საქართველოში, რუსეთის შეიარაღებული ძალების უკანასკნელი შემოჭრიდან - 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან - 17 წელი გავიდა. ამ ომს საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1 747 ადამიანი კი დაიჭრა. მათ შორის იყვნენ: სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები.
ხუთდღიანი ომის დროს, საქართველოს სამ რეგიონში, რუსმა სამხედროებმა დაიკავეს ხეობები, დიდი ქალაქები და სოფლები. რუსული ბომბების გამო, საკუთარი სახლ-კარი და მიწა 130 ათასმა ადამიანმა დატოვა. ზოგი მოგვიანებით დაბრუნდა, თუმცა 30 ათასამდე კვლავ იძულებით გადაადგილებული პირია. ასევე, საქართველომ დაკარგა კონტროლი კოდორის ხეობასა და ახალგორის რაიონზე. რუსეთმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ტერიტორიებად გამოაცხადა.
„ეს ბიჭი გიჟია, ეს ბიჭი თავის ქვეყანას დაანგრევს!“
17 წლის შემდეგაც, ჯერ კიდევ ისმის კითხვა, წამოეგო თუ არა საქართველო რუსეთის პროვოკაციას? ამ კითხვაზე პასუხობს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯეფრი საქსი. ის იხსენებს, თუ როგორ და რატომ დაიწყო ომი და ამაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსაც ადანაშაულებს. საქსი მას „გიჟსაც“ კი უწოდებს.
„ბუქარესტში, ნატო-ს სამიტზე, ჯორჯ ბუში უმცროსმა მოითხოვა ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება. იმდროინდელმა ევროპელმა ლიდერებმა - ანგელა მერკელმა და ნიკოლას სარკოზმა იცოდნენ, რომ ეს ძალიან საშიში იყო. ეს იყო სრული პროვოკაცია რუსეთის წინააღმდეგ, რადგან ეს რუსეთისთის წითელ ხაზს ნიშნავს. 2008 წლის გაზაფხულზე, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში, საგარეო ურთიერთობის საბჭოში გამოვიდა, რომელსაც მეც ვესწრებოდი. სიტყვით გამოსვლისას, მან ასეთი რამ თქვა: „საქართველო ევროპის შუა გულშია. საქართველო ევროპული ქვეყანაა. საქართველო ნატო-ს შეუერთდება. საქართველო ევროკავშირის ძირითადი წევრი იქნება“. გარეთ გამოვედი, ცოლს დავურეკე და ვუთხარი: „ეს ბიჭი გიჟია, ეს ბიჭი თავის ქვეყანას დაანგრევს!“
ამ გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, შეერთებული შტატების წაქეზებით, ომი დაიწყო. ეს კატასტროფა იყო, მაგრამ სრულიად პროგნოზირებადი. სააკაშვილის წინ, ვინმე ზრდასრული უნდა დამდარიყო და ეთქვა, ასე ნუ ლაპარაკობ, ეს შენთვის საშიშია, წინდახედული იყავი, ნუ გააღიზიანებ შენს გავლენიან მეზობელს, შეერთებული შტატები შენი მეზობელი არაა, ის ასობით მილითაა დაშორებული. თუმცა, ეს მისთვის არავის უთქვამს, პირიქით, ტაშს უკრავდენ. აშშ-ს არ შეუძლია საქართველოს გადარჩენა მეზობლისგან, ამიტომ წინდახედულება იყო საჭირო“, - თქვა ჯეფრი საქსმა, ერთ-ერთ პოდკასტში.
ტყუილი და ცილისწამება Apsnypress-ისგან!
For.ge-მ ინტერნეტში არქივსაც გადახედა, სადაც ვნახეთ Apsnypress-ის სტატია. აღსანიშნავია, რომ აფხაზური გამომცემლობა ხუთდღიანი ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. როგორც სტატიაშია ნახსენები, 7 აგვისტოს ღამეს, ქართული არმიის „გრადის“ დანადგარებიდან პირველი საარტილერიო ზალპები მშვიდობიან ცხინვალსა და ქალაქის გარეუბნებს დაეცა.
