ზუსტად ერთი თვის წინ გაფორმებული საარჩევნო ხელშეკრულების მიუხედავად, ოპოზიციური პარტიები - „ლელო“ და გიორგი გახარიას გუნდი საერთო კანდიდატებზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ. ეს გაურკვევლობა განსაკუთრებით თვალშისაცემია „ქართული ოცნების“ ფონზე, რომელმაც უკვე 63-ვე მუნიციპალიტეტში წარადგინა მერობის კანდიდატები, რითაც ოპონენტებს მნიშვნელოვნად უსწრებს წინასაარჩევნო კამპანიაში. პოლიტიკური გაურკვევლობის ფონზე, მემორანდუმის ხელმომწერები, გიორგი გახარიასთან შეხვედრის მიზნით ბერლინში გაემგზავრნენ. არსებული ინფორმაციით, ბერდია სიჭინავა და ირაკლი კუპრაძე გერმანიის დედაქალაქში თავად გახარიამ დაიბარა.
სხვათა შორის, ამ მოგზაურობის შესახებ, პარტიების ოფიციალური კომენტარები წინააღმდეგობრივია. „ლელოში“ აცხადებენ, რომ პარტიის გენერალური მდივნის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მსგავსი პოზიცია აქვს გახარიას გუნდსაც, სადაც პარტიის აღმასრულებელი მდივნის შესახებ არაფერი იციან.
ეს დუმილი და ინფორმაციის არქონა კიდევ უფრო ამძაფრებს კითხვებს ოპოზიციურ ბანაკში არსებული არეულობის შესახებ. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თავად გიორგი გახარიას დაბრუნება საქართველოში კვლავაც გაურკვეველია.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კატეგორიულად აფასებენ ოპოზიციურ ბანაკში შექმნილ ვითარებას. მმართველი პარტიის აზრით, ექსპრემიერი გიორგი გახარია საქართველოდან გაიქცა და დაბრუნებას არც აპირებს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა თქმით, - „გახარია ბილეთის აღებას არც აპირებს.“
მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ „ლელოსა“ და გახარიას გუნდის შეუთანხმებლობა ბუნებრივია, რადგან თავად გახარია მითითებებს ქვეყნის გარედან გასცემს.
ამ მოვლენებთან დაკავშირებით, სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოხატავენ საკუთარ პოზიციას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „გირჩმა“ პარალელები გაავლეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხთან და გახარიას გუნდის განცხადებებთან. „გირჩში“ არ გაჰკვირვებიათ კოლეგების ბერლინში გამგზავრება.
გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია გახარიას გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ. გავრცელებული ცნობით, პარტია დატოვა თეონა აქუბარდიამ, თუმცა თავად პოლიტიკოსი ამ ინფორმაციას უარყოფს. მიუხედავად უარყოფისა, ის აცხადებს, რომ ბოიკოტს უცხადებს 4 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს, რომელშიც მისი პარტიაც მონაწილეობს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გახარიას პარტიაში არსებულ შიდა პრობლემებსა და აზრთა სხვადასხვაობას.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ საერთაშორისო მდივნის, გრიგოლ გეგელიას კომენტარი კიდევ უფრო აბნევს სურათს:
„ორი დღეა არ გვისაუბრია, არ მეცალა არც მე და არც მას, ასე რომ, არ ვიცი. ჩემთვის არ არის მსგავსი შეხვედრის შესახებ ცნობილი. შეიძლება გაემგზავრნენ, შეიძლება არ გამგზავრებულან, არ ვიცი. ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. ვართ ძალიან ახლოს იმასთან, რომ საზოგადოებას წარვუდგინოთ ის ადამიანი და ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იბრძოლებს ამ ქალაქის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და სივრცეების დასაბრუნებლად“, - ამბობს გეგელია.
ეს განცხადება, მიუხედავად იმედისმომცემი ტონისა, კიდევ უფრო მეტ კითხვას აჩენს პარტიის შიგნით არსებულ კომუნიკაციასა და ლიდერშიპთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ აქტიურად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას და კანდიდატებს წარადგენს, „ლელო“ და გახარიას გუნდი კვლავაც შიდა პრობლემებსა და გაურკვევლობებში არიან ჩაფლულნი.
ამ ვითარებაში, ოპოზიციისთვის გადამწყვეტი იქნება, რამდენად სწრაფად შეძლებენ ისინი საერთო ენის გამონახვას და გაერთიანებული ძალით წინსვლას.
ანალიტიკოსი გია აბაშიძის თქმით, ეს სიტუაცია ნათლად აჩვენებს ოპოზიციური ველის უუნარობას, ეფექტიანად იმოქმედოს და კონსტრუქციული დღის წესრიგი შესთავაზოს საზოგადოებას. ანალიტიკოსი for.ge-თან მიიჩნევს, რომ ეს გაურკვევლობა მოსალოდნელიც იყო, რადგან ორივე პარტია ერთმანეთს თვალის დასანახად ვერ იტანს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ოპოზიციის შიგნით ვხედავთ ასეთ დისონანსს. „ლელოსა“ და გახარიას გუნდის კანდიდატებზე ვერშეთანხმება, ისევე, როგორც ბერლინში გამართული იდუმალებით მოცული შეხვედრები, მხოლოდ ადასტურებს, რომ მათ არ აქვთ ერთიანი ხედვა და ნდობა ერთმანეთის მიმართ“, - აცხადებს აბაშიძე.
ანალიტიკოსი ხაზს უსვამს იმას, რომ „ქართული ოცნება“ უკვე აქტიურად ემზადება არჩევნებისთვის და 63-ვე მუნიციპალიტეტში წარადგინა მერობის კანდიდატები, რაც აშკარა კონტრასტშია ოპოზიციის უმოქმედობასთან.
„როდესაც მმართველი გუნდი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ხვდება, ვინ სად უნდა იყოს და ვის რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ეს არის კრიზისი, რომელიც ხელს უშლის მათ რეალურ წინსვლაში. როდესაც ლიდერი ქვეყნის გარეთაა და მისი გუნდის წევრებიც კი არ ფლობენ ინფორმაციას მისი ადგილსამყოფელის შესახებ, ეს უკვე სერიოზულ პრობლემაზე მეტყველებს. ეს უფრო გაქცევას ჰგავს, ვიდრე სტრატეგიულ ნაბიჯს. ვინც საქართველოდან გაიქცა, ის ვერასდროს მოიპოვებს ხალხის ნდობას“, - აცხადებს აბაშიძე.
რაც შეეხება თეონა აქუბარდიას შესაძლო წასვლასა და მის ბოიკოტს, აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს გახარიას პარტიაში არსებული სერიოზული განხეთქილების ნიშანია.
„შიდა დაპირისპირება, ლიდერშიპის არარსებობა და უთანხმოება აუცილებლად გამოიწვევს მათ მარცხს. ეს არის დაუგეგმავი, ქაოსური პროცესი, რომელიც მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხელს“, - ამბობს ანალიტიკოსი.