„ტალიავინის კომისიამაც ვერ გამოიძია, სად გარბოდა და რას გაურბოდა სააკაშვილი“

„ტალიავინის კომისიამაც ვერ გამოიძია, სად გარბოდა და რას გაურბოდა სააკაშვილი“

პოლიტიკის დოქტორის, პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, აგვისტოს ომის ერთ-ერთი კომპონენტი იყო ის, რომ კონფლიქტები, რომელიც არსებობდა სამხრეთ კავკასიაში, შენარჩუნებულიყო. კერძოდ, რუსეთი უნდა გაეყვანათ სამხერთ კავკასიიდან. მისი თქმით, დღესაც იგივე სტრატეგია აქვთ, შესაბამისად, გარე აქტორებისთვის არასასურველია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს, რომელიც გაამყარებს ეკონომიკურ კავშირებს. ანუ, დაარებულირებს ურთიერთობებს. 

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

 - რა მოხდა 17 წლის წინ საქართველოში, რა გვასწავლა აგვისტოს ომმა, ან გვასწავლა კი, რამე?

სოსო მანჯავიძე: - როგორც ვხედავთ, ხალხის ერთ წყებას არაფერიც არ ასწავლა. პირიქით, უფრო გააშმაგა იმან, რაც მოხდა. თავიდანვე, 8 აგვისტოს ომს არ მიეცა შესაბამისი კვალიფიკაცია. იყო მთელი რიგი მანიპულაციები, რაც განპირობებული გახლდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენებით. მიდიოდა გარკვეულ განწყობებზე თამაში. ვინაიდან, ეს ომი, როგორც ყოველთვის, შეიმოსა მითოლოგიით და ჩვენს თვალწინ გაყალბდა. გააყალბეს ისე, როგორც აწყობდათ ადამიანების განწყობას. ზოგადად, ადამიანები მიჩვეულები ვართ იმას, რომ როგორც გვინდა წარმოჩენილი იყოს რეალობა, იმასვე ვამტკიცებთ.

დავსვათ კითხვა - ავტორები ვინ იყვნენ? რუსეთის ფედერაცია, აშშ-ი, კოლექტიური დასავლეთი. მიმდინარეობდა განუწყვეტელი კოლექტიური ბრძოლა და დღესაც მიდის. სწორედ, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. გავიხსენოთ ვლადიმერ პუტინის სიტყვა მიუნხენში, სადაც მან გამოაცხადა რუსეთის გასვლა სრული ვასალიტეტიდან. ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ რუსეთის ფედერაცია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იყო დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის ვასალი, რომლისგანაც დიდწილად არ არის გათავისუფლებული.

- გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა, რა სიტუაცია გვქონდა მაშინ და რა მექანიზმები ჩაირთო კონფლიქტის გასაღვივებლად...

- გავიხსენოთ, რა მოხდა 2004 წელს, წვერიახლოს სიმაღლეებზე, დაიღუპა 23 ადამიანი, თითქოს არაფერი. სრულიად უაზრო ესკალაცია დაიწყო მაშინ. ამის შემდეგ იხურება ერგნეთის ბაზრობა, იწყება მუდმივი დაძაბულობის ესკალაცია. მათ შორის, ვითომ მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც პეტერბურგში შედგა და გახარებულები იყვნენ, თითქოს, მოილაპარაკებდნენ, მაგრამ, ჰოი, საოცრებავ! ჩამოვიდა და რადიკალურად შეიცვალა პოზიცია. დაიწყო ესკალაცია და ეს არ უნდა განვიხილოთ იზოლირებულად საქართველო-ამერიკის ურთიერთობების ჭრილში. ეს უნდა განვიხილოთ გლობალურ ჭრილში.

ესკალაცია რაში გამოიხატებოდა - გვახსოვს კლიპი - „კოკოითი ფანდარასტ“. იქ, ფაქტობრივად, სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის აღდგენა, დროებითი ადმინისტრაციის შექმნა. ასევე, კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად გამოცხადება და მთელი რიგი პიარ-აქციები. ამავე დროს, თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდა, ჯარის მომზადება. შეირაღების შემოტანა, რომელზეც, როგორც შემდეგ გაირკვა, პატივცემული დავით კეზერაშვილი და მისი კლანი უზარმაზარ ფულს შოულობდა. მთელი სქემები იყო. აი, ამის შემდეგ ვიღებთ 8 აგვისტოს ომს.

