წუხილი დასავლეთიდან

წუხილი დასავლეთიდან

მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება. ის უარს ამბობს უპასუხოს იმ კითხვებს, რომელიც გამოძიებას მის მიმართ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ გამოძიებას ჩვენებას არ მისცემს და არ გამოცხადდება საგამოძიებო უწყებაში, მაშინ როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება და ოფიციალურად გამოცხადდება ძებნა, რადგან მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმა დანაშაულია.

მიხეილ სააკაშვილი არაფერს ამბობს იმ ბრალდებებზე, რომელიც მას პროკურატურამ წაუყენა, მაგრამ ამტკიცებს, რომ ახლა უკვე საქართველოს ხელისუფლების მეშვეობით პუტინი ცდილობს, შეზღუდოს მისი გადაადგილების თავისუფლება.

„ჩავალ საქართველოში, მაგრამ არა ახლა, პუტინის სურვილის შესასრულებლად. ჩავალ, როცა მოვამზადებ სიტუაციას, როცა ყველანი ერთად მოვამზადებთ სიტუაციას საქართველოში, უკრაინაში, რეგიონში იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ პუტინის მარწუხებისგან. პუტინის ოცნება თუ ზოგიერთი ქართველის ოცნება, რომ რაღაცნაირად მე შემზღუდოს, დარჩება ოცნებად. ოცნებები, უკვე უნდა დარწმუნებულიყავით, რომ არ სრულდება, ან სრულდება სრულ კოშმარად“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სააკაშვილს პროკურატურაში 27 მარტს, 13:00 საათზე ელოდებიან. ფაქტს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. განცხადებაში ნათქვამია, რომ არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის გარშემო ერთდროულად მრავალი გამოძიების დაწყება წარმოშობს ლეგიტიმურ წუხილს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც საკანონმდებლო და მართლმსაჯულების ინსტიტუტები ჯერ ისევ სუსტია.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეშფოთება უფრო პრევენციული ხასიათისაა, რათა დარწმუნდნენ, რომ ქვეყანაში პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ მიმდინარეობს. ამ შემთხვევაში საუბარია ყველაზე უფრო გახმაურებულ საქმეებზე, რაზეც ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და საერთაშორისო ორგანიზაციები გამოძიებას ითხოვდა.

ეს რომ გაკეთდეს და ობიექტური ინფორმაცია დაიდოს, ყოფილი პირველი პირისგან უნდა შევიტყოთ, რამდენად იყო ის ინფორმირებული ამა თუ იმ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით“, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ არც ერთ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გვარი არ თქმულა.

თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ში გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო ამერიკა-საქართველოს ურთიერთობასა და ამ ურთიერთობის გაღრმავებაზე. თედო ჯაფარიძის განცხადებით, პროკურატურაში ყოფილი პრეზიდენტის მოწმის სტატუსით დაბარება დრამატიზირებული არ უნდა იყოს. 

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ამბები თბილისში გავიგე. მინდა დაგარწმუნოთ, პროკურატურის მხრიდან ადგილი რომ ჰქონდეს პოლიტიკურად ანგაჟირებულ მოქმედებას, ჩვენს მთავრობას და მთავარ პროკურატურას ემოქმედა სატელეფონო ზარის მიხედვით, ვიღაცის დაკვეთით და დავალებით, ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯს არ გადადგამდა.

ნუ მოვახდენთ ამის დრამატიზირებას. დაუკითხავთ უამრავი პოლიტიკური ლიდერი - გავიხსენოთ სარკოზი, ბერლუსკონი და კიდევ ბევრი სხვა. აქ საუბარი არ არის ვინმეს დაკავებასა და დაპატიმრებაზე. პროკურატურას აქვს კითხვები, რაზეც სურს პასუხი მიხეილ სააკაშვილისგან მიიღოს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თედო ჯაფარიძემ.

მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო MAP-ს არც იმსახურებს“, - ამბობს ბრიუსელში ვიზიტად მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე მეთიუ ბრაიზა.

„უკვე მოახლოვდა პროცესი, რომ საქართველომ სექტემბრის სამიტზე MAP მიიღოს, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების გამო კი ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო MAP-ს არც იმსახურებს იმიტომ, რომ იქ პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და შერჩევითი სამართლია. ასეთია იმ ადამიანების განწყობა, რომლებიც ფორუმს ესწრებიან და გადაწყვეტილების მიმღებნი არიან. ვფიქრობ, ამან გადაწყვეტილებაზე ნეგატიური გავლენა უკვე იქონია“, - განაცხადა მეთიუ ბრაიზამ.

პროკურატურაში ექსპრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით, ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე, საუბარი არ ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მასთან შეხვედრებისას ეს თემა არავის წამოუწევია, თუმცა, მომავალში რეაქცია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, შესაძლოა იყო განსხვავებული.

„ჯერ ერთი, ჩემთან ეს თემა არავის წამოუწევია - არც ერთ მაღალი თანამდებობის პირს, ვისთანაც მე შეხვედრა მქონდა. მეორე - მე პირადად არც ვიწონებ და არც ვუწუნებ პროკურატურას ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ გახსნას დანაშაული და ამასთან ეს გააკეთოს ისე, რომ არ დაარღვიოს კანონი და არ შელახოს სხვისი უფლებები.

ამ ჩარჩოში მოქმედ პროკურატურას ჩემგან, რა თქმა უნდა, აქვს მხარდაჭერა დანაშაულის გახსნაში. ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დასმულია კითხვები, როგორც შესაძლო მოწმის მიმართ და იგი არ არის ეჭვმიტანილი თუ ბრალდებული რაიმე კონკრეტული დანაშაულის ჩადენაში. იმ საქმეებზე, რომლებზეც პროკურატურა საუბრობს, ვიცით, რომ ძალიან დიდი ხანია, საზოგადოების ინტერესია, რომ დადგინდეს სიმართლე“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასა და ქვეყნის ევროინტეგრაციულ პროცესებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს და არ ექნება. ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა ვიქტორ დოლიძემ, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბრის თემა იყო უელსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტი, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაჩქარების პროცესი.

„ეჭვი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი უნდა დაჩქარდეს. რა თქმა უნდა, ეს პროცესი დაჩქარდება. თავად გვეკითხებიან, თუ რა სახის პროგრესი გვჭირდება და ბუნებრივია, ჩვენი პოზიციები ადეკვატურად ფიქსირდება. სააკაშვილის დაკითხვას და ქვეყნის ევროინტეგრაციულ პროცესებს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.