„არ მგონია, ნატოში გაწევრიანება მეტად სარისკო იყოს, ვიდრე უარის თქმა“

„არ მგონია, ნატოში გაწევრიანება მეტად სარისკო იყოს, ვიდრე უარის თქმა“

„საქართველოსთვის ამ რთულ პერიოდში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ აქ იმყოფებით. ამით კიდევ ერთხელ ხდება იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს არჩევანი, გახდეს ნატო-ს წევრი, არის ადეკვატური გადაწყვეტილება. ეს მხოლოდ დროის ამბავია. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების, წინა მთავრობისა და მმართველი კოალიციის გადაწყვეტილება. ჩვენ ყველანი ვცდილობთ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვა განხორციელდეს. პოლიტიკური ნება აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას.

რა არის ის საკმარისი პირობა, რომელიც საქართველოს ბედს გადაწყვეტს, ნატოს მიმართულებით, ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ოფიციალური პოლიტიკური და დიპლომატიური წრეები ამაზე ღიად საუბარს ყოველთვის თავს არიდებენ. თუმცა ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლა-არშესვლის საკითხს, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მაინც, მხოლოდ რუსეთის აგრესიულობის დონე განსაზღვრავს.

ლოგიკურად, უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ნატოში გაწევრიანების საკითხი აქტუალური უნდა გამხდარიყო უკრაინისთვისაც, თუმცა ესქპერტები აღნიშნავენ რომ ნატო-ს შემთხვევაში საქართველოსა და უკრაინის სიტუაცია ერთმანეთისგან განსხვავებულია.

როგორც ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, დღეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შანსი გაზარდა რუსეთის ქმედებებმა უკრაინაში. ასევე რუსეთის ფაქტორის გამო გადმოიწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ვადებმაც.

„რამდენადაც ცნობილია, უკრაინაში ნატო-ს თაობაზე არ არსებობს კონსენსუსი და ცდილობენ, რომ განხეთქილება არ შეიტანონ მოსახლეობაში, მთელი აქცენტი კეთდება იმაზე, რომ როგორმე მოიგერიონ რუსული აგრესია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვართ გაცილებით ნაკლებად საინტერესო ნატო-სთვის ვიდრე უკრაინა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საკითხი არ დგას. ჩვენს საკითხს აქტიურად ლობირებს განსაკუთრებით აშშ, ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მართალია ნელ-ნელა და წვალებ-წვალებით, მაგრამ მაინც წინ მივიწევთ დემოკრატიის თვალსაზრისით. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ავღანეთის საკითხში ჩვენი როლი და მონაწილეობა“,- აცხადებს თორნიკე შრაშენიძე.

როგორც ექსპერტი კახა გოგოლაშვილი განმარტავს, უკრაინა რუსეთის გამო არ იკავებს თავს, უკრაინის ხელისუფლებას არ სურს დამატებითი მიზეზი მისცეს პრორუსულ ძალებს, რომ კიდევ უფრო არ დაძაბოს სიტუაცია.

„თავის დროზე უკრაინაში სოციოლოგიუირმა კვლევებმა აჩვენა, რომ ნატოში გაწევრიანების მომხრე ცოტა იყო, სადღაც 40%-მდე. ამიტომ ეს სარისკოა. მათ სურთ, ჯერ დაალაგონ მდგომარეობა ქვეყანაში. როცა იქნება ამისი აუცილებლობა, ჩაატარონ გამოკითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ ილაპარაკონ, შედიან თუ არა ნატოში“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

რაც შეეხება საქართველოს, მისმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ 1992 წელს დააფიქსირა თავისი სწრაფვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. სოციოლოგიური კვლევებითაც აშკარაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დიდი ხანია ალიანსში გაწევრიანების მომხრეა.

საქართველოსთან მიმართებაში სხვა პრობლემა არსებობდა, იმ პარამეტრების შესრულების, რომელიც ალიანსის წევრად გვაქცევდა. იმის მიუხედავად, რომ ამერიკას საქართველოს მხარდამჭერი პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია საჯაროდ, ობიექტურობისათვის ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამგვარი მხარდაჭერის მიუხედავად მეოთხე საფეხურზე ასვლა და საქართველოსთვის მაპ-ის მინიჭება დღემდე ვერ მოხერხდა.

„სუბიექტური ფაქტორი იყო რუსეთის ყოფნა ჩვენს ტერიტორიაზე, სიტუაცია კიდევ უფრო გამძაფრდა აგვისტოს ომის მერე, რუსეთი უკვე სამხედრო ბაზებით გამაგრდა. ასე რომ, ამ მხრივ, სიტუაცია არ გაიოლებულა, თუ არ გართულდა. ეს ის სამწუხარო ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით“,- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

ამის მიუხედავად აშშ საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის მიმართულებით დღეს ბევრად აქტიურია ვიდრე ოდესმე და ამასაც თავისი ახსნა აქვს.

