„რატომ უნდა გადავეფარო სააკაშვილს, რომელმაც რუსეთის აგენტად გამომაცხადა?“

„რატომ უნდა გადავეფარო სააკაშვილს, რომელმაც რუსეთის აგენტად გამომაცხადა?“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დღეს, 13:00 საათზე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. ქართველ სამართალდამცავებს მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა ათ გახმაურებულ საქმეზე სურთ, მაგრამ როგორც ჩანს, მათი სურვილი სურვილად დარჩება, რადგან ყოფილი მთავარსარდალი ამერიკიდან ჩამოსვლას და დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს და საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში კვლავ ადანაშაულებს.

თუ რას ფიქრობენ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებზე მმართველ გუნდში? ამის გარკვევის მიზნით, for.ge უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოცხადებას არ აპირებს. როგორ აფასებთ მის გადაწყვეტილებას?

- მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი თავი აიგდო, როცა თქვა, რომ დაკითხვას არ ექვემდებარება. საპრეზიდენტო ვადის გასვლისთანავე, სააკაშვილმა საქართველო დატოვა და ქვეყანაში ფეხი აღარ ჩამოუდგამს. ეს იმის მანიშნებელია, საქართველოში მას რა უყვარს. მას თურმე, პრეზიდენტობა ყვარებია და მეტი არაფერი. თუ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება, ეს მისი არჩევანია, ასევე მისი არჩევანია ამის შემდეგ, რაც მოხდება. ავტომატური რეჟიმი ჩაირთვება.

ანუ, მიხეილ სააკაშვილის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება?

- რა თქმა უნდა. საქართველოს მოქალაქე ყოფილი პრეზიდენტი იქნება თუ მოქმედი, ის კანონებს უნდა ემორჩილებოდეს. როცა სააკაშვილი დაკითხვაზე უარს იტყვის, ის დამნაშავედ გამოცხადდება, იმის მიუხედავად, ის ამ დაკითხვის შედეგად იქნებოდა თუ არა დამნაშავე. როგორც ვხვდები, მის დაკავებას არავინ არ აპირებდა.

ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებას ამერიკის სახლმწიფო დეპარტამენტის განცხადება მოჰყვა, სადაც აღნიშნული იყო, რომარავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება წარმოშობს ლეგიტიმურ წუხილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ ისევ სუსტია“...

- ამერიკის განცხადება სრულიად მკაფიო იყო. იქ ნათქვამია, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. მათ შორის არც მიხეილ სააკაშვილი, მაგრამ რამდენიმე საქმეზე კაცის ერთდროულად გამოძახება, იმ ვითარებაში, როცა სასამართლო სისტემა სუსტია, ხოლო გამოძიებას ნაკლებად ენდობა ვინმე, ეს გარკვეულ პოლიტიკურ ეჭვებს იწვევს. ასეთი ტიპის განცხადებისთვის სათანადო მასალა უნდა გვქონდეს. თუ სადმე მასალა არსებობს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ სააკაშილის დაკითხვის გარეშე ცხოვრება არ შეიძლება, ე.ი. სააკაშვილი უნდა დაიკითხოს. ისინი გვეუბნებიან, რომ წარსულზე ნუ ფიქრობთ, პოლიტიკური შურისძიების ნაწილი საქმეები არ იყოს და მომავალზე იფიქრეთ, მაგრამ თუ სააკაშვილს დანაშაული იკვეთება, მას ამერიკა არ გადაეფარება. ამერიკელებს აქვთ შეშფოთება და მათ არ შევეკამათები, რომ მართლმსაჯულება სუსტია, მაგრამ ეს ადამიანები მაშინაც შეშფოთდებიან, როცა დაინახავენ, რომ სააკაშვილი კანონებს არ ემორჩილება. თქვენ იცით, რომ მოწმედ დაკითხულნი არიან სარკოზი და ჟაკ შირაკი. ამაში უცნაური არაფერია.

პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის მოწმედ დაბარება, რა გავლენას მოახდენს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერასა და საქართველოსთვის MAP-მინიჭებაზე? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ყოფილი პრეზიდენტის პროგნოზით, „საფრთხე იმისა, რომ ევროკავშირთან საქართველომ ასოცირების ხელშეკრულება არ გააფორმოს, დიდია, რადგან განცხადებები კეთდება, რომ როცა სააკაშვილი ციხეში აღმოჩნდება, პროცესი ავტომატურად ჩერდება“...

- საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება არც სააკაშვილით არ არის გარანტირებული და არც მის გარეშე. გარანტირებული მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებაა. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. გამონაკლისებიც არის. „ასავალ-დასავალს“კოჭებში ვერ ვატყობ, რომ ევროპაში უნდა. ასევე ევროპაში არ სურს ელიზბარ ჯაველიძეს და სხვა რუსეთის აგენტურას საქართველოში. საინტერესოა ხომ, ელიზბარ ჯაველიძეს ჩემზე აქვს ეჭვი, რომ მე რუსეთის ვარ და თვითონ ჩინეთის არის ხომ? ქართული მხარე ევროპასთან ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და ამას რუსეთი ხელს შეუშლის, მაგრამ ხელმოწერას სერიოზული ხელშეშლა ვერ ექნება. კაცი ორი თვე დაკიდული გაძლებსო და ივნისამდეც მივალთ. მართალი გითხრათ, შეთანხმების ხელმოწერა მხოლოდ ჩვენი მისწრაფება არ არის, არამედ ევროპის მისწრაფებაა, რომ დოკუმენტზე ხელი მოგვაწერინოს. შტეფან ფულეს ისევე უნდა გაფართოება, როგორც ირაკლი ღარიბაშვილს. შეიძლება, შტეფა ფულეს კიდევ უფრო ეჩქარებოდეს.

გამოძიებას მიხეილ სააკაშვილთან თუ კითხვები ჰქონდა, რატომ არ დაიკითხა ის პრეზიდენტობის დროს? პროკურატურა მის რანგს მოერიდა?

- მაშინ, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო და მის მოწმედ დაბარებას მოერიდნენ. ეს გადაწყვეტილება ახლა, ვინ და როგორ მიიღო არ ვიცი, მაგრამ თუკი ისეთი რამ იკვეთება, რომ კითხვა უნდა დაესვას, იმის გამო, რომ სააკაშვილი პრეზიდენტი იყო და არ უნდა დაიკითხოს, არასწორია. მისი დაბარება არანაირი ეჭვს არ იწვევს. უცხოეთში აღელდნენ, მაგრამ რატომ აღელდნენ ვიცით და ამიტომ სათანადო პასუხები უნდა გვქონდეს. დრამატული ვითარება, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხატავს, არ არის, მაგრამ როგორც ჩანს, ნაციონალები სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას და საკუთარი თავის განადგურებას აპირებენ. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ახლა რომ წამომცდეს, მათი როგორც პარტიის გადარჩენა მინდოდა-თქო, ბრალს დამდებენ ნაციონალებთან არის შეკრულიო.

რესპუბლიკელებს“ „ნაციონალური მოძრაობისპოლიტიკურგადარჩენაშიმაინც გადანაშაულებენ...

- დიახ, მაგრამ ეს ტყუილია. „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში არ განადგურდა, მაგრამ იდეა გვქონდა, რომ ხელისუფლებაში ნამყოფი პარტია ოპოზიციაში წესიერად თუ მოიქცეოდა, ყოფილიყო, მაგრამ ესენი წესიერადაც ვერ იქცევიან. მათთვის ოპოზიციაში ყოფნა ტრაგედიაა და ამიტომ ამბობენ, რომ უკან დაბრუნდებიან. ზურაბ ჟვანია თუ სააკაშვილმა მოკლა, მას ლევან ბერძენიშვილი გადაეფარება? რატომ უნდა გადავეფარო, მე ის კაცი არ ვარ, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბერს რუსეთის აგენტად გამომაცხადეს? თქვენ გგონიათ, რომ დიდი სურვილი მაქვს ნაციონალებს გადავეფარო? „რესპუბლიკელები“ კანონის უზენაესობას ვიცავთ და ვამბობთ, რომ თუ ბრალს ვერ უმტკიცებ, სჯობს, პირი დაკითხვაზე არ დაიბარო. თუ სათანადო მასალები არ გვაქვს, უაზრო საქციელით საქართველოს მომავალს საფრთხე არ უნდა შევუქმნათ. უსუფაშვილმა ამიტომ თქვა, რომ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას არც იწუნებს და არც იწონებს. მთავარია სიმართლე. სიმართლე კი გრძნობა არ არის, არამედ საჭიროა სამხილები. როცა საკმარისი მტკიცებულებები არ არის, იმ შედეგს მივიღებთ, რაც კეზერაშილის შემთხვევაში მოხდა, რაც არ მომწონს. კეზერაშვილი რომ დამნაშავეა, ეს დიდი საიდუმლო არ არის, ისევე როგორც ალ კაპონე არ იყო საიდუმლო. კეზერაშილის მიმართ საკმარისი სამხილები ვერ წარვადგინეთ და ექსტრადირებისგან ამ კაცის გათავისუფლება ცუდია.

