საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

საკრებულოს დელეგაცია სტრასბურგში შეხვედრებს მართავს

მიმდინარე წლის 23–26 მარტს თბილისის საკრებულოს დელეგაცია, თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ქ. სტრასბურგს (საფრანგეთი) ეწვია, სადაც ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმართველობის 26–ე პლენარულ სესიის ფაგლებში 24 მარტს შეხვედრა გამართა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მართვის დეპარტამენტის დირექტორთან ალფონსო ზარდისთან, ასევე სტრასბურგის პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის სამართლის პროფესორთან და ადგილობრივი ხელისუფლების საკითხების სპეციალისტთან, რობერტ ჰერცოგთან.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროსაბჭოს წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, ამასთანავე, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თბილისის ბიუჯეტის რეგულაციების შემოღებას, რაც აღმასრულებელ და წარმომადგენლობით ორგანოებს შორის დაბალანსებულ ურთიერთობებს უწყობს ხელს და რასაც ევროსაბჭოს დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლების მხრიდან დადებითი შეფასება მოყვა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს  ქ. თბილისის თვითმართველობასთან სამომავლო აქტიური თანამშრომლობის და კონსულტაციების გამართვის საკითხი ევროპის დემოკრატიულ ინსტიტუტებთან, ასევე თვითმართველობის ორგანოებთან.

შეხვედრაზე ევროპულმა მხარემ თბილისის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოსთან სამომავლო თანამშომლობის სურვილი დააფიქსირა და მზადყოფნა გამოთქვა, რომ თბილისის თვითმმართველობაში არსებული რეალობის უკეთესად გასაცნობად კიდევ გაიმართოს ორმხრივი შეხვედრები. ამასთანავე, ევროპელმა კოლეგებმა სურვილი გამოთქვეს, საქართველოში მიმდინარე წლის ივნისში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდნენ და ამ სფეროში ქართულ მხარესთან მჭიდროდ ითანამშრომლონ.