კაზრეთში 40-დღიანი გაფიცვის შემდეგ, დაპირისპირებულმა მხარეებმა, როგორც იქნა, შეთანხმებას მიაღწიეს. გაფიცვა ოფიციალურად 2014 წლის 25 მარტს, 08:00 საათზე შეწყდა. საერთო შეთანხმებით მაინცდამაინც აღფრთოვანებული არც ერთი მხარე არ დარჩენილა, მაგრამ არსებულმა რეალობამ და პროცესში მთავრობის წარმომადგენელთა ჩართვამ, ყველაფერი გადაწონა.
მთავრობის მედიატორის ირაკლი ყანდაშვილისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის ირაკლი პეტრიაშვილის ინფორმაციით, მხარეებმა მედიციის პროცესის შედეგად შეთანხმებას ყველა ძირითად საკითხზე მიაღწიეს. RMG GOID-სა და RGM COPPER-ის ადმინისტრაცია სამსახურში აღადგენს 2014 წლის იანვარში სამსახურიდან გათავისუფლებულ 80 თანამშრომელს. დანარჩენ მუშებს კომპანია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად დააბრუნებს. მათ გაფიცვის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში, კომპენსაციის სახით, ორი თვის ხელფასს გადასცემს. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო გაფიცვის შეწყვეტიდან ორი თვის განმავლობაში კომპანიამ მათი დაბრუნება ვერ შეძლებს, კომპანია მათ დამატებით მესამე თვის კომპენსაციას გადასცემს. დარჩენილი გათავისუფლებული თანამშრომლებისთვის შედგება სპეციალური სარეზერვო სია და წარმოებაში ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში, კომპანია სამუშაო ადგილს უპირველესად მათ შესთავაზებს. გაფიცვის შეწყვეტისთანავე კომპანია ჩაანაცვლებს გაფიცვის პერიოდში მუშათა შესაცვლელად დაქირავებულ პერსონალს.
შეთანხმება მიღწეულია ანაზღაურების საკითხებზეც. 2014 წლის აპრილიდან კომპანიის ყველაზე დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი არანაკლებ 15%-ით გაიზრდება. 2014 წლის 1-ლი ნოემბრიდან კი კომპანიის ადმინისტრაცია დასაქმებულებთან მოლაპარაკებებს დაიწყებს 2015 წლისთვის ხელფასების
RMG GOID და RGM COPPER ვალდებულებას იღებენ სამართლიანი ანაზღაურების პრინციპების განხორციელებაზე და საწარმოებში ერთსა და იმავე პოზიციებზე დასაქმებულთა ანაზღაურების გათანაბრებაზე არსებულ ხელფასებს შორის უფრო მაღალი ხელფასის დონემდე გათანაბრების მიზნით. პირველ ეტაპზე, თითოეულ კომპანიაში ხელფასებს შორის განსხვავების აღმოფხვრა პირველ აპრილამდე მოხდება, ხოლო შემდეგ ეტაპზე პირველი ოქტომბრიდან, კომპანია ორივე საწარმოში ხელფასებს შორის განსხვავებას აღმოფხვრის.
დასაქმებულებისთვის მისაღებია კომპანიის მიერ შეთავაზებული ახალი სადაზღვევო პირობები, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები. გაფიცვის შეწყვეტისა და მედიაციის დასრულების შემდგომ, ერთ კვირაში კომპანიის გენერალური დირექტორი კოლექტიური მოლაპარაკების კომისიების შექმნის შესახებ განკარგულებას გასცემს.
გაფიცვის ერთ-ერთი აქტივისტი მიშა ყაფლანიშვილი ამბობს, რომ RMG METALS GROUP მუშებს აპრილიდან ხელფასების მხოლოდ 15%-მდე გაზრდას შეჰპირდა:
„ზოგს 300 ლარი აქვს ხელფასი და მის 15%-ით მატებას კი შეთანხმებას ეძახიან...“, - უკმაყოფილებას გამოთქვამენ მუშები.
გარდა ამისა, მუშები ადმინისტრაციის 20-მდე თანამშრომლის შეცვლას ითხოვდნენ, თუმცა კომპანიას არც ერთი თანამშრომელი არ გაუშვია .
ყაფლანიშვილი ამბობს, რომ ხალხს სხვა გზა არ ჰქონდა, მოლაპარაკებები ძალიან გაიწელა, კაზრეთის მოსახლეობას კი რთული სოციალური პირობები ამ ორი თვის განმავლობაში კიდევ უფრო დაუმძიმდა:
„პირდაპირ გეტყვით, პროფკავშირების მუშაობით ხალხი ძალიან უკმაყოფილოა. ჩვენი ერთობა დაშალეს და დაასუსტეს. მოლაპარაკებები უაზროდ გაწელეს, ამ დროის განმავლობაში კი ჩვენ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ თითქმის უგულებელყო ჩვენი მოთხოვნები, ხვალიდან გავდივართ სამსახურში, სხვა გზა აღარ გვრჩება“, - ამბობს ყაფლანიშვილი.
კაზრეთელი მუშების გაფიცვის შესახებ კომენტარი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მედიატორად დანიშნულმა ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმაც გააკეთა.
„გუშინ, გამთენიისას მედიაციის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი შეხვედრის შედეგად, დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა შეთანხმებას მიაღწიეს და არსებული გაფიცვა შეწყდა. ქართულ რეალობაში ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა მხარეთა შერიგებით დასრულდა და დასაქმებულები უკვე სამსახურებში გავიდნენ. საბოლოო ჯამში, ყველა მნიშვნელოვან კომპონენტზე შეთანხმდნენ. რაც ყველაზე მთავარია, მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტულ პროცედურაზე, რაც პროცესების ერთობლივი მართვის მექანიზმს ეხება. ეს ყოველივე შემდგომში კომპანიაში დასაქმებულთა უფლებების გამტკიცების და განვითარების საფუძველი გახდება“, - განაცხადა ყანდაშვილმა.