ჟვანიას საქმის ახალი დეტალები ვახო კომახიძისგან

ჟვანიას საქმის ახალი დეტალები ვახო კომახიძისგან

„ლევან ჩაჩუამ დამიდასტურა, რომ იუსუფოვის ცალი ფეხსაცმელი შემთხვევის ადგილზე არ იყო. ვფიქრობ, ეს საინტერესო მასალა შემომიგდო, ოღონდ თავი დამენებებინა და ექსპერტიზაზე არ მელაპარაკა. მაშინ ეს არ მქონდა გამჟღავნებული, რადგან საშიში იყო, რომ ჩაჩუასთვის მაშინ ხელისუფლებას რამე არ დაეშავებინა“, - ამბობს ფილმის „ტყვიის გარეშე“ ავტორი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე.

სად გაქრა ჟვანიას ტალახიანი პიჯაკი და რატომ ჰქონდა ყოფილ პრემიერს არსწორად შეკრული ტანსაცმელი? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge. ვახტანგ კომახიძეს ესაუბრა.

კადრები, რომელიც ვინმე ფაშას სახელით, ნანახი გქონდათ? გოგლა ჟვანია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ თქვენ უთხარით მას არსებობდა კიდევ კადრები. ეს ის კადრებია, რომლის არსებობის შესახებ თქვენ გქონდათ ინფორმაცია?

ვახტანგ კომახიძე: ამ კადრების შესახებ, ძალიან დიდი ხნის წინ მითხრა უშიშროების სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა. ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებული ფოტოები უშიშროების სამინისტროს ტექნიკურ დეპარტამენტში მიიტანეს და მიიტანეს ისე, როგორც უშიშროების სამინისტროს წარმომადგენლების ნამუშევარი. ანუ, ეს გამოძიების მასალები კი არ იყო, არამედ, ეს იყო უშიშროების მასალები, რომელიც ჰქონდა ტექნიკური დეპარტამენტის უფროსს, კოტარიას, რომელიც, ფაქტობრივად, დათა ახალაიას გავლენის ქვეშ იყო. შეიძლება, მასალები მათგან წაიღეს გამოძიებაში. აღწერილობით ეს არის ერთი და იგივე კადრები, თუმცა არაა გამორიცხული, რომ პროკურატურამ ცალკე გადაიღო კადრები. ამ ფოტოების გარდა, იყო სხვა ფოტოები და მის აღწერილობის შესახებაც ვიცი.

რომელი ფოტოები?

- იქ უნდა ყოფილიყო ჟვანიას ტალახიანი პიჯაკიც. იყო ამის ფოტო და ისიც უნდა ყოფილიყო ფოტოებში. თუმცა, იუსუფოვის დათხვრილი ტანსაცმელი ჩანდა, ხოლო ჟვანიასი არ ჩანდა.

სხვათაშორის, არ არსებობს ზურაბ ჟვანიას პიჯაკი, ის უბრალოდ დაიკარგა...

- ეს ტანსაცმელი დაკარგულია იმიტომ, რომ მტვრიან ტანსაცმელზე დამატებითი კვალის აღმოჩენის შესაძლებლობა არსებობდა და ამიტომ გაქრა ეს ტანსაცმელი საქმიდან. ტანსაცმლის გაქრობა უკავშირდება ექსპერტიზის ბიუროს უფროსის საქმიანობას. სწორედ მისი უშუალო მონაწილეობით გაქრა ტანსაცმელი. თუმცა, საინტერესო იყო მეორე დეტალი -  პერანგის არასწორად შეკრული ღილები. ნახეთ, ალბათ, ჟვანიას არასწორად ჰქონდა პერანგი შეკრული. ეს არის მნიშვნელოვანი დეტალი. ეს არის შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირებული სურათი.

რისი თქმა უნდათ ამ ფოტოთი?

- ამ ფოტოთი იმის თქმა უნდათ, რომ იქ რაღაცა ისეთი მოხდა, აი „დელიკატურს“, რომ ეძახიან. შემდეგ ამ თანამშრომლებმა, იმის გამო, რომ ეს რაღაცა „დელიკატური“ საკითხი დაეფარათ, ჩააცვეს ამ ადამიანებს ტანსაცმელი და ისე გადაუღეს ფოტოები, რომ თითქოს, მთავრობა მოუფრთხილდა ამ ადამიანების ღირსებას და პირადი ცხოვრება რაღაცნაირად დამალა. არასწორად შეკრული ღილებით გადაუღეს ფოტოები და ეს ფოტოები ჩადეს საქმეში. თუ ისინი ცდილობდნენ, რომ შეენიღბათ ეს ყველაფერი, რატომ ვერ დაინახეს, რომ არასწორად იყო შეკრული ღილები? ვერ შეუკრეს სწორად ღილები თუ რა იყო?

