ტრამპი და პუტინი უკრაინის ომის დასასრულებლად ემზადებიან?!

ტრამპი და პუტინი უკრაინის ომის დასასრულებლად ემზადებიან?!

მომავალ კვირას, დიდი ალბათობით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს - დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირადი შეხვედრა შედგება, რასაც შესაძლოა, სამმხრივი სამიტი მოჰყვეს, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით. ეს შეხვედრა გადამწყვეტი იქნება, უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების მცდელობაში და გეოპოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებაში. თეთრი სახლისა და კრემლის პრესსპიკერები ადასტურებენ ასეთი გეგმის არსებობას, რაც შეხვედრის რეალურობაზე მიუთითებს.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის მოსკოვში ვიზიტი, რომელიც სამ საათამდე გაგრძელდა, წინ უსწრებდა მოსკოვის ულტიმატუმის ვადის ამოწურვას. ტრამპმა მოლაპარაკებებს „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა და დაადასტურა, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, პუტინს შეხვდეს. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში ომის დასრულება იქნება. მან ასევე სოციალურ ქსელში აღნიშნა:

„მივაღწიეთ ხელშესახებ პროგრესს! ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, ყველა თანახმაა, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და მომდევნო კვირებში, სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავებთ“, - ამბობს ტრამპი.

ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა საგარეო საკითხებში, იური უშაკოვმა უიტკოფთან შეხვედრას „საკმაოდ სასარგებლო და კონსტრუქციული“ უწოდა. მისი თქმით, საუბარი შეეხო „უკრაინულ კრიზისს“ და რუსეთსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. უშაკოვის განცხადებით, უიტკოფმა შტატებს გარკვეული სიგნალები გადასცა და შესაბამისი პასუხი მიიღო. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპთან პირადი შეხვედრის მზაობის ინიციატივა ვლადიმირ პუტინისგან წამოვიდა, უიტკოფთან შეხვედრის დროს. ამერიკული მხარის შეფასებით, შეხვედრა მოსალოდნელზე უფრო პროდუქტიული აღმოჩნდა.

პოლონური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა პუტინს, უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, შემდეგი პირობები შესთავაზა: ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, თუმცა არა - მშვიდობა; რუსეთის მიერ დაპყრობილი უკრაინული ტერიტორიების ფაქტობრივი აღიარება (საკითხის გადავადება 49 ან 99 წლით); რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების უმეტესობის მოხსნა და გრძელვადიან პერსპექტივაში, ენერგეტიკული თანამშრომლობის აღდგენა, კერძოდ, რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტის განახლება.

მიუხედავად ამ წინადადებებისა, პაკეტში არაფერია ნათქვამი ნატო-ს აღმოსავლეთით არგაფართოების შესახებ, რასაც რუსეთი მუდმივად ითხოვდა. მოსკოვმა ასევე არ მიიღო პირობა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარებას შეუწყვეტდნენ. ეს უკანასკნელი პუნქტი რუსულმა მხარემ დაადასტურა.

იური უშაკოვის თქმით, შეხვედრის შესახებ პრინციპული თანხმობა არსებობს და უკვე განსაზღვრულია ადგილიც, რომლის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 „საორიენტაციო ვადად მომდევნო კვირა განისაზღვრა, თუმცა რთული სათქმელია, რამდენი დღე იქნება საჭირო სამიტის მოსამზადებლად“, - განაცხადა უშაკოვმა.

მან ასევე დაადასტურა, რომ შეხვედრის დროს, უიტკოფმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით, ლიდერების სამმხრივი შეხვედრის თემაც წამოჭრა, თუმცა მოსკოვმა აღნიშნული საკითხი უკომენტაროდ დატოვა.

სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში, დიდი მოცულობის სამუშაო იქნება შესასრულებელი, რათა შეხვედრა შედგეს. თეთრ სახლში ადასტურებენ, რომ ლიდერების სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ტრამპმა თავის ადმინისტრაციას „სწრაფად მოქმედების“ განკარგულება მისცა, რათა პუტინთან შეხვედრა მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შედგეს. სამიტის ლოკაციასთან დაკავშირებით, ყველაზე მაღალი შანსი სტამბოლს აქვს, რადგან რეჯეფ თაიფ ერდოღანმა არაერთხელ გამოთქვა მზაობა, უმასპინძლოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმაღლეს დონეზე. გავრცელებული ცნობებით, ადრე განიხილებოდა არაბთა გაერთიანებული საემიროები, ან საუდის არაბეთი.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გრძელდება შეხვედრები და მოლაპარაკებები ევროპის ლიდერებთან, უკრაინაში ომის დასასრულებლად, პოზიციების შეთანხმების მიზნით.

