ერდოღანი მესხეთელი თურქების საქართველოში რეპატრიაციის აუცილებლობაზე საუბრობს

ერდოღანი მესხეთელი თურქების საქართველოში რეპატრიაციის აუცილებლობაზე საუბრობს

საქართველოსა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი თემა თურქი მესხების საქართველოში რეპატრიაცია იყო. ერთობლივ ბრიფინგზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი საუბრობდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომ საქართველო და თურქეთი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მონაწილეები არიან. ამავე კონტექსტში, თურქეთის ლიდერის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილთან შეხვედრაზე თურქი მესხების საკითხიც განიხილეს, რა დროსაც თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ მათი დაბრუნების პროცესს მხარს დაუჭერს.

„ჩვენ არა მხოლოდ მზად ვართ ღრმა ურთიერთობებისთვის, არამედ მზად ვართ, სამომავლოდ განვავითაროთ ურთიერთობები რეგიონში. მე აგრეთვე გადავეცი პრეზიდენტ ყაველაშვილს ჩვენი მოლოდინები თავიანთ საცხოვრებლებში მესხი თურქების ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების შესახებ. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი და ამ პროცესს, საჭიროებისამებრ, ნებისმიერ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ. აგრეთვე მინდა, ხაზი გავუსვა, რომ საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება და გამყარდება ჩვენი ხალხების ნების საფუძველზე. მადლობა პრეზიდენტ ყაველაშვილს, მის დელეგაციას და მოკითხვა საქართველოს მეგობარ ხალხს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, თურქეთში შეხვედრებისას, ყველა თემას შეეხნენ. მთავარი პოლიტიკური შეხედულებებია, ის, რომ ორივე ქვეყანა ძალიან დაინტერესებულია მშვიდობის პოლიტიკით ამ რეგიონში. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს ბევრი რამ აერთიანებთ.

„თურქეთი ერთ-ერთი ინიციატორი იყო რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე, რომ შუამდგომლობა გაეწია შერიგების პროცესში. ჩვენც მუდმივად ვმონაწილეობდით აზერბაიჯან-სომხეთის თემაში. ყველა მივესალმებით, რომ ეს პროცესი დასასრულს უახლოვდება. თავად თურქეთისა და სომხეთის ურთიერთობებიც პოზიტიურ შედეგს იძლევა. ჩვენი ურთიერთობები ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

რა გვაქვს ერთიანი? - ხედვები. მათ მომილოცეს და აღნიშნეს, რომ  ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლება, რომელიც ხალხის მიერ არის არჩეული. ხმამაღლა აღინიშნა, რომ ჩვენ საერთო გვაქვს პატივისცემა, ეროვნული ინტერესი, ღირებულებები, მშვიდობის პოლიტიკა. საკმაოდ ძლიერი ლიდერია ბატონი ერდოღანი, ის თავისი ქვეყნის, თავისი ეროვნული ინტერესების დამცველია. სწორედ ამაში ვართ ჩვენ სოლიდარულები“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ მოულოდნელად გაჟღერებულმა საკითხმა, როგორიც არის თურქი მესხების დაბრუნება, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საზოგადოებაში. საქართველოს ხელისუფლებას, ჯერჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ანალიტიკოსი, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც შესაძლოა, თურქი მესხების საქართველოში დაბრუნებას მოჰყვეს. ანალიტიკოსის განცხადებით, ერდოღანმა უნდა იცოდეს, რომ საქართველო არ დაეთანხმება მის განაცხადს, თვითონ ამ თემის წამოწევამ შეიძლება გააძლიეროს მისი პოზიციები შიდა ფრონტზე და მეზობლებს შეახსენოს, რომ ანკარას სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი ინტერესები აქვს. ამასთან, მისი თქმით, ერდოღანის განცხადებას, შესაძლოა, რამდენიმე ფარული მიზანი ჰქონდეს, მათ შორის, საქართველოში პოლიტიკურად აქტიური თემების ჩამოყალიბება, რომლებიც ანკარის ინტერესს გაატარებენ, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით.

„არც ერთი კვირა, ახალი შიშების გარეშე! - პროექტის ფარგლებში, თურქეთიდან ახალი ფობია წამოგვეწია. ამჯერად - „თურქი მესხები“. საქართველოში მათი დაბრუნების თემა უმეტესად არა ჰუმანიტარული, არამედ სტრატეგიული საკითხია, რომელსაც ქვეყანა, ათწლეულებია, თავს არიდებს, რადგან მიიჩნევს, რომ ამან შეიძლება დემოგრაფიული ბალანსის შეცვლა გამოიწვიოს, განსაკუთრებით, სამცხე-ჯავახეთში, სადაც ისედაც რთული ეთნოპოლიტიკური ვითარებაა სომხური უმრავლესობის გამო. ახალი ეთნიკური დაძაბულობა შექმნას და წარმოშვას თურქეთისადმი ლოიალური უმცირესობა სტრატეგიულად მგრძნობიარე რეგიონში, შიდა უსაფრთხოება შეარყიოს, თუ პროცესი უკონტროლოდ, ან გარე გავლენებით წარიმართება“, - წერს ანალიტიკოსი.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, ჩვენი პოზიციიდან ნებისმიერი გარე ზეწოლა აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და როგორც თურქეთის მცდელობა, გააფართოოს თავისი კულტურულ-პოლიტიკური გავლენის არეალი საქართველოს სამხრეთში, რაც საქართველოსთვის მიუღებელია, მაშასადამე, განუხორციელებელია.