ადამიანს შეგნებულად არასწორად შეუკრეს ღილები და გადაიღეს ეს ფოტო, სწორედ იმისთვის, რომ შემდეგ გაევრცელებინათ. შემდეგ, არა მხოლოდ უშიშროების სამინისტრო, არამედ სპეციალური დაცვის სამსახურიც ამას აკეთებდა, ანუ შიგნითვე დაიწყეს პროპაგანდა, თითქოს, იქ იყო რაღაცა „დელიკატური“ საკითხები. ეს არის თავიანთი მოგონილი და ეს „მტკიცებულებაც“ მათ წინააღმდეგ მუშაობს - არასწორად შეკრული პერანგი პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შექმნეს ეს ვერსია. ეს იყო ამ ფოტოების არსი.

რაც შეეხება ინტერნეტით გავრცელებულ ფოტოებს, არ ვიცი ვინ გამოაქვეყნა, ძნელია ახლა ამაზე მსჯელობა. მე ვვარაუდობ, რომ ეს ისევ ყოფილი ხელისუფლების მიერ გავრცელებული ფოტოებია. სწორედ ეს არსწორად შეკრული პერანგის ღილები არის მათთვის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ განახორციელონ შანტაჟი, რომ გაჩერდით, თორემ ჩვენ ამაზე დავიწყებთ ლაპარაკს. არავინ იცის, არასწორად შეკრული ღილების გარდა, კიდევ რა აქვთ მათ გადაღებული და რა შეიძლება, რომ როდესაღაც თქვან, რომ აი ეს იყო და ჩვენ დავფარეთ. პირველივე წუთებიდან დაიწყო ამაზე ხელისუფლებამ ლაპარაკი, რომ იქ რაღაცა მოხდა - „მეგობარ ბიჭთან ერთად ღამე გაათია“, „მეგობარ ბიჭთან ერთად კონიაკს სვამდა“ და ა.შ.

ანუ, შესაძლებელია ყოფილ ხელისუფლებას კიდევ ჰქონდეს სხვა კადრებიც?

- არავინ იცის კიდევ რა ჰქონდათ გადაღებული, რა სცენები ჰქონდათ დადგმული. ვარაუდის დონეზე იყო საუბარი, რომ შეიძლება იქ კიდევ სხვა რამეც გადაიღეს. გარდაცვალებიდან ექსპერტიზის ჩატარებამდე, პროცედურების დაწყებამდე საკმაოდ დიდი დროა გასული. ძაძამია, თითქოს, სადღაც დადის, მიდის-მოდის. ძალიან დიდი პერიოდია შუაში, ამ პერიოდში ყველაფერი მზადდება, სცენა ლაგდება. ამ პერიოდში კიდევ რა გააკეთეს არავინ იცის.

ცოცხები გააკეთეს და ვინ იცის სადამდე შეიძლებოდა მათი ფანტაზია წასულიყო. თუმცა, წყარო იმისი, რომ ასეთი რაღაცა შეიძლება გადაღებული ჰქონდეთ, მე არ მაქვს.

რაც შეეხება იმ სისხლჩაქცევას, რომელიც ჟვანიას ტუჩის არეში ჰქონდა. ეს ჭრილობა შესაძლებელი იყო ხელოვნურ სუნთქვას გამოეწვია, როგორც ამას დაცვის უფროსი ამბობს?

- ეს, ალბათ, უფრო ექსპერტებთან არის გასარკვევი. სისხლჩაქცევა ვითარდება მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ცოცხალია და სისხლი მოძრაობს. მიცვალებულ ადამიანს სისხლჩაქცევა არ განუვითარდება. ამიტომ, მას რადგან ჰქონდა ქვედა ტუჩზე სისხლნაჟღენთი, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის დროინდელი იყო. დაცვის უფროსი კი ამბობდა, რომ მან უკვე გვამს ჩაუტარა ხელოვნური სუნთქვა.

გვამზე ჩატარებული ხელოვნური სუნთქვის კვალი არის ეს სისხლნაჟღენთი რაც მას ტუჩზე ჰქონდა როგორც გარეთ, ისე შიგნით? ტუჩის ქვედა ნაწილზეა საუბარი, იქ ხელოვნურ სუნთვას რა უნდა? საერთოდ, იქ რატომ უნდა შეხებოდა ხელოვნური სუნთქვის დროს? არანაირი მიზანშედეგობრივი კავშირი, ხელოვნურ სუნთქვასა და ამ ჭრილობას შორის არ შეიძლება რომ არსებობდეს. რა თქმა უნდა, ამას შეფასებას ექსპერტი უნდა აძლევდეს. არაფერს ვამბობ მეორე სისხლნაჟღენთზე, არადა ფაქტია, რომ არის მეორე სისხლნაჟღენთიც.