Apsnypress-ის სტატიაზე დაყრდნობით, 7 აგვისტოს, საღამოს, 19:40 საათზე, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოსახლეობას მიმართა. მან განაცხადა, რომ საღამოს მან ყველა ქართულ შეიარაღებულ დანაყოფს უბრძანა, არ გაეხსნათ ცეცხლი ცხინვალის რეგიონში, კონფლიქტის ზონაში. „მინდა, მივმართო მათ, ვინც ახლა ესვრის ქართველ პოლიციელებს. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ რამდენიმე საათის წინ მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება, არ მეპასუხა ცეცხლით“, - ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სულ რაღაც, სამი საათის შემდეგ, საქართველომ სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ, შეტევითი ოპერაცია დაიწყო. საქართველოს ხელმძღვანელობა რამდენიმე საათში სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და, პრაქტიკულად, მეორე დღეს ცხინვალში „გამარჯვებულთა აღლუმის“ ჩატარებას ვარაუდობდა. სამხედრო ოპერაციის დროს, მშვიდობიანი მოსახლეობის 745 სახლი განადგურდა, 200-ზე მეტი საწარმო და ორგანიზაცია გაძარცვეს და გაანადგურეს. ასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა, მათ შორის, 72 - რუსი სამხედრო მოსამსახურე. უზარმაზარი დანაკარგების მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი, თავისი დამცველების სიმამაცის წყალობით, არ დანებდა. რუსეთის დროულმა ქმედებებმა, რომელმაც აგრესორის მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია ჩაატარა, ხელი შეუწყო შემდგომი სისხლისღვრის თავიდან აცილებას.
სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მოვლენები ბარბაროსული აგრესიაა „გრადის“ ტიპის რაკეტმტყორცნების გამოყენებით, რომლებიც არა კონკრეტული მიზნებისთვის, არამედ განურჩეველი და უკონტროლო დაბომბვისთვისაა განკუთვნილი. ასე შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ Apsnypress-ის კორესპონდენტთან, სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება.
მისი თქმით, „ქალაქი უკონტროლოდ იბომბება, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იტანჯება“. „ეს ოლიმპიური თამაშების დაწყების დღეს ხდება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს ქართველი „ქორების“ დანაშაულის გრძნობას. ჩვენ ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე, ამასთან დაკავშირებით, ილუზიები არ გვქონდა, თუმცა მსოფლიოში, ბევრი ჯერ კიდევ ცდება საქართველოსა და მისი პრეზიდენტის, სააკაშვილის ნამდვილ განზრახვებთან დაკავშირებით“, - თქვა შამბამ.
მისი თქმით, „შესაძლოა, ახლა, საბოლოოდ გაიგონ, თუ ისევ არ იტყვიან თავიანთი ოპორტუნისტული მიზნებისთვის, რომ საქართველო დემოკრატიის ფლაგმანია“. შამბას თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა საჩვენებელი იქნება. „ამ შეხვედრის შედეგები აჩვენებს, თუ რამდენად ობიექტურები არიან მსოფლიო პოლიტიკის ლიდერები, ზოგადად. ჩვენ თვითონ დავასკვენით, რომ მომხდარის შემდეგ, ქართულ მხარესთან საუბარს საერთოდ აზრი არ აქვს“, - განაცხადა აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ დიალოგის გზების პოვნა, მაგრამ ამით სულ უფრო და უფრო იმედგაცრუებულები ვხდებოდით და გვესმოდა, რომ ეს უაზრო იყო. ახლა, ამ ბარბაროსულმა ქმედებებმა, უსირცხვილო ტყუილმა, საბოლოოდ ჩამოხსნა ნიღაბი და აჩვენა ასეთი სამშვიდობო პროექტების უაზრობა და მთელი ამ პროცესის უაზრობა. ამ რეჟიმთან საუბარი საერთოდ არ ღირს და ძალას, ძალით უნდა ვუპასუხოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა სერგეი შამბამ.
ის, რაც ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა
რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტები იმ მესიჯს ავრცელებდნენ, რაც რუსეთიდან მოდიოდა. წლების შემდეგ, საქართველომ, ყველა საერთაშორისო ასპარეზზე დაამტკიცა, რომ რუსებმა დაიწყეს ომი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მოუგო რუსეთს.
2008 წლის აგვისტოს ომის საქმესთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ოკუპირებულია რუსეთის მიერ; გარდა ამისა, რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპანტი სახელმწიფო, პასუხისმგებელია ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უფლებების მასობრივ დარღვევაზე.
2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა, ომის დროს დაზარალებული საქართველოს 24 000-მდე მოქალაქის სასარგებლოდ; 2022 წლის ბოლოს, ჰააგის პროკურორმა დაასრულა აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება ქართული მხარის მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის, თუ სხვა ნებისმიერი სახის გადაცდომის გამოვლენის გარეშე; 2022 წელს, ჰააგის სასამართლომ დაკავების ორდერები გამოსცა ცხინვალის რეგიონის სამი „მაღალჩინოსნის“ მიმართ, აგვისტოს ომის დროს, ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის და გამოიკვეთა აწ გარდაცვლილი რუსი გენერლის პასუხისმგებლობა; 2024 წლის 9 აპრილს, საქართველომ მოიპოვა კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე; სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთი განგრძობითად ახორციელებს უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესს, რაც მასობრივად არღვევს საქართველოს მოსახლეობის უფლებებს!