თქვენ თქვით, რომროგორც ჩანს, ნაციონალები სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავში ჩაყოლას და საკუთარი თავის განადგურებას აპირებენ“, მაგრამ მათი შემართება სხვას გვაჩვენებს. ეკა ხერხეულიძე დაგემუქრათ კიდეცსააკაშვილის ჩამოსვლით მაიდანს მიიღებთო“. ნაციონალების განცხადებებში აქციების და რევოლუციის მოწოდების ნიშნები ფიგურირებს. ისინი ხშირად, ხელისუფლებაში დაბრუნებაზეც აპელირებენ. ამის რა შანსი აქვთ?

- ეკა ხერხეულიძეს ათჯერ მეტი აქვს მიღებული, რაც მას როგორც პოლიტიკოსს, იდელოგს და პიროვნებას ეკუთვნოდა. სჯობს, ამით დაკმაყოფილდეს, რადგან ხელისუფლებაში მეორეჯერ ვერ მოვა. ნაციონალები ხელისუფლებაში ასი წლის შემდეგ თუ მოვლენ და მათი ხსენება არც იქნება. ხაბაზით და ხერხეულიძით, სად მიხვალთ კაცო?! რაც შეეხება რევოლუციას, როცა ოპოზიციაში ვიყავით, რევოლუციაზე საუბარი მაშინაც იყო, მაგრამ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რევოლუციაზე ლაპარაკობდა, დამარცხდა. პოლიტიკოსების მხრიდან რევოლუციაზე საუბარი სასაცილოა. რევოლუციას რევოლუციური სიტუაცია სჭირდება. საქართველოში კი, რევოლუციური სიტუაცია არ არის. ახალმა მთავრობამ იმდენი ადამიანის განაწყენება ჯერ ვერ მოასწრო, რაც მკვეთრ ნაბიჯებს მოითხოვს. საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილმა გააღიზიანა, მაგრამ ის რევოლუციით ვერ დავამარცხეთ. როგორც ჩანს, მან იმდენი ვერ მოახერხა, რომ 4 მილიონი ადამიანი ფეხზე ამდგარიყო, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. როცა ამბობ, რომ გამოვალ, ეს იცი რას ნიშნავს? - ვიღაცას უნდა უყვარდე. როცა ხერხეულიძე და ბოკერია იტყვიან, რომ გამოვალთო, მათ ნულ პროცენტიანი რეიტინგი უნდა გაახსენდეთ. რევოლუციას სათავეში გიგა ბოკერია რომ ჩაუდგეს, მას მასები გაჰყვება? ოპოზიციაში ყოფნა ძალიან ძნელია. რევოლუციის წინააღმდეგ გამოვედით და არჩევნებში 3,78 პროცენტი მივიღეთ და დაგვცინეს რეიტინგი არ აქვთო, მაგრამ მთლად სამარცხვინო შედეგი არ მიგვიღია. როგორც ჩანს, ხალხმა ოპოზიციდან გასვლა არ გვაპატია, მაგრამ ეტყობა, ჩვენი გადაწყვეტილება სათანადოდ ვერ ავხსენით. ოპოზიციის ნაწილი რევოლუციას მოითხოვდა, მაგრამ რა ვქნათ, ჩვენ წიგნები გვაქვს წაკითხული, სადაც წერია, რომ რევოლუცია ასე არ კეთდება. საიდუმლოს გეტყვით. 2003 წლის „ვარდების რევოლუცია“ სააკაშვილის დაგეგმილი არ იყო. ეს ქართველმა ხალხმა მოინდომა. სააკაშვილი მზად მოლაპარეკებებისთვის იყო და არა პრეზიდენტობისთვის, მაგრამ მას მთელი მსოფლიო დაეხმარა. მათ შორის რუსეთი. ეს თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ.

