უკრაინაში მიმდინარე დაძაბული პროცესების ფონზე, დასავლურ მედიაში სულ უფრო აქტუალური ხდება ამერიკული თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის რაც შეიძლება სწრაფად დაწყების თემა, რათა ბრიუსელი ნაკლებად იყოს გეოპოლიტიკურად დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე. დასავლეთში გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციაში, ამერიკიდან თხევადი გაზის ევროპაში ექსპორტის დაწყება არა მარტო უკრაინის, არამედ ლამის გლობალური უსაფრთხოების შესანარჩუნებელ „პანაცეადაა“ მიჩნეული.
თხევადი გაზის „გეოპოლიტიკურ იარაღად“ გამოყენება ძალიან საინტერესო იდეაა. მაგრამ დღეის მდგომარეობით, როგორც ქვემოთ დავინახავთ, უმჯობესია ამ ილუზორულ მოსაზრებაზე უარის თქმა. უმჯობესია უფრო რეალური ბერკეტით – ამერიკულ ნავთობის ექსპორტზე აკრძალვის მოხსნით და ევროპაში მისი ექსპორტის წახალისებით მანიპულირება.
XXI ს. დასაწყისის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ენერგეტიკულ კომპანიებს საშუალება მისცა დაეწყოთ ადრე მიუწვდომელი ბუნებრივი გაზის მოპოვება. ასეთ გაზს უწოდეს “გაზის არატრადიციული რესურსები” (unconventional gas resources). მათ მიაკუთვნეს გარკვეულ გეოლოგიურ სტრუქტურებში მოქცეული ისეთი გაზის რეზერვები, რომლებიც ადრე სტანდარტული ბურღვით არ მოიპოვებოდა. ასეთი გაზის კომერციული რაოდენობის მისაღებად გამოიყენება ჰორიზონტალური ბურღვა და მოპოვების აუზის მაღალი დაწნევით წყლითა და ქვიშით შევსება.
მსოფლიოს მასშტაბით არატრადიციული გაზის რერსურსების შესახებ მონაცემები ჯერ-ჯერობით ნაკლებადაა შესწავლილი, ვინაიდან ასეთი გაზის კომერციული მოპოვების ტექნოლოგიები მხოლოდ ახლა ინერგება. თუმცა, ამერიკაში რამდენიმე გაზის აუზის შეფასებაზე დაყრდნობით საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო EIA-მ მოახერხა გაეანგარიშებინა, რომ ბოლო ხუთწლეულში აშშ-ს მთლიანი ხელმისაწვდომი გაზის რესურსი შეადგენს 59 ტრლნ კუბმეტრს (მათ შორის 17.4 ტრლნ კუბმეტრი ფიქლების გაზია, 4.6 ტრლნ კუბმეტრი - CBM ანუ ქვანახშირის თანმხლები მეთანია).
დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფმა სახელწოდებით – Potential Gas2 აშშ-ს გაზის მარაგების შეფასება ერთბაშად 35%-ით გაზარდა. ამერიკაში რეალური წლიური მოპოვების მოცულობა გაიზარდა 7.5%-ით, რაც 10-ჯერ აღემატება ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის საშუალოწლიურ ზრდის ტემპს. ამან გამოიწვია ფასების მკვეთრი შემცირება ამერიკულ გაზის ბაზარზე. თუ ბარელი ნავთობის ფასი 2009 წელს გაიზარდა 30-დან 80 დოლარამდე, - ბუნებრივი გაზის ფასმა იმავე წლის სექტემბერში შეადგინა სულ 15-20 დოლარი (ნავთობის ექვივალენტში), ხოლო ნოემბერში არ აღემატებოდა 40 დოლარს ზამთრის სეზონის დაწყების მიუხედავად. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ არატრადიციული გაზის მოხმარების ზრდა უახლოეს ხუთ წელიწადში ევროპის ენერგო-ბაზარზე გამოიწვევს გაზის ფასის განახევრებას.
ამასთან, საერთაშორისოენერგოსააგენტო (IEA) მიუთითებს არატრადიციული გაზის ექსპლოატაციის შეზღუდვებზეც. კერძოდ, აღნიშნულია მიწაზე დაშვების შეზღუდულობა, განსაკუთრებით ისეთ რაიონებში, სადაც მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვეა. ასევე აღნიშნულია, რომ ფიქლების გაზის მოპოვების ტექნიკა ზემოქმედებს გარემოზე, იწვევს ეკოლოგიურ ცვლილებებს, ვინაიდან გაზის კომერციული რაოდენობის ამოღება მოითხოვს უამრავი ჭაბურღილის გაბურღვასა და გრუნტში წყლისა და ქვიშის წნევით დაჭირხვლას. ასევე უნდა აღინიშნოს ამ პირობებში კვლავწარმოების ციკლის თავისებურებაც, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ფიქლების გაზის მოპოვება განუწყვეტელ კაპიტალურ დაბანდებებს მოითხოვს, და აქედან გამომდინარე, ეკონომიკური კრიზისებისთვის დამახასიათებელი ციკლური რყევების მიმართ (მაგალითად, 2008–2009 წლების კრიზისის ციკლური რყევები) საკმაოდ მოწყვლადია.
