გახსნიან თუ არა ალიევი და ფაშინიანი სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალ გვერდს შეერთებულ შტატებში?

გახსნიან თუ არა ალიევი და ფაშინიანი სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ახალ გვერდს შეერთებულ შტატებში?

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებ პარასკევს, ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპ შეხვდნენ. ქვეყნებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების შესახებ დეკლარაცია ხელი მოაწერეს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა. დეკლარაცია ქვეყნებს მოუწოდებს, წინ წავიდნენ უკვე შეთანხმებული სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერისა და რატიფიკაციის საკითხებზე. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვაშინგტონში, ხელშეკრულების პარაფირება განახორციელეს, ანუ შეთანხმებული ტექსტი დაამტკიცეს.

დეკლარაციის ტექსტში ნათქვამია, რომ ალიევმა, ფაშინიანმა და ტრამპმა, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების ტექსტის პარაფირების შემდეგ, „აღიარეს შეთანხმების ხელმოწერისა და შემდგომში რატიფიცირებისთვის დამატებითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა და ასევე, ხაზი გაუსვეს ქვეყნებს შორის მშვიდობის უზრუნველყოფისა და განმტკიცების მნიშვნელობას“.

გარდა ამისა, დეკლარაციაში საუბარია რეგიონში კომუნიკაციების გახსნაზე,  აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიასა და მის ანკლავ ნახიჩევანს შორის სატრანსპორტო დერეფნის შექმნის მნიშვნელობაზე, სომხეთის ტერიტორიის გავლით, ირანის საზღვრის გასწვრივ.

დეკლარაციაში, სხვა საკითხებთან ერთად, ნათქვამია, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ეუთო-ს გენერალურ მდივანს სთხოვეს მინსკის ჯგუფის დაშლა, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ეხებოდა. ჯგუფის თანათავმჯდომარეები იყვნენ რუსეთი, საფრანგეთი და შეერთებული შტატები.

დონალდ ტრამპმა ხუთშაბათს, სოციალურ ქსელში, ამ შეხვედრას „ისტორიული მშვიდობის სამიტი“ უწოდა. თუმცა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები 30 წელზე მეტი ხნის კონფლიქტის შემდეგ, პირველად, დაახლოებით, ერთი თვის წინ, 10 ივლისს, აბუ დაბიში შეხვდნენ ერთმანეთს. რაც მთავარია, ვაშინგტონში ხელი მოაწერეს დეკლარაციას და არა - სამშვიდობო ხელშეკრულებას.

მხარეები შეთანხმების ტექსტზე ჯერ კიდევ მარტში შეთანხმდნენ, თუმცა აზერბაიჯანი მოითხოდა, რომ მის ხელმოწერამდე, სომხეთს შეეცვალა კონსტიტუცია, რომელიც, ბაქოს თქმით, აზერბაიჯანის მიმართ ტერიტორიულ პრეტენზიებს შეიცავს.

ეს ეხება კონსტიტუციის პრეამბულაში მითითებას სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც მიღებული იყო სსრკ-ის დაშლამდე და რომელიც, თავის მხრივ, შეიცავდა მითითებას სომხეთის სსრ-ისა და მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გაერთიანების შესახებ რეზოლუციაზე.

ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ეს მითითებები არ უნდა განიხილებოდეს ტერიტორიულ პრეტენზიებად და მეორეც, სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულებებს უპირატესობა ენიჭება შიდა კანონმდებლობასთან შედარებით. ამავდროულად, ფაშინიანი არ გამორიცხავს რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობას, თუმცა მისი თქმით, სომხეთი მის ჩატარებას მხოლოდ 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეძლებს.

გარდაუვალი ტრანსფორმაციები

ეს ახალი დინამიკა მეზობელ ქვეყნებში - ირანსა და რუსეთში ორაზროვნად აღიქმება, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: შეხვედრის შემდეგ, რეგიონი აღარ იქნება იგივე. ამას ხელმოწერისთვის დაგეგმილი შეთანხმებებიც ადასტურებს. გარდა ამისა, თავად რეგიონის სახელმწიფოებიც შეიცვალნენ: დღეს შიდა პოლიტიკური პროცესები სრულიად განსხვავებულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ და ეს გარემოება ყველა მონაწილემ უნდა გაითვალისწინოს.

