„80 წელი გავიდა, მაგრამ არაფერი შეცვლილა“
აი, როგორ იხსენებს ნაგასაკის დაბომბვას გადარჩენილი აშშ-ის ბირთვულ თავდასხმებს, რამაც 1945 წლის აგვისტოში, იაპონიის ორი ქალაქი გაანადგურა.
„ჩვენი გამოცდილებიდან ვერაფერი ვისწავლეთ და დღეს უფრო დიდი რისკის ქვეშ ვართ, ვიდრე წარსულში“, - განუცხადა მასაკო ვადამ BBC-ს. ამჟამად, ვადა, ნიჰონ ჰიდანკიოს გენერალური მდივნის მოადგილეა, ატომური ბომბის გადარჩენილთა ორგანიზაციისა, რომელმაც 2024 წელს, ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა. ვადა ბირთვული იარაღის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს.
ტოშიო ტანაკა მხოლოდ ექვსი წლის იყო, როდესაც ჰიროსიმაზე ატომური ბომბი ჩამოვარდა და ის ვადას შეშფოთებას იზიარებს. მისი თქმით, ისეთი შეიარაღებული კონფლიქტები, როგორებიცაა უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში, მხოლოდ ზრდის გლობალური ბირთვული ომის საფრთხეს, რაც მის ღრმა შეშფოთებას იწვევს.
„თუ ამ გზით, ომის გზით გავაგრძელებთ სიარულს, ეს შეიძლება, მესამე მსოფლიო ომით და მსოფლიოს დასასრულით დასრულდეს“, - განუცხადა ტანაკამ BBC-ს, იაპონიის ატომური დაბომბვის 80 წლის იუბილემდე, რამდენიმე დღით ადრე.
აშშ-ის გადაწყვეტილება ჰიროსიმასა და ნაგასაკის წინააღმდეგ ატომური ბომბების გამოყენების შესახებ, დღემდე საკამათოა. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი მეორე მსოფლიო ომის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად იყო საჭირო. სხვები თვლიან, რომ დარტყმები სრულიად ზედმეტი იყო, რამაც ათიათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი გამოიწვია.
უდავოა, რომ აფეთქებების შედეგები დღესაც იგრძნობა
1945 წლის ზაფხულისთვის, შეერთებული შტატები, სამწელიწადნახევრის განმავლობაში, ომში იმყოფებოდა იაპონიასთან, რაც იაპონური ფლოტის მოულოდნელ თავდასხმას მოჰყვა აშშ-ის საზღვაო ბაზაზე პერლ-ჰარბორში, ჰავაიზე, 1941 წლის 7 დეკემბერს. ვაშინგტონი იძულებული გახდა, ომი გამოეცხადებინა იაპონიისთვის, რითაც მეორე მსოფლიო ომში ჩაერთო. კონფლიქტის გამწვავებისას, შეერთებულმა შტატებმა, იაპონიის წინააღმდეგ ატომური ბომბების გამოყენება გადაწყვიტა.
1945 წლის 26 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჰარი ტრუმენმა იაპონიას ულტიმატუმი წაუყენა, რომლითაც მოითხოვდა „უპირობო დანებებას“, წინააღმდეგ შემთხვევაში, „დაუყოვნებლივი და სრული განადგურებით“ დაემუქრა.
ტრუმენის გზავნილში ბირთვული იარაღი არ იყო ნახსენები
თავად ატომური ბომბები იმ არსენალის ნაწილი იყო, რომელიც შეერთებულმა შტატებმა მოამზადა კონფლიქტის მოგვარების სტრატეგიის ფარგლებში.
პირველი სამიზნე ჰიროსიმა იყო, ქალაქი, რომელიც წინა დაბომბვებისგან ხელუხლებელი იყო და სადაც სამხედრო ბაზა იყო განთავსებული. ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ჰიროსიმა ბომბის დამანგრეველი ძალის გამოცდის პოლიგონად იქცა.
დაახლოებით 9.5 კმ. სიმაღლეზე, ჰიროსიმაზე ფრენისას, B-29 ბომბდამშენმა „ენოლა გეიმ“, რომლის საჭესაც პოლკოვნიკი პოლ ტიბეტსი ხელმძღვანელობდა, ქალაქზე ურან-235 ქობინით სავსე ბომბი, კოდური სახელწოდებით - „პატარა ბიჭი“ ჩამოაგდო, რომელიც ჰაერში, მიწიდან, დაახლოებით, 600 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა.
„დილის 8:15 საათზე, სკოლაში მივდიოდი, როდესაც ვიღაცამ დაიყვირა: „მტრის ბომბდამშენი!“, - „ავიხედე და დავინახე თვალისმომჭრელი ციმციმი, თითქოს მილიონობით ნათურა ერთდროულად აენთო და უცბად, ჩემს გარშემო, ყველაფერი თეთრი შუქით იყო მოცული“, - იხსენებს ტოშიო ტანაკა.