„ისინი ხვდებიან, რომ ჩვენი მიტოვება ამ ეტაპზე არ შეიძლება, იმასაც ძალიან კარგად ხედავენ, რომ მარტო ისინი ნატოში ვერ წყვეტენ ყველაფერს, რაც გამოჩნდა კიდეც ბუქარესტის სამიტზე. საქართველოს საკითხს მუდმივად აყენებენ ევროპელების წინაშე, ეს ჩვენთვის ძალიან კარგია“,- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების საკითხში ჯერაც აუღებელ ციხესიმაგრედ არის ქცეული ევროპის ქვეყნების პოზიცია.

„ჯერჯერობით არა, მაგრამ თუ რუსეთი გააგრძელებს სისულელეების კეთებას, ჩვენ გვაქვს ნამდვილად შანსი, მაპ-ი კი არა ნატო-ს წევრობაც კი მივიღოთ. ეს ყველაფერი, იქნება პასუხი რუსეთისთვის. ამ ეტაპისთვის ევროპამ ჩვენ მხარი რომ დაგვიჭიროს, მან უნდა დაინახოს, რომ რუსეთი ქმნის ძალიან რეალურ საფრთხეს. როგორც გამოჩნდა, ისე, ევროპა მაინც და მაინც არ შეიწუხებს ჩვენთვის თავს“, - მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.

კახა გოგოლაშვილის შეფასებით საქართველოს წინსვლა ნატო-ს მიმართულებით პირველ რიგში დამოკიდებულია საერთაშორისო სიტუაციაზე.

„საქართველო მზად არის პრინციპში მაპ-ის მისაღებად იმ პარამეტრებით, რომელსაც ითხოვენ ამისთვის, მაგრამ მთავარია საერთაშორისო სიტუაცია, რომელიც გააჩენს სურვილს ნატოს წევრ სახელმწიფოებში, რომ რისკებს, რასათანაც არის დაკავშირებული საქართველოს ნატოში გაწევრიანება, გააწონასწორებს, გაათანაბრებს იმ სარგებელთან, რომელსაც მიიღებენ ნატო-ს წევრი სახელმწიფოები საქართველოს ნატოში გაწევრიანებით“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

მისივე განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ მათ სტრატეგიული ან სხვა სახის მოსაზრებების გამო უნდა აინტერესებდეთ საქართველოს კიდევ უფრო დაახლოება და ალიანსში გაწევრიანება.

„საერთაშორისო მდგომარეობამ უნდა აჩვენოს დასავლეთის სახელმწიფოებს, რომ ეს აუცილებელია და ნატო-ს საქართველოს გარეშე ამ რეგიონში არ ექნება ძლიერი პოზიცია.

რუსეთის აგრესიული ქმედების, მისი ცინიკური დამოკიდებულების გამო, დასავლეთის მიმართ, არ არის გამორიცხული, რომ იმ პაკეტში, რომელიც რუსეთის სადამსჯელო ღონისძიებად განიხილება, იყოს საქართველოს ნატოში გაწევრიანება თუ არა, მაპის მინიჭება მაინც“,- აცხადებს კახა გოგოლაშვილი.

რამდენად შორს აპირებს რუსეთი წასვლას, დღითიდღე ნათელი ხდება - პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წერილი შევიდა, რომლითაც ის პოლონეთს უკრაინის დანაწილებას სთავაზობს.

სახელმწიფოს სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილე, რუსი ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი სთავაზობს პოლონეთს, უკრაინის დასავლეთით 5 ოლქში: ვოლინსკში, ლვოვში, ივანო-ფრანკოვსკში, ტერნოპოლსა და როვენსკში პოლონეთისათვის მიკუთვნების მოთხოვნით რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვოს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულის გამო აღშფოთებულია და მიმართვას უცნაურს უწოდებს. ანალოგიური „წინადადება“ უნგრეთმა და რუმინეთმაც მიიღეს: ზაკარპატიეს და შესაბამისად ჩერნოვცის შეერთების შესახებ. როგორც ჩანს, რუსული გეგმის მიხედვით უკრაინაში მხოლოდ მისი ცენტრალური ნაწილი უნდა დარჩეს.

პარალელურად ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე მსოფლიო ლიდერები ვლადიმერ პუტინის გარეშე შეიკრიბნენ. სამიტის ფარგლებში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერების საგანგებო სხდომა გაიმართება, სადაც ისინი რუსეთის „დიდი რვიანიდან“ გარიცხვის საკითხს განიხილავენ.

