„ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“ - შსს ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს

„ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“ - შსს ანტინარკოტიკულ კამპანიას იწყებს

„ერთად შევცვალოთ დამოკიდებულება“, - ეს ანტინარკოტიკული კამპანიის სლოგანია. შსს-ში ე.წ. ბიოს მოხმარების წინააღმდეგ საგანმანათლებლო კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო რგოლების პრეზენტაცია მოეწყო. ანტინარკოტიკული კამპანიის მიზანი ე.წ. ბიონარკოტიკის გამოყენების პრევენცია და მოსახლეობის ინფორმირებაა. ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები, ნარკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ფსიქოლოგი, სექსოლოგი, ონკოლოგი, მოქალაქეებს ე.წ. ბიონარკოტიკის მოხმარების თაობაზე არსებული საფრთხეების შესახებ ინფორმაციას აწვდიან. 

პრეზენტაცია შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ავტორმა სოფო კილაძემ გამართა. უწყებაში გამართულ პრეზენტაციას შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და ვიდეორგოლებში მონაწილე ექიმები დაესწრნენ. 

როგორც შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ აღნიშნა, ცოტა ხნის წინ მოხდა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება. მისივე თქმით, აღნიშნულმა ქმედებამ შედეგი გამოიღო. 

„დღესდღეობით ამაყად შემიძლია ვთქვა, საქართველოში ძნელად მოიპოვება ეს ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებლების დასჯა, არამედ - მათი რეაბილიტაცია საზოგადოებაში“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ. 
საზოგადოების ფართო მასების ინფორმირებულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, ნარკოტიკული დამოკიდებულების მართვის პრობლემას მხოლოდ მთავრობაც კი ვერ გაუმკლავდება თუ არ იქნა საზოგადოების მხარდაჭერა.

„საზოგადოების დიდ ნაწილში ამ თემისადმი საკმაოდ სწორხაზოვანი დამოკიდებულებაა. გვიხსნიან, რომ ეს დაავადებაა და არა დანაშაული და არ უნდა დავსაჯოთ, არამედ უნდა ვუმკურნალოთ. დამერწმუნეთ, ეს კარგად გვესმის. აქ წარმოდგენილ პროექტს ჰქონდა მრავალგზიანი შესწავლა და სახელმწიფოს უკვე მზად აქვს ფართომასშტაბიანი სტრატეგია, რომელიც მოიცავს ამ ადამიანების რეინტეგრაციას საზოგადოებაში, ზიანის, მოთხოვნის, მიწოდების შემცირებას და პირველ რიგში, მათ მკურნალობას და რეაბილიტაციას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ, რომლის განცხადებით, ეს არის სამთავრობო სტრატეგია, რომელიც ვერ იქნება ეფექტური საზოგადოების ფართო მასების ინფორმირებულობის და მხარდაჭერის გარეშე. 

ბიონარკოტიკების ზიანის შესახებ ისაუბრეს სპეციალისტებმა. ნარკოლოგ გელა ლეჟავას თქმით, მნიშვნელოვანია საკითხისადმი ერთობლივი მიდგომა და მნიშვნელოვანია, რომ ბიოზე კომპლექსური შეტევა მიმდინარეობს. სექსოლოგი ანდრო კანდელაკის განცხადებით, ბიონარკოტიკები უარყოფითად მოქმედებენ მამაკაცის სექსუალურობაზე. მისივე განმარტებით, ბოლო წლებში გახშირდა მამაკაცების მიმართვიანობა სექსუალური ჩივილებით, რომელთაც სამედიცინო ისტორიაში ბიონარკოტიკის მოხმარება აღენიშნებოდათ.

საინფორმაციო რგოლები, რომლის პრეზენტაცია შსს-ში გაიმართა, ტელე და რადიო ეთერებში, კინოთეატრებსა და სოციალურ ქსელში განთავსდება. დღესვე მოეწყო პრეზენტაცია შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ის მიერ მომზადებული საინფორმაციო რგოლის, რომლის მეშვეობითაც საზოგადოება იმ პირველადი სიმპტომების შესახებ შეიტყობს, რაც ე. წ. ბიოს მოხმარებას ახასიათებს.

ამასთნ, დღესვე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2014 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიში (INCSR) გამოაქვეყნა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველო სხვა ქვეყნებში წარმოებული ნარკოტიკების სატრანზიტო ქვეყანაა. ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს სამართალდამცავების კონტროლს მიღმა რჩება. 

„საქართველოს ასევე აქვს შიდა ნარკოტიკების პრობლემა. ადგილობრივად წარმოებული ამფეტამინის ტიპის სტიმულატორები (ATS, რომელიც „ჯეფისა“ და „ვინტის“ სახელითაა ცნობილი, ასევე ადგილობრივად წარმოებული დესომორფინის ოპიოდი, რომელიც „კრაკადილის“ სახელითაა ცნობილი, პოპულარობით სარგებლობს. სხვა ნარკოტიკებთან ერთად, ჰეროინი, მეტადონი და მარიხუანი ხელმისაწვდომია ადგილობრივ ბაზარზე“, -ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ ექიმებმა და ანალიტიკოსებმა შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში „ჯეფისა“ და „ვინტის“ გაზრდილი მოხმარების გამო, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი.

„სახლში ასევე შესაძლებელია „კრაკადილის“ დამზადება მედიკამენტებთან კოდეინის შერევით, რომელიც რეცეპტით არის ხელმისაწვდომი, თუმცა ფარმაცევტები მას რეცეპტის გარეშე, „დახლს ქვევიდან“ ყიდიან. საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ ვერ შეიმუშავა სახლში დამზადებული სტიმულატორებისა და ოპიოდების სტაბილურად მზარდი გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი მექანიზმი“, - ნათქვამია აშშ-ის 2014 წლის საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის ანგარიშში.