გასაგებია, რომ ეს ომი, ერთი მხრივ, იყო აშშ-ში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ნაწილი, რამაც დიდწილად დააჩქარა და სტიმულირება მოახდინა ამ ომის გადმოწევის. რატომ? - იმიტომ, რომ სჭირდებოდა ჯონ მაკკეინს ეს სიტუაცია, რომ მერე „ჩვენ, ყველანი ქართველები ვართ“-ო გამოეცხადებინა. ამის გარდა, ომი აუცილებელი კომპონენტი იყო იმისა, რომ კონფლიქტები, რომელიც არსებობდა სამხრეთ კავკასიაში, შენარჩუნებულიყო.

- ანუ, ამ შემთხვევაში, სტრატეგია რაში მდგომარეობდა?

- სამხერთ კავკასიიდან რუსეთი უნდა გაეყვანათ. დღეს იგივე სტრატეგია აქვთ. შესაბამისად, არასასურველია ყველა ის ნაბიჯი, რომელიც კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობს ხელს, რომელიც გაამყარებს ეკონომიკურ კავშირებს, ანუ დაარეგულირებს ურთიერთობებს. მით უმეტეს, რომ მაშინ კონფლიქტების დარეგულირების პროცესი მიმდინარეობდა, განსაკუთრებით, ყოფილი სამხრეთ ოსეთის მიმართულებით. ადამიანური ურთიერთოები იყო ჩამოყალიბებული, ქორწილებს იხდიდნენ, იყო ჩვეულებრივი კომუნიკაცია და ამ დროს იწყება ესკალაცია.

დროებით საგამოძიებო კომისიაზე, ყველამ ყველაფერი დაინახა, ვისაც დანახვის უნარი შესწევდა. გასაგები იყო, რომ ეს იყო სრულიად ხელვნურად წარმოებული ომი. ჩვენთვის, ყველა შემთხვევაში, წამგებიანი ომი! ის მოსაზრებები, რომ ეს იყო იძულება, თითქოს, იძულებულები გავხდით, ამაში ჩავბმულიყავით, თავდაცვას ვაწარმოებდით, ამაზე საუბარი ჩვენს ეროვნულ პოზიციას ელამუნება, მაგრამ ასე რომ არ იყო, ვნახეთ პირდაპირ ეთერში. თუ გინდა, მოიტყუო და გინდა, იყო რეგვენი, კი ბატონო, ეს ადამიანის არჩევანია, მაგრამ ამით გამოდის, რომ ის გარეწრები, რომლებმაც ეს კატასტროფა გამოიწვიეს, მართლები გამოდიან! შესაბამისად, იხსნება გზა ახალი გარეწრობისკენ.

გაიხსენონ, რა ხდებოდა და რა თქვა ყურაშვილმა, რომელიც გენერლის ფორმაში მოგვევლინა კომისიაზე! გამოვიდა და თქვა, რომ კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად შევედითო. სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაო. ცალკე უბედურება იყო ის, რომ ტრიბუნა ჰქონდათ წაღებული.

- რატომ იყვნენ დარწმუნებულები, რომ რუსეთი ამ ომში არ ჩაერეოდა?

- გვითხრეს, რომ კულახმეტოვმა ფული აიღო და რუსეთი არ ჩაერევაო. ხომ წარმოგიდგენიათ, რა საოცრად განსწავლული ხალხი იყო ჩართული გეოპოლიტიკაში და როგორ ერკვეოდნენ ვითარებაში?! ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ამათ ტვინებში რა ხდებოდა. „შევდივართ, ავიღებთ ცხინვალს, პუტინი და მედვედევი იტყვიან, ქართველებმა მოგვიგეს და რა ვქნათ“-ო. ამას ფიქრობდნენ, თან კულახმეტოვსაც ქრთამი მისცეს, 7 მილიონი. ძალიან ჭვიანური სტრატეგიაა!   

