პუტინი და ტრამპი ალიასკაში შეხვდებიან

პუტინი და ტრამპი ალიასკაში შეხვდებიან

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოს, აშშ-ის შტატ ალიასკაში გაიმართება. თარიღი და ადგილმდებარეობა თავად ტრამპმა შაბათს, საღამოს გამოაცხადა.

პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, შეთანხმება დაადასტურა და ალიასკა ასეთი სამიტისთვის „სრულიად ლოგიკურ ადგილად“ მოიხსენია, თუმცა ფაქტია, რომ ადრე, პუტინმა შესაფერის ადგილად არაბთა გაერთიანებულ საემიროები დაასახელა.

პრეზიდენტები ალიასკაში, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ტერიტორიების გაცვლის“ საკითხებს განიხილავენ.

„ჩემი დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მომავალ პარასკევს, 15 აგვისტოს, ალიასკს შტატში გაიმართება. დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. გმადლობთ ყურადღებისთვის!“, - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

„რუსეთი და შეერთებული შტატები ახლო მეზობლები არიან, რომლებიც ერთმანეთს ესაზღვრებიან. სრულიად ლოგიკურია, რომ ჩვენი დელეგაცია უბრალოდ გადაფრინდეს ბერინგის სრუტეზე და ორი ქვეყნის ლიდერების ასეთი მნიშვნელოვანი და მოსალოდნელი სამიტი ალასკაში ჩატარდეს“, - განმარტა უშაკოვმა, ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის ადგილის კომენტირებისას.

რუსეთსა და შეერთებულ შტატებს ბერინგის სრუტე ჰყოფს, რომლის სიგანე 100 კმ-ზე ნაკლებია. ალასკა რუსეთთან ყველაზე ახლოს მდებარე აშშ-ის შტატია. ეს ტერიტორია, რომელიც რუსმა მკვლევარებმა მე-18 საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს, რუსეთის იმპერიამ შეერთებულ შტატებს 1867 წელს, 7.2 მილიონ დოლარად (2023 წლის ფასებით, დაახლოებით, 130 მილიონი დოლარი) მიჰყიდა.

ეს იქნება ტრამპსა და პუტინს შორის პირველი პირისპირ შეხვედრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში დაბრუნდა და რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. ბოლოს ისინი 2019 წლის ივნისში, იაპონიის ქალაქ ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ესაუბრნენ ერთმანეთს და ტრამპის ხელახალი არჩევის შემდეგ - რამდენჯერმე, სატელეფონო საუბრით შემოიფარგლნენ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, რომელმაც თავდაპირველად ეს საუბრები პოზიტიურად შეაფასა, მოგვიანებით იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ ისინი არანაირ გავლენას არ ახდენდნენ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის მიმდინარეობაზე და მათ „უაზროც“ კი უწოდა.

ვლადიმერ პუტინი შეერთებულ შტატებში 2015 წლიდან არ ყოფილა, როდესაც ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად და აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან შეხვედრაზე ჩაფრინდა. 2021 წელს, ის ტრამპის წინამორბედს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შეხვდა, თუმცა არა აშშ-ში, არამედ შვეიცარიაში.

როგორც უშაკოვმა განაცხადა, „პრეზიდენტები ყურადღებას გაამახვილებენ უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი, მშვიდობიანი მოგვარების ვარიანტების შესაძლებლობაზე“.

ტრამპმა, მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრისას, ადრე განაცხადა, რომ დღის წესრიგში შედიოდა „ტერიტორიების გაცვლა რუსეთსა და უკრაინას შორის, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნებოდა“.

ტრამპმა დეტალები არ გაავრცელა, თუმცა ერთი დღით ადრე, Wall Street Journal-მა, წყაროებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ პუტინი, სავარაუდოდ, მზად იყო ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმებულიყო იმის სანაცვლოდ, რომ უკრაინა დათმობდა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს, რომელთა ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს ამჟამად რუსეთი აკონტროლებს.

შაბათს, დილით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამორიცხა ნებისმიერი ტერიტორიული გაცვლა და განაცხადა, რომ „უკრაინელები თავიანთ მიწას ოკუპანტს არ გადასცემენ“. მან ადრე ისიც განაცხადა, რომ უკრაინამ უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველა მოლაპარაკებაში, რომელიც ქვეყნის მომავალს ეხება.

ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ადგილი და თარიღი ჯერ კიდევ 8 აგვისტოს გამოაცხადა, შეერთებულ შტატებში. ამ დღეს იწურება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მოსკოვისთვის კიევთან ზავის შესახებ შეთანხმების მისაღწევად წაყენებული ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპმა პირობა დადო, რომ რუსეთის სავაჭრო პარტნიორებს მეორად სანქციებს დაუწესებდა. პუტინთან შეხვედრის ადგილისა და თარიღის გამოცხადებამდე და არც მის შემდეგ, ტრამპს თავისი ულტიმატუმი არ გახსენებია.

მოსკოვმა და ვაშინგტონმა, რამდენიმე დღის განმავლობაში, საიდუმლოდ შეინახეს მომავალი სამიტის ადგილმდებარეობა და თარიღი. როგორც ჩანს, ორი პრეზიდენტის შეხვედრა შეთანხმდა ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ბოლო ვიზიტის დროს, სადაც ის პუტინს 6 აგვისტოს შეხვდა. მეორე დღეს, პუტინის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრის ადგილი „პრინციპში შეთანხმებულია“. მართალია, თარიღი ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, თუმცა შემდეგი კვირა განიხილება, როგორც ვარიანტი.

ამის მიუხედავად, იმავე დღეს, ABC News-ისა და New York Post-ის წყაროებმა თეთრი სახლიდან, განაცხადეს, რომ ვაშინგტონი არ ადასტურებდა კრემლის განცხადებებს შეხვედრის ადგილმდებარეობის შესახებ შეთანხმების მიღწევის შესახებ.

მსოფლიო მედიის წყაროებმა ხუთშაბათს, დადასტურებული ცნობების არარსებობის გამო, მომავალი სამიტის სხვადასხვა თარიღი და ადგილი დაასახელეს. Fox News-ის წყაროების ცნობით, პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა სავარაუდოდ, ორშაბათს, 11 აგვისტოს უნდა გამართულიყო, რომი კი შეხვედრის ერთ-ერთ ადგილად მოიაზრებოდა. TASS-ის წყარომ მაშინვე უარყო, რომ შეხვედრა ნამდვილად არ შედგებოდა ევროპაში.

CBS News-ის წყაროს ცნობით, აშშ კვლავ მუშაობს შეხვედრის ადგილმდებარეობის დადგენაზე, შესაძლო ვარიანტებს შორის კი არაბთა გაერთიანებული საემიროებს, რომსა და უნგრეთს ასახელებდა. Fox News-ის წყარომ ამ სიას შვეიცარიაც დაუმატა.

თავად პუტინმა უკვე უწოდა არაბთა გაერთიანებული საემიროებს შეხვედრისთვის „ძალიან შესაფერისი ადგილი“. ხუთშაბათს, ქვეყნის პრეზიდენტი, მოჰამედ ალ ნაჰიანი კრემლში მოლაპარაკებების შემდეგ, მის გვერდით იდგა. ტრამპმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს „ძალიან პოპულარული“ ადგილი იქნებოდა.

BBC News-ის თეთრი სახლის კორესპონდენტის, კორტნი სუბრამანიანის თქმით, ტრამპის მიდგომა პუტინთან ურთიერთობაში კვლავ იცვლება.

დონალდ ტრამპმა კვირა პუტინის მიმართ გაფრთხილებით დაიწყო: პარასკევამდე ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდით, თორემ მეტი სანქციები დაგემუქრებათ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოთმინება იწურებოდა, აშშ-ის პრეზიდენტმა მტკიცედ აარიდა თავი ეკონომიკურ საფრთხეებს და ამის ნაცვლად, მხარი დაუჭირა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას.

გაურკვეველია, დათანხმდებიან თუ არა უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები ასეთ შეთანხმებას. შეხვედრის დროს, სადაც სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის ეკონომიკური შეთანხმების შესახებ გამოცხადდა, ტრამპმა მიანიშნა, რომ მზად იყო უკრაინის ტერიტორიის კონტროლი პუტინისთვის გადაეცა.

„ტერიტორიის გარკვეული გაცვლა ორივე მხარის ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება, მაგრამ ამაზე მოგვიანებით, ან ხვალ ვისაუბრებთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

კიევის მხრიდან ნებისმიერი ტერიტორიული დათმობა, შეიძლება, პუტინის გამარჯვებად ჩაითვალოს. თუმცა, ტრამპისთვის, რომელიც თვითგამოცხადებული „გარიგებების“ ოსტატია, იმის პერსპექტივამ, რომ ზავის ინიციატორია, შესაძლოა, ნებისმიერი შეშფოთება დაჩრდილოს, რაც პუტინის მოთხოვნებზე დათმობად აღიქმება. 

წყარო: https://www.bbc.com/russian/articles/clyrx9vmr0mo