„პატარა“ შიდა მექანიზმი თოფის პრინციპზე მუშაობდა: ურანი-235-ის ერთი ნაჭერი ესროლეს მეორეს, რომელიც იმავე მასალისგან იყო დამზადებული. ორი ნაწილის შეჯახების მომენტში, ორივე ნაწილის შემადგენელი ატომების ბირთვები უფრო პატარა ფრაგმენტებად დაიშალა, რამაც ბირთვის დაშლის პროცესი დაიწყო. ზემძიმე ელემენტების ბირთვების დაშლა იწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რომლის დროსაც გამოიყოფა უზარმაზარი ენერგია, რაც იწვევს ძლიერ აფეთქებას.
„პატარა ბიჭუნას“, დაახლოებით, 64 კგ. ურანი-235 ჰქონდა. მეცნიერების აზრით, ამ რაოდენობის მხოლოდ 1.4%-მდე გაიხლიჩა. ამის მიუხედავად, აფეთქების ძალა TNT-ის ეკვივალენტში 15 ათასი ტონა იყო. აფეთქებამ გამოიწვია დარტყმითი ტალღა, რომელიც ქალაქში თითქმის 4.5 კილომეტრის მანძილზე გავრცელდა: ცხელი ჰაერის ტემპერატურამ 4000°C-ს გადააჭარბა.
„კაცები, ქალები და ბავშვები თითქმის შიშვლები იყვნენ, ტანსაცმელი კი დამწვარი ჰქონდათ. ისინი ჩუმად დადიოდნენ, გაშლილი ხელებით, თითის წვერებზე დამწვარი, აქერცლილი კანი ეკიდათ“, - იხსენებს ტანაკა.
სხვადასხვა შეფასებით, აფეთქების დღეს, 50 000-დან 100 000-მდე ადამიანი დაიღუპა. ქალაქის შენობების ორი მესამედი - დაახლოებით, 60 000 სახლი - ნანგრევებად იქცა.
თუმცა, იაპონიამ არ დათმო« სამი დღის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა მეორე ატომური ბომბი ჩამოაგდო. ნაგასაკი მეორე დარტყმისთვის პრიორიტეტულ სამიზნედ არ ითვლებოდა. ამ ტერიტორიაზე რელიეფი ძალიან რთულია და გარდა ამისა, ახლოს იყო ბანაკი, სადაც მოკავშირე სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ.
მთავარი სამიზნე კოკურა იყო, ქალაქი, რომელსაც შედარებით ბრტყელ რელიეფზე მკაფიოდ გამოკვეთილი სამრეწველო ზონები ჰქონდა. თუმცა, სამხედრო მფრინავების ცნობების თანახმად, ნისლის გამო, კოკურა იმ დღეს ცუდად ჩანდა.
ეკიპაჟს დაევალა თვალით ეპოვათ ალტერნატიული სამიზნე, რომელიც საუკეთესოდ წარმოაჩენდა ბომბის პოტენციალს და თვითმფრინავი ნაგასაკისკენ შებრუნდა.
მაიორ ჩარლზ სვინის მიერ პილოტირებადი B-29 Bockscar ბომბდამშენმა ჩამოაგდო ბომბი, კოდური სახელწოდებით - „მსუქანი კაცი“, რომელიც მიწიდან, დაახლოებით, 500 მეტრის სიმაღლეზე აფეთქდა. ეს ბომბი პლუტონიუმ-239-ისგან იყო დამზადებული.
მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს პლუტონიუმ-239-ის მიღება, ურან-235-თან შედარებით, გაცილებით მსუბუქი იყო, ხოლო ბომბში მისი რაოდენობა - ბევრად ნაკლები, „მსუქანი კაცის“ ქობინის ასაფეთქებლად, „პატარა ბიჭთან“ შედარებით, უფრო რთული მექანიზმი იყო საჭირო. პლუტონიუმ-239-ის ბევრი
ბომბი, დაახლოებით, 6 კგ. პლუტონიუმს შეიცავდა, თუმცა სხვადასხვა შეფასებით, მხოლოდ 1 კგ. გაიყო. თუმცა, ეს საკმარისი იყო 21 ათასი ტონა ტროტილის ეკვივალენტური ენერგიის გამოსათავისუფლებლად.
„სხეულები შავად იყო დამწვარი, დანგრეული შენობებიდან დახმარების თხოვნის ხმები ისმოდა, ადამიანები, რომელთა ხორცები ნაჭრებად ცვიოდა და მათი შიგთავსი გარეთ იღვრებოდა... ქალაქი ცეცხლის ზღვად გადაიქცა. ეს იყო ჯოჯოხეთი დედამიწაზე“, - იხსენებდა ნაგასაკის დაბომბვას გადარჩენილი სუმიტერუ ტანიგუჩი 2020 წელს, ტრაგედიის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ ხსოვნის ღონისძიებებზე.