ლევან ჩაჩუა დაკითხვისას ამბობს, რომ ვიცოდი ჟვანიას სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ, თუმცა ეს საბოლოო დასკვანაში არ შევიტანეო. როგორ ფიქრობთ, რა ან ვინ უშლიდა ექსპერტს ხელს, რომ აესახა ეს დაზიანება?

- საერთოდ, ჩაჩუა დიდი ხნის განმავლობაში იყო სამედიცინო ექსპერტიზაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ძალიან საკამათო საქმეებში. მისი კვალიფიკაციისადმი ყველას აქვს ნდობა, მაგრამ მისი კეთილსინდისიერებისადმი იყო კითხვის ნიშნები. ამ შემთხვევაშიც, ფაქტია, რომ მან დამალა, მაგრამ რატომ დამალა, ეს გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. როდესაც ვცდილობდი ამ კითხვებზე პასუხის მოპოვებას მისგან, ლევან ჩაჩუამ როცა დაინახა, მას პირდაპირ უწევდა აერიდებინა კითხვებისთვის თავი, ერთგვარი სცენა გაითამაშა მაშინ - კერძოდ, მან მითხრა, რომ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ყველაფერი სწორია, არაფერი საეჭვო ამაში არაა, თუმცა, მე გეტყვი ერთ რამესო და მან დამიდასტურა, რომ იუსუფოვის ცალი ფეხსაცმელი შემთხვევის ადგილზე არ იყო. ვფიქრობ, ეს საინტერესო მასალა შემომიგდო, ოღონდ თავი დამენებებინა და ექსპერტიზაზე არ მელაპარაკა. მაშინ ეს არ მქონდა გამჟღავნებული. საშიში იყო, რომ ჩაჩუასთვის მაშინ ხელისუფლებას რამე დაეშავებინა. მისთვის არანაირი პირობა არ მიმიცია, რომ ამას არ გავამჟღავნებდი. მორალურად არ ვარ ვალდებული, რომ ეს საიდუმლო ბოლომდე შევინახო. ეს არ ვთქვი მაშინ, როდესაც შეიძლება ეს მისთვის სახიფათო ყოფილიყო.

რაც შეეხება დაცვას, ისინი ამბობენ, რომ უშუალოდ ჟვანიას გადაწყვეტილებით დატოვეს ობიექტი. ისევე, როგორც ჩაჩუას, დაცვასაც სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება გამოძიება, რამდენად ადეკვატურია ჟვანიას დაცვის წევრების მიმართ წარდგენილი ეს მუხლი?

- აშკარაა დაცვის წევრების ბრალეულობის საკითხი. გულგრილობასთან დაკვაშირებით შეიძლება საკამათო იყოს. დაცვის წევრი ამბობს, რომ ჟვანიამ მიბრძანა, რომ არ მივსულვიყავი. როცა იგრძნო, რომ ძალიან მომატებული იყო ხიფათი, ამის მერე იგრძნო და შევიდა. მანამდე მიდიოდა, მოდიოდა. დაცვის წევრებმა განზრახ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცეს გამოძიებას. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ცრუ ჩვენებები მისცეს. დადასტურებულია მათი ეს ცრუ ჩვენებები. ეს უფრო სერიოზული დანაშაულია მათი მხრიდან. იმიტომ, რომ ეს შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული მკვლელობაში თანამონაწილეობასთანაც. გულგრილობა უფრო მსუბუქი ბრალეულობაა ამ შემთხვევაში.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ დილით გაზის გაგუდვის შესახებ იმიტომ გააკეთა განცხადება, რომ ოთახში გაზის სუნი ვიგრძენიო...

- არ ვიცი ვანო მერაბიშვილი ამ საქმეში ეჭვმიტანილად არის თუ არა ცნობილი, მაგრამ პოტენციური ეჭვმიტანილი და პოტენციური ბრალდებული არის. ის არაა ვალდებული, რომ თავისი თავის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება. მას შეუძლია ყველანაირი სისულელე თქვას და ამას გაგებით უნდა მოვეკიდოთ. მთავარია, ამ სისულელეს გამოძიებამ არ დაუჯეროს. შეუძლებელია ეს ასე ყოფილიყო, რადგან CO-ს სუნი არ აქვს და იქ ვანო მერაბიშვილი ვერანაირ სუნს ვერ იგრძნობდა.

