თხევადი გაზის ექსპორტის მხარდაჭერა ჯერ–ჯერობით არ წარმოადგენს სერიოზულ პასუხს უკრაინაში მიმდინარე კრიზისზე ძალზე მარტივი მიზეზის გამო – აშშ ამ ეტაპზე არ არის მზად იმისათვის, რომ თავისი გაზით შეასუსტოს რუსული ენერგოზეწოლა ევროპაზე და უკრაინაზე. მართალია ამერიკას საკმაოდ მდიდარი გაზის მარაგები აქვს, მაგრამ საჭირო იქნება წლები, რათა მოხერხდეს ამ მარაგების სპეციალური ტანკერებითა და ტერმინალებით უსაფრთხო ტრანსპორტირება. ერთის მხრივ, გაზის გათხევადების და მეორეს მხრივ, მისი რეგაზაციის ტერმინალები ძალზე ძვირია და მათი აშენებისათვის საჭიროა დიდი დრო. გაზის ტრანსპორტირების ტანკერები კი წარმოადგენენ უშველებელ მცურავ მაცივრებს, რომლებშიც გაზის –260C გრადუსზე მეტ მუდმივ ტემპერატურაზე შენახვაა საჭირო.
2009 წელს, ფიქლების გაზის მოპოვების გაფართოების გამო, აშშ-მ გაუსწრო რუსეთს გაზის მოპოვებაში, რომელიც მანამდე ამ რესურსის უდიდესი მწარმოებელი იყო. აშშ-მ 2007 წელს მოიპოვა 34 მლრდ კუბმეტრი ფიქლების გაზი, 2008 წელს – 57 მლრდ, მხოლოდ 2009 წლის მარტო I ნახევრში – 80 მლრდ კუბმეტრი. თუ არატრადიციული წყაროებიდან მოპოვება აშშ-ს მთელს მოპოვებაში 2008 წელს შეადგენდა 50%-ს, 2030 წელს ის უკვე გაიზრდება 60%-მდე. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ 10-20 წელიწადში ფიქლების გაზის მოპოვება აშშ-ში 3-4-ჯერ გაიზრდება. საინტერესოა, რომ რუსი ექსპერტები მიუთითებენ, თითქოს, ევროპაში ფიქლების გაზის მოპოვების თვითღირებულება თითქმის 7-ჯერ აღემატება ტრადიციული გზით მოპოვებული გაზის თვითღირებულებას.
დღეს უკვე აშკარაა, რომ ევროპაში ფიქლების გაზით მოხდა დიდი ოდენობით რუსული გაზის ჩანაცვლება. ამავე დროს, ფიქლების გაზის გამოჩენამ ევროპის ენერგო-ბაზარზე გამოააშკარავა ე.წ. “სპოტური” (მოკლევადიანი) გარიგებების უპირატესობა “გაზპრომის” გრძელვადიან კონტრაქტებთან შედარებით. “სპოტურმა” ბაზარმა ასევე წარმოაჩინა გაზის ფასების ნავთობის ფასებთან მიბმის აბსურდულობა, რასაც ასე იცავს რუსული “გაზპრომი”.
ამ სირთულეების გამო რუსული მონოპოლისტი იძულებული შეიქნა 2016 წლამდე გადაედო შტოკმანის გაზის საბადოს ათვისების დაწყება. დასავლურ “სტატოილთან” და “ტოტალთან” ერთად “გაზპრომი” გეგმავდა შტოკმანზე მოპოვებული და გათხევადებული გაზის (LNG) 90% გაეგზავნა ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, მაგრამ აშშ-ს ბაზარი უკვე არატრადიციული გაზის მწარმოებლებმა დაიკავეს. გასულ წელს შტოკმანის გადადება არ აღმოჩნდა ერთადერთი პრობლემა რუსული მონოპოლიისათვის. პრობლემები იურიდიულ ნიუანსებშიც წარმოიქმნა.
კერძოდ ცნობილია, რომ დღემდე რუსულ “გაზპრომს” ევროპის გაზის ბაზარზე უკავია მონოპოლიური მდგომარეობა. ყიდის რა გაზს გრძელვადიანი “აიღე ან გადაიხადე” კოტრაქტებით (take-or-pay contracts) ნავთობის ფასზე მიბმულ ფასად და გადახდის ექვსთვიანი დროის ინტერვალით, - “გაზპრომი” მაქსიმალურად მოგებული რჩება, რადგან ნავთობის ფასს კვლავ მყარი ზრდის ტენდენცია დაუბრუნდა.