არსებობს არატრადიციული გაზის რესურსების ოთხი მთავარი ტიპი: ე.წ. “მყარი” ქვიშის გაზი, ქვანახშირის ფენის მეთანი (CBM), ფიქლების გაზი (Shale gas) და გაზის ჰიდრატები. ე.წ. “მყარი” ქვიშების გაზი – ესაა ბუნებრივი გაზის რეზერვუარები, რომლებიც ვერ იხსნება ჩვეულებრივი ვერტიკალური ბურღვით და მისი მოპოვება ითხოვს ჰორიზონტალურ გაბურღვას. ამ გაზის საბადოებია აშშ-ში და კანადაში.
შემდეგი სახეობაა ნახშირის ფენის მეთანი (CBM) რომელიც, როგორც დასახელებიდან ჩანს, არის ქვანახშირის პლასტში მყოფი გაზი. ის ჩვეულებრივ ძალზე ღრმად მდებარეობს ან დაბალი ხარისხისაა. CBM-ს ძირითადი მწარმოებელი ავსტრალიაა, სადაც დასავლური და ჩინური კომპანიები მას ათხევადებენ და ჩინეთში ტანკერებით გადააქვთ. რუსეთმა CBM-ს კომერციული წარმოება დაიწყო კუზბასის ქვანახშირის აუზში.
გაზის ჰიდრატები ამ გაზების ნაირსახეობაა, რომელიც კრისტალური სახითაა წარმოდგენილი. ფიქლების გაზისა და CBM-საგან განსხვავებით, გაზის ჰიდრატები ყინულის მსგავსი მყარი კრისტალური ნაწილაკებია, მიღებული წყლისა და ბუნებრივი გაზის შერევის შედეგად. ის როგორც წესი, მოიპოვება ზღვის ფსკერზე, დაბალ-ტემპერატურულ გარემოში. გაზის ეს სახეობაც კომერციულად მნიშვნელოვანია, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი ათვისება კვლევის სტადიაზე იმყოფება.
ფიქლის გაზის (Shale gas) სახელწოდება წარმოდგება გეოლოგიური ქანიდან - “ფიქალი”, რომელშიც ის აღმოაჩინეს. ეს გაზი არის ფიქლების ფორებში, ქვების ბუნებრივ შრეებში ან თხელ ფენას ქმნის ქვების ზედაპირზე და მასზე მყოფ ორგანულ მასალებზე. ფიქლების გაზის რესურსების მოპოვება საჭიროებს ზედაპირის გარკვეული ადგილიდან ბევრი ჰორიზონტალურ ჭაბურღილის გაბურღვას, რასაც თან სდევს ქვების ფრაგმენტაცია, - ამ პროცესს სჭირდება წყლის დიდი რაოდენობა. აშშ-ში ბოლო დროს გამოყენებული ტექნოლოგიის წყალობით სწორედ ფიქლების გაზი იქცა არატრადიციული გაზის რესურსების ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სახეობად.
ევროპაში კარგა ხანია ცნობილია ფიქლების გაზის სამი დიდი აუზი: შვედეთის Alum Shale, პოლონეთის Silurian Shales და ავსტრიის Mikulov Shale. გერმანიაში Exxon Mobil-მა 2008 წელს დაიწყო ფიქლების ბურღვა იმ ლიცენზიებით, რომლებიც ქვედა საქსონიაში მოიცავს 1.3 მლნ აკრს. იგივე ამერიკული კომპანია, უნგრულ MOL-თან ერთად, იწყებს ერთობლივი დაზვერვის პროგრამის განხორცილებას უნგრეთის სამხრეთ-აღმოსვლეთში, ქ. მაკოს მახლობლად. მსოფლიო მასშტაბით აღსანიშნავია ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის საბადოების დაზვერვა ისეთი ცნობილი კომპანიების მიერ, როგორებიცაა “სტატოილი”, “ჩესეიპიკი” და “სასოლი”. ჩინეთში Shell-მა და PetroChina-მ დაიწყეს ფიქლების გაზის დაზვერვა სიჩუანში. დასავლეთ უკრაინაში ფრანგული “ტოტალი” აპირებს ფიქლების გაზის სექტორში ინვესტიციების განხორციელებას.