რუსეთი რა ფორმით დაეხმარა? ივანოვის მიერ ასლან აბაშიძის წაყვანას გულისხმობთ?

- დიახ. ასლან აბაშიძე წაიყვანეს. ყირიმში რა პროცესები განავითარდა იცით და რუსები საზიზღრობას რამენაირად აჭარაშიც ჩაიდენდნენ. მოსკოვს აჭარაში ბაზები ჰყავდა, მაგრამ გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი მოსკოვს გამოადგებოდა და შეცდომა დაუშვეს. ის რუსეთის კაცი არასოდეს იყო, მაგრამ როგორც ჩანს, მან რუსეთს თვალი ჩაუკრა და მოატყუა, მაგრამ შემდეგ მათ მოატყუეს და ცუდად გადაეკიდნენ. მართალი გითხრათ, შიდა და გარე მხარდაჭერა სააკაშვილს რომ ჰქონდა, ასეთი არასოდეს არავის ჰქონია, მაგრამ რადგან მან ეს ვერ გამოიყენა, ე.ი ვერ ივარგა.

სააკაშვილის მსგავსი მხარდაჭერა, არც თქვენ გქონდათ?

- არა. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ გვაქვს, რაც ნიშნავს რომ იმხელა მანდატი არ გვაქვს, რაც სააკაშვილს ჰქონდა. მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ გაფანტა. ამავდროულად, მას იმდენი ჰქონდა, რომ რაღაცა ახლაც დარჩა.

რაც შეეხება უმრავლესობაში განვითარებულ მოვლენებს, „ეროვნული ფორუმისპარტიულ შეკრებაზე, რომელიც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ფარულად ჩაიწერა, გუბაზ სანიკიძემ მინისტრები მკაცრად გააკრიტიკა და კოალიციიდან წასვლაც არ გამორიცხა. კოალიციას დაშლა ემუქრება?

- ჩანაწერი შეიძლება მართალია, მაგრამ თქვენ რა გგონიათ, ჩანაწერების მიხედვით რომ იყოს ცხოვრება, ადამიანები ერთმანეთს გამარჯობას ეტყოდნენ? რა გგონით, ოჯახებში რომ ვიკრიბებით, ცხოვრებას იმით ვიწყებთ - რა კარგია ღარიბაშვილი, რა შესანიშნავი მინისტრია სერგეენკო? ხან ერთი იტყვის რაღაცას, ხან მეორე. საკუთარ პარტიაში ვინ რას იტყვის, ეს მისი საქმეა. პრივატულობა ყველას გვაქვს და ყველაფერი რომ გახდეს ცნობილი, კოალიცია კი არა მსოფლიო დაინგრევა. ამერიკის საგარეო უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ევროპის კავშირზე აზრი უხეში ფორმით ტელეფონით გამოთქვა. ეს ლაპარაკი რუსებმა დაიჭირეს და ამერიკა-გერმანიას შორის სკანდალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სკანდალი იყო, თქვენ რა გგონიათ მხარეებმა ელჩები გაიწვიეს? ამ დროს „მეწყინა“ ხდება. ამიტომ კოალიციას დაშლა არ ემუქრება. შეიძლება შინ ისე ვილაპარაკო, როგორც შინაურობას სჭირდებოდეს, მაგრამ ეს არ იყოს გულწრფელი პოზიცია. რა ვიცი, როდის იქნება გუბაზი გულწრფელი? მინისტრებზე საკუთარი პოზიცია მეც მაქვს, მაგრამ თქვენ იმდენს გეტყვით, რაც ჩემს პარტიას და კოალიციას სჭირდება. მკვეთრად უარყოფითი აზრები მაქვს.

მკვეთრად უარყოფითი აზრები, რომელ მინისტრთან დაკავშირებით გაქვთ?

