იქნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 345-ე პოლკი. მოგვიანებით დადგინდა, რომ 345-ე პოლკი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად, განჯიდან შეიყვანეს აფხაზეთში. 345-ე პოლკი ყველა ბრძოლაში წინა ხაზზე იყო. 345-ე პოლკის შემდეგ კი თავგანწირვით იბრძოდნენ შამილ ბასაევისა და გილაევის დაჯგუფებები. აფხაზეთმა ომს 13 თვე და 13 დღე გაუძლო. 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზეთი დაეცა.

ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორია 300 ათასამდე ადამიანმა დატოვა, უმეტესად ქართველებმა. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა... მაინც, რა არის აფხაზეთი? პასუხი მარტივია - ტკივილისგან დატანჯული შენი სამშობოლო, მისი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დროებით ოკუპირებულია და სადაც აუცილებლად უნდა დაბრუნდე! 33 წელია, აფხაზეთიდან დევნილი 300 ათასი ქართველისთვის ეს ყოველდღიურობაა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში, 14 აგვისტო და 27 სექტემბერი - ორი უმძიმესი და ტრაგიზმით სავსე დღეებია! აფხაზეთის ომმა ჩემს თაობას წაართვა ლამაზი ბავშვობა; წაართვა მზიანი ქალაქი და ის გმირები, რომელთა სისხლით მოირწყა აფხაზეთის ულამაზესი ქუჩები!

სამწუხაროდ, აფხაზეთის ომმა უმძიმესი ისტორიები შემოინახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომელი, ზაირა ქებურია, აფხაზეთის ომის დროს 35 წლის იყო, როცა დახვრიტეს. მისი დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა და დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა. ორი შვილის დედა, შვილებთან ერთად, 1993 წლის 16 სექტემბერს ტყვედ აიყვანეს. იცოდნენ, რომ ქართველ ჯარისკაცებს ეხმარებოდა, ამიტომ ის ცალკე გაიყვანეს. უყვიროდნენ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ, მერე ერთ-ერთი ავტომატიანი ჩუმად მდგარ ქალს მიუახლოვდა და კონდახი თავში ჩაარტყა, მეორეც აჰყვა, ცოტა ხანში, მას „ბოევიკების“ მთელი ჯგუფი კონდახებით უმოწყალოდ სცემდა. დაშინების მიზნით, ირგვლივ დაიწყეს ავტომატის სროლა, ჯერ ფეხებში ესროლეს, შემდეგ კი მის ნაწამებ სხეულზე გადაატარეს ავტომატის ჯერი. ტყვედ აყვანილებს 15 წუთი მისცეს, რომ წამებით მოკლული მიწისთვის მიებარებინათ.

აფხაზეთის ომი ცნობილია თავისი უმძიმესი ისტორიებით და, რა თქმა უნდა, საკუთარი მძიმე ისტორიები აქვთ აფხაზებსაც. უმძიმესია ძმები თარბების ამბავი. 20 წლის ტყუპი ძმები ტყვედ აიყვანეს. ერთ-ერთმა ითხოვა, რომ მისი ძმის სიკვდილის მომსწრე არ გამხდარიყო და პირველი ის მოეკლათ, მაგრამ პირიქით მოხდა - ძმა მის თვალწინ დახვრიტეს, რამდენიმე წუთში, ისიც გამოასალმეს სიცოცხლეს. იმის მიუხედავად, რომ 33 წლის წინ, ქართველი და აფხაზი ერთმანეთს ტყვიებს ესროდნენ, დღეს რადიკალურად განსხვავებული ვითარებაა.

ამ მხრივ, სასიამოვნოა აფხაზი და ქართველი დედების დაახლოების ისტორია. უკვე წლებია, აფხაზი შავოსანი დედები იმ ქართველების სასაფლაოებს პატრონობენ, რომლებიც ომმა შეიწირა. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური ქსელი. მაგალითად, აფხაზები ადიან სასაფლაოზე, იღებენ ფოტოებს და უგზავნიან მათი ოჯახის წევრებს. პირადად მე, რომელსაც სოფელ კომანში, ორი ძმის საფლავი მაქვს, ჩემი აფხაზი მეზობლის დახმარებით ვახერხებ, რომ ყოველ აღდგომას, ჩემს მიერ შეღებილი წითელი კვერცხი და „პასკა“ ამშვენებდეს მათ საფლავს. თუმცა, სამწუხაორდ, ამას არაოფიციალური მხარე აქვს.

რუსების მიერ ოკუპირებულ და „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარებულ აფხაზეთის მოსახლეობას, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან, თავისუფლად შეუძლიათ, მაგალითად, სამედიცინო დახმარება რუსეთში მიიღონ, მაგრამ არჩევანს საქართველოზე აკეთებენ, მათ შორის, ეკონომიკური და ტურისტული კუთხითაც, რადგან ქართული მენტალობა უფრო ახლოსაა მათთან.

ქართველში არ არის ანტიაფხაზური განწყობა. საქართველოში აფხაზებს ჰყავთ მეზობლები, მეგობრები, ნათესავები და ეხმარებიან ერთმანეთს. რუსები კი მათ უყურებენ, როგორც ველურებს. ქართველისთვის აფხაზეთი მშობლიურია, არ „წეწავს“ აფხაზებს, ამიტომ მენტალური და იდენტური სიახლოვის გამო, ისინიც არჩევანს საქართველოს სასარგებლოდ აკეთებენ. აფხაზებს საქართველოში მშობლიური გარემო ხვდებათ და ცუდი დამოკიდებულებაც კი გასაგებია მათთვის.