რაც შეეხება ლევან სამხარაულს, ის მონაწილეობდა ჟვანიას გვამის გაკვეთაში და ასევე გამათბობლის ექსპერტიზაში. მისი მკვლელობა უკავშირდება ჟვანიას საქმეს? სამხარაული იყო ზურაბ ადეიშვილის კადრი...

- სამხარაული ზურაბ ადეიშვილის მეგობარი და ინტერესების გამტარებელი იყო ჯერ უშიშროების სამინისტროში. გენერალური პროკურორი რომ გახდა, ის გადაიყვანა ექსპერტიზის ბიუროში. ძალიან დამოკიდებული იყო ადეიშვილზე. ადეიშვილის დავალებებს ის თვალდახუჭული შეასრულებდა. წავიკითხე, რომ თითქოს, მან რაღაცა დასკვნა დადო და ამ დასკვნის გამო არის ვარაუდი, რომ მოიშორეს. არამგონაი, რომ ეს ახლოს იყოს საღ გონებასთან. ვერანაირ დასკვნას სამხარაული ვერ დადებდა, იმიტომ, რომ დასკვნას ექსპერტები აკეთებენ. სამხარაული ცდილობდა, რომ ექსპერტებს დაეწერათ ხელისუფლებისთვის სასარგებლო დასკვნები. ის არ იყო ადამიანი, ვინც სიმართლის დადგენას ცდილობდა.

მაგრამ, ის, რომ ლევან სამხარაულის სიცოცხლე საფრთხეს შექმნიდა პოტენციურად იმისას, რომ გამჟღავნებულიყვნენ ის ადამიანები, ვინც ავალებდა ლევან სამხარაულს ზემოქედება განეხორციელებინა ექსპერტებზე, ეს ფაქტია. ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული ხიფათის მატარებელი ზურაბ ადეიშვილისთვის და იმ ჯგუფისთვის, ვინც ფალსიფიკაციას ახდენდა ზურაბ ჟვანიას საქმეზე და ვინც იყო ჩარეული. შესაბამისად, ჩემი ვარაუდით, გაჩნდა იმის საფრთხე, რომ ჟვანიას საქმე ასე ფალსიფიცირებული ფორმით თავს ვერ დაიმაგრებდა და ამის შემდეგ ლევან სამხარაული მოიშორეს.

საინტერესოა რატომ ინახებოდა ეს კადრები მურთაზ ზოდელავას სეიფში, მითუმეტეს, რომ საქმეს გრიფისაიდუმლო“ არ ედო?

- „ნაციონალურამ მოძრაობამ“ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ გამოსაძიებელია ვინ გაავრცელა ეს კადრებიო. ეს არის სისულელე. მაგის გამოძიებას არავინ არ დაიწყებს და იცით რატომ? შენ რომ გქონდა ეგ კადრები შენ არ გაავრცელებდი? რომელი ადამიანი არ გაავრცელებდა? ეს არ ყოფილა გრიფით „საიდუმლო“-თი დაცული საქმე. სისხლის სამართლის საქმეა, რომელსაც არ ასაჯაროვებდა ხელისუფლება და გამოძიება. გასაიდუმლოებული რომ იყოს, მაშინ ვერც ოჯახის წევრები და ვერც ის გოგორიშვილი ვერ ნახავდა იმ კადრებს. გასაიდუმლოებული ეს არაა. გამოძიებას აქვს უფლება გაასაჯაროვოს ან არ გასაჯაროვოს რაღაცა ინფორმაცია. შესაბამისად, ხელისუფლება გამოძიებას ვერ დაიწყებს ვინ გაავრცელა მასალა. დანაშაულის შემადგენლობა ამაში არაა. უფრო მნიშვნელოვანია ამის შინაარსი. ჩემი ვარაუდით, ეს კადრები ხელისუფლების საწინააღმდეგოდ არის გავრცელებული. შანტაჟის ელემეტის შემცვლელია იმ უსწორმასწოროდ შეკრული პერანგის საშუალებით.

სწორედ ეს არის საეჭვო, რატომ უნდა ჰქონოდათ სეიფში. უამრავი საქმე ჰქონდათ. ბევრი საქმე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ეს საქმეები არ უდევთ სეიფებში. თუმცა, ეს საქმე ედოთ იმიტომ, რომ იმ ხელისუფლებას ყოველთვის ჰქონდა შიში ამ საქმისადმი და ალბათ, ამით იყო განპირობებული, რომ ეს საქმე სეიფში ინახებოდა. მაგრამ, თუ ეს ის ფოტოებია, რომელიც არაა პროკურატურის საავტორო უფლებით გაკეთებული, მაშინ ეს ფოტოები, წესით, უნდა ეკუთვნოდეს უშიშროების სამინისტროს.