ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ძალიან დიდი რისკი ახლავს. აქტივისტები ერთგვარ რეპეტიციას გადიან, როგორ უნდა იძალადონ და მოაწყონ პროვოკაციები საარჩევნო უბნებზე, რათა შეძლონ საზოგადოების მობილიზება რუსთაველის გამზირზე და შედეგების გამოცხადების პარალელურად, დაიწყონ დაუმორჩილებლობა, რაც უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რასაც ოპოზიცია გამოიყენებს, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხია, რაც მთელი საარჩევნო პროცესის მთავარი თემა იქნება.
პოლიტიკური პარტია „ლელო“ არჩევნებში მონაწილეობს, მაგრამ ამ დრომდე არ ჰყავს მერობის კადიდატი. არ ჰყავს სწორედ იმიტომ, რომ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფი გახარია პარტიას ულტიმატუმს უყენებს. იმ შემთხვევაში, თუ ერთიანი კანდიდატი არ იქნება თბილისის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი შარაშიძე, საქმე პოლიტიკურ განქონწინებამდე მივა. სწორედ ამ საკითხის გასარკვევად, ქვეყნიდან გაქცეულმა გიორგი გახარიამ, პარტიის წევრები სასწრაფო წესით ბერლინში გამოიძახა.
მერობის საკუთარ კანდიდატს ითხოვს პატიმრობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე და მიაჩნია, რომ „ლელო“ იმსახურებს საკუთარი პარტიის წევრის წარდგენას, რადგან პარტიის ლიდერები „პოლიტიკური მოტივით“ არიან დაპატიმრებულნი, ხოლო გახარია გაქცეულია. თუმცა, პოლიტიკურ ქორწინებაში მყოფი პარტიის წევრები თანხმდებიან ერთ საკითხზე - მერობის კანდიდატი არ უნდა იყოს ალეკო ელისაშვილი, რომლის მიმართ საზოგადოებაში საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულებაა და რაც მთავარია, არ აქვს საზოგადოების ნდობა. ასე, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, შეთანხმდებიან თუ არა ერთიან კანდიდატზე.
ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ადგილობრივმა არჩევნებმა საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მისი თქმით, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, ადგილობრივი არჩევნები უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გარკვეულ ხედვებს, კონსპირაციას.
„ადგილობრივმა არჩევნებმა საგანგებო პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში, ამ პროცესების შემყურე, რომელიც უამრავ სისხლსა და ცრემლს წარმოშობს, რასაკვირველია, სტაბილურობა შეხსენების საგანი იქნება. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ომი მიდის იმისთვის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება და მოვიდეს მარიონეტული ჯგუფი, რომელიც შეასრულებს გარედან მიღებულ დავალებებს. ადგილობრივი არჩევნებიც უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გარკვეულ ხედვებს, კონსპირაციას და ა.შ. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა სოციალური საკითხებია და ის კონკრეტული ამოცანები, რომლებიც უნდა გადაწყვიტოს ადგილობრივმა ხელისუფლებებმა, როდესაც ვსაუბრობთ საზოგადოების პრობლემებზე, ინტერესებზე, განათლებაზე, სოფლის მეურნეობაზე, ეკონომიკაზე და უამრავ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ თემებს, გამოწვევებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, პოლიტიკურ სივრცეში ცარიელი ადგილი არ რჩება, გამოჩნდებიან პოლიტიკური ჯგუფები, გაერთიანებები, რომლებიც ამ ეტაპზე თუ არ გაიმარჯვებენ, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოებას დაამახსოვრებენ თავს და მომავალში კიდევ ცდიან ბედს პოლიტიკურ ასპარეზზე გასამარჯვებლად.
„ექსპერტების შეფასებით, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ამას საქართველოსთვის კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს - არ ჩამოყალიბდა ჯანსაღი, სტაბილური პოლიტიკური ატმოსფერო, როდესაც პოლიტიკური გუნდები ცნობილნი არიან პროგრამებით, იდეებით, ლიდერებით და ძალიან ძნელია, გაჩნდეს ახალი, თუ მას არ გააჩნია ის ინტელექტუალური რესურსი, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე გამარჯვებისთვის არის საჭირო. ეს ატმოსფერო და ვითარება საქართველოში დღეს არ შექმნილა.
არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, პოლიტიკური ძნელად თუ დაერქმევა იმ ხალხს, ვინც ცდილობს, წავიდეს რევოლუციური გზით და საქართველოში დესტაბილიზაცია მოიტანოს, ხელისუფლებაში მოვიდეს. იმ პარტიებმა, რომელთა შემადგენლობას საზოგადოება, ასე თუ ისე, იცნობს, გარედან შემოსული ინსტრუქციის მიმართ დაქვემდებარება და ამის რეალიზაციისათვის ფულადი რესურსის მიღება გაიხადეს მთავარ ამოცანად“, - აცხადებს გიორგი ვოლსკი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, დავით კუხალაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებს ახლავს რისკები. პირველ რიგში, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა სახიფათოა და თუ ამ პროცესს დავაკავშირებთ იმასთან, რომ რეალურად, ასეთი ტიპის არხების აწყობა სახელმწიფო გადატრიალების ბიუჯეტისათვის, ტერორისტული აქტისთვის, პოლიტიკური და სადაზვერვო პროპაგანდისთვის ძალიან კარგია, მისი თქმით, ამის ერთი ნიშანი სახეზე უკვე გვაქვს.
„მეორე და მნიშვნელოვანი - დაუსაბუთებელი კომპრომეტაციის მასშტაბები ძალიან მაღალია. კვლავ მუქარები და, პრაქტიკულად, ნულოვანი რეაგირება სამართალდამცავი სტრუქტურების მხიდან. მესამე ნიშანი გახლავთ კრიმინალური სამყაროს გააქტიურება. ზოგადად, ასეთი ფორმულირება შეიძლება მივცეთ ამ პროცესს - როდესაც უცხო ქვეყნის სადაზვერვო სამსახურების მიერ, კონკრეტულ სახელმწიფოში იგეგმება რაღაც ტიპის გადატრიალება, არ არსებობს გადატრიალების სახეობა, სადაც პირდაპირი, ან ირიბი ფორმით არ იყენებდნენ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს.
ამიტომ, რას ნიშნავს კრიმინალური სამყაროს კავშირების გააქტიურება? - ეს არის შიდა და საგარეო კავშირების გააქტიურება და, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ოფიციალური, თუ არაოფიციალური ვიზიტები ქვეყანაში. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიმართულებაც გააქტიურებულია. ეს არის ნიშანთა ერთობლიობა, რაც ადასტურებს, რომ არსებობს სამზადისთა გარკვეული ერთობლიობა იმისთვის, რომ პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის ერთგვარი საფუძველი შეიქმნას“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.
მისი თქმით, ამ პროცესში უნდა განვიხილოთ ისიც, რომ უცხო ქევყნის სადაზვერვო ხასიათის პოლიტიკური პროპაგანდისთვის ნიადაგი მომზადებულია იმ კუთხით, რომ პოლიტიკურ ლიდერთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას და სწორედ, ამის გამო მოხვდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„თუმცა, ყველა ეს პროცესი ფორმირებულია ისე, რომ აი, როგორ დევნიან და ჩაგრავენ პოლიტიკურ ოპოზიციას საქართველოში. ყველა პროცესში, რომელშიც პირდაპირ არის გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნები, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, ყველაფრის პროპაგანდა მიდის ისე, რომ ეს არის შეთითხნილი დანაშაული და არაფერი იქ არ მომხდარა. მერე რა მოხდა, რომ პოლიციელს ხელი დაარტყეს და ა.შ. თუ ეს პროცესები ასე გაგრძელდება, ადამიანები პოლიციელებს დაუწყებენ გინებას, დაესხმებიან თავს, მივიღებთ იმას, რაც უკვე გვქონდა, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა. ამას რამდენად გადაიტანს ქვეყანა, რთული სათქმელია“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დავით კუხალაშვილმა.