რადიკალები რადიკალების წინააღმდეგ - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლების „დამხობის“ ტაქტიკაზე ხაბეიშვილი და ბოკუჩავა

რადიკალები რადიკალების წინააღმდეგ - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლების „დამხობის“ ტაქტიკაზე ხაბეიშვილი და ბოკუჩავა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ მორიგი შიდა დაპირისპირების ტალღა აგორდა, რაც ოპოზიციის ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. თუკი აქამდე ოპოზიცია ძირითადად ბოიკოტისა და არჩევნებში მონაწილეობის მომხრეებად იყოფოდა, ახლა ბოიკოტისტთა რიგებშიც გაჩნდა ბზარი. კერძოდ, ლევან ხაბეიშვილისა და პაატა ბურჭულაძის მიერ 4 ოქტომბერს დაანონსებულმა „ტელეფონით არჩევნებმა“, რომელიც „ოცნების“ ჩამოშლას ისახავს მიზნად, თინა ბოკუჩავას ფრთის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. 

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით არსებული დაპირისპირება საჯარო გახდა, როდესაც ლევან ხაბეიშვილმა და პაატა ბურჭულაძემ რადიკალური ინიციატივა ანუ „ტელეფონით არჩევნები“ წამოაყენეს. მათი განცხადებით, ეს არის გზა, რომლითაც შესაძლებელი გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ჩამოშლა. თუმცა, პარტიის სხვა ლიდერებმა, მათ შორის, თინა ბოკუჩავამ მკაცრად გააკრიტიკეს ეს იდეა და მას „დეზინფორმაცია“ და „საზოგადოების შეცდომაში შეყვანა“ უწოდეს. ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ ასეთი განცხადებები ზიანს აყენებს პარტიას და არ ემსახურება ოპოზიციის კონსოლიდაციას.

„რევოლუციის თარიღი ხელოვნურად არ იკიდება და წინსწრებად არ ანონსდება - ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინის არასწორი მართვა სრულიად გაუმართლებელია“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ამაზე ლევან ხაბეიშვილს საკუთარი არგუმენტი აქვს და ბოკუჩავას უპასუხა:

„4 რიცხვი არ „დავკიდოთ“, ივანიშვილის დამარცხება არ ვთქვათ, აქტიური შეტევა და პროტესტი არ ვახსენოთ, ბიძინას დავამხობთ არ ვთქვათ... აბა, რა გინდათ?! რას ეწვალებით?!“, - სვამს „რიტორიკულ“ კითხვას ხაბეიშვილი და დასძენს, რომ როგორც კი ბიძინა ივანიშვილს „ცეცხლს უხსნის“, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან მაშინვე მასზე თავდასხმები იწყება.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ეს დაპირისპირება არა მხოლოდ ტაქტიკურ განსხვავებებს ასახავს, არამედ მიუთითებს უფრო ღრმა, შიდა კონფლიქტებზე პარტიის ფარგლებში. ბოკუჩავას ფრთა, რომელიც უფრო პრაგმატულ პოზიციას იკავებს, მიიჩნევს, რომ რადიკალური ნაბიჯები და არარეალისტური დაპირებები მხოლოდ ასუსტებს ოპოზიციურ მოძრაობას და ხელს აძლევს ხელისუფლებას.

გაჩნდა კითხვები იმის შესახებ, თუ ვის დაკვეთას ახმოვანებს ლევან ხაბეიშვილი და ვინ დგას მის უკან, ამ რადიკალური ინიციატივის წამოყენებისას.

ზოგიერთი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ხაბეიშვილი ცდილობს პარტიის რადიკალური ფრთის მხარდაჭერის მოპოვებას და საკუთარი ლიდერული პოზიციების გამყარებას. ამ კონტექსტში, პაატა  ბურჭულაძის როლი ამ რადიკალურ განცხადებებშიც მნიშვნელოვანია. ის, როგორც ჩანს, ხელს უწყობს ამ ნარატივის გაძლიერებას და უფრო მეტი მხარდამჭერის მოზიდვას რადიკალური მოქმედებებისკენ. ეს შეიძლება იყოს მცდელობა, მოახდინოს ზეწოლა პარტიის სხვა წევრებზე და აიძულოს ისინი, დათანხმდნენ უფრო რადიკალურ გეგმებს.           

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციის შიგნით არსებული ასეთი ღრმა დაპირისპირება მრავალი საფრთხის შემცველია. „ტელეფონით არჩევნების“ იდეა, რომელიც არარეალისტურად გამოიყურება და არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი, შესაძლოა, მხოლოდ საზოგადოების იმედგაცრუებასა და ოპოზიციის დისკრედიტაციას მოჰყვეს.

