მოსკოვის სამიტი უკრაინის მოვლენების ფონზე (წერილი პირველი)

მოსკოვის სამიტი უკრაინის მოვლენების ფონზე (წერილი პირველი)

საბაჟო კავშირის და ერთიანი ეკონომიკური სივრცის წევრი ქვეყნების – რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსიის ლიდერები, რომლებიც ემზადებიან 2015 წლის 1 იანვრისთვის „ევრაზიის კავშირის შექმნის შესახებ“ ოფიციალური ხელშეკრულების გასაფორმებლად, ა/წლის 5 მარტს შეიკრიბნენ მოსკოვის სამიტზე. შეხვედრის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ინტეგრაციის პროცესი მიმდინარეობს ისე, როგორც დაგეგმილია. თუმცა, კულუალური ინფორმაციით, სამიტზე კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა უთანხმოება ერთის მხრივ, რუსეთს და მეორეს მხრივ, ყაზახეთსა და ბელორუსიას შორის,. ის სერიოზულად გააძლიერა რუსეთ–უკრაინის კრიზისმა. ამ სამიტის კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ რუსეთისთვის, უკრაინის საკითხში პარტნიორებს მხარდაჭერა არ გამოუხატავთ.

აშკარაა, რომ დსთ–ს ტერიტორიაზე (განსაკუთრებით უკრაინაში) სიტუაციის გამწვავების გამო მზარდი შეშფოთების შედეგია ის, რომ ყაზახეთი ცდილობს გაიძლიეროს საერთაშორისო პოზიციები. მათ შორის, სახეზეა ასტანას მცდელობები გახდეს შუამავალი, რუსეთსა და დასავლეთს შორის კრიზისის დასაძლევად.

სამიტი ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს ლიდერების ფორმატში ჩატარდა და მისი მიზანი იყო იმის დემონსტრირება, თუ რამდენად „ეფექტიანია ინტეგრაციის პროექტების ხელმძღვანელობა რუსეთის მიერ“. აღსანიშნავია, რომ ეს ამოცანა შეხვედრაზე მიღწეული იქნა ნაწილობრივ. მიუხედავად იმისა, რომ საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების განცხადებით ისინი, როგორც დაგეგმილი იყო, მზად არიან მიმდინარე წლის მაისში ხელი მოაწერონ ევრაზიული კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტებს, – ამ ორგანიზაციის ფორმა და საქმიანობის წესი ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ განსაზღვრული. ყაზახეთის პრეზიდენტმა, ნურსულთან ნაზარბაევმა გამოთქვა მოსაზრება, რომ პირველ რიგში, საჭიროა შეიქმნას ორგანიზაცია და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრება უფრო დეტალურად მისი პრეროგატივა. ასეთი მიდგომა იმას ნიშნავს, რომ ევრაზიის კავშირი იქნება მხოლოდ როგორც „ფასადური“ ორგანიზაცია. ეს სრულად შეესაბამება ასტანას ინტერესებს, რადგან იგი შიშობს, რომ რუსეთთან ინტეგრაციის პროექტების ხელის შეწყობა, საფრთხეს უქმნის ყაზახეთის სუვერენიტეტს.

ინტეგრაციული პროცესებისადმი ბალორუსიამაც „შერჩევითი მიდგომა“ გამოამჟღავნა. სამიტის დროს პრეზიდენტი ლუკაშენკო კვლავ დაუბრუნდა ბალორუსიის ეკონომიკისათვის მნიშვნელოვან საკითხს – რუსული ნავთობისაგან დამზადებული ნავთობპროდუქტების რეექსპორტზე საბაჟო მოსაკრებლების გაუქმების აუცილებლობას.

