შესაძლოა ბევრს უცნაურად ეჩვენებოდეს ის, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უშუალოდ მიხეილ სააკაშვილს კბილებით იცავს, მაგრამ რეალურად ამაში გასაკვირი არაფერია. სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა, არაერთი მილიონი იხარჯებოდა ევროპელი თუ ამერიკელი დიპლომატების კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ზოგადად, პიარ-კომპანიებს ბიუჯეტიდან დიდ თანხებს რომ ვურიცხავდით, ახალი ამბავი არაა. რაც შეეხება უშუალოდ ბილდტს, ის პოლიტიკაში ბიზნესიდან მივიდა, მისი ბიზნესი კი საკმაოდ გავლენიანი და ცნობილი პიარ-კომპანია, Kreab-ი იყო. ამ კომპანიის მომსახურებით კი საქართველოს წინა ხელისუფლება სარგებლობდა და არაერთ მილიონს ურიცხავდა.
„ჩვენი კომპანია იყო საქართველოს „დამატებითი ხელი ბრიუსელში“. ჩვენ ვეხმარებოდით მმართველ პარტიას ევროპელ პოლიტიკოსებთან და ორგანიზაციებთან ახლო კავშირების დამყარებაში. ჩვენ აგრეთვე ვეხმარებოდით მათ მედიასთან თანამშრომლობაში, რათა მომხდარიყო საქართველოს შესახებ ინფორმაციის დადებითად გაშუქება“, - ეს განცხადება კომპანიის ბრუსელის ბიუროს ხელმძღვანელს, კარლ ისაკსონს ეკუთვნის.
ის ადასტურებს, რომ ბილდტი პოლიტიკაში წასვლამდე კომპანიის დირექტორი იყო და კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან, უშუალოდ კი მიხეილ სააკაშვილთან.
ის, რომ ბილდტისთვის სულერთი არ იყო, ვინ იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებაში, იქიდანაც ჩანს, რომ ის მუდმივად ცდილობდა აქ ჩამოსვლას და პროცესების კონტროლს. ბილდტი ერთადერთია იმ უცხოელ მაღალჩინოსანთა შორის, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში 11-ჯერ მოახერხა ჩამოსვლა და ჩვენი დამოძღვრა. ბილდტის სახელს უკავშირდება საქართველოდან შვედეთის ელჩის, ჰანს გუნარ ადენის გაწვევა. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ადენმა არჩევნების გამჭვირვალობა და ლეგიტიმურობა ოფიციალურად დააყენა ეჭვქვეშ, ანუ ის, რაზეც მაშინ მთელი საქართველო საუბრობდა, ადენმა ევროპელებს ოფიციალურად მისწერა, თუმცა...
„არჩევნების შედეგები არანირ ეჭვებს არ ბადებს და ჩვენ ყველას გვაქვს მიზეზი მივულოცოთ საქართველოს კიდევ ერთი არჩევნები, რომელმაც მოახდინა დემოკრატიის და ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭრის დემონსტრირება, მიუხედავად ზოგი ხარვეზისა“, - ეს წერილი თბილისიდან უკვე ბილდტმა აფრინა, შემდეგ კი იმდენი მოახერხა, რომ ადენი ჩვენი ქვეყნიდან გაიწვიეს.
ამ ამბავს საინტერესო გაგრძელება მოჰყვა - უშუალოდ ბილდტის მითითებით, საქართველოი შვედეთის ელჩად ბილდტის ყოფილი თანაშემწე დაინიშნა. ამ ამბავს ევროპაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მედიამ მომხდარს ვრცელი სტატია მიუძღვნა და იქვე ივარაუდა, რომ შესაძლებელი იყო ბილდტს საქართველოში ბიზნეს-ინტერესები ჰქონოდა.
„მე არასდროს მქონია ბიზნეს კავშირები საქართველოში. მე ვიცი რომ არის ხალხი, ვინც აქტიურად ავრცელებს ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, - ასეთი იყო ბილდტის პასუხი.
სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე ოფიციალურად დაიბარა, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-მა ბილდტის კომენტარი გაავრცელა, აქაოდა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამას პოლიტიკურ დევნად აფასებსო. ის კომენტარი გასული წლის ნოემბერში იყო ჩაწერილი და რაღა თქმა უნდა, ეს ტყუილი მალე გამჟღავნდა, მაგრამ ამის გამო პროტესტი არც თავად შვედ პოლიტიკოსს გამოუთქვამს და რაც მთავარია, დაწყებული ტყუილი ტელეკომპანიამ ბოლომდე „გააპრავა“ და როცა ბილდტი ჰააგაში „გამოიჭირა“, ჟურნალისტმა ისე განაცხადა, სააკაშვილის დაბარებასთან დაკავშირებით ბატონი კარლი კიდევ ერთ კომენტარს აკეთებსო, თითქოს, პირველი კომენტარი შარშან არ ყოფილიყო თქმული.