გოგავას ცნობილი ეპიზოდიც გვახსოვს. მოსახლეობა გაფრთხილებული არ იყო, რა ხდებოდაო. ადგილობრივები ტელევიზორს უყურებდნენ, უტიაშვილი ნაპოლეონივით რომ იდგა და ხაზავდა რუკებს. ამ დროს, მოსახლეობას თავზე დაადგნენ მოხალისე მებრძოლები და უბედურება დაიწყო. ამაზე გოგავამ გვითხრა, რა მექნაო, ერთი კაცი ვიყავიო, მარტო ვთხრიდიო. ასეთ დონეზე იყო ყველაფერი! ავიაცია რომ ჩაერია, თქვეს, რომ ამას არ ვიფიქრებდითო, მერე სააკაშვილის ცნობილი გარბენებიც გაიხსენეთ. ტალიავინის კომისიამაც ვერ გამოიძია, სად გარბოდა და რას გაურბოდა სააკაშვილი. გუბერნატორი ვარძელაშვილი კი ბორისოვს ემსახურებოდა. ასეთი სამარცხვინო ფაქტები არის უამრავი.

- სინამდვილეში რა მოხდა?

- ცხადია, ეს იყო დაზვერვების თამაში. ძალიან კარგად იცოდა რუსეთის დაზვერვამ, რას აკეთებდა „ვივამედის“ პაციენტი. კარგად იცოდნენ იმათაც, რასაც შთააგონებდნენ სააკაშვილს, მაგრამ აწყობდათ, რაც მოხდა, რადგან აწყობთ კონფლიქტების შენარჩუნება სამხრეთ კავკასიაში! იმიტომ, რომ აქედან რუსეთი უნდა განდევნონ და ეს არის მათი გეოპოლიტიკური ამოცანა, რომელშიც ჩვენ მოვყევით და ამ გეოპოლიტიკურ მიზანს, დიდწილად, შეეწირა ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების პერსპექტივა. შეეწირნენ ადამიანები და მივიღეთ ძალიან მძიმე შედეგი. ეს მოხდა სინამდვილეში.

ცხადია, რომ ეს იყო ღალატი. ტრაგედია ის არის, რომ ამ ღალატის ავტორები და შემსრულებლები ჯერ კიდევ დაბოდიალობენ გარეთ. პირიქით, იქით ამუნათებენ ხალხს და ქვეყანას, რომელიც გახვიეს ასეთ საოცარ ტრაგედიასა და შარში. აბსოლუტურად ყველა გარეწრობას გააკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ვერ აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. ისე არიან ნაკვები და დაგეშილი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომ ყველაფერს იზამენ! აქედან გამომდინარე, მისაღებია რადიკალური ზომები. საკმარისი არ არის პარლამენტში მოსმენები და წიგნების გამოცემა.

- გვახსოვს, მაშინდელმა ოპოზიციამ ხელისუფლების კრიტიკაზე მორატორიუმი გამოაცხადა იმ მოტივით, რომ ქვეყანაში იყო ომი. ეს ის ოპოზიცია არის, რომელიც დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დგას. ესეც ღალატის ნაწილი იყო...

- რა თქმა უნდა! ყველა ვხედავდით, რაც ხდებოდა. ქვეყანა მიჰყავდათ უფსკრულისკენ ისე, რომ არ ჩერდებოდნენ. ვინც საღ ჭკუაზე ვიყავით, ვამბობდით, ეს რასაც გამოიწვევდა. ჩემთვის გასაგები იყო, რაც მოხდებოდა - სრული სურათი იდო წინ და რად უნდოდა ამას დიდი ფიქრი? ამ ურაპატრიოტული და გიჟური ლოზუნგებით, მოსახლეობის 90% დარწმუნებული იყო, რომ ომს ვიგებდით. სრული სერიოზულობით იყო ლაპარაკი, რომ ომი მოვიგეთ. ახლაც ამას არ იძახიან? თბილისი რომ არ აიღეს, ე.ი. ომი მოვიგეთო. სრული სერიოზულობით ამბობენ ამას.