„რა თქმა უნდა, ამას აქვს შიდა პოლიტიკური ასპექტიც: ერდოღანი საკუთარ აუდიტორიას, განსაკუთრებით, თურქეთში მცხოვრებ „თურქი მესხების“ დიასპორას, რომელთა რაოდენობა ასეულ ათასს აჭარბებს, უჩვენებს, რომ ის „არ ივიწყებს თანამემამულეებს“ და ზრუნავს „ისტორიული სამართლიანობის აღდგენაზე“. ეს ზრდის მის იმიჯს, როგორც „ყველა თურქის დამცველის“, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი“, - წერს დავით ქართველიშვილი.

უფლებადამცველის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, 2025 წლის 12 აგვისტო ყველა ქართველს დაგვამახსოვრდება იმ პოლიტიკური კურიოზით, რომელიც მსოფლიო მართლმადიდებელი საზოგადოების წინაშე, საუკეთესო კუთხით ნამდვილად არ წარმოგვაჩენს.

მისი თქმით, ერთი მხრივ, პრემიერის მიერ საფუძველი ეყრება 1998-2004 წლებში დამკვიდრებული ტრადიციის აღდგენას - დიდგორის ბრძოლაში, დავით აღმაშენებლის საქართველოს ისტორიული გამარჯვების საზეიმოდ აღნიშვნას, ხოლო მეორე მხრივ, იმავე დღეს მომხდარ დიდ იმედგაცრუებას, მეზობელ თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტისადმი, პრეზიდენტ ერდოღანის უცერემონიო, მენტორულ ტონში გაკეთებულ განცხადებას - მესხეთელი თურქების საქართველოში რეპატრიაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

„ყელასათვის ცნობილია, თუ რარიგ მტკივნეულად აღიქვამდა თურქეთის ოფიციოზი 12 აგვისტოს, „დიდგორობის“ ზეიმს საქართველოში. იმდენად მძიმედ, რომ 2004 წელს, პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის არჩევისთანავე, მოსთხოვეს მას შეეჩერებინა აღნიშნული ისტორიული თარიღის ოფიციალურად აღნიშვნა, ვინაიდან, თურმე, ის ეწინააღმდეგებოდა ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას. 2004 წლის შემდეგ, ძველი ტრადიცია საქართველოში აღდგა 2025 წლის 12 აგვისტოს და რეაქციამაც არ დააყოვნა.

იმავე დღეს, ანკარაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ მიხეილ ყაველაშვილს მოუწია დიდი სულთნის ვერდიქტის მოსმენა მესხეთელი თურქების რეპატრიაციასთან დაკავშირებით, რომლებიც 1944 წლის ნოემბერში გადაასახლეს შუა აზიაში და საიდანაც მათ შემდგომ, მოუწიათ იძულებით გადაადგილება და განთესვა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში! ძაღლის თავი კი დამარხულია 1999 წელს, საქართველოს ევროპის საბჭოს წევრად არჩევის გარკვეულ პირობებში, რომელთაგან ერთ-ერთი გულისხმობდა მესხეთელი თურქების რეპატრიაციას საქართველოში და რის გამოც 2007 წელს, სააკაშვილმა კანონიც მიიღო, თუმცა მას არ ეწერა აღსრულება, მრავალი ობიექტური მიზეზის გამო.

დღეს კი, 25 წლისთავზე, ოფიციალურმა თურქეთმა ფაქტობრივად მოითხოვა ჩვენგან, მათი დაბრუნება ჩვენს ტერიტორიაზე და ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამას (პრეზიდენტ ერდოღანის გამოსვლიდან), თუ რამდენად მოულოდნელი იყო ასეთი კონტრასტი ორ ტრიბუნას შორის - დიდგორსა და ანკარაში. ჯერ ოფიციალური განმარტება ჩვენი ხელისუფლებისგან არ მოგვისმენია, რაც აძლიერებს და ამძაფრებს დრტვინვას ქართულ საზოგადოებაში. არადა, დრო ჩვენზე არ მუშაობს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

 

Gami ისიც არ გამოგრჩეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს გაშლილი დროშებით და ცხენოსანი სამხედრო ექსკორტით მიაცილეს კვაზი სულთანის სასახლემდე. ნუ ინერვიულებენ, ვინც აღელდა -- ერდოგანმა თქვა, ყაველაშვილმა მოისმინა, მორჩა. ბოლოს, ყველამ გაიხსენოს ვინ მისცა პირობა ე. წ. თურქი მესხების ჩამოსახლების --- "მოქალაქე" ზურაბ ჟვანიამ.
2 საათის უკან
დოი ვირეშმაკული იყო თურქების ნაბიჯი,დიდგორის დღეს ვიზიტის დაგეგმვა,პროტოკოლს ვერ გადავაბიჯე და ვირეშმაკულად მოთხოვნაც გააჟღერა...ხოდა დაელოდონ ჟვანიას მკვდრეთით აღდგომას,ხომ მან მიიღო ეს მოთხოვნა თურქებისგან....ყველამ მოისმინა და წამოვიდა...თუ უნდათ თურქეთში,ნამდვილ სამშობლოში დააბრუნონ!
1 საათის უკან