გურამ ოდიშარია, მაია ფანჯიკიძე, ირაკლი ალასანია, თამარ სანიკიძე, - მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს პირველები მთავრობის სწორედ ეს წევრები დატოვებენ ან სამინისტროს შეიცვლიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ფანჯიკიძეს ელჩობას შესთავაზებენ, მის ადგილს კი ირაკლი ალასანია დაიკავებს. აშკარაა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მეტად რთული გამოწვევების წინაშეა, ამიტომაც ეს სფერო „ამოსაწევია“.
რაც შეეხება კულტურის მინისტრს, ის შვებულებაშია და სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. არც მაშინ უპასუხია, როცა ბიძინა ივანიშვილმა მას გამოცდილება, პრინციპულობა დაუწუნა. სამაგიეროდ, ოდიშარია სოციალურ ქსელში განცხადებებს ავრცელებს და მინისტრობის დროინდელ დეტალებს იხსენებს.
თამარ სანიკიძის შესახებაც ვრცელდება, რომ მისი ბედიც გადაწყვეტილია. მედიაში ამის მიზეზად ის სახელდება, რომ სანიკიძე მარგველაშვილის კადრია.
„არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენს მთავრობაში არავინ არის შეუცვლელი და თუ ვინმეს თავი შეუცვლელი ჰგონია, სწორედ ის შეიცვლება ყველაზე სწრაფად. რაც შეეხება მინისტრთა კაბინეტს და მინისტრებს, რა თქმა უნდა, არ ვარ აღფრთოვანებული ყველა მინისტრის მუშაობით. მე მათგან და უპირველესად, საკუთარი თავისგან, მაქსიმუმს მოვითხოვ. მაქვს შენიშვნები რამდენიმე მინისტრის მუშაობასთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი და განმარტავს, რომ ჯერ კიდევ დაკვირვების პროცესშია, ელის, რომ ისინი მენეჯმენტში ხარვეზებს გამოასწორებენ, მოგვიანებით კი, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვის და როდის შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში, ეს დროის ფაქტორზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ ის მთავრობის რამდენიმე წევრის მუშაობით უკმაყოფილოა, თუმცა კონკრეტიკისგან თავს იკავებს, განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც მინისტრები ძალიან კარგ და, უბრალოდ, კარგ მინისტრებად დაახარისხა. ცუდის კატეგორიაში კი არცერთი მათგანი არ გაიყვანა.
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მინისტრების საქმიანობით უკმაყოფილება ზოგიერთებმა ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს დაუკავშირეს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა ცალკეული მინისტრებით აღფრთოვანება არ გამოხატა, ირაკლი ღარიბაშვილის გაფრთხილებამაც არ დააყოვნა.
სხვათა შორის, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობაში შესაძლო ცვლილებების შესახებ ჯერ კიდევ მიმდინარე წლის იანვარში საუბრობდნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ხადურის „ჩამოლაბორანტება“, რომ შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს ჩაანაცვლებდა; შს მინისტრის პორტფელს ჭიკაიძის მოადგილე გიორგი ზედელაშვილი ჩაიბარებდა; სოზარ სუბარი კი ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ ფონდს გაუწევდა ხელმძღვანელობას. თუმცა იმ პერიოდში ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
შეცვლის თუ არა ამჯერად პრემიერი ოთხ მინისტრს და მოხდება თუ არა მთავრობის გადახალისება, ამ თემაზე ექსპერტები გვესაუბრებიან.
For.ge-სთან საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ეჭვობს, რომ საკადრო საკითხებში ირაკლი ღარიბაშვილმა ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღოს, ან ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე იმოქმედოს. ამის მიზეზი ისაა, რომ ჯერ ღარიბაშვილი ისე არ მომაგრებულა და არ გაშინაურებულა მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე, რომ ასეთი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს. თუმცა აღნიშნული მინისტრებით არც სოსო ცინცაძეა კმაყოფილი.