„თუ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო შიდა კონფლიქტების მოგვარება და ერთიანი სტრატეგიის შემუშავება, ეს კიდევ უფრო გააღრმავებს მათ კრიზისს. ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, სავარაუდოდ, ისარგებლებს ამ სიტუაციით ოპოზიციის კიდევ უფრო დასასუსტებლად. პარტიის შიდა დაპირისპირება ამცირებს მათ შანსებს, მომავალ არჩევნებზე მნიშვნელოვანი შედეგების მისაღწევად და ხელს უშლის ოპოზიციის კონსოლიდაციას ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში, ასეთი ფრაგმენტაცია შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს ქართული დემოკრატიისთვის, რადგან ის ტოვებს სივრცეს ერთპარტიული მმართველობისთვის და ასუსტებს ქვეყანაში პლურალიზმის პერსპექტივებს“, - ამბობს ძაბირაძე.

მისივე თქმით, ისმება მნიშვნელოვანი კითხვა, ვის დაკვეთას ასრულებს ხაბეიშვილი და ახმოვანებს თუ არა ის პარტიის პოზიციას?

„თინა ბოკუჩავას პოზიცია, რომელიც ოპოზიციის და ხაბეიშვილი-ბურჭულაძესგან  უსაფუძვლო და მყვირალა განცხადებებისგან თავის შეკავებას მოითხოვს, სრულიად მართებულია. როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ აცხადებს, თუ რა, როგორ და როდის უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: არის თუ არა ეს პარტიასთან შეთანხმებული პოზიცია?

ხაბეიშვილი არ არის პარტიის რიგითი წევრი. მას პარტიაში მაღალი თანამდებობა უკავია და შესაბამისად, მისი განცხადებები კოლექტიური გადაწყვეტილების ნაყოფი უნდა იყოს. როცა ის 4 ოქტომბერს „გადამწყვეტ თარიღად“ აცხადებს, ან რადიკალური მოწოდებებით გამოდის, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს: ეს პარტიის შეთანხმებული პოზიციაა, თუ მისი პირადი ინიციატივა?

გასაგებია, რომ მსგავსი ტიპის გზავნილები ისმის პაატა ბურჭულაძისგანაც, თუმცა ხაბეიშვილი, როგორც პარტიის შიგნით მნიშვნელოვანი ფიგურა, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა იყოს მოქცეული. ოპოზიციამ, განსაკუთრებით კი მისმა ლიდერებმა, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საკუთარ განცხადებებზე, რათა არ მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ოპოზიციური სპექტრის დისკრედიტაცია“, - აცხადებს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე მიიჩნევს, რომ თინა ბოკუჩავა მიხეილ სააკაშვილის პოზიციას ახმოვანებს. for.ge-სთან საუბარში, მამრაძე აღნიშნავს, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიაში სრულიად სხვა ფლანგს წარმოადგენს და მისი აქტიურობა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული.

„პირველ რიგში, ხაბეიშვილმა დაინახა, რომ პარტიის რადიკალური მხარდამჭერების ის ფრთა, რომელიც ძირითადად რევოლუციაზე, აქციებსა და პროტესტზეა ორიენტირებული, უფრო აქტიურია, ვიდრე ის ნაწილი, რომელიც მშვიდობიანი მოქმედებების მომხრეა. პარტიის გადაწყვეტილება, რომ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ხომ მხარდამჭერების სურვილით იქნა გამართლებული. შესაბამისად, ხაბეიშვილი ხედავს, რომ პოლიტიკური ველი ლიდერებისგან ცარიელია. ოპოზიციურ ფლანგზე ლიდერთა შიმშილი გაჩნდა, ამიტომ მან დაიწყო სწორედ ამ ნაწილზე მუშაობა.

ასევე ხედავს, რომ აქციის მონაწილეების ის ფლანგი, რომელიც რუსთაველზე დგას, უფრო რადიკალური მოქმედებების მომხრეა. შესაბამისად, ყურადღების მისაქცევად და საკუთარი პოლიტიკური იმიჯის გასამყარებლად, ის ცდილობს ინიციატივა ხელში ჩაიგდოს, ამიტომ ცდილობს დასავლეთის ყურადღების მიქცევას. ნუ, პარტიაში ვხედავთ, რა სიტუაციაა, ვინ ჰყავთ ლიდერი და ამითაც შიდაპარტიული პოზიციების გამყარებასაც ცდილობს“, - აცხადებს მამრაძე.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმეა და თუკი სიტუაცია ასე გაგრძელდა, მათი პოლიტიკური მომავალი მეტისმეტად ბუნდოვანი იქნება. რაც შეეხება იმას, რომ ხაბეიშვილისა და ბურჭულაძის დაძახილზე, ვინმე 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოვა, ანალიტიკოსისთვის ეს „სასაცილოა“.  

 

 

 

მარბიელი ისეთ "ტოპტვინებს" და სუპერერუდიტებს, როგორიცაა რუსული ბანი და ხაბე ვინ დაუდგება წინ?
3 საათის უკან