საქართველოში საფრანგეთის და შვეიცარიის პრეზიდენტები ჩამოდიან

საქართველოში საფრანგეთის და შვეიცარიის პრეზიდენტები ჩამოდიან

ბირთვული უსაფრთხოების მესამე სამიტს 53 სახელმწიფოს პირველი პირები და მთავრობის მეთაურები ესწრებიან. უსაფრთხოების სამიტს 5 ათასზე მეტი დელეგატი ჰყავს, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, საფრანგეთის პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით უკვე გამოვიდა. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მიზნებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩვენ რთული და მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, ხოლო რამდენად ლეგიტიმური და ეფექტიანი იქნება ჩვენი რეაგირება, დამოკიდებულია ჩვენს თანამშრომლობაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს, ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე მოუთრხო. მისი განცხადებით, 2012 წლის სამიტის შემდეგ საქართველომ გაააქტიურა მუშაობა ქვეყანაში, რეგიონსა და ზოგადად, მსოფლიოში ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ბირთვული მასალების კონტრაბანდისა და ბირთვული ტერორიზმის პრევენციის კუთხით, კერძოდ, გააფართოვა ბირთვული უსაფრთხოების საკანონმდებლო ბაზა, განავითარა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა და გააღრმავა საერთაშორისო თანამშრომლობა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველო, უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის განმტკიცების მიზნით, მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-სთან, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, ევროკავშირთან, ნატო-სა და ეუთო-სთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის მთავრობებთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, თვითკმაყოფილება გაუმართლებელია, ვინაიდან საქართველო კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. 

„ყველაზე მგრძნობიარე საკითხია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილის, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვისპირეთის ოკუპაციიდან გამომდინარე საფრთხე. ისევე, როგორც სხვა რეგიონებში, სადაც საერთაშორისო კონტროლის მექანიზმები ან საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან სუსტია, აქაც კონტრაბანდის საფრთხე საკმაოდ რეალურია. ეს საკითხი პრობლემატურია არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისთვის, არამედ, ზოგადად, საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც. მოგიწოდებთ, შემომიერთდეთ, რათა სათანადო ყურადღება დავუთმოთ ამ საკითხს“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მონაწილეებს.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე შეხვედრა გამართა მსოფლიოს პირველ პირებთან. პრემიერ-მინისტრი უკვე მეორედ შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი აშშ-ში ვიზიტის წარმატებას. ღარიბაშვილი ასევე შეხვდა შვეიცარიის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოს 3 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. საქართველოს მაისში საფრანგეთის პრეზიდენტიც ეწვევა. ფრანსუა ოლანდისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ჰააგაში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში გაიმართა. 
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის გამო და აღნიშნა, რომ ეს ორი ქვეყნის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ ერთი დადასტურებაა. შეხვედრაზე მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესებში საფრანგეთის როლზე გაამახვილეს. ფრანგული მხარის სურვილია, უფრო აქტიურად ჩაერთოს საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით, რაც უკვე გამოიხატა ვილნიუსის სამიტზე ერთობლივი დეკლარაციის მიღებისას.

ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის თარიღმა, შესაძლოა, კიდევ უფრო გადმოიწიოს.

„მათ უკვე დაადასტურეს, რომ ხელმოწერა ივნისში შედგება, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ კიდევ უფრო გადმოიწიოს თარიღმა. ამის თაობაზე ჯერ არ არის საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული, ეს არის ტექნიკური პროცესი. მიმდინარეობს აღნიშნული დოკუმენტის თარგმნა. ამას სჭირდება გარკვეული დრო, თუმცა ორივე მხარე ადასტურებს მზაობას, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას გავაფორმებთ რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

„მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერება ასოცირების ხელშეკრულებას, არაუგვიანეს ივნისისა, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს რეფორმებს, რომლებიც მიმართულია ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის წარმატებით დასრულებაზე“, - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.

ევროკავშირის მიერ ასოცირებაზე ხელმოწერის დაჩქარებას საქართველოს მზადყოფნას უკავშირებს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაია ფანჯიკიძე ამბობს, რომ ევროკავშირი პროცესების დაჩქარებით დაინტერესებულია იმიტომაც, რომ საქართველო მზად არის ამ ხელშეკრულების ხელმოსაწერად. 

„ეს არის განცხადება, რომელიც გუშინ ევროკავშირმა გააკეთა და რომლის ბოლო აბზაცი უკრაინაში მდგომარეობის შეფასებას ეხება და აგრეთვე იმ ნაბიჯებს, რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას სიტუაციის შემდგომში გართულების თავიდან აცილების მიზნით. მისი ბოლო აბზაცი კი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი მზად არის, საქართველოსთან და მოლდოვასთან მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სივრცის ჩათვლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, ამჯერად, უკრაინასთან მხოლოდ პოლიტიკური ნაწილის ხელმოწერა ხდება. 2 თვით კიდევ უფრო აქეთ გადმოიწია ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ვადამ, რაც ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა.

იმედი გვაქვს, რომ ეს ასეც მოხდება და რასაკვირველია, არამხოლოდ იმის გამო, რომ ევროკავშირი დაინტერესებულია პროცესების დაჩქარებით, არამედ იმიტომ, რომ საქართველო მზად არის ხელშეკრულების ხელმოსაწერად. ჩვენ უკვე წარვადგინეთ ხელშეკრულების ქართული ტექსტი და სხვა მხრივაც საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსახორციელებლი იყო ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებიდან დღემდე“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.