„გურამ ოდიშარია წესიერი კაცია, კარგი მწერალია, მაგრამ კულტურის სამინისტრო სამართავად მეტად რთულია. კომუნისტების დროიდან ორი სამინისტრო ითვლებოდა რთულად - კულტურა და ჯანდაცვა. აქ ყველა მინისტრი ისე მიდიოდა, როგორც კატორღაში, მით უმეტეს, კულტურის სამინისტროში, რადგან შემოქმედებითი ხალხი ცოტა კაპრიზულია, ინტრიგები მათთვის უცხო არ არის, ყველას თავი შალიაპინი ან გალაკტიონი ჰგონია, ცოტა ხორკლიანი ხალხია. მადლობა ღმერთს, ჯანდაცვის დღევანდელ მინისტრთან საპრეტენზიო არაფერი გვაქვს. ფანჯიკიძე რომ გაუგებრობაა, ეს თავიდანვე ცხადი იყო. თუ ის გადააყენეს, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს დაგვიანებით განხორციელდა. ალასანია როგორი მინისტრია, ვერასდროს გავიგებთ, რადგან სპეციფიური სამინისტროა, თავდაცვის მინისტრის დადებით და უარყოფით კონტექსტში მსჯელობენ მოგებული ან წაგებული ომის შემთხვევაში. ღმერთმა ნუ ქნას, კიდევ ერთი ომი დაგვჭირდეს საიმისოდ, რომ გავიგოთ, ალასანია როგორი მინისტრია. საკადრო პოლიტიკა ყველა მთავრობისთვის ლაკმუსის ქაღალდია. საკადრო პოლიტიკა ყველაფერს წყვეტს, ასე იყო მე-5, მე-15, და 21-ე საუკუნეებში. საკადრო პოლიტიკაში ჩანს ლიდერის გამჭრიახობა და ხალხის შერჩევის უნარი. ივანიშვილმა აღიარა, მარგველაშვილი სულ სხვა მეგონა და თურმე რა ყოფილაო. ამით გვითხრა, რომ შეუცდომელი არ არის კადრების შერჩევაში. ყველა ეს კადრი ივანიშვილის შერჩეულია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ აქაც იყო შეცდომა დაშვებული საკადრო პოლიტიკაში“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
მისივე თქმით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცალკეულ მინისტრებს არჩევნების შემდეგ გადააყენებენ, თუმცა მას არ ესმის, რა კავშირი აქვს არჩევნებს საკადრო პოლიტიკასთან. ხომ შეიძლება, არჩევნები სულაც არ ჩატარდეს? მაშინ რა ვქნათ, მინისტრებს საქმე ვაფუჭებინოთ?
მისი განმარტებით, ნაციონალები კადრებს არჩევდნენ პირადი ერთგულებით, თავიანთი გუნდიდან. სააკაშვილს ჰყავდა მრავალსტაჟიანი თანამებრძოლები, რომელთაც ერთად ყოფნის ხუთ და ათწლიანი სტაჟი ჰქონდათ. ივანიშვილმა კი უცბად, შემთხვევით შეკრიბა გუნდი, მას არ ჰქონდა სელექციის საშუალება და ვინც მის გვერდით იყო, ან ვისაც ტელევიზიით უყურებდა, მათ ნიშნავდა პოსტებზე.
პოლიტოლოგის თქმით, ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ნაკლებად იცნობდა, მით უმეტეს, ოპოზიციურს. ტელევიზიაში ყოველდღე ხედავდა მარგველაშვილს, უსუფაშვილს და საქმეში არცერთი მათგანი არ ჰყავდა გამოცდილი. შესაბამისად, ბუნებრივია ის დაპირისპირებაც, რაც მარგველაშვილ-ივანიშვილს შორისაა. მარგველაშვილი მზად უნდა ყოფილიყო, ყველაფერი შეეთანახმებინა ივანიშვილთან. ის ხომ იმიტომ გახდა პრეზიდენტი, რომ თვალში მოუვიდა ივანიშვილს.
„რაც შეეხება სხვა მინისტრებს, მთავარია, დარგს თუ დაეტყო მათი ყოფნა. სოფლის მეურნეობას დაეტყო? მე ვერაფერს ვხედავ. ვერც მრეწველობაში ვერ ვხედავ, ვერც განათლებაში ვხედავ ვერაფერს. განათლებაში, უბრალოდ, მარგველაშვილის კადრი იყო და ეტყობა, იმიტომ დადეს ნიჩაბზე ქალბატონი სანიკიძე. ადამიანს, რომელიც სამი კაცის უფროსი არასდროს ყოფილა, უცებ აბარებ ყველაზე რთულ სამინისტროს სამართავად, თანაც, უკვე ასაკოვან ადამიანს?! ის ხომ არ არის ახალგაზრდა, რომ კიდევ რამე ისწავლოს. ჩვენთან არაპროფესიონალიზმი არასდროს აღმოიფხვრება, სანამ მინისტრები პარტიული პრინციპით ინიშნებიან“.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ, თავისთავად, უმადური საქმეა ისეთი მოვლენის პროგნოზი, რომელიც ვითარდება მხოლოდ ერთი ადამიანის შეხედულების საფუძველზე. ჯერჯერობით, პრემიერ-მინისტრი არ აკონკრეტებს თავის ხედვას, რაც გარკვეულ შფოთს იწვევს თავად მინისტრებს შორის. ეს კი საკუთარი ავტორიტეტის ამაღლების საკმაოდ ძველი მეთოდია და არცთუ მაინცდამაინც ეფექტური მეთოდი.