ძნელი სათქმელია, „დიდი რვიანიდან“ გარიცხვა რამდენად შეაჩერებს რუსეთის მადას, მაგრამ როგორც ჩანს, იგი ყირიმზე გაჩერებას არ აპირებს. რა პოლიტიკის გატარებას გადაწყვეტს საქართველოსთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე უცნობია. გარკვეულ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლოა, საქართველოს ნატოში შესვლის პროცესის დაჩქარებამ რუსეთი ზედმეტად გააღიზიანოს და სასქართველოს მიმართ მისი აგრესია გაზარდოს.

ექსპერტები თვლიან, რომ იმაზე უარესი, რაც უკვე მოხდა ძნელი წარმოსადგენია, ხოლო რუსეთი საქართველოს მიმართულებით უკვე დიდი ხანია „მუშაობს“. ბოლო პერიოდში საქართველოში გაძლიერდა ანტინატოური მოწოდებები, ევრაზიის კავშირის მომხრეებმა ფილმების ჩვენებაც კი დაიწყეს, რა ცუდია ნატო. თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ ამ ყველაფერში რუსეთის კვალი იკითხება.

„რუსეთი ცდილობს რაკი ამ ეტაპზე არ აპირებს სამხედრო ინტერვენციას, სიტუაცია აურ-დაურიოს შიგნიდან. თუ ისეთ დონეზე აურიევს რომ სერიოზულ მეხუთე კოლონას გააჩენს, მერე შეიძლება ამ მეხუთე კოლონამ პროვოცირებაც კი მოახდინოს სრული ინტერვენციის. გვახსოვს რაც მოხდა 1921 წელს, კომპარტიამ, მაშინდელმა მეხუთე კოლონამ მოითხოვა რუსეთის ჯარის შემოსვლა. აქ თუ შექმნის მსგავს მეხუთე კოლონას, ბუნებრივია, მისთვის ძალიან კარგია“,- მიიჩნევს თორნიკე შარაშენიძე.

ნატოსთან მიახლოებასთან ერთად, რუსეთის კიდევ უფრო გააქტიურება საქართველოს მიმართულებით, ძნელად პროგნოზირებადი ნამდვილად არ არის. თორნიკე შარაშენიძე თვლის, რომ ამ მოვლენების გამო სამხედრო ინტერვენცია არა, მაგრამ მოსალოდნელია ეკონომიკური ემბარგოს ხელახლა გამოცხადება.

„იმ ფონზე, როდესაც ბიუჯეტს დიდი გარღვევა აქვს, უფრო მძაფრად იმოქმედებს ვიდრე ეს მოხდა 2006 წელს, როდესაც ეკონომიკა უფრო ჯანსაღი იყო. მეორე, რაც მოსალოდნელია, არის მეხუთე კოლონის ამოქმედება და არეულობის შეტანა საზოგადოებაში. ჩვენ ვნახეთ ისეთი რაღაცეები, რაც წარმოუდგენელი იყო ერთი წლის წინ - გაიმართა მიტინგი, რომ პატივი ეცათ იმ რუსი ჯარისკაცების ხსოვნისთვის, ვინც აგვისტოში დაიღუპა, აცხადებენ, რომ „ყირიმი რუსეთია“ და ა.შ.“,- აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

მისივე შეფასებით პრევენციული ღონისძიება იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაანებოს თავი შიდა პოლიტიკურ კინკლაობას და გადაიტანოს მთელი ყურადღება საგარეო პოლიტიკაზე, ეს იქნება ყველაზე კარგი.

კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან ძალის გამოყენების საფრთხე არ დგას, მაგრამ თუ მეხუთე კოლონა იქნება აქტიური და რაღაც-რაღაცეების პროვოცირებას მოახდენს, არაფერი არ არის გამორიცხული.

„საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთისთვის ყველაფერი გამაღიზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, შევდივართ ნატო-ში თუ არ შევდივართ. საქართველო რომ არსებობს, რუსეთისთვის ესეც გამაღიზიანებელია. საქართველოსთვის ეს არის გათვლები - რა უფრო მეტად დაგვაზიანებს ის, რომ შევდივართ ნატოში თუ ის, რომ არ შევდივართ. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს აქვს გარკვეული ამბიციები ჩვენი ქვეყნის მიმართ და ამიტომ, არ მგონია, რომ ნატოში გაწევრიანება მეტად სარისკო იყოს საქართველოსთვის, ვიდრე ამ მიმართულებაზე უარის თქმა“,- მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.