ნაგასაკიში ბომბმა 7.7 კვადრატული კილომეტრის ფართობზე, ყველაფერი გაანადგურა, ქალაქის შენობების თითქმის 40% კი ნანგრევებად აქცია.
„ასობით ადამიანი აუტანელ ტკივილს განიცდიდა, ყოველგვარი სამედიცინო დახმარების გარეშე“, - იხსენებს ტერუმი ტანაკა, ნაგასაკის ტრაგედიის გადარჩენილი, რომელმაც 2024 წელს, ნიჰონ ჰიდანკიოს სახელით, ნობელის მშვიდობის პრემია მიიღო და დასძენს: „მაშინაც კი მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, რომ ასეთი მკვლელობები და დასახიჩრებები ომის დროსაც კი არ უნდა დაშვებულიყო“.
ორივე ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ, ზუსტი მონაცემები არ არსებობს. არც უშუალოდ აფეთქების შედეგად და არც მომდევნო თვეებში - დაზიანებებისა და რადიაციის ზემოქმედების გამო.
ყველაზე კონსერვატიული შეფასებით, 1945 წლის დეკემბრისთვის, ორივე ქალაქში, ბირთვული დარტყმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა, დაახლოებით, 110 ათასი ადამიანი იყო. სხვა შეფასებით, წლის ბოლომდე, დაზარალებულთა საერთო რაოდენობა, შესაძლოა, 210 ათასზე მეტი ყოფილიყო.
ტოკიო - 1945 წლის 2 სექტემბერი
ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის შემდეგ, იაპონიამ კაპიტულაცია გამოაცხადა. 1945 წლის 15 აგვისტოს, იმპერატორმა ჰიროჰიტომ ერს მიმართა და მოუწოდა იაპონელ ხალხს, დამარცხების აღიარებით, „მიუღებელს შეეგუონ“.
ოფიციალური კაპიტულაცია 2 სექტემბერს, ტოკიოს ყურეში, საბრძოლო ხომალდ USS Missouri-ზე გაფორმდა. ამით, მეორე მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა.
ბომბის სასტიკი რეალობა
აფეთქებების გადარჩენილები, რომლებიც ჰიბაკუშას სახელით არიან ცნობილნი, უკიდურესი სიცხისა და რადიაციის დამანგრეველი შედეგებისგან დაზარალდნენ. ბევრმა მიიღო დამწვრობა, რამაც თითქმის მთლიანად მოაცილა კანი მათ სხეულს. რადიაციის ზემოქმედებამ გამოიწვია გულისრევა, ღებინება, სისხლდენა და თმის ცვენა. დროთა განმავლობაში, ზოგიერთ ადამიანს კატარაქტა და ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა.
ცხოვრება ბომბის შემდეგ
„მე, დაახლოებით, 6000 პაციენტს ვმკურნალობდი, შესაძლოა 10 000-საც კი. შემდეგ კი გადავწყვიტე, სამედიცინო კარიერა დამესრულებინა. ყველა, ვინც ვნახე, ერთმანეთის მიყოლებით იღუპებოდა. ვერავის გადარჩენა ვერ შევძელი“, - შუნტარო ჰიდა.
„თითქმის ყველა, მხოლოდ წყალს და დახმარებას ითხოვდა. სახლში მივვარდი, ეზოში ჭა იყო და წყალი მოვიტანე. მადლობა გადამიხადეს, მაგრამ წყლის დალევის შემდეგ, ზოგიერთმა მაშინვე სისხლიანი ღებინება დაიწყო და ჩემს თვალწინ მოკვდა. ძალიან შემეცოდნენ ისინი და ამავდროულად, ძალიან შემეშინდა. იქნებ, მე მოვკალი ისინი?“, - კეიკო ოგურა.
ზოგიერთი ჰიბაკუშა ბირთვული იარაღის გავრცელების საწინააღმდეგო აქტივისტი გახდა და საკუთარ ისტორიებს უზიარებდნენ ერთმანეთს, რათა ომის საშინელებები არასოდეს დავიწყებულიყო. მათი მთავარი მოთხოვნა, როგორც ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, ტერუმი ტანაკამ განაცხადა, „ბირთვული იარაღის დაუყოვნებელი და სრული აღმოფხვრაა“.
ეს სტატია პირველად, 2020 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნდა და განახლდა ჰიროსიმასა და ნაგასაკის დაბომბვის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ინტერვიუების ჩათვლით.
წყარო: https://www.bbc.com/russian/resources/idt-897d70df-056b-413c-ac44-cdacae33bc8c