აფხაზეთის ომის ვეტერანი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ომის წარუმატებლობა პოლიტიკური ნაბიჯებით იყო გამოწვეული, რადგან ყოველი წარმატებული შეტევის შემდეგ, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე აწერდნენ ხელს. ეს იყო რეალობა.

„ჩვენ გამოვდიოდით პოზიციებიდან, აფხაზები კი ძლიერდებოდნენ და ისევ თავიდან იწყებოდა ყველაფერი. ჩვენ აფხაზეთში გვებრძოდა რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი მოხალისე და ქუჩაში შეკრებილი ხალხი იყო წასული საომრად, წელიწადნახევარი ვიომეთ. ნამდვილად გული მწყდება იმაზე, რომ აფხაზეთის ომი დავიწყებული გვაქვს.

რა თქმა უნდა, 2008 წელსაც იყო გმირობის მაგალითები, მაგრამ არანაკლები იყო აფხაზეთში, თუ მეტი არა! არა მარტო ტრაგედიები, არამედ იყო გმირობის უამრავი მაგალითი, როგორც სამხედრო წარმატება, ასევე მხედრული გმირობა. ამ დროს, ჩვენ რას ვაკეთებთ? გასაგებია, უმძიმესია უკრაინის ომი, მაგრამ პირველ რიგში, შენს ომზე და შენს გმირებზე უნდა გააკეთო სწორება. წარმოიდგინეთ, მოსახლეობა არ ტოვებდა ქალაქებს და სოფლებს, ჩვენთან ერთად იბრძოდნენ“, - აცხადებს აფხაზეთის ომის ვეტერანი.

სხვის ომზე ყურდაღების გამახვილებას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე იმით ხსნის, რომ დღეს, მსოფლიოს ყურადღების ცენტრში არის უკრაინაში მიმდინარე ომი, მაგრამ ამ მსოფლიოს ყურადღება ვერ მიიღო საქართველოს ომმა.

„ამიტომ, შენც გირჩევნია, დადგე იქ, საითაც მსოფლიო იყურება. ამ მოვლენას მატრაკვეცობა ჰქვია. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრს გული შესტკივა, მაგრამ ასეთი სიხშირე, ასეთი გაზრდილი დემონსტრირება და ასეთი აქცენტით, ეს აჩენს მერე იმ გულისტკივილს, რაზეც თქვენ ისაუბრეთ და აბსოლუტურად გეთანხმებით. ნაკლები ტრაგედია ნახა საქართველომ, ჯერ 1992-93 წლებში, აფხაზეთში, შემდეგ 2008 წელს?! რა თქმა უნდა - არა. აბა, გავიხსენოთ, რამდენი ოჯახიდან ისმოდა მაშინ კივილის ხმა! საშინელება ხდებოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ ოჯახებში და სადიზმით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა იმას, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

ვიცით ეს ისტორიები? - სამწუხაროდ - არა! ამ მაგალითებიდან, ამდენი მსხვერპლიდან და ტრაგედიიდან ვისწავლეთ რამე? - არა! რამდენი ტრაგედია გადაგვივლია საუკუნეთა განმავლობაში, მარტო ბავშვების მკვლელობა რომ აიღო, როგორც მოვლენა, შეგზარავ, მაგრამ ვისწავლეთ, შევიძინეთ რამე? - არა! ამიტომ, საჩვენებლად ხდება ყველაფერი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, რამაზ საყვარელიძემ.

კითხვაზე, გვასწავლა თუ არა რამე აფხაზეთის ომმა, პოლიტიკის დოქტორი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა პასუხობს, რომ გვასწავლა. სერიოზული გაკვეთილები მივიღეთ, ვნახეთ, რომ ომი უბედურებაა. მისი თქმით, ზედმეტი ქაფი მოიხადა, დაღვინდა ქართველი. ნახა, ვინ მეგობარია და ვინ - მტერი.

„საიდან მოდის მეტი საფრთხე, ესეც ხომ ვნახეთ? მეორე მსოფლიო ომში, ფაშიზმთან ბრძოლაში, სხვადასხვა მონაცემებით, 300-დან 400 ათასამდე დაღუპული გვყავს. 90-იან წლებში, რაც დასავლეთთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან მეგობრობა დავიწყეთ, 3 მილიონი ადამიანი დავკარგეთ - მიუღებელი ნამატი და აქედან წასული ხალხი. აი, ეს არის „მეგობრობა“. ვართ, თუ არა ჩვენ დამნაშავეები? რა თქმა უნდა, ვართ. ჩვენი ელიტები არიან უკიდურესად დამნაშავეები, ვისაც ეს უნდა სცოდნოდა, ან შეიძლება იცოდა და არ თქვა ეს ყველაფერი, გარკვეული ვალდებულებების გამო.

ამაზე მწყდება გული. ბევრი ისეთი უაზრო შეცდომა დაუშვით, რომ პირდაპირ, როგორც მარიონეტებს ისე გვმართავდნენ და გვაპამპულავებდნენ მთელი ეს 30 წელი. თუმცა, ახლა რეალობა შეიცვალა, ხალხმაც ისწავლა ჭკუა. ივანიშვილიც ის ფიგურაა, რომელსაც ესმის რეალური პროცესები და არა ის, რაც ტელევიზორშია. თქვენს კითხვაზე, რა გვასწავლა ომმა და რა გაკვეთილი მივიღეთ - ზუსტად ის მივიღეთ, როგორც იქცევა ახლა, ივანიშვილი და ქართველი ხალხის მოაზროვნე ნაწილი. სამშვიდობო პოლიტიკა და არცერთი ბანაკის წევრობა! ყელყელაობას მოვეშვათ, არ გვინდა ჩვენ საერთაშორისო რადარებზე ყოფნა! მშვიდობის გარეშე, აზრი არ აქვს არაფერს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ირაკლი გოგავა.