გასული წლის სექტემბერში ბილდტი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რადოსლავ სიკორსკისთან ერთად ყვარელში, პრეზიდენტის მამულში იმყოფებოდა, მასთან ერთად ყურძენიც დაწურა და ქართულ ღვინოზე ბევრი ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ ბატონი კარლი ჩვენს სამშობლოს საპარლამენტო არჩევნებამდეც ეწვია და მაშინ დაუფარავად განაცხადა, რომ საქართველო უკვე მიეჩვია დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და მომავალი არჩევნების შედეგის ქუჩაში გაპროტესტებას საფუძველი და აზრი არ ექნებოდა. ანუ ბილდტი დარწმუნებული იყო იმაში, რომ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებდა და ქუჩის აქციების აღკვეთის პრევენცია მანამდე გააკეთა. ჩვენი ინფორმაციით, ბილდტს იგივე პირად საუბარში ბიძინა ივანიშვილისთვისაც უთქვამს.
რაც შეეხება წინა ხელისუფლების კიდევ ერთ თავგადაკლულ ქომაგ მეთიუ ბრაიზას. ეს კაცი ახლა თურქეთში ცხოვრობს და რომელიღაც არასამთავრობო ორგანიზაციას ამუშავებს. საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ტუალეტში სიარულსა და კვების დროსა და საათს ბრაიზას რომ უთანხმებდნენ, ახალი ამბავი არაა. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ სწორედ მისი წაქეზებით და დაჯერებით, რომ ვაშინგტონი ბოლომდე მხარში დაუდგებოდა საქართველოს, წინა ხელისუფლება თამამად ჩაერთო 2008 წლის ომში. რამდენიმე გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი არც ახლა მალავს, რომ ბრაიზას ვიზიტები მათ ჯიბეს ძალიან მძიმედ ურტყამდა, რადგან ამერიკელ პოლიტიკოსს ყველა სურვილს უსრულებდნენ, მის ფანტაზიას კი საზღვარი არ ჰქონდა.
ბრაიზას პოლიტიკურ კარიერას ყველაზე დიდ წინააღმდეგობად მისი მეუღლე, თურქული წარმოშობის ამერიკელი, ზეინო ბარანი ექცა. ამ ქალის სახელი ტერორისტულ ორგანიზაცია „ერგენეკონსაც“ დაუკავშირეს და წერდნენ, რომ შიდა ქსელის კავშირები სწორედ ბარანის აწყობილი იყო. ვერ გეტყვით, რამდენად არის სიმართლესთან ქალბატონი ბრაიზას ტერორისტობა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის კონფლიქტში ბრაიზამ ცალსახად დაიჭირა აზერბაიჯანელთა მხარე და ამას ექსპერტები ცოლის გავლენას მიაწერენ. კითხვებს ბადებს ისიც, რომ ქორწილი, რომელიც ბრაიზამ თურქეთში გადაიხადა, ზედმეტად პომპეზური იყო და მაშინვე ითქვა, რომ ეს ხარჯები ერთ-ერთმა აზერბაიჯანელმა და ქართველმა ბიზნესმენებმა თანაბრად გაინაწილეს.
სწორედ ყარაბახის კონფლიქტისადმი არასათანადო დამოკიდებულება გახდა იმის მიზეზი, რომ ბრაიზას აზერბაიჯანში ელჩად მუშაობა არ დასცალდა. მას გზა ამერიკის სენატში არსებულმა სომხურმა ლობმა გადაუღობა და კონდოლიზა რაისის ფავორიტის კარიერული წინსვლაც დაასრულა.
„მე სიყვარულისთვის ვისჯები“, - ეს იყო ბრაიზას რომანტიკული კომენტარი მომხდარზე, მაგრამ რეალურად, მას სენატორებმა დაუმტკიცეს, რომ ცალსახად აზერბაიჯანის მხარე ეკავა. სხვათა შორის, ბრაიზა იყო ის ადამიანი, რომელმაც ცნობილ ვიდეოზე, რომელშიც ივანე მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვს, განაცხადა, რომ თუ ეს ანტიტერორისტული ოპერაცია იყო, მაშინ გვამების მოთხოვნა ნორმალურია.
ჩვენ შევეცადეთ მოკლედ მოგვეთხრო იმ ორ ადამიანზე, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებს თავიდან თმის ერთი ღერიც არ ჩამოუვარდეთ და პარალელურად, ორივეს იმის მტკიცება უწევს, რომ საქართველოში არანაირი ბიზნესინტერესი არ გააჩნიათ. პრინციპში, საჩუქრად მიღებული მილიონები ბიზნესი ნამდვილად არ არის.