რეცესიის ფაზის დადგომასთან ერთად, 2008 წლიდან ევროპელ მომხმარებლებს სულ უფრო უჭირდათ “გაზპრომის” ხისტ საფასო პოლიტიკასთან შეგუება და დაიწყეს ალტერნატიული მომარაგების წყაროების ძიება. ბოლო წლებში “გაზპრომის” უდიდესი ევროპელი მყიდველები კონტრაქტებით დასაშვებ მინიმუმამდე ამცირებდნენ რუსული გაზის შესყიდვებს. 2011 წლიდან გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ენერგო-კომპანიებმა დაიწყეს “გაზპრომთან” დადებული ზოგიერთი გრძელვადიანი კონტრაქტის რევიზია. საქმე ისაა, რომ კრიზისის პირობებში კომპანიებს ხშირად არ სჭირდებოდათ დაკონტრაქტებული გაზის 30%, მაგრამ იძულებული იყვნენ მაინც გადაეხადათ მისი ფასი.
ამ პირობებში ძალზე მნიშვნელოვანი იყო პოლონეთში ფიქლების გაზის მარაგების აღმოჩენა. ამ ქვეყანაში 2005 წლიდან გაიცა 30 ლიცენზია ამ გაზის საძიებლად. ა/წლის მაისისთვის მოპოვების დასაწყებად ლიცენზიები მიიღეს ისეთმა გიგანტებმაც, როგორებიცაა ამერიკული “ექსომობილი”, “კონოკოფილიპსი”, “მარათონი”, ბრიტანული “სან ლეონ ენერჯი” და კანადური “ტალისმან ენერჯი”. აღმოჩნდა, რომ პოლონეთს გააჩნია 1.36 ტრლნ კუბმეტრი, ანუ 100-ჯერ იმაზე მეტი ფიქლების გაზი, ვიდრე ის წლიურად მოიხმარს. ეს ევროპისათვის რუსულ გაზზე დამოკიდებულების მოხსნაში დიდი შეღავათია. პოლონეთის საბადოს მოცულობას ადარებენ რუსული “სამხრეთ-ტამბეის” გაზის უდიდესი საბადოს სიმძლავრეს, რაც ევროკავშირის საერთო მარაგებს ზრდის 47%-ით. ა/წლის აპრილის დასაწყისში პოლონეთმა მოუწოდა ევროკავშირს, რომ მეტი ყურადღება მიაქციოს ფიქლების გაზს ევროპის ენერგო-პოლიტიკაში.
ამავე დროს, იმის გამო, რომ ფიქლების გაზის მოპოვება რთულია, საჭირო იქნება დაახლოებით 2 წელი მარტო იმისთვის, რომ მოხდეს პოლონური ფიქლების გაზის მარაგების შეფასება და ეკონომიკური ეფექტიანობის გაანგარიშება. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პოლონეთის საბადოების სტრატეგიული მნიშვნელობისა, რუსული გაზის მონოპოლიური მდგომარეობის შეზღუდვაში გადამწყვეტი მაინც აშშ-ს ფიქლების გაზია. ამერიკული გაზის კომერიულმა მოპოვებამ, შეიძლება ითქვას, შეცვალა “თამაშის წესები” მსოფლიო ენერგო-ბაზარზე.
აშშ-ში ფიქლების გაზის მცირე მოცულობები უკვე ათწლეულების მანძილზე მოიპოვებოდა აპალაჩებისა და მიჩიგანის აუზებში. “თამაშის წესები” ახლო წარსულში შეიცვალა, როცა აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია შეიქმნას ე.წ წყალგამტარი რეზერვუარი ქვებს შორის და მათგან გაზი მოპოვებული იქნას ჰორიზინტალური ჭაბურღილების ინტენსიური გამოყენებით.
ცოდნაში და ტექნოლოგიებში ასეთი გარღვევის წყალობით მოხდა ღრმა ფიქლების გაზის ძალზე ეფექტიანად ამოღება. ამ ტექნოლოგიით გადაიქცა მაგალითად, “ბარნეტის ფიქალი” ტეხასის ბუნებრივი გაზის ყველაზე დიდ საბადოდ. ანალოგიური მეთოდებით გაიზარდა მოპოვების ეფექტიანობა “მარცელოსის”, „ჰეინესვილის” და “ჰორნ რივერის” (ასევე მრავალი სხვა) ფიქლების გაზის საბადოებზე. ამით ჩრდილოეთ ამერიკის ფიქლების გაზის საბადოებზე ამჟამად შესაძლებელია მოპოვებულ იქნას დღეში 250 მლნ კუბმეტრი, და მომავალში, კიდევ უფრო მეტი გაზი. ამ გამოწვევას, რა თქმა უნდა, რუსეთი ვერაფრით ვერ უპასუხებს!