- სამსახურეობრივად რაც მეხება გეტყვით, რომ ევროპასთან ინტერგაციის მინისტრი პეტრიაშილი მაქსიმალურად კარგად მუშაობს და წარმატებები გვაქვს. თეა წულუკიანი ძალიან კარგად მუშაობს და მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ასევე კარგად მუშაობს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომლის საქმიანობაც ამერიკასა და დასავლეთში პრემიერის ვიზიტების დროს შემოწმდა. დავით ზურაბიშვილმა საგარეო უწყება გააკრიტიკა. მისი აზრით, უწყება „ასავალ-დასავალს“ აყვა და ინგლისის ელჩის პოსტზე ზურაბ ქარუმიძის კანდიდატურა გადაიხედა.

ქარუმიძე-ჯაჭვლიანის დაპირისპირებას გულისხმობთ? დეპუტატმა განაცხადა, რომ ვინც ქარუმიძეს დაუჭერს მხარს, მასფალოსსდაუძახებს. როგორც ჩანს, გლდანის მაჟორიტარმა არ იცის, რომ ელჩის დამტკიცება არა პარლამენტის, არამედ პრეზიდენტის პრეროგატოვაა, მაგრამ ქარუმიძის კანდიდატურა თქვენთვის მისაღებია?

- ქარუმიძე ელჩად ეს იმაზე მეტია, რისი მიღებაც ჩვენ შეგვიძლია. ქარუმიძე ძალიან მაღალი დონეა და კარგი იქნება, თუ ის ელჩად დაინიშნება. ელჩები მწერლებიც ყოფილან. ელჩები იყვნენ ერედია და სელ ჯონ პერსი. წარმოგიდგენიათ, ფრანგებს რომ ემსჯელათ, არიქა, მაგან დაწერა ფრაზა - „მდინარეები ქალებს გავდნენ აკივლებულებს“ და ელჩად მისი დანიშვნა როგორ შეიძლებაო. თუ მართალია, რომ მისი კანდიდატურა იხილებოდა და იმის გამო აღარ იხილება, რომ ვიღაცას მის მწერლობასთან იდიოტური შეკითხვა აქვს და მწერალს და მთხრობელს ვერ არჩევს, ასეთ ბნელ ადამიანს არ უნდა მოუსმინო. მწერალი ვინ არის, გაზეთით უნდა გავიგოთ? მწერალს წაკითხვა უნდა. რაში გვჭირდება კაცი, რომელიც არის განათლებული?! არ სჯობს, ინგლისში ელჩი „ასავალ-დასავალის“ რომელიმე მკითხველი იყოს?! არ იქნებოდა ბედნიერება?!

და ბოლოს. მაშინ როდესაც, ელჩობის კანდიდატი მისი ნაწარმოების გამოიბლოკება“, მაშინ როდესაც, ხდება მოსმენები, მაშინ როდესაც შრომის უფლებები ირღვევა და .. თქვენ როგორ ფიქრობთ, საქართველო ევროპაში შესვლისთვის მზად არის?

- ევროპულ ღირებულებებს ქართველი კი არა, ფრანგიც არ შეესიტყვება. ჯონ ლოკმა თქვა, რომ ევროპული ღირებულებაა - სიცოცხლე, თავისუფლება, საკუთრება და ლტოლვა ბედნიერებისათვის. ერთ-ერთის გარეშე სიცოცხლეს აზრი არ აქვს. როგორც ჩანს, ჯონ ლოკის სიტყვებს მარინე ლე პენი არ იზიარებს, რომელსაც „ჩეკისტი“ პუტინი მოსწონს. მარინე ლე პენს კი, საფრანგეთში 20 პროცენტამდე მხარდაჭერა აქვს. ანუ, საფრანგეთში ყოველი მეოთხე როგორც ევროპელი არ ფიქრობს. ევროპისთვის ქართული საზოგადოება უფრო მზადაა, ვიდრე იქ უკვე მოხვედრილი ბევრი ქვეყანა. ქართული საზოგადოება ევროპაზე არანაკლებ ევროპულია, იმიტომ, რომ ქართველი ხალხი შოთა რუსთაველის პოემამ და სახარებამ გაზარდა.