„შედეგად, ყალიბდება ურთიერთობების ახალი სისტემა, რომლის კონტურებიც მომდევნო წლებში გაირკვევა“, - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი, ილგარ ველიზადე.

„44-დღიანი ომის შემდეგ დაწყებული ტრანსფორმაცია გაგრძელდება და ახალი რეალობები, როგორიც არ უნდა იყვნენ ისინი, კონსტრუქციული და სიცოცხლის მომტანი იქნება. ისინი განსაზღვრავენ სამხრეთ კავკასიაში პროცესების განვითარებას გრძელვადიან პერსპექტივაში“.

ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე დღესვე შეინიშნება: რუსეთი მთლიანად გამოდევნილია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტიდან და მალე, რეგიონიდანაც გამოდევნიან. ამავდროულად, სომხეთი აგრძელებს ყველა სკამზე დაჯდომის მცდელობას, რაც ნიშნავს, რომ დასავლეთთანაც და რუსეთთან ფლირტაობს, მაგრამ ძნელი სათქმელია, რამდენხანს იმუშავებს ეს. ზოგიერთმა, წლების განმავლობაში მოახერხა ბალანსის შენარჩუნება.

44-დღიანი ომის შემდეგ, რუსეთს რეალური შანსი ჰქონდა, გაეძლიერებინა თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში, იხსენებს ველიზადე. სამმხრივ განცხადებაში მას ზანგეზურის დერეფანში FSB-ს სასაზღვრო ჯარების მიერ ტრანსპორტირების უსაფრთხოების გარანტის როლი დაეკისრა. თუმცა, სომხეთთან ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„დღეს სიტუაცია შეიცვალა: პროცესის გადადება შეუძლებელია. აშშ ამჟამინდელი პრეზიდენტით უფრო მოლაპარაკებად და გავლენიან მოთამაშედ გამოიყურება“, - ხაზს უსვამს ის.

მნიშვნელოვანია, რომ რუსეთიც აღიარებს ამ ავტორიტეტს, რომელიც ვაშინგტონთან უკრაინის საკითხში ურთიერთქმედებს, აჯამებს ექსპერტი: „ეს ირიბად ადასტურებს: მოსკოვი აცნობიერებს და იღებს შეერთებული შტატების, როგორც მსოფლიო პოლიტიკაში მთავარი მოთამაშის როლს“.

თურქეთმა და ევროკავშირმა შეხვედრის შედეგები დაამტკიცეს

აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ დეკლარაციის ხელმოწერას თავდაპირველად მიესალმნენ აზერბაიჯანის უახლოესი მოკავშირე თურქეთი და ევროკავშირი.

„იმ დროს, როდესაც საერთაშორისო კონფლიქტები და კრიზისები ღრმავდება, ეს ნაბიჯი წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც აძლიერებს მშვიდობასა და სტაბილურობას რეგიონში. ჩვენ ვაღიარებთ აშშ-ის ადმინისტრაციის წვლილის მნიშვნელობას ამ პროცესში“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ოფისმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მიესალმება დეკლარაციის ხელმოწერას, მტკიცედ უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და მზადაა მონაწილეობა მიიღოს რეგიონში საზღვრებისა და სატრანსპორტო კავშირების გახსნაში.

სომხეთის საზღვრები აღმოსავლეთით, სამხრეთით - აზერბაიჯანთან და დასავლეთით - თურქეთთან, 30 წელზე მეტია დაკეტილია, 1990-იანი წლების დასაწყისში, ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ.

რაც შეეხება პუტინის რუსეთს, ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონში დეკლარაციის ხელმოწერა ჯერ არ გამოხმაურებია.

წყაროები:

https://www.bbc.com/russian/articles/c2dj5d2wgrno

https://trt.global/russian/article/30ed5aaec4ed