„ყველა პარტნიორი კარგად აცნობიერებს, ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ ომის დასასრულებლად. ეს არის რუსეთის ომი, ეს არის რუსეთის აგრესია და სწორედ რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტისა და იმ რეალური დიპლომატიისკენ, რომელიც მშვიდობას უზრუნველჰყოფს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა გაერთიანებულია ერთი აზრის ირგვლივ - რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ, ეს არის ომი ევროპაში და ევროპის წინააღმდეგ! ამიტომაც, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება ამ ომის დასასრულებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეალურად შეეხება მთელ ევროპას.

დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი, ბოლოს ერთმანეთს 2019 წელს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, იაპონურ ოსაკაში შეხვდნენ. რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის დირექტორმა, კირილ დმიტრიევმა, უკვე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრა, შესაძლოა, ისტორიული აღმოჩნდეს. „დიალოგი გაიმარჯვებს“, - დაწერა დმიტრიევმა სოციალურ ქსელში.

კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი მოახლოებული შეხვედრის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ  ტრამპისა და პუტინის დიალოგი, თუნდაც არასრული შეთანხმებით დასრულდეს, მაინც იქნება ერთგვარი სიგნალი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. თუმცა, ბენდიანიშვილი for.ge-თან ამბობს, რომ არ იქნება ზედმეტად ოპტიმისტურად განწყობილი და არ ელის, რომ ხვალვე, პუტინი, პირდაპირ მშვიდობის პირობას დადებს. 

„ტრამპის ინიციატივა „ცეცხლის შეწყვეტაზე და არა მშვიდობაზე“, ნათლად მიუთითებს აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პრაგმატულ მიდგომას. ეს არ არის იდეალისტური სწრაფვა სამართლიანობისკენ, არამედ მცდელობა, იპოვონ კომპრომისული გამოსავალი, რომელიც დროებით მაინც შეაჩერებს ომს და აშშ-ს საშუალებას მისცემს, ფოკუსირება სხვა შიდა თუ გარე გამოწვევებზე მოახდინოს. რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „ფაქტობრივი აღიარება“ (თუნდაც დროებითი ვადით) რუსეთისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება იქნება, რადგან ის ლეგიტიმაციას შესძენს ანექსირებულ ტერიტორიებზე მის კონტროლს.

სანქციების მოხსნა და ენერგეტიკული თანამშრომლობის აღდგენის პუნქტები, ეს რუსეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკის გასაჯანსაღებლად და ამიტომ, მოსკოვი ამაზე, სავარაუდოდ, დიდი ენთუზიაზმით დასთანხმდება. რაც შეეხება ნატო-ს გაფართოების საკითხის არარსებობას ტრამპის წინადადებაში, რუსეთისთვის უკვე ნაკლებად მისაღები იქნება, რადგან ეს მოსკოვის უმთავრესი გეოპოლიტიკური მოთხოვნაა. უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის პირობის მიღება რუსეთისთვისაც სასურველია“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.

ზურაბ ბენდიანიშვილის აზრით, ამ მოლაპარაკებების მთავარი გამოწვევა უკრაინის ინტერესების დაცვა იქნება. ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია, რომ „რუსეთმა უნდა გადადგას ნაბიჯი ცეცხლის შეწყვეტისა და იმ რეალური დიპლომატიისკენ, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს“, უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის უპირობო მოთხოვნაა.

„სამმხრივი ფორმატი, ზელენსკის მონაწილეობით, უკრაინისთვის ერთადერთი შესაძლებლობაა, პირდაპირ დაიცვას თავისი ინტერესები და თავიდან აიცილოს მის ზურგს უკან მიღებული გადაწყვეტილებები.

ასევე თურქეთის, როგორც მასპინძელი ქვეყნის როლი, მნიშვნელოვანი იქნება მოლაპარაკებების პროცესში, რადგან სტამბოლი უკვე იქცა დიპლომატიური ძალისხმევის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. შეხვედრა შედგება, გარკვეული პროგრესიც მიიღწევა, მაგრამ მშვიდობა, როგორც ასეთი, კვლავ რთული მისაღწევი იქნება, რადგან მხარეთა ინტერესები ჯერ კიდევ ზედმეტად განსხვავდება. დიალოგის გაგრძელების აუცილებლობა კვლავ იარსებებს, მიუხედავად მოსალოდნელი სირთულეებისა. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, ბევრი რამ კიდევ უფრო ცხადი გახდება“, - ამბობს კონფლიქტოლოგი.