სავარაუდოდ მოლაპარაკებების პროგრესს და ევრაზიული კავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტების დაგეგმილ ხელმოწერას, შეზღუდულ წარმატებად არ მიიჩნევენ მოსკოვში. რუსეთი გააგრძელებს ძალისხმევას, შექმნას ევრაზიული კავშირი მიუხედავად იმისა, რომ მისი მთავარი მიზანი, - მასში უკრაინის გაწევრიანება - დღეს უკვე აღარაა აქტუალური. მოსკოვი მაინც განახორციელებს ევრაზიული ინტეგრაციის პროექტებს მაშინაც კი, თუ მათ მხოლოდ „ფასადური“ ხასიათი ექნებათ. ესაა კრემლის პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული „ვირტუალური ლიდერის“ და საერთაშორისო სარბიელზე – „გლობალური მოთამაშის“ როლის დადასტურება. აქედან გამომდინარეობს რუსეთის დეკლარაციები სომხეთსა და ყირგიზეთში ევრაზიული ინტეგრაციული პროცესის მხარდაჭერის შესახებ.

სამიტზე, არსებული მოლოდინების მიუხედავად, ასტანამ და მინსკმა უკრაინასთან დაპირისპირებაში რუსეთს მხარი არ დაუჭირეს. კერძოდ, მიუხედავად უკრაინა–რუსეთის კონფლიქტის უკვე ერთი კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარეობისა, სამიტის დასკვნით დოკუმენტებში არაფერია ნათქვამი ამ კრიზისის შესახებ. ასევე, არ უხსენებათ უკრაინის საკითხი თავიანთ განცხადებებში არც ნაზარბაევს და არც ლუკაშენკოს. ამრიგად, მოსკოვის პარტნიორების მხრივ ზემოაღნიშნულ რეაქციას რუსეთ–უკრაინის კონფლიქტზე, უკმაყოფილობისა და გაღიზიანების გარდა, სხვას ვერაფერს ვუწოდებთ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ბელორუსიის მთავრობაში განსაკუთრებული შეშფოთებით აღიქმება და მისი წარმომადგენლების მხრივ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდამჭერ განცხადებებში მჟღავნდება. მინსკმა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სურვილი უკვე არაერთხელ გამოხატა. ეს იმითაა განპირობებული, რომ ბელორუსია დაინტერესებულია უკრაინასთან, როგორც საქონელბრუნვის მაჩვენებლით მეორე სავაჭრო პარტნიორთან, ეკონომიკური თანამშორმლობით. მინსკს კიევთან მჭიდრო პოლიტიკური კავშირების შენარჩუნებაც სურს, რადგან ამით რუსეთზე დამოკიდებულება შესუსტდება. პარალელურად, უკრაინის მოვლენების ფონზე მინსკიდან გაისმა დასავლეთთან ურთიერთობის „დათბობის“ სურვილიც. ეს ა/წლის 29 იანვარს, ევროკავშირ–ბელორუსიას შორის სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის მოლაპარაკებებზე მზაობის შესახებ, მინსკის განცხადებაში აისახა.

ყაზახეთი ასევე უარყოფითად აფასებს რუსეთის ნაბიჯებს უკრაინის მიმართ და ამ მოვლენებს განიხილავს, როგორც საკუთარი სუვერენიტეტის პოტენციურ საფრთხეს (ეთნიკური რუსები ყაზახეთის მოსახლეობის 22%–ია). ამ შეშფოთების ნათელი გამოხატულება იყო ნ. ნაზარბაევის საგანგებო შეხვედრა ქვეყნის თავდაცვის მინისტრთან, როდესაც ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთის ხალხს უფლება აქვს სჯეროდეს, რომ არმიას შეუძლია სამხედრო ამოცანების გადაჭრა. გარდა ამისა, ნაზარბაევმა გამოსცა ბეძანებულება ქვეყნის საზღვრების დაცვის გასაგრძელებლად. ყაზახეთში რუსეთის უკრაინაში განხორციელებული ქმედებების პრიზმაში დაინახეს პრეტენზიები, გამოთქმული რუსეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მიერ. მისი აზრი მასზედ, რომ ცენტრალური აზია უნდა შედიოდეს რუსეთის ფედერაციაში, ფართოდ გააშუქა ყაზახეთის მედიამ და უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. ამის გათვალისწინებით, ნ. ნაზარბაევის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ქმედებები იყო ქვეყნის შიდა საფრთხეების წინაშე კონსოლიდაციის გამოვლენა.