„ამ თემებზე საჯარო განცხადებებს სჯობს, სრულიად კონკრეტულად, პირადი საუბრის საფუძველზე მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები პრემიერ-მინისტრმა. ხოლო, თუ ვინმეს გავლენის ქვეშ არის იგი, ასეთი მხოლოდ ერთი მეგულება ამქვეყნად. ყველაზე გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ნატოს კარს მიმდგარი თავდაცვის სამინისტროს პირველი პირი?! რასაკვირველია, ბატონი ალასანიასთვის არც საგარეო საქმეთა სამინისტროა უცხო და იგი ამ სფეროში წარმატებული იქნება. არ გამოვრიცხავ, რომ უფრო წარმატებული იყოს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროში გახლდათ. თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს დღეს უფრო მეტი ვალდებულებები გააჩნია, ვიდრე მშვიდი სახელმწიფოს პირობებში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. ამდენად, თავდაცვის სამინისტროს გამოცდილებაც, ცხადია, გამოადგება ბატონ ალასანიას. მნიშვნელოვანია მოტივაცია, რომელიც, ალბათ, გაჟღერდება პრემიერ-მინისტრის მიერ ასეთი ცვლილების აუცილებლობის შესახებ და ალბათ, მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას თავდაცვის მინისტრი, რადგან აღარ არის ის ვითარება ქვეყანაში, რომ სამთავრობო კარუსელები რომელიმე ერთი პირის შეხედულების საფუძველზე იმართებოდეს. ასეთმა სისტემამ კრახი განიცადა ქვეყანაში“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
მისი თქმით, უხერხულია, მინისტრების ცვლილება იყოს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, როგორი გენიოსიც არ უნდა იქნას მოძებნილი ამა თუ იმ თანამდებობაზე დასანიშნად.
ექსპერტი დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ სამთავრობო ცვლილებები დაკავშირებული უნდა იყოს გარკვეულ ახალ ამოცანებთან, რომელიც მთავრობის წინაშეა. ამიტომ მთავრობა, რომელიც კარგა ხანია, სერიოზული ცვლილებების გარეშეა, უფრო დინამიური უნდა გახდეს.
„ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუ ცვლილებები განხორციელდება, მაგრამ ცვლილებები უნდა იყოს არა პოლიტიკური ინტრიგების და ვინმეს მოწონება-არმოწონების შედეგად, არამედ ამოცანების მიხედვით, რომელიც ამ დინამიურ დროში ძალზე ცვალებადია. ჩვენ ვხედავთ ზოგიერთ მინისტრს, რომელიც თავისი მასშტაბით თავის თანამდებობას ვერ წვდება. ეკონომიკის სფეროს მინისტრები ნამდვილად არ საჭიროებენ ცვლილებას. მთავრობის პოლიტიკის პრობლემა უფრო ჩანს დღეს, ვიდრე ეკონომიკური, ფინანსური ბლოკის მინისტრების პრობლემა. თუ შედეგი არ იქნა, ცხადია, ეს ბლოკიც შეიცვლება“, - აღნიშნა დემურ გიორხელიძემ.
მანვე გამორიცხა, ბიძინა ივანიშვილს გავლენა მოეხდინა პრემიერ-მინისტრზე. მისი აზრით, პრემიერ-მინისტრს ყველაფერი გააჩნია საიმისოდ (შეფასების კრიტერიუმი, ამოცანები), რომ თვითონ გააკეთოს მანევრირება.
„არ არის საჭირო, ეს ცვლილებები ბიძინა ივანიშვილთან იყოს ასოცირებული. პირველ რიგში, ეს ვნებს ივანიშვილს და ზიანს აყენებს მის ავტორიტეტს, მე არ ვურჩევდი მას, ასეთ რამეებში მონაწილეობის მიღებას. ირაკლი ღარიბაშვილი, ეს ახალგაზრდა კაცი, უკვე თვითონ არის განმსაზღვრელი, თუ როგორი პოლიტიკა უნდა იყოს ქვეყანაში“.