რუსეთის პოლიტიკით გამოწვეული შეშფოთება გახდა ყაზახეთის ჩინეთთან, მის საკვანძო პარტნიორთან, თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცების დსფუძველი. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ქ. ასტანაში, ა/წლის 6 მარტს გამართულ შეხვედრაზე, ნ. ნაზარბაევმა განაცხადა, რომ ის მზად არის კიდევ უფრო გააღრმავოს ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები ჩინეთთან (ყაზახეთი არის ჩინეთის ძირითადი სანედლეულო ბაზა). ამავე დროს ნაზარბაევი, თავისი საერთაშორისო რეიტინგის ასამაღლებლად, რუსეთსა და დასავლეთს სთავაზობს კონფლიქტში შუამავლობას. ა/წლის 10-11 მარტს, მას ჰქონდა სატელეფონო საუბრები რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან, გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან და ამერიკის პრეზიდენტთან, ბარაკ ობამასთან. ყაზახეთს შეუძლია უკრაინის კონფლიქტში მედიატორის როლის შესასრულებლად გამოიყენოს პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი ძლიერი პოზიცია და დსთ–ში ნაზარბაევის პიროვნებისადმი პატივისცემა.

მიუხედავად სატელეფონო საუბრისას აშშ პრეზიდენტ ობამას ყაზახეთის ლიდერისადმი მიმართვისა, რომ აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში, ჯერ კიდევ გაურკვეველია ყაზახეთის შუამავლობის პერსპექტივა. გერმანიას ჯერ კიდევ არ გამოუხატავს პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთი არ არის დაინტერესებული ყაზახეთის დიპლომატიური პრესტიჟის ამაღლებით. ა/წლის 10 მარტს  ნაზარბაევის მიერ გაკეთებული განცხადება მასზედ, რომ "ყაზახეთს ესმის რუსეთის პოზიცია უკრაინაში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების სფეროში", სავარაუდოდ გაგებული უნდა იქნას ქვეყნის მედიატორობის როლის „მორგების“ კონტექსტში.

ამრიგად, უკრაინაში კონფლიქტის გაგრძელება დსთ–ს ძირითად პარტნიორებს შორის იწვევს მზარდ შეშფოთებას, რაც უარყოფითად მოქმედებს რუსეთის ინიცირებულ ინტეგრაციულ პროექტებზე. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი მიღწეული იქნა ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში, ყაზახეთის და ბელორუსიის მიერ გამოხატული თავშეკავებული პოზიცია მიუთითებს, რომ მათ არ შეუძლიათ უარი თქვან რუსეთთან ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრაციის ჯერ კიდევ მიმზიდველ შეთავაზებებზე.

ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში სიტუაცია გართულდება, რაც საბაჟო კავშირის წევრი ქვეყნების რფ–სთან ინტეგრაციის შიშს სულ უფრო გაამძაფრებს. ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები მეტად, ვიდრე ოდესმე, იქნებიან დაინტერესებული, რომ შექმნან შეზღუდული ფუნქციების მქონე ევრაზიული გაერთიანება. მინსკსა და ასტანაში რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის უარყოფითად შეფასების შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელორუსიამ და ყაზახეთმა ან სცნონ ყირიმის დამოუკიდებლობა, ან აღიარონ მისი რფ–ს შემადგენლობაში შესვლა. გარდა ამისა, სავარაუდოდ, დსთ–ში გაიზრდება შეშფოთება რუსეთის ექსპანსიონისტური პოლიტიკის მიმართ. მაგრამ, ამავე დროს მოიმატებს, განსაკუთრებით ყაზახეთის მოტივაცია, განმუხტოს რუსეთ–უკრაინის კონფლიქტი და განიმტკიცოს საკუთარი პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე.